Facebook Twitter

საქმე №ას-482-2019 31 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ჩ. რ. ...-ე ბ. ჯ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. თ. მ-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჩ. რ. ...-ე ბ. ჯ.“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიყენებული ზიანის – 18 441.38 ლარის, ექსპერტიზისათვის გადახდილი 925 ლარის, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის შედგენის ხარჯის – 500 ლარი, ადვოკატის მომსახურების საფასურის – 300 ლარის, ასევე, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, საკუთრების უფლებით ფლობს უძრავ ქონებას – ორსართულიან საცხოვრებელ სახლს. მოპასუხე აწარმოებს სარკინიგზო გვირაბების მშენებლობას, რომელიც დაკავშირებულია აფეთქებით სამუშაოებთან, ზიანდება შენობა-ნაგებობები. გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებულმა აფეთქებითმა სამუშაოებმა გამოიწვია მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საცხოვრებელი სახლის დაზიანებაში ბრალი არ მიუძღვის. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 30 აგვისტოს დასკვნის შესაბამისად, სადავო სახლის დაზიანებები შესაძლებელია, გამოწვეული იყოს მიწისძვრების ან სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დროს ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით. იმის დასადგენად, მოსარჩელის კუთვნილი ქონების დაზიანებები გამოწვეულია თუ არა გვირაბის სამშენებლო სამუშაოებით, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს გვირაბის მშენებლობისას ჩატარებული აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაცია და ტოპო-გეოდეზიური სქემა, სადაც მოცემული იქნება სარკინიგზო გვირაბისა და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სახლის ადგილმდებარეობა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის – 16 660 ლარის, ექსპერტიზის ხარჯის – 925 ლარის, ხარჯთაღრიცხვის შედგენის – 500 ლარისა და ადვოკატის მომსახურების – 300 ლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე აწარმოებდა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, რა დროსაც ხდებოდა მიწისქვეშა აფეთქებები. მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს მოპასუხის მხრიდან წარმოებული სამუშაოების არეალში.

7. სააპელაციო პალატის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 992-ე მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.

8. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-72-72-2018).

9. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 11708.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, 202.2 კვ.მ №1 და 16.6 კვ.მ №2 შენობა-ნაგებობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე.

10. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული მტკიცებულებების სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე დაადგინა, რომ მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია მოპასუხის მიერ №9 გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოებით.

11. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 აგვისტოს №004994917 დასკვნის (ექსპერტიზის კვლევის საგანი იყო მოსარჩელე მხარის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა და დაზიანების გამომწვევი მიზეზები) თანახმად, ზოგადად და ასევე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად, შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს. მობინადრის განცხადებით, ფერდობის საყრდენი კედლის დაზიანებები დაიწყო და პროგრესირება გაგრძელდა .. გვირაბის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, კერძოდ, აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგრძლივად და დიდი სიხშირით, რის გამოც როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე მეზობლად მდებარე შენობებში აღინიშნებოდა საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები. ამდენად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები ძირითადად შესაძლოა გამოწვეული იყოს მიწისძვრების ან სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით.

12. ამრიგად, სადავო შენობის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია, ხოლო ფასადის მხარეს მეორე სართულის აივნის რკინაბეტონის ფილის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, თუმცა ამ ეტაპზე მზიდ კედლებში განვითარებული დაზიანებები საფრთხის შემცველი არ არის და შენობა ვარგისია ექსპლუატაციისათვის, მაგრამ შენობის შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის აუცილებელია, ჩატარდეს შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები. ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით.

13. იმის დასადგენად მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები გამოწვეულია თუ არა გვირაბის სამშენებლო სამუშაოებით, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს ჩატარებული აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაცია და ტოპო- გეოდეზიური სქემა, სადაც მოცემული იქნება სარკინიგზო გვირაბის და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სახლის ადგილმდებარეობა.

14. საექსპერტო კვლევა ჩაატარა კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სესმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტის) სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სესმომედეგობის სამმართველოს ექსპერტმა 31 წლის სპეციალობით მუშაობის სტაჟით.

15. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, სასამართლომ მიიჩნია რა, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 30 აგვისტოს №00499... დასკვნა არ იყო სრულყოფილი, მოცემულ საქმეზე, დანიშნა დამატებითი ექსპერტიზა. ექსპერტიზის ჩატარება დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“, რომელსაც გადასაწყვეტად დაესვა შემდეგი კითხვები: 1. რა მანძილზე (ჰორიზონტალურად და დახრილი ვერტიკალური კუთხით) მდებარეობს მშენებარე გვირაბიდან მოსარჩელის სახლი და მდებარეობს თუ არა ის მშენებლობის (აფეთქების) ზემოქმედების ზონაში? 2. გვირაბის მშენებლობის პერიოდში ნაწარმოები აფეთქებითი სამუშაოები ჩატარებულია თუ არა დადგენილი ნორმების ფარგლებში? 3. შესაძლოა თუ არა დაშვებულ ნორმებში წარმოებულ სისტემურ და ხშირ აფეთქებებს გამოეწვია ისეთი ხასიათის პროცესები, როგორიცაა ნიადაგის ჯდენითი პროცესები, რაც გამოიწვევდა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანებას? მოსარჩელის სახლზე არსებული დაზიანებები შესაძლოა თუ არა გამოეწვია ბუნებრივ მოვლენებს, კერძოდ, მიძისძვრას, მეწყრულ პროცესებს? 5. მოსარჩელის სახლი აშენებულია თუ არა სამშენებლო ნორმების დაცვით?“

16. 2017 წლის 14 დეკემბერს დანიშნული დამატებითი ექსპერტიზის საფუძველზე, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2018 წლის 18 ივნისს გაცემული №00415... დასკვნის თანახმად: „ამჟამად ზუსტი მოდელი, რომელიც უტყუარად შეაფასებს აფეთქებებით გამოწვეულ ზიანს მიმდებარედ არსებულ გარემოზე არ არის შემუშავებული. ცნობილია შემთხვევები, როდესაც აფეთქების ზონასთან უფრო ახლოს მდებარე შენობები უფრო ნაკლებად არის დაზიანებული, ვიდრე უფრო შორს მდებარე შენობები. ასევე, ცნობილია, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მრავალჯერადად განმეორებული ვიბრაციული დატვირთვების შედეგად ხდება თიხნარი გრუნტების გაფხვიერება, ხოლო ქვიშნარი გრუნტების ჯდენა, რაც შესაბამისად აისახება შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობაზე. გარდა ამისა, მხოლოდ თეორიული მოდელი არ არის საკმარისი საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად, რადგან აფეთქებებით გამოწვეული ზონის და სიმძლავრის დასადგენად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა. კერძოდ, აუცილებელია გეოტექნიკური და საინჟინრო ანალიზის ჩატარება და სხვა ფაქტორების გათვალისწინება. ამდენად, თეორიული მიდგომა (მათემატიკური მოდელი), რომელიც წარმოდგენილია სხვა კომპანიის მიერ შესრულებულ დოკუმენტში (რომელიც გამოყენებულია აფეთქებებით გამოწვეული მანძილის დასადგენად), არასრულყოფილია და ვერ ასახავს რეალურ მდგომარეობას სადავო შენობების აფეთქებითი სამუშაოების გავლენით შესაძლო დაზიანებების შესახებ, რადგან ამ მიდგომით თეორიულად განსაზღვრული შენობების რაოდენობა შეადგენს 9-ს, ხოლო რეალურად დაზიანებულია რამდენიმე ასეული შენობა-ნაგებობა. გარდა ამისა, 2012 წლის ივლისიდან (სადავო ტერიტორიაზე გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასაწყისი) 2016 წლის 6 ივნისამდე აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგი მიმდინარეობდა მხოლოდ 09.10.2012 - 13.10.2012, 01.03.2013- 16.06.2013 და 29.07.2015 - 06.06.2016 პერიოდებში (გამოტოვებული 2,3,4 და 5 დღიანი შუალედებით, ამასთან, არ არის მოწოდებული ინფორმაცია გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასასრულის შესახებ). ანუ გამოტოვებული პერიოდებში თუ რა სიხშირის და რა სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა მონაცემები არ არსებობს“.

17. ექსპერტმა მიუთითა, რომ პირველ და მეორე შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ შედიოდა მის კომპენტენციაში. მე-3 შეკითხვის (შესაძლოა თუ არა დაშვებულ ნორმებში წარმოებულ სისტემურ და ხშირ აფეთქებებს გამოეწვია ისეთი ხასიათის პროცესები, როგორიცაა ნიადაგის ჯდენითი პროცესები, რაც გამოიწვევდა მოსარჩელის საცხოვრებელ სახლის დაზიანებას.?) პასუხად, ექსპერტმა მიუთითა, რომ „სისტემურ და ხშირ აფეთქებებს შესაძლოა გამოეწვია ნიადაგის ჯდენითი პროცესები, რაც გამოიწვევდა მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებულ დაზიანებებს, რადგან ცნობილია რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მრავალჯერადად განმეორებული ვიბრაციული დატვირთვების შედეგად ხდება თიხნარი გრუნტების გაფხვიერება, ხოლო ქვიშნარი გრუნტების ჯდენა, რაც შესაბამისად აისახება შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობაზე“.

18. მე-4 შეკითხვის (მოსარჩელის სახლზე არსებული დაზიანებები შესაძლოა თუ არა გამოეწვია ბუნებრივ მოვლენებს, კერძოდ, მიძისძვრას, მეწყრულ პროცესებს) პასუხად, ექსპერტმა მიუთითა, რომ თეორიულად დასაშვებია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები შესაძლოა გამოეწვია მიწისძვრას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად და ასევე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა. არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად, შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს. მობინადრის განცხადებით, მათი საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გაჩნდა და პროგრესირება დაიწყო სადავო გვირაბის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, კერძოდ აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგრძლივად და დიდი სიხშირით, რის გამოც როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე მეზობლად მდებარე შენობებში აღინიშნებოდა საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები. რაც შეეხება მეწყრულ პროცესებს ვიზუალური დათვალიერებით მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები არ აღინიშნება.

19. მე-5 შეკითხვის (მოსარჩელის სახლი აშენებულია თუ არა სამშენებლო ნორმების დაცვით) პასუხად ექსპერტმა მიუთითა, რომ ,,საქართველოში ინდივიდუალური სახლების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც აშენებულია 1990 წლამდე ვერ აკმაყოფილებს სეისმომედეგი მშენებლობის ნორმებს და წესებს, თუმცა ამ სახლების ტექნიკური მდგომარეობები მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია და მათი შემდგომი ექსპლუატაცია დასაშვებია. ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ „მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია, ხოლო ფასადის მხარეს მეორე სართულის აივნის რკინაბეტონის ფილის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. თუმცა ამ ეტაპზე მზიდ კედლებში განვითარებული დაზიანებები საფრთხის შემცველი არ არის და შენობა ვარგისია ექსპლუატაციისათვის, მაგრამ შენობის ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის აუცილებელია ჩატარდეს შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით“.

20. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მითითებული ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილის ბოლო აბზაცზე, რომელიც კატეგორიაული ხასიათისაა, სადაც ექსპერტი მიუთითებს, ,,თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც გამოიწვევდა სადავო რაიონში არსებული შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებს და მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების სპეციფიკურ ხასიათს, შეიძლება დავასკვნათ, რომ სადავო საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად.

21. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აშკარაა, რომ მითითებული ექსპერტიზის დასკვნა იმპერატიული ხასიათისაა. იგი მიუთითებს დაზიანებების გამომწვევ უშუალო მიზეზზე, კერძოდ, აღნიშნავს, რომ მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინდივიდულაური მეწარმის მიერ შედგენილი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსარჩელის სახლის გამაგრება-შეკეთების სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 18 441.38 ლარს.

22. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საპირწონედ მოპასუხემ რაიონულ სასამართლოში წარადგინა სხვა კომპანიის მიერ გაცემული დასკვნა. მოპასუხის (აპელანტის) განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებით გამოირიცხება მისი ბრალი მოსარჩელის კუთვნილი სახლის დაზიანებაში.

23. სააპელაციო პალატამ სსიპ „ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს“ მიერ მომზადებული ზემოთ აღნიშნულ იმპერატიულ დასკვნა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კომპანიის დასკვნის საფუძველზე გაქარწყლებულად არ ჩათვალა, რადგან კომპანიის დასკვნა ზოგადი ხასიათისაა. შეფასდა აფეთქებების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შენობებისათვის. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული დასკვნით არ მომხდარა კონკრეტული შენობა-ნაგებობების კვლევა, არ შესწავლილა მოსარჩელე მხარის კუთვნილი შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი ზემოქმედების დაკვირვება, მისი ხანგრძლივობის შესწავლა და, რაც მთავარია, შენობა-ნაგებობების მდგომარეობის, კერძოდ, მათი სეისმომედეგობის გათვალისწინებით, დამდგარ ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა.

24. ამასთან, მოპასუხის დასკვნის შინაარსიდან ირკვევა, რომ იგი შეეხება ზოგადად გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთების გამოკვლევის შედეგად. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ კომპანიის დასკვნით აფეთქებები წარმოებდა დაშვებული ნორმების ფარგლებში, რასაც არ შეეძლო, გამოეწვია სახლების დაზიანება. ეს აფეთქებები იყო მრავალჯერადი სიხშირის და არაერთჯერადი, რაც იწვევდა ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირებას, შესაბამისად, დაზიანებების წარმოშობას. ამასთან, კომპანიის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი მდებარეობს გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, დახრილი მანძილი გვირაბის ღერძის უახლოესი წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის არის 126 მ., ხოლო, ჰორიზონტალური მანძილი არის 127 მ. ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე, რაც მიუთითებს ზემოქმედების არეალის უშუალო სიახლოვეზე. ამასთან, აღნიშნული არ აქარწყლებს კონკრეტული სახლის დათვალიერების და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცალსახა დასკვნას, რომ შენობაზე ბზარების განვითარების ხასიათი და გავრცელების არეალი მიუთითებს დაზიანებების გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით გამოწვევაზე.

25. კომპანიის დასკვნის უარსაყოფად სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ექსპერტის განმარტებაზე, რომ თეორიული მიდგომა (მათემატიკური მოდელი), რომელიც წარმოდგენილია კომპანიის მიერ შესრულებულ დოკუმენტში (რომელიც გამოყენებულია აფეთქებებით გამოწვეული მანძილის დასადგენად), არასრულყოფილია და ვერ ასახავს რეალურ მდგომარეობას შენობების აფეთქებითი სამუშაოების გავლენით შესაძლო დაზიანებების შესახებ, რადგან ამ მიდგომით თეორიულად განსაზღვრული შენობების რაოდენობა შეადგენს 9-ს, ხოლო რეალურად დაზიანებულია რამდენიმე ასეული შენობა-ნაგებობა. გარდა ამისა, 2012 წლის ივლისიდან (გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასაწყისი) 2016 წლის 6 ივნისამდე აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგი მიმდინარეობდა მხოლოდ 09.10.2012 - 13.10.2012, 01.03.2013- 16.06.2013 და 29.07.2015 - 06.06.2016 პერიოდებში (გამოტოვებული 2,3,4 და 5-დღიანი შუალედებით. ამასთან, არ არის მოწოდებული ინფორმაცია ქვიშხეთის ტერიტორიაზე გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასასრულის შესახებ). ანუ არ არსებობს მონაცემები გამოტოვებულ პერიოდებში რა სიხშირის და რა სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

26. ამასთან, მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ქვიშხეთის ტერიტორიაზე გვირაბის სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის აფეთქებები, დაიწყო 2012 წლის ივლისიდან, კომპანიის დასკვნა კი ასახავს აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგის მიმდინარეობას მხოლოდ 2012 წლის 9 ოქტომბრიდან. ამდენად, საქმის მასალებში არ მოიპოვება ინფორმაცია, თუ რა სიხშირის და რა სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა 2012 წლის ივლისიდან 2012 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით.

27. ასევე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა. არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი. ამდენად, მოპასუხე ორგანიზაციას, ვიდრე მსგავსი მასშტაბის მშენებლობას დაიწყებდა, უნდა გამოეკვლია რისკის ზონაში მყოფი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა, რათა შემდგომ მარტივად ყოფილიყო აღქმადი, თუ რა დაზიანებები გამოიწვია წარმოებულმა მშენებლობამ, ან საერთოდ გამოიწვია, თუ არა ის, საქმის მასალებით კი მსგავსი კვლევის ჩატარება არ დასტურდება; აღნიშნული მოპასუხის მტკიცების ტვირთზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და წარმოდგენილი ზოგადი ხასიათის დასკვნით შევსებული ვერ იქნება.

28. სსსკ-ის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება ამავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით.

29. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული გარემოების (მოპასუხის ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი) დასადასტურებლად სასამართლოში წარადგინა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები, მოპასუხე მხარემ კი სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლო ამ დასკვნებით დადგენილი ფაქტების უარყოფა (სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლები).

30. პალატამ მიუთითა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლითაც მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა 16 660 ლარით განისაზღვრა. ამ ოდენობით მოპასუხისათვის ზიანის დაკისრების ნაწილში, მოსარჩელეს შედავება არ განუხორციელებია.

31. რაც შეეხება აპელანტს, იგი სადავოდ ხდის დაკისრებული ზიანის ოდენობას და მიუთითებს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის არასარწმუნოობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს მოპასუხის შესაგებელში მითითებულია, რომ მოპასუხე არ ცნობდა სარჩელს, ამასთან, სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული გარემოება, რომელიც შეეხებოდა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვას ზიანის ოდენობის შესახებ, უარყოფილია სიტყვებით: „არ ვეთანხმები“. ამ საკითხზე რაიმე არგუმენტირებული მოსაზრება შესაგებელში არ ფიქსირდება.

32. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ჩ. რ. ...-ე ბ. ჯ.“ შესაგებელი ზიანის ოდენობის ნაწილში საერთოდ არ არის დასაბუთებული და ამ ნაწილში შეიძლება ითქვას, რომ მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.

33. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია რა სასამართლო წესით უფლების დაცვის საყოველთაო პრინციპი, მისი კონკრეტული რეალიზაცია ასახულია საპროცესო კანონმდებლობაში. სსსკ-ის 4.1 მუხლი ადგენს სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა შეჯიბრებითობა და განსაზღვრავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

34. სამოქალაქო სამართალწარმოების ეტაპებს კანონმდებელი ორ ძირითად ნაწილად ყოფს, ესაა საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად (იხ. სსსკ-ის 203-ე მუხლი) და სასამართლოს მთავარი სხდომის სტადია (სსსკ-ის 207-ე მუხლი). იმის მიხედით, თუ საქმე განხილვის რა ეტაპზეა, განსხვავებულია მხარეთა უფლებრივი მდგომარეობაც, რომელთაგან განსახილველ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია მოპასუხის უფლებები: სსსკ-ის 201-ე მუხლი ადგენს მოპასუხის საპროცესო თავდაცვის ძირითადი ინსტრუმენტს – შესაგებლის ინსტიტუტს და ნორმის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა. ამ საპროცესო წესის დარღვევით, ბუნებრივია, ირღვევა შეჯიბრებითობის პრინციპი, რამდენადაც ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული.

35. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოპასუხე სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებელით, მართალია, არ დაეთანხმა სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულ გარემობას მიყენებული ზიანის ოდენობის შესახებ, თუმცა, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევით, არ აღუნიშნავს ამის მიზეზი და არ დაუსაბუთებია იგი შესაბამისი არგუმენტაციით. ანუ ამ ნაწილში მოპასუხეს მარტივი შედავებაც არ განუხორციელებია.

36. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შესაგებლის პროცესუალური მნიშვნელობის შესახებ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტება, რომლის მიხედვით, „შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი.

37. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სსსკ-ში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესო-სამართლებრივ შედეგებს იწვევს, კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, საქმე №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი).

38. მოცემულ საქმეზე, როგორც აღინიშნა, მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილებს).

39. ამდენად, ზიანის კონკრეტულ ოდენობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომასა და სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის (აპელანტის) წარმომადგენელების მიერ მითითებული გარემოებები, საპატიო მიზეზის არარსებობის პირობებში, ვერ იქნება მიღებული და მათზე სააპელაციო პალატა ვერ იმსჯელებს, სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 380-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

40. საქმის მასალებით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. იმის გათვალისწინებით, რომ დაუკმაყოფილებელ ნაწილში მოსარჩელეს საჩივარი არ წარმოუდგენია, პალატა მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას, იმსჯელოს ამ ნაწილში რაიონული სასამართლოს დასკვნის დასაბუთებულობის შესახებ. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, მას ზიანის ოდენობის უზუსტობის, სხვა ოდენობით გამოთვლის ან/და სხვა სახის გამაბათილებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნით დაანგარიშებული ზიანის ოდენობა საქმეში არსებული სხვა სახის მტკიცებულებით გაქარწყლებული არ არის, შესაბამისად, დაკისრებული ზიანის ოდენობა საფუძვლიანია.

41. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ ზიანის ოდენობა შერეული ბრალის პრინციპის გათვალისწინებით უნდა დაანგარიშდეს და, შესაბამისად, ზიანის დადგომაში მხარეების ბრალეულობა თანაბრად უნდა განისაზღვროს. გარდა იმისა, რომ ამ სამართლებრივი დასკვნის განმაპირობებელ ფაქტობრივ გარემოებებზე მოპასუხის წარმომადგენლებს შესაგებელში არ მიუთითებიათ და, ამდენად, ისინი პალატის მიერ ვერ იქნება მიღებული სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 380-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, არსებითადაც არ არსებობს ზიანის ოდენობის შემცირების ის წინაპირობა, რასაც სსკ-ის 415-ე მუხლი ითვალისწინებს.

42. სსკ-ის 415-ე მუხლის მიხედვით, 1. თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. 2. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში – თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.

43. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2018 წლის 18 ივნისს გაცემული დასკვნა იმპერატიული ხასიათისაა. იგი მიუთითებს დაზიანებების გამომწვევ უშუალო მიზეზზე, კერძოდ, რომ მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად. მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც ზიანის მიყენებაში მოსარჩელის (დაზარალებულის) ბრალსაც დაადასტურებდა. ამ პირობებში, აპელანტის პრეტენზია დამდგარ ზიანში პასუხისმგებლობის თანაბრალეულობის პრინციპით განსაზღვრაზე ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია და დაუსაბუთებელია.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

44. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

45. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა მოპასუხის მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოების პროცესში განხორციელებული აფეთქებებით. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნას, რომელიც არ ადასტურებს კასატორის ბრალეულობას მოსარჩელის სახლის დაზიანებაში.

46. 2017 წლის 30 აგვისტოს №5004850617 დასკვნის შესაბამისად, მისი სახლის დაზიანებები შესაძლებელია, გამოწვეული იყოს მიწისძვრების ან გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დროს ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით. იმის დასადგენად მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების დაზიანებები გამოწვეულია თუ არა გვირაბის სამშენებლო სამუშაოებით, საჭიროა წარმოდგენილი იქნეს გვირაბის სამშენებლო სამუსაოების წარმოების დროს ჩატარებული აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაცია და ტოპო გეოდეზიური სქემა, სადაც მოცემული იქნება გვირაბისა და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სახლის ადგილმდებარეობა. აღნიშნული მასალა კი წარდგენილი არ ყოფილა.

47. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია როგორც მშენებლობის ნორმების დარღვევაზე, ასევე, უხარისხო მშენებლობაზე და ამ კუთხით ექსპერტმა განმარტა, რომ უძრავ ქონების დაზიანებები, ძირითადად, გამოწვეული იყო გვირაბის მშენებლობის დროს წარმოებული აფეთქებებით. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ექსპერტი არ აზუსტებს, თუ დაზიანებების რა ნაწილი იყო გამოწვეული აფეთქებებით და რა – სხვა გარემოებებით. მითითებულ საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმად ასეთ შემთხვევაში ზიანი მხარეთა შორის თანაბრად ნაწილდება.

48. კომპანიის 2017 წლის 21 ნოემბრის საექსპერტო დასკვნის თანახმად, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს აფეთქებასაშიში ზონის გარეთ, მშენებარე გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის ჩრდილო-დასავლეთით. დახრილი მანძილი გვირაბის ღერძის უახლოეს წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის არის 126 მ, ხოლო ჰორიზონტალური მანძილი – 127 მ. ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე. აფეთქებები წარმოებდა ნორმის ფარგლებში და ამ სახლის მიმართ არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი. ამდენად, ადაპტირებული სპეციფიკაციისა და სტანდარტების გათვალისწინებით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანებები არ არის გამოწვეული გვირაბში წარმოებული აფეთქებების შედეგად.

49. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა და საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები წარმოდგენილი მტკიცებულებების სათანადოდ გამოკვლების გარეშე დაადგინა. ასევე, მხედველობაში არ მიიღო მოპასუხის მიერ წარდგენილი საერთაშორისო კომპანიის დასკვნა.

50. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

51. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

52. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ 11708.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, 202.2 კვ.მ №1 და 16.6 კვ.მ №2 შენობა-ნაგებობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე.

53. მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია მოპასუხის მიერ №9 გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოებით.

54. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ სააპელაციო პალატამ არასათანადოდ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და გაიზიარა მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შედეგები.

55. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

56. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

57. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 992-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკა. მითითებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

58. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.

59. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა.

60. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ 15.02.2018წ. საქმე №72-72-2018).

61. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა კუთვნილი უძრავი ნივთის მოპასუხის მხრიდან წარმოებული სამუშაოების შედეგად დაზიანების შესახებ დააფუძნა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2018 წლის 18 ივნისს გაცემული №004150618 დასკვნას, რომელიც კატეგორიაული ხასიათისაა. მითითებული დასკვნის თანახმად: ,,თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც გამოიწვევდა სადავო რაიონში არსებული შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებს და მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების სპეციფიკურ ხასიათს, შეიძლება დავასკვნათ, რომ სადავო საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად“. შენობაზე ბზარების განვითარების ხასიათი და გავრცელების არეალი მიუთითებს დაზიანებების გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით გამოწვევაზე.

62. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგ მოპასუხემ წარადგინა საერთაშორისო კომპანიის დასკვნა, რომლის მიხედვით კვლევა შეეხება ზოგადად გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთების გამოკვლევის შედეგად. შეფასდა აფეთქებების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შენობებისათვის.

63. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

64. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ 6.06.2017წ. საქმე №ას-584-543-2017).

65. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ორივე მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები და უპირატესობა მიანიჭა საექსპერტო ბიუროს 2018 წლის 18 ივნისის დასკვნას, რომელიც ადასტურებს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანში მოპასუხის ქმედებათა ბრალეულობას. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მოპასუხის მიერ წარდგენილ დასკვნაზეც და სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით დაასაბუთა, თუ რატომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია.

66. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ აღნიშნული დასკვნით არ მომხდარა კონკრეტული შენობა-ნაგებობების კვლევა, არ შესწავლილა მოსარჩელე მხარის კუთვნილი შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი ზემოქმედების დაკვირვება, მისი ხანგრძლივობის შესწავლა და, რაც მთავარია, შენობა-ნაგებობების მდგომარეობის, კერძოდ, მათი სეისმომედეგობის გათვალისწინებით, დამდგარ ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა.

67. მოპასუხე სადავო რეგიონში აწარმოებდა მრავალჯერად აფეთქებებს, რაც იწვევდა ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირებას, შესაბამისად, დაზიანებების წარმოშობას. ამასთან, კომპანიის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი მდებარეობს გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, დახრილი მანძილი გვირაბის ღერძის უახლოესი წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის არის 126 მ., ხოლო, ჰორიზონტალური მანძილი – 127 მ. ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე. მართალია, კასატორი უთითებს, რომ აღნიშნული მონაცემები, მის მიერ წარდგენილი კომპანიის დასკვნის თანახმად, აფეთქებების არეალში არ ხვდება, თუმცა საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, რომ დასახელებული მანძილი სადავო სამუშაოების წარმოებასთან მოსარჩელის სახლის უშუალო სიახლოვეზე მეტყველებს.

68. სააპელაციო პალატამ სწორად გაამახვილა ყურადღება მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის კვლევის მეთოდზე და მიიჩნია, რომ თეორიული მიდგომა (მათემატიკური მოდელი), რომელიც წარმოდგენილია კომპანიის მიერ შესრულებულ დოკუმენტში (რომელიც გამოყენებულია აფეთქებებით გამოწვეული მანძილის დასადგენად), არასრულყოფილია და ვერ ასახავს რეალურ მდგომარეობას შენობების აფეთქებითი სამუშაოების გავლენით შესაძლო დაზიანებების შესახებ, რადგან ამ მიდგომით თეორიულად განსაზღვრული შენობების რაოდენობა შეადგენს 9-ს, ხოლო რეალურად დაზიანებულია რამდენიმე ასეული შენობა-ნაგებობა. გარდა ამისა, 2012 წლის ივლისიდან (გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასაწყისი) 2016 წლის 6 ივნისამდე აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგი მიმდინარეობდა მხოლოდ 09.10.2012 - 13.10.2012, 01.03.2013- 16.06.2013 და 29.07.2015 - 06.06.2016 პერიოდებში (გამოტოვებული 2,3,4 და 5-დღიანი შუალედებით. ამასთან, არ არის მოწოდებული ინფორმაცია გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასასრულის შესახებ). ანუ არ არსებობს მონაცემები გამოტოვებულ პერიოდებში რა სიხშირის და რა სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. უდავოა, რომ ქვიშხეთის ტერიტორიაზე გვირაბის სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის აფეთქებები, დაიწყო 2012 წლის ივლისიდან, კომპანიის დასკვნა კი ასახავს აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგის მიმდინარეობას მხოლოდ 2012 წლის 9 ოქტომბრიდან. ამდენად, საქმის მასალებში არ მოიპოვება ინფორმაცია, თუ რა სიხშირის და რა სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა 2012 წლის ივლისიდან 2012 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით.

69. ამავდოულად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების საფუძველზე მოპასუხე გააჩნდა ვალდებულება, სადავო მშენებლობის დაიწყებამდე რისკის ზონაში მყოფი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის გამოკვლევასთან დაკავშირებით, რაც არ განხორციელებულა. ამდენად, მოპასუხე ვერ ადასტურებს, რომ მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი აფეთქებების დაწყებამდეც დაზიანებული იყო.

70. აღნიშნულიდან გამომინდარე, მოსარჩელემ მის მიერ სარჩელში დასახელებული გარემოების – მოპასუხის ქმედების შედეგად მისთვის ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის დასადასტურებლად წარადგინა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო მოპასუხე მხარემ, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით სარწმუნოდ ვერ უარყო, რაც მის საპროცესო მოვალეობას წარმოადგენდა. შესაბამისად, მან ვერ განახორციელა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზაცია.

71. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

72. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

73. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

74. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

75. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

76. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2019 წლის 10 აპრილს №117 საგადახდო დავალებით გადახდილი 833 ლარის 70% – 583,1 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჩ. რ. ...-ე ბ. ჯ.“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს ჩინეთის რკინიზგის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალს (საიდენტიფიკაციო კოდი №404...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2019 წლის 10 აპრილს №117 საგადახდო დავალებით გადახდილი 833 ლარის 70% – 583,1 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი