Facebook Twitter

№ ას-1219-1178-2016 18 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. რ-ი-კ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ჭ-ე, გ. დ-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქ. ქუთაისში, ნინოშვილის ქ. №...-ში (ყოფილი №100, №108) მდებარე უძრავი ქონება (შემდგომში - „სადავო ქონება“) ეკუთვნოდა ოლღა რევიშვილს (შემდგომში „მამკვიდრებელი“).

2. მამკვიდრებელს ნაშვილები ჰყავდა მ. რ-ი-კ-ე (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“).

3. ე. შ-ი იყო მამკვიდრებლის ძმა (შემდგომში - „მამკვიდრებლის ძმა“) და იგი გარდაიცვალა 1984 წლის 10 მაისს.

4. რ. ჭ-ე (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) არის მამკვიდრებლის ძმის შვილი, ხოლო გ. დ-ე (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) - პირველი მოპასუხის შვილიშვილი (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“).

5. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 1980 წლის 7 იანვარს. მისი გარდაცვალების შემდეგ, მამკვიდრებლის ძმას, პირველ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის მამკვიდრებლის მემკვიდრეობის უფლებასთან დაკავშირებით წარმოიშვა დავა.

6. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და თავდაპირველად მოითხოვა, როგორც მამკვიდრებლის მემკვიდრედ ცნობა, ასევე სადავო ქონებიდან - პირველი მოპასუხის გამოსახლება, თუმცა, საქმის განხილვის პროცესში, მან მოთხოვნა შეამცირა და მოითხოვა მხოლოდ მამკვიდრებლის მემკვიდრედ აღიარება სამემკვიდრეო მასის განსაზღვრის გარეშე.

7. საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა კოლეგიის 1982 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი მამკვიდრებლის მემკვიდრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა, იგი აღიარებულ იქნა მამკვიდრებლის მემკვიდრედ, თუმცა სასამართლოს სამკვიდრო მასაზე არ უმსჯელია.

8. მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, მოსარჩელე მამკვიდრებლის სამკვიდროს ან მის ნაწილს არც მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში და არც მას შემდეგ დაუფლებია. სამკვიდროს მიღების თაობაზე სანოტარო ორგანოში განცხადება არ შეუტანია და სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევა არ მოუთხოვია.

9. მოსარჩელემ სამკვიდროს მიღების თაობაზე პრეტენზია განაცხადა 2015 წლის 25 ივნისს, ე.ი. მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 35 წლის შემდეგ.

10. მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან სადავო ქონებას ფლობდნენ მამკვიდრებლის ძმა და პირველი მოპასუხე.

11. 2011 წლის 15 ივნისს პირველმა მოპასუხემ მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა აიღო, ხოლო 2015 წლის 27 იანვარს მან ეს ქონება მეორე მოპასუხეს აჩუქა, რომელიც ამჟამად საჯარო რეესტრში სადავო ქონების მესაკუთრედ არის რეგისტრირებული.

12. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა:

12.1. 2011 წლის 15 ივნისს ნოტარიუს თ. ჩაფიძის მიერ დამოწმებული №1106... სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა;

12.2. 2015 წლის 27 იანვარს სადავო ქონებაზე გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და აღნიშნული უძრავი ქონების მისი თავდაპირველი მესაკუთრის, აწ გარდაცვლილი მამკვიდრებლის საკუთრებად აღრიცხვა.

13. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

13.1. მოსარჩელე 1949 წლის 18 იანვარს დაიბადა. ვინაიდან დედა გარდაეცვალა, მისი აღზრდა ბიცოლამ - მამკვიდრებელმა და ბიძამ - გ. რ-მა იკისრეს, რომლებიც ღვიძლი მშობლებივით ზრუნავდნენ მასზე, დაბადების მოწმობაშიც სწორედ აღნიშნული პირები არიან მითითებული მშობლებად;

13.2. მოსარჩელე დაქორწინების შემდგომ მშობლების ოჯახში ცხოვრობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მეუღლეს მძიმე დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, იგი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. მეუღლის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის გასვლის შემდეგ მოსარჩელე თავისი მშობლების ოჯახში ცხოვრობდა დედასთან ერთად. მოსარჩელეს იმ პერიოდში ბავშვი ავად გაუხდა, რის გამოც თბილისში წავიდა. სწორედ ამ დროს გარდაიცვალა დედამისი;

13.3. დედის გარდაცვალების დღეს, პირველმა მოპასუხემ მოსარჩელის იქ არყოფნით ისარგებლა და მისი ოჯახის სრული შემადგენლობით მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. პირველმა მოპასუხემ მოსარჩელე სახლში არ შეუშვა და საშუალება არ მისცა გარდაცვლილი დედა ეგლოვა;

13.4. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს დედის მემკვიდრედ ცნობის მოთხოვნით, რაც საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა კოლეგიის 1982 წლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე გადაწყვეტილებით მამკვიდრებლის ძმის შეგებებული სარჩელი მამკვიდრებლის მემკვიდრედ ცნობის თაობაზე უარყოფილ იქნა;

13.5. მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო ოჯახური პირობების გამო, რადგან გარდაეცვალა ახალგაზრდა მეუღლე სიმსივნური დაავადებით და დარჩა მცირეწლოვანი ბავშვი;

13.6. მოსარჩელემ ორი თვის წინ შეიტყო, რომ პირველ მოპასუხეს (მეორე რიგის მემკვიდრეს) გარდაცვლილი მამიდის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეობა უკანონოდ მიუღია. სამკვიდრო მოწმობაში მითითებულია, რომ მამკვიდრებელს პირველი რიგის მემკვიდრე არ გააჩნია. მან ნოტარიუსი მოატყუა და შეცდომაში შეიყვანა, ხოლო შემდეგ ქონება თვალთმაქცურად თავის შვილიშვილს გადაუფორმა.

14. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ:

14.1. მოსარჩელის შვილად აყვანა ოფიციალური წესით არ გაფორმებულა, შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს მამკვიდრებლის მემკვიდრეს;

14.2. გარდა ამისა, მოსარჩელეს სამკვიდროს მიღების მორალური უფლება არ აქვს, ვინაიდან დაოჯახების შემდეგ ყურადღებას არ აქცევდა თავის გამზრდელს და ავიწროებდა მას;

14.3. ამასთან, მოსარჩელეს მამკვიდრებლისგან 1000 მანეთი აქვს მიღებული ერთი ოთახის სანაცვლოდ, რის შემდეგაც ხელწერილი დაწერა, რომ მას სამკვიდროსთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია აღარ ექნებოდა;

14.4. რაც შეეხება საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა კოლეგიის 1982 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებას, მისი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასულია.

15. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და წარდგენილი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

17. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა წინამდებარე განჩინების პირველი-მე-11 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლისა და 1964 წლის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მამკვიდრებლის სამკვიდროზე უფლება დაკარგული ჰქონდა. სასამართლოს განმარტებით, მემკვიდრე უფლებამოსილია სამკვიდროს მიღების ნება გამოავლინოს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის ვადაში. ეს ნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღების უფლების განხორციელების ვადა შეზღუდულია სამკვიდროს გახსნიდან, ე.ი. მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების უფლების განხორციელება დამოკიდებულია მასზე, თუ რამდენად საპატიოდ იქნება მიჩნეული სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილება. მემკვიდრე, რომელიც არც სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის ვადაში მიიღებს სამკვიდროს და ვერც ვადის გაშვების საპატიო მიზეზს დაამტკიცებს, ფაქტობრივად, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის ნებას გამოხატავს, ე.ი. თავისი მოქმედებით უარს ამბობს სამკვიდროზე.

18. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მამკვიდრებლის სამკვიდრო არ მიუღია და არც სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება მოუთხოვია, მას 35 წლის განმავლობაში სამკვიდროს მიუღებლობის საპატიო მიზეზიც არ დაუსახელებია. ხოლო, ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ახალგაზრდა მეუღლე გარდაეცვალა და მცირეწლოვანი ბავშვები დარჩა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების საფუძველი არ იყო. გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე არ იყო უფლებამოსილი ედავა მამკვიდრებლის სამკვიდროზე.

19. სააპელაციო პალატის მითითებით, მამკვიდრებლის სამკვიდრო სსკ-ის 1441-ე მუხლის საფუძველზე, მისი მეორე რიგის მემკვიდრემ, მამკვიდრებლის ძმამ, ხოლო, თავის მხრივ, ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ, პირველმა მოპასუხემ მიიღო. ვინაიდან მოსარჩელე მამკვიდრებლის ერთადერთი პირველი რიგის მემკვიდრე იყო და მას სამკვიდრო არ მიუღია, სამკვიდრო გადავიდა მის მეორე რიგის მემკვიდრეზე, მამკვიდრებლის ძმაზე, რომელიც სამკვიდროს მამკვიდრებლის გარდაცვალებისთანავე დაეუფლა. სააპელაციო პალატის განმარტებით, ის, რომ მომდევნო რიგის მემკვიდრის უფლებები წინა რიგის მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად მიუღებლობის შემთხვევაშიც წარმოიშობა, დასტურდება სსკ-ის 1425-ე მუხლის შინაარსიდანაც.

20. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 1500-ე და 1328-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ პირველი მოპასუხის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ნამდვილი იყო. მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება შედიოდა მამკვიდრებლის ძმის სამკვიდროში და მისი პირველი რიგის მემკვიდრე, პირველი მოპასუხე უფლებამოსილი იყო მიეღო იგი. მას ასევე შეეძლო სამკვიდრო მოწმობა სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ აეღო ნებისმიერ დროს.

21. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 1433-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოპასუხეთა შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება ნამდვილი იყო, ვინაიდან პირველი მოპასუხე სადავო ქონების მესაკუთრედ ითვლებოდა მამკვიდრებლის ძმის გარდაცვალების მომენტიდან (1984 წლის 10 მაისიდან) და სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, უფლებამოსილი იყო განეკარგა, მათ შორის, გაეჩუქებინა იგი.

22. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

22.1. მტკიცებას არ საჭიროებს ის ფაქტი, რომ საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა კოლეგიის 1982 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე მამკვიდრებლის მემკვიდრედ იქნა ცნობილი, კანონიერ ძალაშია შესული, ხოლო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს;

22.2. მემკვიდრეს სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა შეუძლია სხვა პირთა სასარგებლოდ, კანონით ან ანდერძით მემკვიდრეთა რიცხვიდან, მხოლოდ და მხოლოდ სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანით, რომელსაც მიენიჭება შესაბამისი სანოტარო ნომერი და აღრიცხული იქნება ნოტარიუსთა ბაზაში;

22.3. პირველმა მოპასუხემ სადავო ქონებაზე მემკვიდრეობა კანონის გვერდის ავლითა და ნოტარიუსის შეცდომაში შეყვანით მიიღო. მსგავსი ქმედება არღვევს საჯარო წესრიგს, მორალს, კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს. ყოველივე ეს განხორციელდა ნოტარიუსის მოტყუებით და პირველი რიგის მემკვიდრის დამალვით ანუ მოტყუების გარეშე ნოტარიუსი მემკვიდრეობას არ გააკეთებდა, რადგან მას არ ჰქონდა ამის კანონიერი უფლება. მოსარჩელემ, როგორც კი ამის შესახებ შეიტყო, ორ თვეში სარჩელი აღძრა სასამართლოში. შესაბამისად, მან დაიცვა სსკ-ის 84-ე მუხლით დადგენილი შეცილების ერთწლიანი ვადა;

22.4. სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ მისთვის ცნობილი გახდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსის სახელზე მომზადებული 2016 წლის 26 ოქტომბრის სამსახურეობრივი ბარათის თაობაზე, რომლითაც ჩანს, რომ ტექნიკური აღრიცხვის ბარათის შესაბამის გრაფაში მთელი საცხოვრებელი სახლის 2/3 ნაწილზე მესაკუთრედ/მოსარგებლედ მითითებულია მოსარჩელე, მესაკუთრეობის საფუძვლად კი - 1982 წლის 16 აპრილის სასამართლო გადაწყვეტილება. ტექბიუროს მასალების სრულად გაცნობის შემდგომ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ 2011 წლის 4 აპრილს მომზადებულ ცნობაში, რომელიც წარდგენილ იქნა ნოტარიუსთან მემკვიდრეობის აღსადგენად, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 1956 წლის 7 სექტემბრის მემკვიდრეობის უფლების მოწმობა. ამ პერიოდისათვის სასამართლოს თავისი ინიციატივით ჰქონდა გადაგზავნილი ტექბიუროში დასარეგისტრირებლად 1982 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება. საინვენტარო ბარათში გადახაზულია მ. რ-ი-კ-ე, ხოლო შემდგომ მითითებულია, რომ შეცდომით იქნა გადახაზული. მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილება აღსასრულებლად წარდგენას არ საჭიროებდა, ვინაიდან ამას თავად სასამართლო აწესრიგებდა. გამომდინარე აქედან, მოსარჩელეს ვადა არ დაურღვევია;

22.5. კასატორმა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ დაიწყო ზრუნვა მემკვიდრეობაზე, რაც გამოიხატა სასამართლოებისათვის მიმართვით.

23. კასატორმა საკასაციო საჩივარში იშუამდგომლა მის მიერ წარმოდგენილი ტექ-ბიუროს მასალების, როგორც ახალი მტკიცებულებების, საქმეზე დართვის თაობაზე.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

25. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

28. კასატორის პრეტენზიის თანახმად, ვინაიდან საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა კოლეგიის 1982 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ცნობილ იქნა მამკვიდრებლის მემკვიდრედ, მისი მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო.

29. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს აღიარებითი სარჩელის სამართლებრივ ბუნებაზე.

30. მოსარჩელის მოთხოვნათა მიხედვით შესაძლებელია სარჩელის შემდეგი კლასიფიკაცია: 1. მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი - მოთხოვნა გულისხმობს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების დაკისრებას მოსარჩელის სასარგებლოდ. მაგალითად, ფულადი ვალდებულების შესრულების დაკისრება; ზიანის ანაზღაურება, სარჩოს დაკისრება. 2. აღიარებითი სარჩელი - რომელიც აღძრულია უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი. მაგალითად, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა; 3. გარდაქმნითი სარჩელი - მოთხოვნა მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლა-შეწყვეტისაკენ, მაგალითად, განქორწინება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

31. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობად უნდა იკვეთებოდეს მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი [სსსკ-ის 180-ე მუხლი: სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელემ აღიარებითი სარჩელის აღძვრისას უნდა მიუთითოს ზემოაღნიშნული 180-ე მუხლით გათვალისწინებულ იურიდიულ ინტერესზე].

32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებით, იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა არათუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველსაც კი წარმოადგენს. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

33. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება №ას-121-117-2016,17 მარტი, 2016 წელი).

34. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, იურიდიული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეიძლება დადგეს ის შედეგი, რასაც მხარე ისახავს მიზნად. აღნიშნული პირობა ობიექტური გარემოებაა და არ აქვს მნიშვნელობა, თავად მხარე რა სამართლებრივი შედეგის დადგომას უკავშირებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას (იხ. სუსგ №ას-148-139-2014, 2015 წლის 26 თებერვალი). განსახილველ შემთხვევაში, სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად აღიარებაც დაკავშირებული უნდა იყოს მოსარჩელის ინტერესთან მის მიმართ დადგეს კონკრეტული სამართლებრივი შედეგი.

35. მოსარჩელე სარჩელში იურიდიულ ინტერესად უთითებს, რომ სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად აღიარების შემთხვევაში, რასაც შედეგად მოჰყვება სადავო ქონების მამკვიდრებლის სახელზე აღრიცხვა, მას, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს, მიეცემა საშუალება „სანოტარო ბიუროში აღიდგინოს მემკვიდრეობა“.

36. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებით სამკვიდრო გაიხსნა სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე, 1980 წელს. შესაბამისად, განსახილველი დავა უნდა მოწესრიგდეს იმ დროს მოქმედი, 1964 წლის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმებით [სსკ-ის 1507-ე მუხლი: 1. სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. 3. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს] .

37. 1964 წლის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. არ შეიძლება სამკვიდროს მიღება რაიმე პირობების წამოყენებით. სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

38. ამდენად, 1964 წლის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი მოქმედი სამოქალაქო კოდექსის მსგავს მოწესრიგებას გვთავაზობს [სსკ-ის 1421.2 მუხლი: მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. 1424-ე მუხლი: სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან].

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ სამკვიდროს გახსნის შედეგად მემკვიდრეობის მიღებისათვის მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების ქონა საკმარისი არ არის ანუ მხოლოდ უფლების არსებობა არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს. აღნიშნული უფლების სარეალიზაციოდ აუცილებელია კონკრეტული მოქმედების განხორციელება - მემკვიდრეობის მიღება (იხ. სუსგ №ას-851-800-2010, 16 თებერვალი, 2011 წელი).

40. განსახილველ შემთხვევაში ის დადგენილი გარემოება, რომ საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა კოლეგიის 1982 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი მამკვიდრებლის მემკვიდრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა, იმ პირობებში, როცა სასამართლოს სამკვიდრო მასაზე არ უმსჯელია, არ წარმოადგენს მემკვიდრეობის მიღების თაობაზე ნების გამოვლენას და ამ მხრივ, კასატორის პრეტენზია, რომ მან მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ დაიწყო ზრუნვა მემკვიდრეობაზე, რაც გამოიხატა სასამართლოებისათვის მიმართვით, დაუსაბუთებელია. მოსარჩელეს, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით წარმოეშვა სამკვიდროს მიღების უფლება, თუმცა მას არ განუხორციელებია იურიდიული მოქმედება სამკვიდროს მისაღებად.

41. 1964 წლის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მიხედვით (ისევე, როგორც მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად), სამკვიდროს მიღება ორი გზით - სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანითა და სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით შეიძლება განხორციელდეს. ორივე ხერხით სამკვიდროს მიღება ერთი და იმავე შედეგის წარმომქმნელია და იურიდიულად რომელიმე მათგანს პრიორიტეტული მნიშვნელობა არ ენიჭება. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ სანოტარო ორგანოში მიმართვას ადასტურებს წერილობითი განცხადება. რაც შეეხება სამკვიდროს ფაქტობრივ ფლობას, იგი მემკვიდრის სხვადასხვა მოქმედებით შეიძლება დადგინდეს, თუმცა ნებისმიერი ამ მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვაც, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (იხ. სუსგ №ას-595-822-08, 4 ნოემბერი, 2008 წელი).

42. დადგენილია, რომ მოსარჩელე მამკვიდრებლის სამკვიდროს ან მის ნაწილს არც მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში და არც მას შემდეგ დაუფლებია, სამკვიდროს მიღების თაობაზე სანოტარო ორგანოში განცხადება არ შეუტანია და სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევა არ მოუთხოვია. მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან სადავო ქონებას ფლობდნენ მამკვიდრებლის ძმა და პირველი მოპასუხე. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მამკვიდრებლის ძმას, პირველ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის წარმოშობილი დავის ფარგლებში, მოსარჩელემ თავდაპირველად მოითხოვა, როგორც მამკვიდრებლის მემკვიდრედ ცნობა, ასევე სადავო ქონებიდან - პირველი მოპასუხის გამოსახლება, თუმცა, საქმის განხილვის პროცესში, მან მოთხოვნა შეამცირა და მოითხოვა მხოლოდ მამკვიდრებლის მემკვიდრედ აღიარება სამემკვიდრეო მასის განსაზღვრის გარეშე. საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა კოლეგიის 1982 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე აღიარებულ იქნა მამკვიდრებლის მემკვიდრედ, თუმცა სასამართლოს სამკვიდრო მასაზე არ უმსჯელია. მოსარჩელემ სამკვიდროს მიღების თაობაზე პრეტენზია განაცხადა 2015 წლის 25 ივნისს, ე.ი. მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 35 წლის შემდეგ.

43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელეს მამკვიდრებლის სამკვიდროზე უფლება დაკარგული აქვს. შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში მოსარჩელის იურიდიული ინტერესი - სამკვიდროს მიღება სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის გზით მიღწეული ვერ იქნება, რადგან მას გაშვებული აქვს სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა, სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევა არ მოუთხოვია და, ამასთან, არც სადავო ქონებას დაუფლებია.

44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მოცემული დავის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა.

45. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

46. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

47. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

49. რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ ახალ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად, მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი), თუმცა საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნულ წესზე გავლენას ვერ მოახდენს მხარის მითითება, რომ მისთვის კონკრეტული გარემოების ან მტკიცებულების არსებობის შესახებ ცნობილი გახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ან დოკუმენტები, რომელთა წარდგენაც მხარეს სურდა, შეიქმნა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ამგვარი მტკიცებულებები მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი ვერ გახდება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მასალები იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან; რუსუდან ჭოხონელიძის განცხადება ტექაღრიცხვის უფროსის სახელზე; ქ. ქუთაისის იურიდიული კონსულტაციის გემგის განცხადებები ტექბიუროს ხელმძღვანელის სახელზე; 1990 წლის 22 თებერვლის #22 განცხადების პასუხი; მანანა რევიშვილი-კუხიანიძის განცხადებები ტექაღრიცხვის უფროსის სახელზე; საინვენტარო ბარათი ნაგებობაზე; საანგარიშო ფურცელი; აქტი; საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს მიმართვა - მიმართვის პასუხი; საინვენტარიზაციო ბარათი, სსრ უმაღლესი სასამართლოს 1982 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 ნოემბრის #TT2016127021-03 გადაწყვეტილება რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ; სამსახურებრივი ბარათი; განცხადების მიღების ბარათი), მთლიანობაში „27“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 55-81).

50. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2500 ლარის 70% – 1750 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მანანა რევიშვილი-კუხიანიძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორ მანანა რევიშვილი-კუხიანიძეს (პ/ნ: 60001023542) დაუბრუნდეს ი/მ თეა კუტალაძის (პ/ნ: 61003005138) მიერ 2016 წლის 21 დეკემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარისა და 2017 წლის 27 იანვარს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი 2200 ლარის, ჯამში 2500 ლარის 70% – 1750 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. კასატორ მანანა რევიშვილი-კუხიანიძეს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მასალები იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან; რუსუდან ჭოხონელიძის განცხადება ტექაღრიცხვის უფროსის სახელზე; ქ. ქუთაისის იურიდიული კონსულტაციის გემგის განცხადებები ტექბიუროს ხელმძღვანელის სახელზე; 1990 წლის 22 თებერვლის #22 განცხადების პასუხი; მანანა რევიშვილი-კუხიანიძის განცხადებები ტექაღრიცხვის უფროსის სახელზე; საინვენტარო ბარათი ნაგებობაზე; საანგარიშო ფურცელი; აქტი; საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს მიმართვა - მიმართვის პასუხი; საინვენტარიზაციო ბარათი, სსრ უმაღლესი სასამართლოს 1982 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 ნოემბრის #TT2016127021-03 გადაწყვეტილება რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ; სამსახურებრივი ბარათი; განცხადების მიღების ბარათი), მთლიანობაში „27“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 55-81);

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე