საქმე №ას-435-2019 31 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ. და ლ. გ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ. ლ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბერი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. დ. (შემდგომ – მსესხებელი მოსარჩელე) და ლ. გ-მა (შემდგომ – მეორე მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ. ლ.“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, ცვლილება შევიდეს 2018 წლის 8 მაისს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში იმგვარად, რომ ძირი თანხის ოდენობა – 5 200 აშშ დოლარი შემცირდეს 3 241.83 აშშ დოლარამდე, სარგებელი – 2 987.45 აშშ დოლარი – 540.70 აშშ დოლარამდე, ხოლო დაკისრებული პირგასამტეხლო, 4 085.85 აშშ დოლარის ნაცვლად, განისაზღვროს 80.28 აშშ დოლარით.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 25 მაისს, 2015 წლის 8 სექტემბერს და 2015 წლის 11 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხისგან მიიღო 1 500, 5 200 და 1 500 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ხელშეკრულებით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, მსესხებელს 5200 აშშ დოლარიან სესხზე 2018 წლის 8 მაისის ჩათვლით უნდა გადაეხდა 4 158.52 აშშ დოლარი, თუმცა ამავე წლის 8 მაისამდე მოსარჩელემ გადაიხადა საერთო ჯამში 5 040.78 აშშ დოლარი, რაც 882 აშშ დოლარით მეტია.
3. მოსარჩელე ასევე ასრულებდა დანარჩენი ორი სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე და ამჟამად სააღსრულებო საქმით ითხოვს ვალდებულების დაფარვას შესაბამისად 8 200 აშშ დოლარის, 3 036,76 აშშ დოლარისა და 4 325.05 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხემ გამოიყენა საკუთარი აღმატებული მდგომარეობა საფინანსო ბაზარზე და არაკეთილსინდისიერად მოიქცა კაბალური პირობების დაწესებით. მოსარჩელის არაერთგზისი თხოვნის მიუხედავად, მოპასუხე არ დათანხმდა, რომ გადახდილი თანხები ჩათვლილიყო უფრო მაღალი 5200 აშშ დოლარიანი სესხის ხელშეკრულების ანგარიშში.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სანოტარო წესით ხელშეკრულებების გაფორმებისას როგორც მსესხებელს, ასევე, მესაკუთრეს ნოტარიუსის მიერ მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების და მათი შეუსრულებლობით გამოწვეული მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
5. 2015 წლის 8 სექტემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი სასესხო ვალდებულებები მსესხებელმა დაარღვია 2016 წლის 9 ივლისიდან, რის შესახებაც იგი არაერთხელ იქნა გაფრთხილებული კრედიტორის მხრიდან. მსესხებელი ასრულებს მხოლოდ 2015 წლის 11 დეკემბრის და 2016 წლის 25 მაისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე ნაკისრ ვალდებულებებს. მისი ამგვარი ქმედება ატარებს მიზანმიმართულ ხასიათს, რადგან თუ კრედიტორი დაიწყებს აღსრულებას 2015 წლის 8 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველზე, ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში იგი გათავისუფლდება მეორე და მესამე რიგის იპოთეკისგან და სასესხო ვალდებულება დარჩება უზრუნველყოფის გარეშე.
6. მოპასუხის მოსაზრებით, გაუგებარია მოსარჩელის პოზიცია დომინირებული მდგომარეობის გამოყენებასთან მიმართებით, ვინაიდან მოპასუხეს არ უკავია ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა და მას, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ სხვა საფინანსო ორგანიზაციასთან შეეძლო გაეფორმებინა ხელშეკრულება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა 2018 წლის 8 მაისს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და მასში მითითებული ვალდებულების მოცულობიდან ძირი თანხის ოდენობა – 5 200 აშშ დოლარი დარჩა უცვლელად, სარგებელი, ნაცვლად 2 987.45 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 540.70 აშშ დოლარით, ხოლო დაკისრებული პირგასამტეხლო – 80.28 აშშ დოლარით, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბერის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა პირგასამტეხლოს, ასევე, სასამართლო ხარჯების ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, ცვლილება შევიდეს 2018 წლის 8 მაისს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და მასში მითითებული ვალდებულების მოცულობიდან დაკისრებული პირგასამტეხლო განისაზღვრა 421.22 აშშ დოლარით შემდეგ გარემოებათა გამო:
9. 2015 წლის 8 სექტემბერს, ერთი მხრივ, მოპასუხეს და, მეორე მხრივ, მოსარჩელეებს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელმა მოსარჩელემ სესხის სახით მიიღო 5200 აშშ დოლარი სამი წლის ვადით ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 2.5%-ის (წლიური 30%) დარიცხვით.
10. ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მსესხებლის მიერ თანდართული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელი იხდის სესხის მიმდინარე ბალანსის 0.2%-ს პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე.
11. ხელშეკრულების მიხედვით, სესხის გადახდა უზრუნველყოფილია მსესხებლის უძრავი ქონებით. იპოთეკის საგანი წარმოადგენს მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას.
12. ხელშეკრულების მე-7 მუხლის შესაბამისად, თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და მესაკუთრე ნებაყოფლობით არ ასრულებს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით.
13. 2015 წლის 11 დეკემბერს, ერთი მხრივ, მოპასუხესა და, მეორე მხრივ, მოსარჩელეებს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ სესხის სახით მიიღო 1 500 აშშ დოლარი სამი წლის ვადით ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 2.5%-ის (წლიური 30%) დარიცხვით.
14. ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მსესხებლის მიერ თანდართული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელი იხდის სესხის მიმდინარე ბალანსის 0.2%-ს პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე.
15. ხელშეკრულების მიხედვით, სესხის გადახდა უზრუნველყოფილია მსესხებლის უძრავი ქონებით. იპოთეკის საგანი წარმოადგენს მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას.
16. ხელშეკრულების მე-7 მუხლის შესაბამისად, თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და მესაკუთრე ნებაყოფლობით არ ასრულებს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით.
17. 2016 წლის 25 მაისს, ერთი მხრივ, მოპასუხესა და, მეორე მხრივ, მოსარჩელეებს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც მსესხებელმა მოსარჩელემ სესხის სახით მიიღო 1 500 აშშ დოლარი სამი წლის ვადით ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 2.5%-ის (წლიური 30%) დარიცხვით.
18. ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მსესხებლის მიერ თანდართული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელი იხდის სესხის მიმდინარე ბალანსის 0.2%-ს პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე.
19. ხელშეკრულების მიხედვით, სესხის გადახდა უზრუნველყოფილია მსესხებლის უძრავი ქონებით. იპოთეკის საგანი წარმოადგენს მოსარჩელის თანასაკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას.
20. ხელშეკრულების მე-7 მუხლის შესაბამისად, თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და მესაკუთრე ნებაყოფლობით არ ასრულებს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით.
21. 2016 წლის 9 ივნისს მსესხებელმა მოსარჩელემ დაარღვია 2015 წლის 8 სექტემბერს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გრაფიკით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხის მიმართ.
22. 2018 წლის 12 თებერვალსა და 2018 წლის 27 თებერვალს მას მოპასუხის მიერ გაეგზავნა წერილობითი მიმართვები და განესაზღვრა დამატებითი ვადა 2015 წლის 8 სექტემბერის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად.
23. მხარეთა შორის 2015 წლის 8 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 8 მაისს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით, 2018 წლის 8 მაისის მდგომარეობით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 12 273.30 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 5 200 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი – 2 987.45 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 4 085.85 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი – 124.36 ლარი.
24. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსრულება მიექცა კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე.
25. მხარეთა შორის 2015 წლის 11 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 8 მაისს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად 2018 წლის 8 მაისის მდგომარეობით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 1 533.28 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1 500 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი – 33.28 აშშ დოლარი, აგრეთვე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი – 124.36 ლარი.
26. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსრულება მიექცა კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე.
27. მხარეთა შორის 2016 წლის 25 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 8 მაისს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით, 2018 წლის 8 მაისის მდგომარეობით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 1 516.03 აშშ დოლარს, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა 1 500 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი – 16.03 აშშ დოლარი, აგრეთვე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი – 124.36 ლარი.
28. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსრულება მიექცა კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე.
29. 2018 წლის 8 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში 2018 წლის 4 ივნისს კერძო აღმასრულებლის მიერ მოსარჩელეებს გაეგზავნათ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
30. მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს მხარეთა შორის 2015 წლის 8 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 8 მაისს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, ძირი თანხის ოდენობის – 5 200 აშშ დოლარის ნაცვლად, 3 241.83 აშშ დოლარით განსაზღვრა, სარგებელის ოდენობად, ნაცვლად 2 987.45 აშშ დოლარისა, 540.70 აშშ დოლარით განსაზღვრა, ხოლო, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობად, ნაცვლად 4 085.85 აშშ დოლარისა, 80.28 აშშ დოლარით განსაზღვრა.
31. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 8 სექტემბერის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მიზნით, მსესხებელი მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის სულ გადახდილია 4 758.75 აშშ დოლარი, საიდანაც, პირგასამტეხლოს ოდენობაა (300+13.24) 313.24 აშშ დოლარი, ხოლო, დანარჩენი თანხა – (4 758.75 – 313.24) 4 445.51 აშშ დოლარი სარგებელია.
32. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე, 2015 წლის 8 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულებული ვალდებულების ოდენობის დადასტურების მიზნით, მიუთითებდა სალაროს შემოსავლის ორდერებზე და აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ მას მოპასუხისათვის სულ გადახდილი ჰქონდა 4936.78 აშშ დოლარი. რაც შეეხება მოპასუხეს, იგი სადავოდ ხდიდა ვალდებულების შესრულების მიზნით, ამ ოდენობის (4 936.78 აშშ დოლარი) თანხის გადახდას და მის მიერ წარმოდგენილი სესხის ამონაწერის საფუძველზე, მიუთითებდა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ 4 234.44 აშშ დოლარი იყო გადახდილი.
33. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შესრულებული ვალდებულების მოცულობის განსაზღვრისას სასამართლომ გაიზიარა წერილობითი მტკიცებულებებით გამყარებული მოსარჩელის პოზიცია და დადგენილად მიიჩნია, რომ, 2015 წლის 8 სექტემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მიზნით, მსესხებელი მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის სულ გადახდილი იყო 4 936.78 აშშ დოლარი, რაც პალატამ არ გაიზიარა.
34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის, 102-ე მუხლის პირველი, მესამე ნაწილების, 105-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო გარემოების დადგენის კუთხით, საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება – ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა რა ფაქტობრივმა გარემოებებმა განაპირობა სასესხო ამონაწერში მითითებული თანხების დაანგარიშებისას მიღებული ცდომილება იმის პარალელურად, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო ორდერების ნამდვილობა და მიზნობრიობა მას, ფაქტობრივად, სავადოდ არ გაუხდია. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო ამ ნაწილში მართებულად დაეყრდნო მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ სალაროს შემოსავლის ორდერებს, რომლებიც შეიცავდა გადახდილი თანხის მიზნობრიობაზე მითითებას, კერძოდ, თითოეულ მათგანში მითითებულია, რომ გადახდა ხორციელდება ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით.
35. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სალაროს შემოსავლის ორდერებით არ დასტურდება 2015 წლის 8 სექტემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მიზნით, მსესხებელი მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის სულ 4 936.78 დოლარის გადახდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან დაშვებულია არითმეტიკული შეცდომა სალაროს შემოსავლის ორდერებში მითითებული თანხების დაჯამებისას.
36. ამ კუთხით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ სალაროს შემოსავლის ორდერებზე, რომლებითაც დგინდება, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით, მსესხებელი მოპასუხის მიერ გადახდილია შემდეგ თანხები: 08.09.2015 წელს - 104.00 აშშ დოლარი (ერთჯერადი საკომისო); 07.10.2015 წელს - 128.25 აშშ დოლარი; 07.11.2015 წ - 132.50 აშშ დოლარი; 08.12.2015 წ - 128.21. აშშ დოლარი; 6.01.2016 წ - 132,49 აშშ დოლარი; 08.02.2016 წ - 132,49 აშშ დოლარი; 09.03.2016 წ - 130. 00 აშშ დოლარი; 09.04.2016 წ - 137.00 აშშ დოლარი; 10.05.2016 წ - 130.00 აშშ დოლარი; 08.06.2016 წ - 132.49 აშშ დოლარი; 27.08.2016 წ - 150.00 აშშ დოლარი; 2. 01.2017 წ - 800 აშშ დოლარი; 30.03.2017 წ - 900 აშშ დოლარი (300 აშშ დოლარი ჯარიმა, ხოლო, 600 აშშ დოლარი პროცენტი); 07.04.2017 წ - 128.22 აშშ დოლარი; 8.05.2017 წ - 129.00 აშშ დოლარი; 07.06.2017 წ - 133.00 აშშ დოლარი; 07.07.2017 წ - 129. 00 აშშ დოლარი; 07.08.2017 წ - 133.00 აშშ დოლარი; 08.09.2017 წ - 133.00 აშშ დოლარი; 06.10.2017 წ - 133.00 აშშ დოლარი; 09.11.2017 წ - 145.00 აშშ დოლარი; 8.01.2018 წ - 133.00 აშშ დოლარი; 08.02.2018 წ - 131.00 აშშ დოლარი; 12.03.2018 წ - 128.10 აშშ დოლარი; 20.04.2018 წ - 150.00 (136.76 აშშ დოლარი პროცენტი, ხოლო, 13,24 აშშ დოლარი - ჯარიმა) აშშ დოლარი; 08.05.2018 წ - 120.00 აშშ დოლარი.
37. ამდენად, სადავო ხელშეკრულების ფარგლებში მეორე მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხების ჯამური ოდენობა შეადგენს 4758.75 აშშ დოლარს, საიდანაც, ჯარიმის სახით გადახდილია 300 აშშ დოლარი და 13,24 აშშ დოლარი, სულ – 313,24 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა, რაც შეადგენს (4758.75-313.24) 4 445,51 აშშ დოლარს, არის სარგებელი. რაც შეეხება 08.09.2015 წელს გადახდილ 104 აშშ დოლარს, დადგენილია, რომ ეს თანხა არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გაცემის ერთჯერადი საკომისიო (იხ. ხელშეკრულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი).
38. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელეების მოსაზრება 2015 წლის 8 სექტემბრის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.
39. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 50-ე მუხლის, 319-ე მუხლის პირველი ნაწილის, 327-ე მუხლის პირველი ნაწილის, 623-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2015 წლის 8 სექტემბრის ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით, მსესხებელი ვალდებულია, გამსესხებელს სესხი და სარგებელი სრულად დაუბრუნოს გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში, თანდართული გრაფიკის თანახმად, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
40. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილისა და მე-400 მუხლის მიხედვით, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მსესხებელმა მოსარჩელემ დაარღვია 2015 წლის 8 სექტემბერს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გრაფიკით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხის მიმართ სესხის დაბრუნების თაობაზე.
41. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ მის მიერ კრედიტორის სასარგებლოდ გადახდილი თანხებიდან ნაწილი მიმართული იყო სესხის ძირი თანხის დაფარვისაკენ, ვინაიდან ასეთი შესაძლებლობა არ გამომდინარეობს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსიდან. კერძოდ, 2015 წლის 8 სექტემბრის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია, გამსესხებელს სესხი და სარგებელი სრულად დაუბრუნოს გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში, თანდართული გრაფიკის თანახმად, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის თანახმად კი, მოვალეს ყოველთვიურად უნდა ეხადა სესხზე დარიცხული სარგებელი, ხოლო სესხად აღებული თანხა უკან უნდა დაებრუნებინა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, 2018 წლის 8 სექტემბერს.
42. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალიწინებულ პროცენტად ან სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ამ ხელშეკრულების სადავო პუნქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
43. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ძირი თანხის ოდენობის შემცირების ნაწილში მოსარჩელემ ვერ მიუთითა, რა ფაქტობრივი გარემოებების გამო უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებაზე დართული სესხის დაფარვის გრაფიკით დადგენილია, რომ ძირი თანხის დაფარვა უნდა მომხდარიყო ერთიანად, ხელშეკრულების ვადის ბოლოს, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებით დასტურდება, ვალდებულების შესრულების მიზნით, მსესხებელი მოსარჩელის მიერ გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა მოპასუხისთვის, აღნიშნული ვერ განიხილება ძირითადი თანხის შემცირების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმის და მხარეთა შეთანხმების არ არსებობის გამო.
44. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული სარგებლის მოცულობა 2 987,45 აშშ დოლარის ნაცვლად, განსაზღვრა 540.70 აშშ დოლარით, რაც მოიცავდა სააღსრულებო ფურცლის გაცემიდან ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულების შესრულების ვადის ბოლომდე (08.09.2018 წ.) გადასახდელი სარგებლის ჯამს.
45. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, მის შეწყვეტამდე, რაც შეეხება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის/შეწყვეტის შემდეგ, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სარგებლის სახით თანხის გადახდის მოთხოვნას, იგი არ განიხილება სარგებლად და მიიჩნევა სსკ-ის 403-ე მუხლით გათვალისიწინებულ მიუღებელ შემოსავლად.
46. სსკ-ის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე (იხ. სუსგ, №ას-1701-1685-2011, 22 ოქტომბერი, 2012 წელი; №ას-408-381-2017, 30 ივნისი, 2017წ.).
47. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელეებს მოპასუხის მიმართ გააჩნდათ ფულადი ვალდებულება, დადგენილია ასევე მოსარჩელეების მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი. საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის რაიმე პროცენტზე, მით უმეტეს, ამგვარი ფაქტი არც მოპასუხეს მიუთითებია შესაგებლის ფაქტობრივ საფუძვლებში. შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში გათვალისწინებულ სარგებელზე (პროცენტზე) შეთანხმება ვერ გამოდგება სსკ-ის 403-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად.
48. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სარგებლის შემცირების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა და, შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული სარგებლის მოცულობა სასამართლომ დაადგინა სააღსრულებო ფურცლის გაცემიდან (08.05.2018 წ.) ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულების შესრულების ვადის ბოლომდე (08.09.2018წ.) გადასახდელი სარგებლის ჯამით.
49. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარგებლის მოცულობა უნდა განისაზღვრის სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისთვის – 2018 წლის 8 მაისისათვის, მოსარჩელის მიერ გადასახდელი თანხის ჯამური ოდენობით.
50. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისთვის – 2018 წლის 8 მაისისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი უნდა ყოფილიყო სარგებლის სახით 4 158.52 აშშ დოლარი.
51. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ამ დროისათვის, მსესხებელი მოსარჩელის მიერ სარგებლის სახით გადახდილი იყო 4 445,51 აშშ დოლარი, ანუ, გრაფიკით გათვალისწინებულზე (4 445.51-4 158.52) 287.00 აშშ დოლარით მეტი.
52. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 2018 წლის 8 მაისს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა და სარგებელის ოდენობად, 2 987.45 აშშ დოლარის ნაცვლად, 540.70 აშშ დოლარით განსაზღვრა, ხოლო, სსსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, სააპელაცო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
53. სსკ-ის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ხელშეკრულების მე-6 მუხლის საფუძველზე მსესხებლის მიერ თანდართული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელი იხდის სესხის მიმდინარე ბალანსის 0.2%-ს პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე. დადგენილია ასევე, რომ სააღსრულებო ფურცლის თანახმად, 2018 წლის 8 მაისის მდგომარეობით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობამ პირგასამტეხლოს ნაწილში შეადგინა 4 085.85 აშშ დოლარი.
54. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
55. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლოს უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
56. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო (0,2%) და შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პიროგასამტეხლო (4085,859 აშშ დოლარი) წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს, რის გამოც უნდა შემცირდეს 4-ჯერ, 0,05%-მდე ანუ 1021,46 აშშ დოლარამდე, რასაც უნდა გამოაკლდეს, 287.00 აშშ დოლარი (სარგებლის ნაწილში გრაფიკით გათვალისწინებულზე ზედმეტად გადახდილი თანხა) და 313.24 აშშ დოლარი (ჯარიმის სახით გადახდილი თანხა), ანუ, სულ – 600.24 აშშ დოლარი და საბოლოოდ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 421.22 აშშ დოლარით.
57. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს დასკვნა ამ ნაწილში შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლოს პრაქტიკასთან (იხ. სუსგ, 29.05.2015წ. №ას-1125-1072-2014; 25.05.2015წ. №ას-1269-1209-2014).
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
58. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
59. სსკ-ის 319-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე კასატორმა მიიჩნია, რომ კრედიტორმა საკუთარი უფლება სასესხო ხელშეკრულების ვადის ბოლოს სესხის ძირითადი თანხის უკან დაბრუნების შესახებ ბოროტად გამოიყენა, ვინაიდან ამით რთულ მდგომარეობაში ჩააყენა მსესხებელი. თუ მსესხებელი პერიოდულად დაფარავდა ძირითად თანხას, მაშინ მომდევნო პერიოდის სარგებელი უნდა გადახდილიყო უკვე შემცირებული ძირითადი თანხიდან. ეს კი კრედიტორისათვის ხელსაყრელი არ იყო იმ მიზეზით, რომ სურდა მეტი სარგებლის მიღება მსესხებლის ფინანსური დამოკიდებულებისა და გამოუვალობის ხარჯზე. ამით მსესხებელმა დაარღვია სსკ-ის 115-ე მუხლი.
60. საქართველოში მიღებული საქონელბრუნვის ნორმებიდან და დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე, კასატორმა მხარემ ჩათვალა, რომ კრედიტორის მხრიდან კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვის შემთხვევაში, მის მიერ გადახდილი თანხის გარკვეული ნაწილი – 1958,17 აშშ დოლარი უნდა წარმართულიყო ძირითადი თანხის დასაფარად და, ამდენად, მოსარჩელის ვალი კრედიტორის მიმართ უნდა ყოფილიყო არა 5200, არამედ 3241,83 აშშ დოლარი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მართალია, კრედიტორის მხრიდან ზედმეტად მოთხოვნილი თანხა აღარ ექნება გადასახდელი მსესხებელს, თუმცა იგივე კრედიტორისათვის ზედმეტად გადახდილი თანხა წარიმართა უზომოდ მაღალი პირგასამტეხლოებისა და მაღალი პროცენტის დასაფარად და ძირითად თანხას არაფერი მოაკლდა.
61. მიღებული საქონელბრუნვის ნორმებიდან და დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ძირითად თანხას უნდა დაერიცხოს ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.025 პროცენტის ოდენობით და, ამ განაკვეთიდან გამომდინარე, კრედიტორისათვის გადასახდელია 80,28 აშშ დოლარი. აღნიშნული საფუძვლიანად არის დაანგარიშებული მოსარჩელეების სარჩელში და მის №12 დანართში, ასევე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას.
62. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა სსკ-ის 54-ე მუხლი, 319-ე მუხლის მეორე ნაწილი, 420-ე მუხლი, ხოლო არ გამოუყენებია 115-ე და 325-ე მუხლები, რომლებითაც უნდა ეხელმძღვანელა.
63. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინებით მოსარჩელეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
64. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
65. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 8 სექტემბერს, ერთი მხრივ, მოპასუხეს და, მეორე მხრივ, მოსარჩელეებს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელმა მოსარჩელემ სესხის სახით მიიღო 5200 აშშ დოლარი სამი წლის ვადით ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 2.5%-ის (წლიური 30%) დარიცხვით.
66. ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მსესხებლის მიერ თანდართული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელი იხდის სესხის მიმდინარე ბალანსის 0.2%-ს პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე.
67. ხელშეკრულების მიხედვით, სესხის გადახდა უზრუნველყოფილია მსესხებლის უძრავი ქონებით. იპოთეკის საგანი წარმოადგენს მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას.
68. ხელშეკრულების მე-7 მუხლის შესაბამისად, თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და მესაკუთრე ნებაყოფლობით არ ასრულებს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით.
69. 2015 წლის 11 დეკემბერს, ერთი მხრივ, მოპასუხესა და, მეორე მხრივ, მოსარჩელეებს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ სესხის სახით მიიღო 1 500 აშშ დოლარი სამი წლის ვადით ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 2.5%-ის (წლიური 30%) დარიცხვით.
70. ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მსესხებლის მიერ თანდართული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელი იხდის სესხის მიმდინარე ბალანსის 0.2%-ს პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე.
71. ხელშეკრულების მიხედვით, სესხის გადახდა უზრუნველყოფილია მსესხებლის უძრავი ქონებით. იპოთეკის საგანი წარმოადგენს მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას.
72. ხელშეკრულების მე-7 მუხლის შესაბამისად, თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და მესაკუთრე ნებაყოფლობით არ ასრულებს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით.
73. 2016 წლის 25 მაისს, ერთი მხრივ, მოპასუხესა და, მეორე მხრივ, მოსარჩელეებს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც მსესხებელმა მოსარჩელემ სესხის სახით მიიღო 1 500 აშშ დოლარი სამი წლის ვადით ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 2.5%-ის (წლიური 30%) დარიცხვით.
74. ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მსესხებლის მიერ თანდართული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელი იხდის სესხის მიმდინარე ბალანსის 0.2%-ს პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე.
75. ხელშეკრულების მიხედვით, სესხის გადახდა უზრუნველყოფილია მსესხებლის უძრავი ქონებით. იპოთეკის საგანი წარმოადგენს მოსარჩელის თანასაკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას.
76. ხელშეკრულების მე-7 მუხლის შესაბამისად, თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და მესაკუთრე ნებაყოფლობით არ ასრულებს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით.
77. 2016 წლის 9 ივნისს მსესხებელმა მოსარჩელემ დაარღვია 2015 წლის 8 სექტემბერს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გრაფიკით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხის მიმართ.
78. 2018 წლის 12 თებერვალსა და 2018 წლის 27 თებერვალს მას მოპასუხის მიერ გაეგზავნა წერილობითი მიმართვები და განესაზღვრა დამატებითი ვადა 2015 წლის 8 სექტემბერის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად.
79. მხარეთა შორის 2015 წლის 8 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 8 მაისს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით, 2018 წლის 8 მაისის მდგომარეობით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 12 273.30 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 5 200 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი – 2 987.45 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 4 085.85 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი – 124.36 ლარი.
80. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსრულება მიექცა კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე.
81. მხარეთა შორის 2015 წლის 11 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 8 მაისს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად 2018 წლის 8 მაისის მდგომარეობით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 1 533.28 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1 500 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი – 33.28 აშშ დოლარი, აგრეთვე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი – 124.36 ლარი.
82. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსრულება მიექცა კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე.
83. მხარეთა შორის 2016 წლის 25 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 8 მაისს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით, 2018 წლის 8 მაისის მდგომარეობით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 1 516.03 აშშ დოლარს, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა 1 500 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი – 16.03 აშშ დოლარი, აგრეთვე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი – 124.36 ლარი.
84. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსრულება მიექცა კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე.
85. 2018 წლის 8 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში 2018 წლის 4 ივნისს კერძო აღმასრულებლის მიერ მოსარჩელეებს გაეგზავნათ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
86. მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს მხარეთა შორის 2015 წლის 8 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 8 მაისს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, ძირი თანხის ოდენობის – 5 200 აშშ დოლარის ნაცვლად, 3 241.83 აშშ დოლარით განსაზღვრა, სარგებელის ოდენობად, ნაცვლად 2 987.45 აშშ დოლარისა, 540.70 აშშ დოლარით განსაზღვრა, ხოლო, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობად, ნაცვლად 4 085.85 აშშ დოლარისა, 80.28 აშშ დოლარით განსაზღვრა.
87. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
88. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
89. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება კასატორების მითითებას, რომ კრედიტორმა საკუთარი უფლება სასესხო ხელშეკრულების ვადის ბოლოს სესხის ძირითადი თანხის უკან დაბრუნების შესახებ ბოროტად გამოიყენა, ვინაიდან ამით რთულ მდგომარეობაში ჩააყენა მსესხებელი.
90. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა სესხის ძირითადი თანხის ერთიანად, სესხის დაფარვის ვადის მიწურულს გადახდის შესახებ ვერ განიხილება კრედიტორის მიერ ბაზარზე საკუთარი დომინირებული მდგომარეობის მოვალის წინააღმდეგ ბოროტად გამოყენებად. სამოქალაქო სამართალში მოქმედი მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი შესაძლებლობას აძლევს ხელშემკვრელ მხარეებს, შეთანხმდნენ მათთვის მისაღებ სახელშეკრულებო პირობებზე. აღნიშნული პირობების კანონშესაბამისად კორექტირების მიზნით, სასამართლო უკიდურესად იშვითად ერევა მხარეთა სახელშეკრულებო პირობებში და ამგვარი ჩარევის აუცილებლობის არსებობა დაინტერესებულმა მოდავე მხარემ უნდა ამტკიცოს.
91. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ძირი თანხის ოდენობის შემცირების ნაწილში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა იმგვარი გარემოებების არსებობა, რომლებიც ამ ნაწილში მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დასაბუთებულია წინამდებარე განჩინების 41-42 პუნქტებში ასახული გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია.
92. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის პრეტენზია პირგასამტეხლოს ოდენობის დამატებით შემცირებასთან დაკავშირებით.
93. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
94. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
95. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
96. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
97. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
98. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
99. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
100. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
101. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).
102. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
103. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
104. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
105. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
106. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).
107. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
108. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
109. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
110. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.
111. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გამოიყენა ზემოაღნიშნული შესაძლებლობა და განსაზღვრა სადავო პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა, რომლითაც მოხდა თავდაპირველად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობის შემცირება, შესასრულებელი ვალდებულების მოცულობასთან, არაჯეროვანი შესრულების შედეგებთან და ვადაგადაცილების პერიოდთან შესაბამისობაში მოყვანა, ამავდროულად კი, კრედიტორის უფლებების გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი პირგასამტეხლოს თანხის გაზარდა, რითაც დაიცვა მხარეთა კანონიერი ინტერესების სამართლიანი ბალანსი.
112. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
113. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
114. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
115. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
116. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
117. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით დავით გიორგობიანის მიერ 2019 წლის 29 მარტს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 310 ლარის 70% – 217 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. და ლ. გ-ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორებს – დ. გ-სა (პირადი №3500...) და ლ. გ-ს (პირადი №350010...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით დ. გ.ის მიერ 2019 წლის 29 მარტს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 310 ლარის 70% – 217 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე