Facebook Twitter

საქმე №ა-2079-შ-53-2019 31 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ. უ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ი. უ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის აახენის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის აახენის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით შეწყდა მ. უ-სა და ი. უ-ს შორის 2011 წლის 19 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრი №01141..., ჩანაწერი №802...).

მ. უ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის აახენის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 12 ივნისს. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ მ. უ-ი საქართველოს მოქალაქეა. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით მ. უ-ის შუამდგომლობა გერმანიის აახენის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მ. უ-ის შუამდგომლობა გერმანიის აახენის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის აახენის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით შეწყდა მ. უ-სა და ი. უ-ს შორის 2011 წლის 19 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრი №0114..., ჩანაწერი №80201...). აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 12 ივნისს. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ მ. უ-ი საქართველოს მოქალაქეა. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის აახენის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. უ-ის შუამდგომლობა გერმანიის აახენის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის აახენის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა მ. უ-სა და ი. უ-ს შორის 2011 წლის 19 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრი №01141..., ჩანაწერი №80201...).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე