საქმე №ას-415-2019 31 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ა. დ.“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 07 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდეგეში - მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სს „ა. დ.“ (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა: 1. 2013 წლის 20 თებერვლის №FRI/13-01.. საბანკო გარანტიიდან (შემდეგში - პირველი საბანკო გარანტია) გამომდინარე 3 686,58 ლარის გადახდა; 2. 2013 წლის 20 თებერვლის №FRI/13-02... საბანკო გარანტიიდან (შემდეგში - მეორე საბანკო გარანტია) გამომდინარე 303,2 ლარის გადახდა.
2. მოსარჩელე მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე:
3. 2013 წლის 25 თებერვალს, მოსარჩელესა და შპს „ე.“ (შემდეგში - კომპანია) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ პირველი ხელშეკრულება, ღირებულებით - 416 998,97 ლარი. ხელშეკრულება ითვალისწინებდა თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში ისნის ზონის გზებისა და ქუჩების შეკეთების სამუშაოების შესყიდვას. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხის მიერ 2013 წლის 20 თებერვალს გაიცა პირველი საბანკო გარანტია 12 510.00 ლარის ოდენობით და გარანტმა ვალდებულება იკისრა გადაეხადა აღნიშნული თანხა კომპანიის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, მერიის პირველი მოთხოვნისთანავე.
4. მხარეთა შორის 2013 წლის 20 მარტს ასევე გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მეორე ხელშეკრულება ღირებულებით - 449 999,94 ლარი, რომელიც ითვალისწინებდა საგზაო სამუშოების შესყიდვას. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხის მიერ 2013 წლის 20 თებერვალს გაიცა მეორე საბანკო გარანტია - 13 500,00 ლარის ოდენობით და გარანტმა ვალდებულება იკისრა გადაეხადა აღნიშნული თანხა კომპანიის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, მოსარჩელის პირველი მოთხოვნისთანავე.
5. კომპანიამ დაარღვია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები, კერძოდ, გზის მიმდინარე შეკეთების სამუშაოები კონკრეტულ ობიექტებზე შესრულდა მიცემული დავალების გეგმა გრაფიკის ვადის დარღვევით. მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა კომპანიის მიერ ხელშეკრულებების დარღვევასთან დაკავშირებით საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის ნაწილის გადახდა ბენეფიციარის სასარგებლოდ. მოპასუხემ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა საბანკო გარანტიებით ნაკისრი ვალდებულებები.
6. მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
7. კომპანიას გადაერიცხა 2014 წლის 31 იანვრის შეტყობინებებით მოთხოვილი საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხის ნაწილი 3 375,9951 ლარი და12 157,548 ლარი. 2014 წლის 25 ივლისისა და 2016 წლის 03 ივნისის შეტყობინებებით მოსარჩელემ მოითხოვა გაზრდილი საგარანტიო თანხები, რაც არ დაკმაყოფილდა მათი საგარანტიო მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ წარდგენის გამო. ბენეფიციარის მოთხოვნის შესახებ ეცნობა პრინციპალს, რომელიც არ დაეთანხმა მოთხოვნას და აღძრა სარჩელი თბილისის მერიის წინააღმდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 თებერვლის განჩინებით მოპასუხეს აეკრძალა საბანკო გარანტიებიდან თანხის გადახდა დავის დასრულებამდე. 2016 წლის 03 ივნისის შეტყობინებით მოპასუხეს ეცნობა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რის შემდეგაც, გარანტმა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში გაცხადებული მოთხოვნა აანაზღაურა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბენეფიციარის მოთხოვნები გაზრდილი ოდენობით, კერძოდ, ერთ შემთხვევაში, 7 062,58 ლარის (2014 წლის 25 ივლისის შეტყობინებით მოსარჩელის მიერ მოთხოვილი იქნა 2013 წლის 20 თებერვლის პირველი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე გაზრდილი თანხის 7062,58 ლარის გადახდა, რაც 3686.58 ლარით აღემატებოდა2014 წლის 31 იანვრის შეტყობინებით მოთხოვნილ თანხას - 3 376,00 ლარს), ხოლო, მეორე შემთხვევაში, 12 460,75 ლარის (2014 წლის 25 ივლისის შეტყობინებით თბილისის მერიის მიერ მოთხოვილი იქნა 2013 წლის 20 მარტის მეორე საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ჩასარიცხი თანხის 12 460,75 ლარის გადახდა, რაც 303.2 ლარით აღემატებოდა 2014 წლის 31 იანვრის შეტყობინებით მოთხოვნილ თანხას - 12 157,55 ლარს) ოდენობით საბანკო გარანტიებიდან გამომდინარე საგარანტიო თანხების გადახდის შესახებ გარანტს წარედგინა საგარანტიო ვადების მოქმედების გასვლის შემდეგ.
10. სასამართლომ მიუთითა, რომ მეორე საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 18 თებერვლის ჩათვლით, ხოლო პირველი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა - 2014 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.
11. მხარეთა შორის სადავო არ იყო, რომ გარანტს ბენეფიციარის მოთხოვნები თავდაპირველად წარედგინა გარანტიების მოქმედების ვადაში, 2014 წლის 31 იანვრის შეტყობინებით. დადგენილი იყო ასევე, რომ 2016 წლის 14 ივნისს მოპასუხემ მოსარჩელის მიერ 2014 წლის 31 იანვარს წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად საქართველოს ფინანასთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის კოდზე გადარიცხა 3 376,00 ლარი პირველი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე და 12 157,55 ლარი მეორე საბანკო გარანტიიდან გამომდინარე. გაზრდილი თანხების გადარიცხვის შესახებ მოთხოვნები გარანტს წარედგინა საბანკო გარანტიების მოქმედების ვადის (2014 წლის 18 თებერვალი და 2014 წლის 20 თებერვალი) გასვლის შემდეგ, 2014 წლის 25 ივლისს.
12. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საბანკო გარანტიების მოქმედების ვადაში წარდგენილი ბენეფიციარის მოთხოვნების შესაბამისად, გარანტის მიერ ანაზღაურებული იქნა მოთხოვილი ოდენობის თანხა სრულად. ბენეფიციარს, შეთანხმებული პირობებიდან გამომდინარე, საგარანტიო თანხის ოდენობის ფარგლებში, შეეძლო გაზრდილი ასანაზღაურებელი თანხის შესახებ მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ გარანტიების მოქმედების შეთანხმებულ ვადებში (არაუგვიანეს 2014 წლის 18 თებერვალი და ამავე წლის 20 თებერვალი). სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ ვინაიდან თავდაპირველი მოთხოვნა გარანტს წარედგინა ვადაში, გაზრდილი მოთხოვნაც უნდა ჩათვლილიყო ვადაში წარდგენილად. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 885-ე, 887-ე და 889-ე მუხლების სამართლებრივი ანალიზი არ იძლეოდა ასეთი დასკვნის საფუძველს.
13. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 07 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ პირველი ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა იკისრა ხელშეკრულებით განსაზღვრულ რაიონში სამუშაოების შესრულების ვალდებულება. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 416 998,97 ლარით. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით, მთლიანი სამუშაოები განხორციელდებოდა ეტაპობრივად, 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მხარეები შეთანხმდნენ საბანკო გარანტიაზეც, გაცემული მოპასუხის მიერ (პირველი საბანკო გარანტია) თანხით 12 510 ლარი, მოქმედების ვადა - 2014 წლის 20 თებერვლის ჩათვლით. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 12.3 პუნქტით, კონკრეტულ ობიექტზე გადაცემული გეგმა-გრაფიკის 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმეოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 3%-ის ოდენობით. ამ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხემ 2013 წლის 20 თებერვალს გასცა პირველი საბანკო გარანტია 12 510,00 ლარის ოდენობით და გარანტმა ვალდებულება იკისრა გადაეხადა აღნიშნული თანხა კომპანიის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, მოსარჩელის პირველი მოთხოვნისთანავე.
16. მოთხოვნა გარანტს წარედგინებოდა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში. მოთხოვნის წარდგენის დღედ ითვლება მოთხოვნის უშუალოდ გარანტთან ჩაბარების დღე. გარანტია ძალაში იყო 2014 წლის 20 თებერვლის ჩათვლით (ტომი 1, ს.ფ. 24).
17. 20.03.2013წ.-ს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მეორე ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა იკისრა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ობიექტზე სამუშაოების შესრულების ვალდებულება. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 449 999,94 ლარით. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით, მთლიანი სამუშაოები განხორციელდებოდა ეტაპობრივად, 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მხარეები შეთანხმდნენ საბანკო გარანტიაზეც, გაცემული მოპასუხის მიერ (მეორე საბანკო გარანტია), თანხით 13 500 ლარი, მოქმედების ვადა - 2014 წლის 18 თებერვლის ჩათვლით. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 12.3 პუნქტით, კონკრეტულ ობიექტზე გადაცემული გეგმა-გრაფიკის 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმეოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 3%-ის ოდენობით (ტომი 1, ს.ფ. 45-51). ამ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხემ 2013 წლის 20 მარტს გასცა მეორე საბანკო გარანტია 13 500,00 ლარის ოდენობით და გარანტმა ვალდებულება იკისრა გადაეხადა აღნიშნული თანხა კომპანიის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე მოსარჩელის პირველი მოთხოვნისთანავე. მოთხოვნა გარანტს წარედგინებოდა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში. მოთხოვნის წარდგენის დღედ ითვლება მოთხოვნის უშუალოდ გარანტთან ჩაბარების დღე. გარანტია ძალაში იყო 2014 წლის 18 თებერვლის ჩათვლით (ტომი 1, ს.ფ. 52). სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1.1.1/30... ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 16 აპრილის №07-18/2992 წერილით კომპანიას ეთხოვა კონკრეტულ ობიექტებზე დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება 2013 წლის 30 აპრილამდე, თუმცა კომპანიის მიერ ისნის მეტროს უკან მოასფალტების სამუშაოები განხორციელდა წერილით განსაზღვრული ვადის დარღვევით - 2013 წლის 31 ივლისს და სამუშაოები დასრულდა 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადის გადაცილებით (ტომი 1, ს.ფ. 25, ს.ფ. 39).
18. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1.1.1/30/... ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 16 აპრილის №07-18/29... წერილით კომპანიას ეთხოვა კონკრეტულ ობიექტებზე დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება 2013 წლის 15 მაისამდე, თუმცა კომპანიის მიერ ერთ-ერთი ქუჩის მოასფალტების სამუშაოები განხორციელდა წერილით განსაზღვრული ვადის დარღვევით - 2013 წლის ივლისში და სამუშაოები დასრულდა 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადის გადაცილებით (ტომი 1, ს.ფ. 53, ს.ფ. 57).
19. 2014 წლის 31 იანვრის №07-3/140... შეტყობინებით თბილისის მერიამ წერილობით მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა, კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებუელბის შეუსრულებლობის გამო 2013 წლის 20 თებერვლის პირველი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ნაწილის -375.9951 ლარის გადარიცხვა.
20. 2014 წლის 31 იანვრის N07-3/140... შეტყობინებით თბილისის მერიამ წერილობით მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა, კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებუელბის შეუსრულებლობის გამო 2013 წლის 20 მარტის მეორე საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ნაწილის - 12 157,548 ლარის გადარიცხვა.
21. კომპანიის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 თებერვლის განჩინებით მოპასუხეს აეკრძალა საბანკო გარანტიებიდან გამომდინარე თანხის გადახდა სასამართლო დავის დასრულებამდე (ტომი 1, ს.ფ. 127-130).
22. სადაზღვევო კომპანიის რეორგანიზაციის შემდგომ შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და ნაცვლად შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოებისა, გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად (28/12/2015წ.) (ტომი 1, ს.ფ. 136-137).
23. 14.06.2016წ.-ს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნილმა მოსარჩელე კომპანიამ საქართველოს ფინანასთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის კოდზე ჩარიცხა 2014 წლის 31 იანვრის №07 -3/140... შეტყობინებით მოთხოვნილი თანხა - 3 376,00 ლარი პირველი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე (ტომი 1, ს.ფ. 95-96).
24. 14.06.2016წ.-ს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნილმა მოსარჩელე კომპანიამ საქართველოს ფინანასთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის კოდზე ჩარიცხა 2014 წლის 31 იანვრის შეტყობინებით მოთხოვნილი თანხა - 12 157,55 ლარი მეორე საბანკო გარანტიიდან გამომდინარე (ტომი 1, ს.ფ. 95-96).
25. 2014 წლის 25 ივლისის №07 -14/1420... შეტყობინებით თბილისის მერიის მიერ მოთხოვნილ იქნა 2013 წლის 20 თებერვლის პირველი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე გაზრდილი თანხის - 7 062,58 ლარის გადახდა, რაც 3 686.58 ლარით აღემატება 2014 წლის 31 იანვრის №07 -3/140314 შეტყობინებით მოთხოვნილ თანხას -3 376,00 ლარს (ტომი 1, ს.ფ. 91-92).
26. 2014 წლის 25 ივლისის №07 -14/1420... შეტყობინებით თბილისის მერიის მიერ მოთხოვნილ იქნა 2013 წლის 20 მარტის მეორე საბანკო გარანტიიდან გამომდინარე გაზრდილი თანხის - 12460,75 ლარის გადახდა, რაც 303.2 ლარით აღემატება 2014 წლის 31 იანვრის №07 -3/140314 შეტყობინებით მოთხოვნილ თანხას - 12 157,55 ლარს (ტომი 1, ს.ფ. 91-92).
27. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბენეფიციარის მოთხოვნები გაზრდილი ოდენობით საბანკო გარანტიებიდან გამომდინარე საგარანტიო თანხების გადახდის შესახებ, გარანტს წარედგინა საგარანტიო ვადების მოქმედების გასვლის შემდეგ, კერძოდ, როგორც აღინიშნა, მეორე საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 18 თებერვლის ჩათვლით, ხოლო, პირველი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა - 2014 წლის 20 თებერვლის ჩათვლით. რაც შეეხება გაზრდილი თანხების გადარიცხვის შესახებ მოთხოვნებს, დადგენილია, რომ მოთხოვნები გარანტს წარედგინა 2014 წლის 25 ივლისს, ანუ საბანკო გარანტიების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ.
28. სააპელაციო პალატა უარყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსაზრება მასზედ, რომ ვინაიდან თავდაპირველი მოთხოვნა გარანტს წარედგინა ვადაში, გაზრდილი მოთხოვნაც უნდა ჩათვლილიყო ვადაში წარდგენილად. ამ კუთხით, მართალია, მხარეთა შორის სადავო არ იყო ის გარემოება, რომ გარანტს ბენეფიციარის მოთხოვნები თავდაპირველად წარედგინა გარანტიების მოქმედების ვადაში, რაც გარანტმა აანაზღაურა სრულად, თუმცა, აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული იმდაგვარად, რომ ყოველი შემდგომი (გაზრდილი) მოთხოვნა ჩაითვალოს ვადაში წარდგენილად.
29. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ბენეფიციარს შეუძლია, საგარანტიო თანხების ოდენობის ფარგლებში, გაზრდილი ასანაზღაურებელი თანხების შესახებ მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ გარანტიების მოქმედების შეთანხმებულ ვადებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბენეფიციარის მოთხოვნა მიჩნეული იქნება გარანტიით განსაზღვრული ვადის დარღვევით წარდგენილად, რაც გამომდინარეობს სსკ-ის 885-ე, 887-ე და 889-ე მუხლების დანაწესებიდან.
30. სსკ-ის 885-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა.
31. სსკ-ის 887.1 მუხლის მიხედვით, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ.გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.ამავე კოდექსის 889.1 მუხლის თანახმად, გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ წყდება: ა. ბენეფიციარისათვის იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია; ბ. გარანტიაში განსაზღვრული იმ ვადის გასვლით, რომლითაც იგი გაიცა; გ. ბენეფიციარის მიერ გარანტიიდან გამომდინარე თავის უფლებებზე უარის თქმისა და მათი გარანტისათვის დაბრუნებისას.მოცემულ შემთხვევაში,
32. დადგენილია, რომ საბანკო გარანტიების მოქმედების ვადაში წარდგენილი ბენეფიციარის მოთხოვნების შესაბამისად, გარანტმა აანაზღაურა მოთხოვილი თანხები სრულად. თანხების დამატებით ჩარიცხვის შესახებ მოთხოვნები კი გარანტს წარედგინა გარანტიების მოქმედების შეთანხმებული ვადების გასვლის შედეგ, რაც, სსკ-ის 887-ე და 889-ე მუხლების შესაბამისად, ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გარანტის მიერ უარის თქმის საფუძველია.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
34. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
35. კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ორი ხელშეკრულება, რომელთა უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხის მიერ გაიცა ორი საბანკო გარანტია. მოსარჩელემ მიმართა გარანტორს ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებით საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის ნაწილის გადახდა ბენეფიციარის სასარგებლოდ, თუმცა, მოპასუხის მიერ მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულება. კერძოდ, ჩასარიცხი 19 523.33 ლარის ნაცვლად ადგილობრივ ბიუჯეტში ჩაირიცხა მხოლოდ 15 533.55, დარჩენილი 3 989,78 ლარი კი, არ ჩარიცხულა. კასატორი განმარტავს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 887-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელემ მოპასუხეს გაზრდილი მოთხოვნით მიმართა 2014 წლის 25 ივლისს, ხოლო გარანტიები გაცემული იყო 2014 წლის 18 და 20 თებერვალის ჩათვლით, დასტურდება, რომ ბენეფიციარმა გარანტს მოთხოვნით მიმართა საბანკო გარანტიით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, რასაც კასატორი არ იზიარებს, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მერიის მიერ ძირითადი მოთხოვნა წარდგენილია საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში, ხოლო მოთხოვნის შემდგომი დაზუსტება არ ქმნის წარდგენილი მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველს.
36. კასატორი იზიარებს სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნა ბენეფიციარის მიერ გარანტს უნდა წარედგინოს საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში, თუმცა სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ თავდაპირველად მოსარჩელემ გარანტორს მიმართა საბანკო გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე 2014 წლის 31 იანვარს. კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ დროულად მოახდინა თავისი უფლების რეალიზება და მოითხოვა ვალდებულების შესრულება, რაც გარანტის მიერ არ შესრულებულა. კასატორი მიუთითებს სსკ-ის 885-ე, 886-ე და 879-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა დავის გადასაწყვეტად აღნიშნული ნორმები და ნაცვლად აღნიშნულისა, განჩინება დააფუძნა იმ ნორმებზე, რომლის გამოყენების შესაძლებლობას საქმეში არსებულიფაქტობრივი გარემოებები არ იძლეოდა.
37. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
38. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
39. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს ამ განჩინების პპ:15-24-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
40. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის პრეტენზიას, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მოსარჩელემ მოპასუხეს გაზრდილი მოთხოვნით მიმართა 2014 წლის 25 ივლისს, ხოლო გარანტიები გაცემული იყო 2014 წლის 18 და 20 თებერვალის ჩათვლით, დასტურდება, რომ ბენეფიციარმა გარანტს მოთხოვნით მიმართა საბანკო გარანტიით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, რასაც კასატორი არ იზიარებს და მიაჩნია, რომ ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მერიის მიერ ძირითადი მოთხოვნა წარდგენილია საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში, მოთხოვნის შემდგომი დაზუსტება არ ქმნის წარდგენილი მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველს. საქმის მასალებით კი, დასტურდება, რომ მოსარჩელემ საგარანტიო თანხის მოთხოვნით მოპასუხეს მიმართა ორივე საბანკო გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე – 2014 წლის 31 იანვარს, ხოლო 2014 წლის 25 ივლისის წერილით მხოლოდ დააზუსტა მოთხოვნა (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები - პ-35).
41. კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა პირველ რიგში, განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
42. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
43. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოდავე მხარეთა შორის წარმოშობილია საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან მომდინარე ვალდებულება, რომლის შესაბამისად საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ, ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე (სსკ-ის 879-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით – არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება – ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. სსკ-ის 887-ე მუხლის ეს დანაწესი უზრუნველყოფს საბანკო გარანტიის საიმედოობას და იმავდროულად, კრედიტორის მოლოდინს ვალდებულების შესრულებასთან მიმართებით, მაგრამ მხოლოდ საბანკო გარანტიით გარანტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში. ამასთან, კრედიტორის (ბენეფიციარის) მიერ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად წარდგენილი პირობებით საბანკო გარანტიის არჩევა, ნიშნავს მის თანხმობას ამ პირობებზე, ვინაიდან, სსკ-ის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.
44. საკასაციო სასამართლო, საბანკო გარანტიის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, უთითებს, რომ საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული ურთიერთობის მონაწილეები არიან რა ბენეფიციარი, პრინციპალი და გარანტი, ამ ურთიერთობის ფარგლებში ფაქტობრივად ორი ხელშეკრულება იდება: 1. გარანტსა და პრინციპალს შორის საბანკო გარანტიის გაცემის თაობაზე ორმხრივი, სასყიდლიანი ხელშეკრულება (სსკ-ის 880-ე მუხლი) და 2. თვით საბანკო გარანტია, რომელიც ცალმხრივი გარიგებაა და წარმოშობს გარანტის ცალმხრივ ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ (სსკ-ის 879-ე მუხლი). ამავდროულად, საბანკო გარანტიის გაცემით გარანტსა და ბენეფიციარს შორის ურთიერთობა დამოუკიდებელია იმ ძირითადი ვალდებულებებისაგანაც, რომლის შესრულების უზრუველსაყოფადაც არის ის გაცემული (სსკ-ის 881-ე მუხლი).
45. სსკ-ის 885-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა. ამდენად, მხარეები თავისუფალი არიან საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის განსაზღვრის წესში, რაც შეიძლება დამოკიდებული იყოს როგორც კალენდარულ თარიღზე, რაიმე პირობაზე, რაიმე მოვლენის დადგომაზე, ასევე, რაიმე მოქმედების შესრულებაზე.
46. მოცემულ შემთხვევაში, ბენეფიციარისათვის წარდგენილ საბანკო გარანტიაში განსაზღვრულია გარანტიის მოქმედების ზუსტი ვადა: მეორე საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 18 თებერვლის ჩათვლით, ხოლო პირველი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა - 2014 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.
47. განსახილველ საქმეზე საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, მიმართა თუ არა მოსარჩელემ სადავო თანხის ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხეს საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ ვადაში.
48. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, გარანტს ბენეფიციარის მოთხოვნები წარედგინა გარანტიების მოქმედების ვადაში, 2014 წლის 31 იანვრის შეტყობინებით.
49. დადგენილია ისიც, რომ 2016 წლის 14 ივნისს მოპასუხემ მოსარჩელის მიერ 2014 წლის 31 იანვარს წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად საქართველოს ფინანასთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის კოდზე გადარიცხა 3 376,00 ლარი პირველი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე და 12 157,55 ლარი მეორე საბანკო გარანტიიდან გამომდინარე.
50. გაზრდილი თანხების გადარიცხვის შესახებ მოთხოვნები გარანტს წარედგინა საბანკო გარანტიების მოქმედების ვადის (2014 წლის 18 თებერვალი და 2014 წლის 20 თებერვალი) გასვლის შემდეგ, კერძოდ, დადგენილია, ერთ შემთხვევაში, 7 062,58 ლარის (2014 წლის 25 ივლისის შეტყობინებით მოსარჩელის მიერ მოთხოვილი იქნა 2013 წლის 20 თებერვლის პირველი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე გაზრდილი თანხის 7062,58 ლარის გადახდა, რაც 3686.58 ლარით აღემატებოდა2014 წლის 31 იანვრის შეტყობინებით მოთხოვნილ თანხას - 3 376,00 ლარს), ხოლო, მეორე შემთხვევაში, 12 460,75 ლარის (2014 წლის 25 ივლისის შეტყობინებით თბილისის მერიის მიერ მოთხოვილი იქნა 2013 წლის 20 მარტის მეორე საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ჩასარიცხი თანხის 12 460,75 ლარის გადახდა, რაც 303.2 ლარით აღემატებოდა 2014 წლის 31 იანვრის შეტყობინებით მოთხოვნილ თანხას - 12 157,55 ლარს) ოდენობით საბანკო გარანტიებიდან გამომდინარე საგარანტიო თანხების გადახდის შესახებ გარანტს წარედგინა საგარანტიო ვადების მოქმედების გასვლის შემდეგ.
51. საკასაციო პალატა აღნისნავს, რომ მართალია, საბანკო გარანტიის გაცემა და მისი ნამდვილობა სადავო არ არის, მაგრამ ის შედეგი, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მაინც ვერ მიიღწევა, რადგან სახეზეა მოთხოვნის გამომრიცხველი ის გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 885-ე მუხლის მეორე ნაწილით, კერძოდ, დარღვეულია საბანკო გარანტიის საფუძველზე ფულადი თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნის წარდგენის ვადა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დადგენილია სასამართლო პრაქტიკა იხ., სუსგ Nას-1627-2018, 29.01.2019. ასევე შდრ: სუსგ-ები ას-755-706-2017, 11.07.2017, პ.18.2; სუსგ ას-894-834-2017, 03.11.2017, პ.46; სუსგ ას- 960-925-2016, 27.09.2017, პ.55; სუსგ ას-1595-1498-2012, 01.11.2013).
52. ყოველივე ზემოაღნიშნულის შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო პალატის იმ მოსაზრების საწინააღმდეგოდ, რომ მოსარჩელემ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული სადავო მოთხოვნით მოპასუხეს მიმართა საბანკო გარანტიით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების იურიდიული საფუძვლის არსებობას გამორიცხავს.
53. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
54. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
55. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
56. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
57. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე