Facebook Twitter

საქმე №ას-405-2019 31 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ჯ. მ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს „მ.“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. მ-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა 21595,23 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 11325,11 აშშ დოლარი, სარგებელი – 5973,64 აშშ დოლარი (დაანგარიშებულია 2018 წლის 1 ივნისის მდგომარეობით), პირგასამტეხლო – 3101,72 აშშ დოლარი და ხელშეკრულების ვადის ბოლომდე მიუღებელი შემოსავლის სახით პროცენტი – 1194,76 აშშ დოლარი. ასევე, დავალიანების დაფარვის მიზნით, მოხდეს მოპასუხის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

2. მოსარჩელემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა მოთხოვნა სარგებლის ნაწილში, ხოლო მიუღებელი შემოსავლის დაკისრება მოითხოვა ხელშეკრულების ვადის ბოლომდე – 2018 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 25 სექტემბრამდე პერიოდისთვის.

სარჩელის საფუძვლები:

3. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 25 სექტემბერს მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა კრედიტი – 12000 აშშ დოლარი 60 თვის ვადით. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება.

4. ფულადი ვალდებულება მოპასუხის მიერ ჯეროვნად არ სრულდება, რაც გახდა სარჩელის აღძვრის საფუძველი.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მეუღლის გარდაცვალების გამო, რომელიც იყო ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ვეღარ შეძლო სტაბილურად თანხის გადახდა. მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმეჯერ მიმართა მოსარჩელეს დავალიანების განაწილვადების თხოვნით, თანხმობა ვერ მიიღო. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ძირითადი თანხის – 11325,11 აშშ დოლარის ნაწილში ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის – 11325,11 აშშ დოლარის, 2018 წლის 1 ივნისის მდგომარეობით დარიცხული სარგებლის – 5973,64 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 1000 აშშ დოლარის გადახდა, დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მოსარჩელეს უარი ეთქვა დარჩენილი პირგასამტეხლოს – 2101,72 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით სარგებლის – 1194,76 აშშ დოლარის დაკმაყოფილებაზე, რაც მოპასუხემ სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების, ასევე, უძრავი ნივთის სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი 2014 წლის 25 სექტემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის, ასევე, დავალიანების დაფარვის მიზნით, 2014 წლის 25 სექტემბერს ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის სარეალიზაციოდ მიქცევის საფუძველი.

9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულია, რომ 2014 წლის 25 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გამსესხებელის ვალდებულებად განისაზღვრა მსესხებლისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის გადაცემა, ხოლო მსესხებელის ვალდებულებას სესხად გადაცემული თანხის პროცენტებთან ერთად დაბრუნება და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მთელი მოცულობით შესრულება წარმოადგენდა. სესხის თანხა – 12 000 აშშ დოლარით განისაზღვრა, სესხი 60 თვის ვადით გაიცა, სესხზე დარიცხული პროცენტის მოცულობა წლიურად 30%-ს შეადგენდა. სესხის გაცემის მიზანი უძრავი ქონებს შეძენა იყო.

10. ხელშეკრულების 2.3. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროცენტის დარიცხვა გაგრძელდებოდა და გადახდას დაექვემდებარებოდა, არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით, იძულებით, ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით აღსრულების მომენტისთვის გაანგარიშებული თანხით იმ შემთხვევაშიც, თუ გამსესხებელი ცალმხრივად ვადამდე შეწყვეტდა სესხის ხელშეკრულებას.

11. ხელშეკრულების 2.4. პუნქტით მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, სესხის ძირი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის ყოველთვიურად ხელშეკრულების №1 დანართში მითითებული გრაფიკის შესაბამისად, გადახდის შესახებ. ხელშეკრულების 2.6. პუნქტის თანახმად, სესხის მთლიანი თანხა, დარიცხულ პროცენტებთან ერთად, სესხის გაცემის დღიდან 60 თვის ვადაში უნდა დაბრუნებულიყო.

12. ხელშეკრულების 4.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი ყოველი თვისათვის ხელშეკრულების 2.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ შეასრულებდა, გამსესხებელს ექნებოდა პირგასამტეხლოს სახით მსესხებელისთვის ვადაგადაცილებული თანხის 0.25 %-ის დაკისრების უფლება. ხელშეკრულების 4.2. პუნქტით პირგასამტეხლოს დაკისრების უფლება გათვალისწინებულ იქნა ხელშეკრულების 2.6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევისთვისაც.

13. 2014 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2014 წლის 25 სექტემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება.

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეებმა მათ შორის დადებული ხელშეკრულებით გაითვალისწინეს პროცენტი. სსსკ-ის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება ამავე კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამდენად, 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი სარგებელია, რომელსაც იღებს გამსესხებელი სასესხო ურთიერთობიდან.

15. სააპელაციო პალატის მითითებით, ივარაუდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება მხარეთა გონივრული განსჯისა და ურთიერთშორის პოზიციების შეჯერების შედეგია, სადაც თითოეულ მხარეს შეგნებული და გააზრებული აქვს თავისი ქმედება, რეალური შესაძლებლობები და გათვალისწინებული აქვს ის რისკები, რაც შეიძლება ხელშეკრულების შესრულებასა თუ მის შეუსრულებლობას მოჰყვეს. შესაბამისად, თითოეული მხარე პასუხისმგებელია ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ვალდებულებების შესრულებაზე.

16. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, მხარეებმა მათ შორის გაფორმებული 2014 წლის 25 სექტემბრის ხელშეკრულებით სესხის წლიური სარგებელი 30%-ით განსაზღვრეს, რომელიც მსესხებელს ყოველთვიურად სესხის ძირ თანხასთან ერთად სულ 60 თვის ვადაში უნდა დაებრუნებინა.

17. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსესხებელს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ყოველთვიურად სესხის ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილის გადახდის შესახებ 2015 წლის 27 აპრილის შემდეგ აღარ შეუსრულებია. საგულისხმოა, რომ მხარეთა შეთანხმებით, კერძოდ, ხელშეკრულების 2.3 პუნქტით პროცენტის დარიცხვა გათვალისწინებული იყო არსებული დავალიანების იძულებით ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით დაფარვამდე.

18. სსკ-ის 327-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

19. განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მოპასიხემ სესხის გაცემიდან 60 თვის ვადაში, ყოველთვიური გადახდების ფარგლებში, სესხად მიღებული ძირი თანხის და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდის ვალდებულება იკისრა. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის და პროცენტის ნაწილის გადახდის შესახებ დაირღვა და ამ უკანასკნელს 2015 წლის 27 აპრილის შემდეგ კრედიტორისათვის თანხა აღარ გადაუხდია. საბოლოოდ, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებით ბოჭვისა და მსესხებელის მიერ ამ ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, რომ არ არსებობდა სარგებლის დარიცხვის საფუძველი.

20. სააპელაციო პალატამ აქვე აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია ხელშეკრულების თავისუფლად დადებისა და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის პრინციპი, შესაბამისად, მხარის მითითება, რომ სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კონტრაჰენტი მის მიერ შეთავაზებულ გადახდის ახალ პირობებს არ დათანხმდა არ წარმოადგენს გარიგებით შეთახმებული პირობით გათვალისწინებული პროცენტის დარიცხვისგან გათავისუფლების საფუძველს.

21. აპელანტის მითითებასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით 2019 წლის სექტემბრამდე არ არსებობდა პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი, სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს სესხის ხელშეკრულების 4.1-4.2 პუნქტებზე, რომლებითაც მხარეებმა პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი და საფუძველი განსაზღვრეს. კერძოდ, ხელშეკრულების 4.1. პუნქტით პირგასამტეხლოს სახით ვადაგადაცილებული თანხის 0.25%-ის დარიცხვის საფუძველს მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნებისთვის გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევა წარმოადგენდა, რაც, თავის მხრივ, ყოველთვიურად სესხის ძირი თანხისა და პროცენტის ნაწილის გადახდის ვალდებულებას გულისხმობდა, ხელშეკრულების 4.2. პუნქტით კი პირგასამტეხლოს დარიცხვისთვის გათვალისწინებული იქნა სესხის თანხის დაბრუნების ვადის დარღვევა.

22. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოპასუხემ, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით, სესხის დაფარვის ვალდებულება დაარღვია, აღნიშნული კი 2014 წლის 25 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების შესაბამისად, საკმარისი საფუძველია მოპასუხისთვის, როგორც გარიგებით ნაკისრი ვალდებულების დამრღვევისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დასაკისრებლად.

23. აღსანიშნავია, რომ აპელანტი პრეტენზიას აცხადებს ასევე, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად, დავალიანების დაფარვის მიზნით, იპოთეკის საგნის სარეალიზაციოდ მიქცევასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ კრედიტორის მიზანს უძრავი ნივთის ხელში ჩაგდება წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, მის უსაფუძვლო გამდიდრებას იწვევს.

24. სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 301-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია განიმარტოს, თავად იპოთეკის, როგორც სანივთო-სამართლებრივი ინსტიტუტის არსი. მოთხოვნის უზრუნველყოფისას აუცილებელია მოვალისა და კრედიტორის უფლებების თანაბარზომიერი დაცვა. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოვალისა და კრედიტორის ნებას, კერძოდ, მოვალის სურვილს, გარკვეული რისკის ქვეშ დააყენოს უძრავი ქონება, რითაც ქმნის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარანტიასა და კრედიტორის სურვილს, გასცეს თანხა, სანაცვლოდ კი მიიღოს უზრუნველყოფის ღონისძიება გარანტიად, რომლითაც მისი მოთხოვნა, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უპირობოდ დაკმაყოფილდება. იპოთეკარი დაცულია საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერით მოვალის საკუთრებასთან დაკავშირებით, თუნდაც აღნიშნული ჩანაწერი შემდგომ არასწორი აღმოჩნდეს. მეორე მხრივ კი, მოვალე დაცულია იპოთეკის საგნის იმ ვალდებულების ფარგლებით, რომლისთვისაც მან ქონება იპოთეკით დატვირთა, ანუ იპოთეკით მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უმთავრესია, როგორც იპოთეკის საგნის, ისე იმ ვალდებულების განსაზღვრა, რომლის უზრუნველსაყოფადაც სანივთო უფლების რეალიზაცია ხორციელდება. ამ შემთხვევაში წინდაწინაა სავარაუდო, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციაა სწორედ მოთხოვნის დაკმაყოფილების – ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. იგი ხელს უწყობს (იხ. სუსგ 2012 წლის 6 მარტის №ას-1280-1300-2011 განჩინება) კრედიტორს, წინასწარ შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს იპოთეკის საგანი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას იმთავითვე ნათელი უნდა იყოს, თუ სად გადის მოვალის პასუხისმგებლობის ზღვარი, რომელიც გამომდინარეობს ძირითადი ვალდებულებიდან. აღნიშნული განპირობებულია იპოთეკის სამართლებრივი ბუნებით, კერძოდ, იგი დამოუკიდებლად არ წარმოიშობა და მიბმულია ძირითადი მოთხოვნის არსებობაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იპოთეკით დადგენილი პასუხისმგებლობის ფარგლები მთლიანად განისაზღვრება ძირითადი მოთხოვნიდან გამომდინარე ვალდებულების ფარგლებით.

25. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ ხაზგამით აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 პუნქტით დავალიანების დაფარვის მიზნით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის სარეალიზაციოდ მიქცევა დადგინდა.

26. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 821 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალისათვის გადახდევინებული (მისი ქონების რეალიზაციიდან მიღებული) თანხით ჯერ დაიფარება საფასური და ამ კანონის 39-ე მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული აღსრულების ხარჯი, ხოლო დანარჩენი თანხა გაიცემა იმ კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელთა სასარგებლოდაც განხორციელდა იძულებითი აღსრულება. ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა უბრუნდება მოვალეს ან მას ედება ყადაღა სხვა კრედიტორის სასარგებლოდ. მოვალისათვის გადახდევინებული თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შეიტანება თავის სადეპოზიტო ანგარიშზე და შემდეგ გაიცემა დადგენილი წესით.

27. ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, რომ კრედიტორის მიზანს იპოთეკის საგნის მითვისება წარმოადგენს, რაც გარდაუვალს გახდის მის უსაფუძვლო გამდიდრებას, რადგან როგორც აღინიშნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ვალდებულების შესრულების მიზნით, დადგენილია იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაცია და არა კრედიტორის საკუთრებაში უძრავი ნივთის გადაცემა. გარდა ამისა, ნივთის რეალიზაციის შემთხვევაში მოვალის უფლებები დაცულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 821 მუხლით, რომლის ფარგლებშიც კანონი ვალდებულების დაფარვის შემდეგ ნარჩენი თანხის მოვალისთვის დაბრუნებას ითვალისწინებს.

28. საბოლოოდ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის სამართლებრივ დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და მასში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნების გასაბათილებლად.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

29. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

30. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსსკ-ის 417-ე, 418-ე მუხლები მაშინ, როდესაც არსებული ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება გააჩნდა მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გასვლის – 2019 წლის სექტემბრის შემდეგ.

31. კასატორი არ დაეთანხმა სსკ-ის 625-ე მუხლის გამოყენებას.

32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

33. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

35. 2014 წლის 25 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გამსესხებელმა იკისრა ვალდებულება, მსესხებლისთვის გადაეცა ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა, ხოლო მსესხებელის ვალდებულებას სესხად გადაცემული თანხის პროცენტებთან ერთად დაბრუნება და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მთელი მოცულობით შესრულება წარმოადგენდა. სესხის თანხა – 12 000 აშშ დოლარით განისაზღვრა, სესხი 60 თვის ვადით გაიცა, სესხზე დარიცხული პროცენტის მოცულობა წლიურად 30%-ს შეადგენდა. სესხის გაცემის მიზანი უძრავი ქონებს შეძენა იყო.

36. ხელშეკრულების 2.3. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროცენტის დარიცხვა გაგრძელდებოდა და გადახდას დაექვემდებარებოდა, არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით, იძულებით, ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით აღსრულების მომენტისთვის გაანგარიშებული თანხით იმ შემთხვევაშიც, თუ გამსესხებელი ცალმხრივად ვადამდე შეწყვეტდა სესხის ხელშეკრულებას.

37. ხელშეკრულების 2.4. პუნქტით მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, სესხის ძირი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის ყოველთვიურად ხელშეკრულების №1 დანართში მითითებული გრაფიკის შესაბამისად, გადახდის შესახებ. ხელშეკრულების 2.6. პუნქტის თანახმად, სესხის მთლიანი თანხა, დარიცხულ პროცენტებთან ერთად, სესხის გაცემის დღიდან 60 თვის ვადაში უნდა დაბრუნებულიყო.

38. ხელშეკრულების 4.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი ყოველი თვისათვის ხელშეკრულების 2.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ შეასრულებდა, გამსესხებელს ექნებოდა პირგასამტეხლოს სახით მსესხებელისთვის ვადაგადაცილებული თანხის 0.25%-ის დაკისრების უფლება. ხელშეკრულების 4.2. პუნქტით პირგასამტეხლოს დაკისრების უფლება გათვალისწინებულ იქნა ხელშეკრულების 2.6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევისთვისაც.

39. 2014 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2014 წლის 25 სექტემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება.

40. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსესხებელს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ყოველთვიურად სესხის ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილის გადახდის შესახებ 2015 წლის 27 აპრილის შემდეგ აღარ შეუსრულებია. საგულისხმოა, რომ მხარეთა შეთანხმებით, კერძოდ, ხელშეკრულების 2.3 პუნქტით პროცენტის დარიცხვა გათვალისწინებული იყო არსებული დავალიანების იძულებით ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით დაფარვამდე.

41. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსსკ-ის 417-ე, 418-ე მუხლები მაშინ, როდესაც არსებული ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება გააჩნდა მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გასვლის – 2019 წლის სექტემბრის შემდეგ.

42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

43. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

44. წინამდებარე დავა შეეხება, მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, პირგასამტეხლოს დაკისრებას.

45. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

46. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

47. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

48. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

49. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

50. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

51. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

52. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

53. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).

54. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

55. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

56. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

57. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

58. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).

59. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

60. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

61. ამდენად, ზემოაღნიშნული განმარტების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევს კასატორის არგუმენტს, რომ მოსარჩელეს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება გააჩნდა მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტიდან. კანონმდებელი პირგასამტეხლოს დაკისრებას უკავშირებს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევას და აღნიშნულზე ხელშეკრულების მოქმედების ვადა გავლენას ვერ მოახდენს.

62. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

63. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

64. საკასაციო პალატა, დაუსაბუთებლობის გამო, არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო პალატის მიერ განსახილველი შემთხვევის მიმართ სსკ-ის 625-ე მუხლის არასწორ გამოქვეყნებასთან დაკავშირებითაც.

65. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

66. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

67. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

68. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2019 წლის 1 აპრილის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1073,87 ლარის 70% – 751,70 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ჯ. მ-ის (პირადი №3300...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2019 წლის 1 აპრილის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1073,87 ლარის 70% – 751,70 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე