Facebook Twitter

საქმე №ას-198-2019 28 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ბ-ი (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ბ-ე (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

არასრულწლოვანთა კანონიერი წარმომადგენელი, მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

აღწერილობითი ნაწილი:

1. თერჯოლის მაგისტრატ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. ბ-ემ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე), მოპასუხე ნ. ბ-ის მიმართ (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) და მოითხოვა თავის არასრულწლოვან შვილებთან, ურთიერთობის წესის განსაზღვრა ითხოვა.

2. მოსარჩელის განმარტებით: მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი: 20... წლის ... აპრილს დაბადებული ლ. ბ-ე (შემდეგში პირველი არასრულწლოვანი ბავშვი) და 20... წლის ... აგვისტოს დაბადებული ნ. ბ-ე (შემდეგში მეორე არასრულწლოვანი ბავშვი). 2017 წლის აგვისტოს თვიდან მეუღლეებს შორის დაიძაბა ურთიერთობა, რის შემდეგაც, მოპასუხე საცხოვრებლად გადავიდა თავის მშობლებთან. მეუღლეთა ცალ-ცალკე ცხოვრების შემდეგ, მოპასუხე არ აძლევს შვილებთან ურთიერთობის უფლებას. მოსარჩელეს არ ეძლევა შვილების თავისუფლად ნახვისა და მათთან ურთიერთობის საშუალება. მოსარჩელე ითხოვს შვილები გარკვეული დროით თავისთან წაიყვანოს სახლში, ღამით მასთან დარჩენით. ასევე, ბავშვებმა ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების ნახევარი გაატარონ მასთან. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა არასრულწლოვანი შვილების გარკვეული დროით თავისთან წაყვანა სახლში, ღამით მასთან დარჩენით. ხოლო ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების არა ნახევრის, არამედ მთელი პერიოდის მამასთან გატარება.

3. საქმეში მესამე პირად ჩართული სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების წარმომადგენელი დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, მამას უნდა ჰქონდეს შვილებთან თავისუფალი ურთიერთობის საშუალება. სოციალური სააგენტის მიერ შემოწმდა მოსარჩელის საყოფაცხოვრებო პირობები და დადებითად შეფასდა ოჯახში არსებული გარემო. დასკვნის მიხედვით ბავშვების მამასთან ყოფნის დროს მათთვის შექმნილი იქნება უსაფრთხო და მზრუნველი გარემო.

4. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მას არასოდეს უთქვამს უარი მამის შვილებთან ურთიერთობაზე. იგი თანახმაა მამამ შვილები მოინახულოს ბავშვების საცხოვრებელ ადგილას, ანუ მოპასუხის საცხოვრებელ ადგილას, ჰქონდეს მათთან სისტემატური ურთიერთობა, მოპასუხე წინააღმდეგია ბავშვები წაიყვანოს მოსარჩელემ თავის საცხოვრებელ ადგილზე ღამით დარჩენით, რადგან არ სურს ბავშვებთან ურთიერთობა ჰქონდეს მოსარჩელის ოჯახის წევრებს.

5. იმავდროულად, მოპასუხემ წარმოადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა შვილების რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის თანხის - თითოეულ ბავშვზე 150-150 ლარის, ასევე, სოციალური დახმარების თანხის 400 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

6. შეგებებული სარჩელი ეფუძნება მამის ვალდებულებას მონაწილეობა მიიღოს შვილების აღზრდაში, რაც გამოხატული უნდა იქნას კონკრეტული თანხით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ალიმენტი, რომელიც მოხმარდება ბავშვების კეთილდღეობას. ამასთან, შეგებებული სარჩელში აღინიშნა, რომ მოპასუხის ოჯახი იღებს სოციალური დახმარებას, საიდანაც ბავშვების კუთვნილი თანხა შეადგენდა თითოეულ ბავშვზე 50-50 ლარს. მათი დაშორების შემდეგ ბავშვების კუთვნილი სოციალური დახმარება 2017 წლის 1 აგვისტოდან აიღო მოპასუხემ და შვილებისათვის არ მიუცია.

7. თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს თავის არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესი განესაზღვრა შემდეგი სახით: ყოველი თვის პირველი და მესამე შაბათ - კვირა: შაბათი დღის 10:00 საათიდან კვირა დღის 17:00 სააათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის და მის ოჯახში ღამე დარჩენის უფლებით სასწავლო პროგრამის და ბავშვების სურვილის გათვალისწინებით, მათ სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე; ბავშვებთან ურთიერთობისათვის შესაბამისი სააღმზრდელო და სასწავლო დაწესებულებისათვის დადგენილი ზამთრისა და საზაფხულო არდადეგების პერიოდის პირველი ნახევარი თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებით ბავშვების სურვილის გათვალისწინებით მათ სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე. სასამართლოს მიერ დანიშნულ დღეებში გადაწყვეტილებით განსაზღვრული საათების დაცვით არასრულწლოვანი შვილების მოსარჩელის (დედა) საცხოვრებელი ადგილიდან და ასევე უკან, დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება უზრუნველყოს მოსარჩელემ. არასრულწლოვან შვილებთან მოსარჩელის მოპასუხის ურთიერთობაზე კონტროლი და მეთვალყურეობა დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონულ განყოფილებას. დაკმაყოფილდა ნაწილობრივ შეგებებული სარჩელი: მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა 200 ლარის, თითოეული ბავშვზე 100 - 100 ლარის ოდენობით მათ სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე. ალიმენტის გადახდევინება დაიწყო სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2017 წლის 20 ოქტომბრიდან. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული სოციალური დახმარების თანხის 400 ლარის ანაზღაურება.

8. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა შემდეგზე:

9. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2009 წლის 29 სექტემბრიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, რომლებიც 2017 წლის ივნისამდე იზრდებოდნენ ორივე მშობელთან ერთად. 2017 წლის ივნისიდან მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობენ და მათი შვილები ცხოვრობენ დედასთან, დედის მშობლების სახლში - თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა სიმონეთში. 2017 წლის ივნისიდან მოპასუხეს მოსარჩელე არ აძლევს საშუალებას თავისთან წაიყვანოს თავისი შვილები ღამით მასთან დარჩენით.

10. სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის ოჯახში არის კარგი საყოფაცხოვრებო პირობები. ყველანაირი საშუალებაა იმისათვის, რომ ბავშვებმა კომფორტულად და კარგად იგრძნონ თავი. მოპასუხეს ოჯახში ჰყავს პენსიონერი მშობლები. საზღვარგარეთ ჰყავს და, რომელიც მატერიალურად ეხმარება ოჯახს.

11. მოპასუხეს შეზღუდული აქვს შვილებთან ურთიერთობა. თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 06 ოქტომბრის დროებითი განკარგულების საფუძველზე ნება დაერთო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კვირაში ორი დღით - შაბათსა და კვირას დილის 12:00 საათიდან 15:00 საათამდე მოინახულოს ბავშვები დედის საცხოვრებელი ადგილის, ან ბავშვებისა და დედის ადგილსამყოფელის მიხედვით.

12. სასამართლომ დაადინა, რომ მამასა და ბავშვებს შორის არ არის გაუცხოება, მათ შორის დამოკიდებულება ნორმალურია.

13. მოპასუხის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და წარმოადენს სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახს.

14. სარჩელისა და შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა „ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 1197-ე, 1198-ე, 1201-ე, 1202-ე, 1212-ე, 1214-ე მუხლები.

15. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ, რომელმაც თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება.

17. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პ-9-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

18. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს განესაზღვრა თავის არასრულსწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესი ბავშვების მამასთან ღამით დარჩენისა უფლებით.

19. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების 2017 წლის 18 დეკემბრის დასკვნაზე, რომლის თანახმად, დადგენილია, რომ მ. ბ-ის სოციალური გარემო დამაკმაყოფილებელია, სადაც არასრულწლოვანებისაღვის შექმნილია უსაფრთხო და მზრუნველი გარემო; ამავე დასკვნაში სოციალური მუშაკის მიერ აღნიშნულია, რომ ბავშვებსა და მამას შორის არ არის გაუცხოება.

20. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით დაინიშნა ფსიქოლოგიური კვლევა და დაევალა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრის სპეციალისტს არასრულწლოვანი ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შემოწმება იმ კუთხით: თუ რა გავლენას იქონიებს ბავშვებზე, მათი ურთიერთობა მამასთან ღამე დარჩენის უფლებით, ასევე, არდადეგების ნაწილის მამის საცხოვრებელ ადგილას გატარება.

21. ფსიქოლოგის 2018 წლის 09 ნოემბრის დასკვნა შემდეგი შინაარსისაა: „ . . . შესწავლილ იქნა არასრულწლოვანი ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, განვითარების შესაბამისი ინტელექტუალური მონაცემები. მათ აჩვენეს, რომ საგნობრივი ცოდნა, განვითარებული სიტუაციებისადმი დამოკიდებულება ასაკის შესაბამისობაშია. პირველი, რაც გამოკვეთილად შეინიშნებოდა, ორთავე არასრულწლოვანს სურვილი აქვს მამასთან, მოპასუხესთან ჰქონდეთ ხშირი ურთიერთობა. ისინი დედის თანდასწრებით, ღიად აღიარებენ ამ ფაქტს. საყურადღებოა ის დეტალი, რომელშიც ამბობდნენ, რომ მამამ ჩვენთან იცხოვროსო. აქ ნათლად ჩანდა დედი, სურვილი, ზეგავლენა, რომ მამამ იცხოვროს მათთან, რადგან კონფლიქტის მთავარი მიზეზი დედამთილია. უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხე წინააღმდეგია შვილები ღამისთევით დარჩნენ მამასთან, მითუმეტეს, არ ეთანხმება მოსაზრებას არდადეგების პერიოდში თანაბრად გაიყონ დარჩენის დღეები. გასაუბრების შედეგი მეტყველებს იმაზე, რომ ბავშვებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მამის ოჯახი. მშობლებთან ურთიერთობაში იგრძნობა ორგანულობა, რომლის წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება დანაშაულია. მითუმეტეს, როცა მამა არაა მაგალითი სამართლებრივი ნორმის დარღვევის, არაა მოძალადე და არ სახელდება მოპასუხის მხრიდან არსებითი მიზეზი, რის გამოც, მოპასუხეს უნდა ეკრძალებოდეს შვილებთან აქტიური ურთიერთობა. მოსარჩელე დედამთილთან კონფლიქტურ დამოკიდებულებას დრამატულად წარმოგვიდგენს, რაც საბოლოოდ უშლის ხელს შვილებს მამის ოჯახთან ჰარმონიულ დამოკიდებულებაში. ბავშვებისთვის ორივე მშობელი და მათი სოციუმი არის რესურსი მათი შემდგომი ფსიქო - ფიზიკური განვითარებისთვის. ამიტომაც გვევალება გავითვალისწინოთ არასრულწლოვანების განცდები და დამოკიდებულებები ორივე მხარესთან. ეს ფაქტი კი აძლიერებს მოსაზრებას, რომ ბავშვებთან ურთიერთობის დროს შეინარჩუნონ ცივილური, ნეიტრალური პოზიციები ერთმანეთთან მიმართებაში და უარი თქვან პრივატულ მოთხოვნილებებზე. არასრულწლოვანებზე ფსიქოლოგიურმა დაკვირვებამ ნათელი გახადა ფაქტი იმის თაობაზე, რომ დედა წინააღმდეგია ბავშვების მამასთან ღამისთევით დარჩენისა, რაც გამომდინარეობს წარსულში არსებული პირადი კონფლიქტური დამოკიდებულების მიზეზით მეუღლესთან და მისი ოჯახის წევრებთან. არსებითი მიზეზი, არის თუ არა მოპასუხე მოძალადე მამა, ან ყავს თუ არა მშობლები, რომლებიც ბავშვებს დისკომფორტს შეუქმნიან - არ სახელდება; ბავშვებთან გასაუბრებისას ნათლად გამოიხატა მამასთან მათი დამოკიდებულების რეალური სურათი, სტაბილური სიმბიოზის აუცილებლობა, რაც გულისხმობს მათი ფსიქო - ფიზიკური სრულყოფისათვის აუცილებელ და განმავითარებელ სოციუმის შექმნას. მოპასუხეს უნდა მიეცეს შეუზღუდავი ურთიერთობის უფლება შვილებთან, ღამისთევით, არასასწავლო დღეებში - პარასკევი, შაბათი, ხოლო კვირას საუზმის შემდგომ დაბრუნდნენ დედასთან საცხოვრებელ სახლში, ზამთრისა და ზაფხულის არდადეგები კი განაწილდეს თანაბრად....“

22. ზემოთმითითებული დასკვნის შემდგენელი - სპეციალისტი ასევე დაიკითხა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც. მან სასამართლოს წინაშე მიცემული განმარტებითაც დაადასტურა ის პოზიცია, რაც დასკვნაშია ასახული.

23. საბოლოოდ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ორივე არასრულწლოვანს გამოკვეთილად სურთ ჰქონდეთ ურთიერთობა მამასთან. ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია მამის ოჯახი. მოპასუხე არ არის მოძალადე, პირიქით ის მზრუნველი მამაა.

24. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და სსკ-ის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1202-ე მუხლების გამოყენებით მართებულად მიუთითა, რომ მოსარჩელეს უფლება უნდა მიეცეს ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან შვილებთან. ასეთი ურთიერთობის არ ქონა, ან ხელშეშლა პირველ რიგში, დააზარალებს არასრულწლოვანთა ინტერესებს.

25. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისათვის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ბავშვთა უფლებათა კონვენციის” მე-9 მუხლის პირველი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და დაასკვნა, რომ ბავშვების, ინტერესი არის ის, რომ ორივე მშობელთან ჰქონდეთ ურთიერთობა და ამ ურთიერთობების დროს არ იქნეს დარღვეული მათი, როგორც ბავშვების უფლებები. უნდა შეიქმნას ისეთი პირობები, რაც მათ საშუალებას მისცემს იყვნენ ორივე მშობელთან მჭიდრო ურთიერთობაში. სწორედ ასეთი ურთიერთობით ხდება ბავშვების სათანადო აღზრდა და ჩამოყალიბება.

26. უარყოფილი იქნა აპელანტის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ ბავშვები არ უნდა დარჩნენ მამასთან ღამით, და არ უნდა გაატარონ არდადეგების პერიოდი მასთან, რადგან აპელანტს დედამთილთან აქვს კონფლიქტური სიტუაცია.

27. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი - ,,ბავშვის უფლებათა კონვენცია” ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია ზედმიწევნით სწორად დაადგინოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი. ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

28. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად, მშობლებისა და შვილების მიერ ერთმანეთის კომპანიით ორმხრივად სარგებლობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის ფარგლებში „ოჯახური ცხოვრების“ ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს (Kutzner v. Germany). ამდენად, პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის არგუმენტს იმის შესახებ, რომ მამასთან ურთიერთობისთვის მუდმივი მგზავრობით ბავშვებს ხელი შეეშლება როგორც სწავლაში, ისე ფიზიკურ განვითარებაში, რადგან საფუძველს მოკლებულია და არ არსებობს ამ არგუმენტის დამადასტურებელი მტკიცებულება.

29. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

30. კასატორი სადავოდ ხდის დავის ტერიტორიულ (საერთო) განსჯადობას და აღნიშნავს, რომ საქმე განსახილველად ექვემდებარებოდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, სადაც ბავშვები ცხოვრობენ დედასთან ერთად და იქვე სწავლობენ.

31. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში მესამე პირად ჩაბმული უნდა ყოფილიყო არა სსიპ სოციალური სააგენტოს თერჯოლის სამსახური არამედ, ქუთაისის სამსახური.

32. კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონშეუსაბამოა. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ უკანონოდ მოხდა არასრულწლოვანი ბავშვების გამოკითხვა. საქმის განმხილველი მოსამართლეები ითვალისწინებდნენ არა ბავშვების, არამედ მოპასუხის ინტერესებს. ამასთან, კასატორს კანონშეუსაბამოდ მიაჩნია სოციალური სამსახურის დასკვნებიც.

სამოტივაციო ნაწილი:

33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განსახილველად დაინიშნა ზეპირი მოსმენა 2019 წლის 7 მაისს და 17 მაისს. მხარეთა შორის მორიგება ვერ იქნა მიღწეული.დასაშვებობის საკითხზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გამოტანილ იქნა 2019 წლის 28 მაისს ზეპირი მოსმენის გარეშე.

35. საკასაციო პრეტენზიების დასაბუთებულების შემოწმებამდე, პალატა ყურადღებას გაამახვილებს განსახილველი კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოსათვის სახელმძღვანელო რამდენიმე საკითხზე:

36. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვთა უფლებათა კონვენციაში“. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი)

37. ერთ-ერთ ფუნდამენტურ თავისებურებას საოჯახო-სამართლებრივი დავების განხილვისას, სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვისაგან განსხვავებით, წარმოადგენს ინკვიზიციურობის პრინციპის უფრო ფართოდ გამოყენება. მართალია, საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობები განეკუთვნება კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროს, მაგრამ ამ ურთიერთობების განვითარებითა და სიმტკიცით დაინტერესებულია მთელი საზოგადოება. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ სასამართლო ინარჩუნებს უფლებას, დაადგინოს ის გარემოებანი, რომელთა აუცილებლობა განაპირობებს არასრულწლოვანის ინტერესებისათვის ყველაზე კეთილსაიმედო გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს, რომელიც იხილავს კონკრეტულ საოჯახო-სამართლებრივ დავას, მინიჭებული აქვს უფლება, საქართელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილისა და 354-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ დასჯერდეს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და თავისი ინიციატივით განსაზღვროს იმ გარემოებათა წრე, რომელთა დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორად გადაწყვეტა (მტკიცების საგანი). მაშასადამე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დებულება არის სპეციალური ნორმა და მას უპირატესობა ენიჭება ამავე კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებულ ზოგად ნორმასთან შედარებით. ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისას სასამართლოს შეუძლია: ა) თავად განსაზღვროს მტკიცების საგანი, ე.ი. იმ გარემოებათა წრე, რომელთა დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორად გადაწყვეტა; ბ) თავისი ინიციატივით გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზეც მხარეებს არ მიუთითებიათ, მაგრამ აქვთ მნიშვნელობა მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დასადგენად. საოჯახო საქმეთა განხილვისას პროცესის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სასამართლოს აძლევს უფლებას, „წარმართოს საქმის წარმოება“, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო არსებით გავლენას ახდენს საქმის მიმდინარეობასა და პროცესის შედეგზე. სასამართლომ საქმის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე უნდა უზრუნველყოს, რომ მხარეებმა წარადგინონ განმარტებები და შესაბამისი შუამდგომლობები. სასამართლოს აკისრია ვალდებულება, მისცეს მხარეებს განმარტებები, რომლითაც ისინი გადალახავენ დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებიდან გამომდინარე სიძნელეებს. შეჯიბრებითობის პრინციპის პარალელურად, სასამართლოს გადაცემული აქვს პროცესის მატერიალური ხელმძღვანელობის უფლებამოსილება. თუმცა აქ დგება ამ ორი პრინციპის, მხარეთა შეჯიბრებითობისა და სასამართლოს აქტიურობის პრინციპების პროპორციის საკითხი. ამიტომაც, შეჯიბრებითობის პრინციპი არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც სასამართლოს უკიდურესი პასიურობა. საპროცესო კანონმდებლობით სასამართლოს არ ერთმევა უფლება, შესთავაზოს მხარეებს, წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები, ასე მაგალითად, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დავა შეეხება არასრულწლოვანის კანონიერ ინტერესებს, აქ უპირატესია ბავშვის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელი წინაპირობების გათვალისწინება. შესაბამისად, არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლოს ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები.

38. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

39. 1989 წლის 20 ნოემბრის ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.

40. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.

41. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.

42. მაშასადამე, სამოქალაქო სამართალწარმოებით განსახილველ სხვა კატეგორიის საქმეთაგან განსხვავებით, საოჯახო-სამართლებრივი დავების განხილვა ინკვიზიციური ელემენტებითაა გაჯერებული, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის საფუძველზე კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს საქმის გარემოების დადგენას სასამართლოს ინიციატივითაც. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. მითითებული საპროცესო წესის გამოყენება სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მით უფრო გამართლებულია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლო, როგორც სამართალწარმოების მეორე ინსტანცია, დავის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლოა და ამავე კოდექსის 380-ე მუხლით, მას ახალ მტკიცებულებათა მიღების შესაძლებლობაც გააჩნია. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, როდესაც საკითხი სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასამართლოს პოზიტიურ ვალდებულებას შეეხება, სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვთა უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები). გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე №41615/07 Neulinder and Shuruk v. Switzerland (აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთი მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველადი უთიერთობების შესანარჩუნებლად და, როცა ეს შესაძლებლია, უნდა „აღსდგეს“ ოჯახი. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რაც ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“. თავის მხრივ, არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესი“ (“main interest“) – მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის, უპირისპირდება მშობლის უფლებას – იწოდებოდეს და იურიდიულად იყოს მითითებული ბავშვის მამად. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის – სამოქალაქო კოდექსის არა ერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა. აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც – განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ სიკეთეში ჩარევის „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ სწორი შეფასებისათვის, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილებაზე: ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც – ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი. ევროსასამართლოს განმარტებით, მშობლებსა და ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვებს შორის კავშირი, კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პარაგრაფის ფარგლებში წარმოადგენს ოჯახურ ცხოვრებას. მსგავსი ბუნებრივი ოჯახური ურთიერთობები არ წყდება იმ საფუძვლით, რომ მშობლები დაშორდნენ ან განქორწინდნენ, როდესაც ამ მიზეზით ბავშვი ან ერთ მშობელთან ცხოვრობს ან მეორესთან (Cılız v. the Netherlands). ერთ-ერთ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში ოჯახური ცხოვრება სახეზე იყო იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც მშობლების განქორწინებამდე ერთად, ერთ სახლში ცხოვრობდნენ (inter alia, Olsson v. Sweden (no. 1), 24 March 1988, § 81, Series A no. 130). კოვნენციის მე-8 მუხლის ძირითადი მიზანია, ინდივიდების დაცვა სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების თვითნებური ქმედებებისგან. ოჯახური ცხოვრების „პატივისცემის“ უფლება, აგრეთვე, მოიცავს დამატებით პოზიტიურ ვალდებულებებს, თუმცა, სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის არსებული ზღვარი ზუსტ განსაზღვრებას არ ექვემდებარება. მათ მიმართ გამოყენებადი პრინციპები იდენტურია: ორივე კონტექსტში ყურადღება უნდა გამახვილდეს სამართლიან ბალანსზე, რაც დაცული უნდა იქნას შეპირისპირებულ ინტერესებს შორის. გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხარისხის შეფასება ევროსასამართლოსაგან მოითხოვს, დაადგინოს, ჰქონდა თუ არა შიდა სასამართლოების გადაწყვეტილებას საკმარისი მტკიცებულებითი საფუძველი (რაც მოიცავს, მოწმეთა ჩვენებებს, კომპეტენტური ხელისუფლების ორგანოთა დასკვნებს, ფსიქოლოგისა და სხვა ექსპერტის შეფასებებს და სამედიცინო ცნობებს); აგრეთვე, დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის ბავშვებს, მიეცათ თუ არა საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა (Havelka and Others v. the Czech Republic, საჩ. ნომ. 23499/06, § 62, 2007 წლის 21 ივნისი; Haase v. Germany, საჩ. ნომ. 11057/02, § 97, ECHR 2004-III (extracts)).

43. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

44. კასატორი სადავოდ ხდის თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს განსჯადობას და აღნიშნავს, რომ საქმე განსახილველად ექვემდებარებოდა არა თერჯოლის მაგისტრატ სასამართლოს, არამედ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, სადაც ბავშვები დედასთან ერთად ცხოვრობენ და სწავლობენ.

45. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიაჩნია, რომ კასატორის მოსაზრება დავის ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და გაზიარებული არ უნდა იქნეს. ასევე, უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში მესამე პირად ჩართული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების ნაცვლად ჩართული უნდა ყოფილი ქუთაისის განყოფილება.

46. ამასთან, კასატორს მიაჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, თუმცა, არ უთითებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სსსკ-ის 393-ე მუხლით გათვალისწინებულ რომელ საფუძველს აქვს ადგილი.

47. მოცემულ შემთხვევაში, პალატა იზიარებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის მიხედვით მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2009 წლის 29 სექტემბრიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, რომლებიც 2017 წლის ივნისამდე იზრდებოდნენ ორივე მშობელთან ერთად. 2017 წლის ივნისიდან მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობენ და მათი შვილები ცხოვრობენ დედასთან. 2017 წლის ივნისიდან მოპასუხეს მოსარჩელე არ აძლევს საშუალებას თავისთან წაიყვანოს თავისი შვილები ღამით მასთან დარჩენით.

48. მოპასუხეს შეზღუდული აქვს შვილებთან ურთიერთობა. თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 06 ოქტომბრის დროებითი განკარგულების საფუძველზე ნება დაერთო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კვირაში ორი დღით - შაბათსა და კვირას დილის 12:00 საათიდან 15:00 საათამდე მოინახულოს ბავშვები დედის საცხოვრებელი ადგილის, ან ბავშვებისა და დედის ადგილსამყოფელის მიხედვით.

49. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1198-ე მუხლის მეხუთე ნაწილი (მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება). ასევე, 1202-ე და 1201-ე მუხლები.

50. სადავო საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენესი სასამართლოს პრაქტიკა. ერთ-ერთ საქმეში, რომელშიც საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მცირეწლოვნი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის კანონიერება წარმოადგენდა (შდრ: №ას-53-51-2016, 6 ივლისი, 2016 წელი, პ-46). განიმარტა შემდეგი: „..როდესაც საკითხი სსკ-ის 1201-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასამართლოს პოზიტიურ ვალდებულებას შეეხება, სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვთა უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები)“. მოცემულ შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ მოსარჩელის ოჯახში არის კარგი საყოფაცხოვრებო პირობები. ყველანაირი საშუალებაა იმისათვის, რომ ბავშვებმა კომფორტულად და კარგად იგრძნონ თავი. მოპასუხეს ოჯახში ჰყავს პენსიონერი მშობლები. იმავდროულად, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ მამასა და ბავშვებს შორის არ არის გაუცხოება, მათ შორის დამოკიდებულება ნორმალურია.

51. საკასაციო პალატის მოსაზრებით, როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები. ამ კონტექსტში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებზე, კერძოდ, ფსიქოლოგის 2018 წლის 09 ნოემბრის დასკვნის შინაარსზე, რომლის მიხედვით: „ ... შესწავლილ იქნა არასრულწლოვანი ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, განვითარების შესაბამისი ინტელექტუალური მონაცემები. მათ აჩვენეს, რომ საგნობრივი ცოდნა, განვითარებული სიტუაციებისადმი დამოკიდებულება ასაკის შესაბამისობაშია. პირველი, რაც გამოკვეთილად შეინიშნებოდა, ორთავე არასრულწლოვანს სურვილი აქვს მამასთან, მოპასუხესთან ჰქონდეთ ხშირი ურთიერთობა. ისინი დედის თანდასწრებით, ღიად აღიარებენ ამ ფაქტს. საყურადღებოა ის დეტალი, რომელშიც ამბობდნენ, რომ მამამ ჩვენთან იცხოვროსო. აქ ნათლად ჩანდა დედი, სურვილი, ზეგავლენა, რომ მამამ იცხოვროს მათთან, რადგან კონფლიქტის მთავარი მიზეზი დედამთილია. უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხე წინააღმდეგია შვილები ღამისთევით დარჩნენ მამასთან, მითუმეტეს, არ ეთანხმება მოსაზრებას არდადეგების პერიოდში თანაბრად გაიყონ დარჩენის დღეები. გასაუბრების შედეგი მეტყველებს იმაზე, რომ ბავშვებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მამის ოჯახი. მშობლებთან ურთიერთობაში იგრძნობა ორგანულობა, რომლის წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება დანაშაულია. მითუმეტეს, როცა მამა არაა მაგალითი სამართლებრივი ნორმის დარღვევის, არაა მოძალადე და არ სახელდება მოპასუხის მხრიდან არსებითი მიზეზი, რის გამოც, მოპასუხეს უნდა ეკრძალებოდეს შვილებთან აქტიური ურთიერთობა. მოსარჩელე დედამთილთან კონფლიქტურ დამოკიდებულებას დრამატულად წარმოგვიდგენს, რაც საბოლოოდ უშლის ხელს შვილებს მამის ოჯახთან ჰარმონიულ დამოკიდებულებაში. ბავშვებისთვის ორივე მშობელი და მათი სოციუმი არის რესურსი მათი შემდგომი ფსიქო - ფიზიკური განვითარებისთვის. ამიტომაც გვევალება გავითვალისწინოთ არასრულწლოვანების განცდები და დამოკიდებულებები ორივე მხარესთან. ეს ფაქტი კი აძლიერებს მოსაზრებას, რომ ბავშვებთან ურთიერთობის დროს შეინარჩუნონ ცივილური, ნეიტრალური პოზიციები ერთმანეთთან მიმართებაში და უარი თქვან პრივატულ მოთხოვნილებებზე. არასრულწლოვანებზე ფსიქოლოგიურმა დაკვირვებამ ნათელი გახადა ფაქტი იმის თაობაზე, რომ დედა წინააღმდეგია ბავშვების მამასთან ღამისთევით დარჩენისა, რაც გამომდინარეობს წარსულში არსებული პირადი კონფლიქტური დამოკიდებულების მიზეზით მეუღლესთან და მისი ოჯახის წევრებთან. არსებითი მიზეზი, არის თუ არა მოპასუხე მოძალადე მამა, ან ყავს თუ არა მშობლები, რომლებიც ბავშვებს დისკომფორტს შეუქმნიან - არ სახელდება; ბავშვებთან გასაუბრებისას ნათლად გამოიხატა მამასთან მათი დამოკიდებულების რეალური სურათი, სტაბილური სიმბიოზის აუცილებლობა, რაც გულისხმობს მათი ფსიქო - ფიზიკური სრულყოფისათვის აუცილებელ და განმავითარებელ სოციუმის შექმნას. მოპასუხეს უნდა მიეცეს შეუზღუდავი ურთიერთობის უფლება შვილებთან, ღამისთევით, არასასწავლო დღეებში - პარასკევი, შაბათი, ხოლო კვირას საუზმის შემდგომ დაბრუნდნენ დედასთან საცხოვრებელ სახლში, ზამთრისა და ზაფხულის არდადეგები კი განაწილდეს თანაბრად....“.

52. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მოცემულ დავაში სოციალური მომსახურების სააგენტოს როლზე და აღნიშნავს, რომ განსახილველი კატეგორიის საქმეებზე მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს (სკ-ის 1200-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

53. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების 2017 წლის 18 დეკემბრის დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ მოპასუხის სოციალური გარემო დამაკმაყოფილებელია, სადაც არასრულწლოვანებისაღვის შექმნილია უსაფრთხო და მზრუნველი გარემო; ამავე დასკვნაში სოციალური მუშაკის მიერ აღნიშნულია, რომ ბავშვებსა და მამას შორის არ არის გაუცხოება.

54. აღსანიშნავია, სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების წარმომადგენლის პოზიცია სარჩელთან დაკშირებითაც, რომლის მიხედვით ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, მამას უნდა ჰქონდეს შვილებთან თავისუფალი ურთიერთობის საშუალება. სოციალური სააგენტის მიერ შემოწმდა მოსარჩელის საყოფაცხოვრებო პირობები და დადებითად შეფასდა ოჯახში არსებული გარემო. დასკვნის მიხედვით ბავშვების მამასთან ყოფნის დროს მათთვის შექმნილი იქნება უსაფრთხო და მზრუნველი გარემო.

55. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ ორივე არასრულწლოვანი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია მამის ოჯახი, მოპასუხე არ არის მოძალადე, პირიქით ის მზრუნველი მამაა, არასრულწლოვან ბავშვებს სურთ მამასთან ურთიერთობა, მოსარჩელეს აქვს მართლზომიერი უფლება ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან შვილებთან. ასეთი ურთიერთობის არ ქონა, ან ხელშეშლა კი, პირველ რიგში, დააზარალებს არასრულწლოვანთა ინტერესებს.

56. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

57. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. შრომითსამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

58. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

59. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსსკ-ის 46-ე მუხლის „ვ“ პუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე