საქმე №ას-670-2019 31 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – გ. ხ-ე, რ. გ-ე, კ. მ-ე, გ. ღ-ა, დ. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „D...“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განჩინება
დავის საგანი – ხელშეკრულების მოშლა, ნასყიდობა-ნარდობის ღირებულებისა და ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „D...“-“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – იბა „დ. ...-ის“ წევრების – გ. ხ-ის, რ. გ-ის, კ. მ-ის, გ. ღ-ასა და დ. ჩ-ის მიმართ ხელშეკრულების მოშლის, ნასყიდობა-ნარდობის ღირებულებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „D...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შპს „D...“ და იბა „დ. ...-ს“ შორის 2014 წლის 24 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება და იბა ,,დ. ...’’-ს შორის 2014 წლის 24 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება; მოპასუხეებს იბა ,,დ. ...’’-ს წევრებს – რ. გ-ეს, ს. ა-ს, გ. ხ-ეს, კ. მ-ეს, გ. ღ-ას, დ. ჩ-ეს, ნ. გ-ას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 171 000 ლარის გადახდა. მათვე მოსარჩელე შპს „D...“-ს სასარგებლოდ ზიანის სახით სოლიდარულად დაეკისრათ 2017 წლის პირველი იანვრიდან პირველ მაისამდე მოსარჩელის მიერ გადახდილი იჯარის ქირა 6000 ლარის ოდენობით. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ კრედიტის პროცენტის 7759,47 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს „D...“-ის მოთხოვნა მოპასუხეებისთვის 2018 წლის 20 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 1282,50 ლარის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ხ-ემ, რ. გ-ემ, კ. მ-ემ, გ. ღ-ამ, დ. ჩ-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განჩინებით გ. ხ-ის, რ. გ-ის, კ. მ-ის, გ. ღ-ასა და დ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს გ. ხ-ემ, რ. გ-ემ, კ. მ-ემ, გ. ღ-ამ, დ. ჩ-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 4 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელ ლ. ჯ-ას ჩაბარდა 2019 წლის 17 მაისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კერძო საჩივრის ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ხ-ის, რ. გ-ის, კ. მ-ის, გ. ღ-ასა და დ. ჩ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელ ლ. ჯ-ას სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2019 წლის 17 მაისს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, სტ.3, ს.ფ.78). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ოთხდღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 18 მაისს და ამოიწურა 2019 წლის 21 მაისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კერძო საჩივრის ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, მათი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ხ-ის, რ. გ-ის, კ. მ-ის, გ. ღ-ასა და დ. ჩ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი