გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-168-76კს-03 18 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: განჩინების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ა-ემ 2000წ. 16 ოქტომბერს სარჩელით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მოპასუხეების: აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეების – დ. კ-ის, თ. გ-ისა და ი. ქ-ის მიმართ და მოითხოვა მორალური ზიანის 555 ათასი ლარის ანაზღაურება იმ მოტივით, რომ სასამართლო კოლეგიამ შპს ”.. ..-ის” სასარჩელო განცხადების საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შერჩეული იქნა პრეზიდენტის ¹1200 განკარგულების მოქმედების შეჩერება მისი შეწყალების ნაწილში, რამაც მოსარჩელის აზრით, გამოიწვია 1999წ. 6 ოქტომბრიდან 1999წ. 28 დეკემბრამდე მისი უკანონო პატიმრობა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000წ. 24 ოქტომბრის განჩინებით თ. ა-ის სასარჩელო განცხადება მიჩნეული იქნა ხარვეზიარად და სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად მიეცა ვადა. სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული, რის გამოც სასამართლოს 2000წ. 16 ნოემბრის განჩინებით თ. ა-ის სარჩელი დარჩა უმოძრაოდ და დაუბრუნდა მოსარჩელეს. აღნიშნულ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმავე სასამართლოს 2000წ. 11 დეკემბრის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 30 მარტის განჩინებებით.
2001წ. 10 აგვისტოს თ. ა-ემ კვლავ მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს მოპასუხეების დ. კ-ის, თ. გ-ისა და ი. ქ-ის მიმართ მორალური ზიანის 300 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნით. ასევე მოითხოვა სასამართლო ხარჯებისაგან გათავისუფლება სსკ-ს 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის საფუძველზე.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 15 აგვისტოს განჩინებით თ. ა-ის სარჩელი მიჩნეული იქნა ხარვეზიანად და ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა. ხოლო 2001წ. 10 სექტემბრის განჩინებით სარჩელი დარჩა უმოძრაოდ და დაუბრუნდა ა-ეს. აღნიშნულ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი – დაუშვებლად იქნა მიჩნეული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მიერ და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 3 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა თ. ა-ის კერძო საჩივარი, გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 10 სექტემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 30 აპრილის განჩინებით თ. ა-ის სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო 31 ივნისის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ ა-ის შეწყალების საქმის გარემოებების გამოკვლევის გამო.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 6 თებერვლის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა, ხოლო იმავე კოლეგიის 2003წ. 5 მაისის განჩინებით გაუქმდა კოლეგიის 2002წ. 30 აპრილის განჩინება თ. ა-ის სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ, თ. ა-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაშვებაზე და იგი დაუბრუნდა მოსარჩელეს. კოლეგიამ მიიჩნია, რომ სარჩელი არ ექვემდებარებოდა სასამართლო უწყებას და მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება გარდა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მე-3 თავისა, არ ვრცელდებოდა საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოებზე, რაც თავისთავად გამორიცხავდა სასამართლოს მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისას გამოტანილი გადაწყვეტილების გამო აღძრულ სასარჩელო დავებში მოპასუხის სტატუსით სასამართლოს მონაწილეობას. კოლეგიამ მიუთითა, რომ საქართველოს მოქმედი სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობა გარდა სკ-ს 1005 მუხლის I-ლი და მე-3 ნაწილებისა არ ითვალისწინებდა მართლმსაჯულების განხორციელებისას მოსამართლეთა რაიმე პასუხისმგებლობას, რაც საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 84-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებულ სასამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიას წარმოადგენდა და გამომდინარეობდა გაეროს კონგრესის მიერ 1985 წელს მიღებული სასამართლოს დამოუკიდებლობის ძირითადი პრინციპების მე-16 პუნქტიდან, რომელიც ადგენს: დისციპლინალური პროცედურის ან აპელაციის უფლების ან სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაციის მიღების უფლების დაცვით, ქვეყნის შიდა კანონის შესაბამისად, მოსამართლეები უნდა სარგებლობდნენ სასამართლოში თავიანთი ფუნქციების შესრულებისას ფინანსური ზიანის მიყენების ან არასწორი ქმედების ან დაუდევრობის გამო სამოქალაქო საჩივრისაგან პიროვნული იმუნიტეტით.
ვინაიდან თ. ა-ე ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა იმ მოტივით, რომ მოპასუხეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც შემდგომში გაუქმდა, ამიტომ აღნიშნული სარჩელი არ უნდა ყოფილიყო წარმოებაში მიღებული, უნდა გამოსწორებულიყო კოლეგიის შეცდომა, თ. ა-ის სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება უნდა გაუქმებულიყო და სსკ-ს 186-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, თ. ა-ეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
სასამართლო კოლეგიამ არ დააკმაყოფილა თ. ა-ის კერძო საჩივარი სასამართლოს 2003წ. 5 მაისის განჩინებაზე და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გააგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა იზიარებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ თ. ა-ის სასარჩელო განცხადება არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას და აღნიშნავს, რომ თ. ა-ის სარჩელი თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების, მართლმსაჯულების განმხორციელებელი ორგანოს – სასამართლოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, რომელიც თითქოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ”გ” პუნქტით განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს, მაგრამ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ”დ” პუნქტი იმპერატიულად ადგენს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება, გარდა ”ინფორმაციის შესახებ” მე-3 თავისა, არ ვრცელდება საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოებზე, რაც თავისთავად გამორიცხავს სასამართლოთა (მოსამართლეთა) მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისას გამოტანილი გადაწყვეტილებების გამო აღძრულ სასარჩელო დავებში მოპასუხის სტატუსით იმავე სასამართლოს (მოსამარჩლეთა) მონაწილეობას.
მართლმსაჯულების განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოსთან ერთად მოსამართლეთა სოლიდარულ პასუხისმგებლობა, მკაცრად რეგლამენტირებულია მოქმედი კანონმდებლობით. კერძოდ, სკ-ს 1005-ე მუხლის I ნაწილი სახელმწიფოსთან ერთად მოსამართლის სოლიდარულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს მხოლოდ მოსამართლის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით სხვა პირის მიმართ სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევისას, რაც უტყუარად დადასტურებული უნდა იყოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით. მარტოოდენ ის გარემოება, რომ სასამართლოს (მოსამართლის) მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდა ზემდგომი სასამართლოს მიერ არ წარმოადგენს აღნიშნული მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების საფუძველს და შესაბამისად ასეთი სარჩელები არ წარმოადგენენ სასამართლოს უწყებრივად განსჯად ადმინიტსრაციულ დავებს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიამ ასევე სწორად მიუთითა გაეროს კონგრესის მიერ 1985 წელს მიღებულ ”სასამართლოს დამოუკიდებლობის ძირითადი პრინციპების” მე-16 პუნქტზე, რომელიც გამორიცხავს მოსამართლეთა მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისას მათ ფინანსურ პასუხისმგებლობას.
ამრიგად, საკასაციო პალატის აზრით, როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოს მოქმედი მატერიალურ-პროცესუალური კანონმდებლობიდან გამომდინარე თ. ა-ის სარჩელი დაუშვებელია აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეების დ. კ-ის, თ. მ-ის და ი. ქ-ის მიმართ.
ვინაიდან აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 30 აპრილის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული თ. ა-ის სასარჩელო განცხადება, ხოლო 2003წ. 5 მაისის განჩინებით გააუქმა სარჩელის წარმოებაში მიღების განჩინება და თ. ა-ეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არასწორად გამოიყენა სსკ-ს 186-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი, ვინაიდან სასამართლოს თ. ა-ის სასარჩელო განცხადება წარმოებაში ჰქონდა მიღებული, უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ს 272-ე მუხლის ”ა” პუნქტით და საქმის წარმოება შეეწყვიტა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინიტსრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 272-ე მუხლის ”ა” პუნქტით, 417-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ა-ის კერძო საჩივარ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 5 მაისისა და 10 ივნისის განჩინებები და მიღებულ იქნეს ახალი განჩინება;
3. თ. ა-ის სარჩელთან დაკავშირებით შეწყდეს საქმის წარმოება, როგორც უწყებრივად სასამართლოს არაგანსჯადი;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.