Facebook Twitter

საქმე №ა-44-შ-3-2019 31 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა. (ა.) ნ. კ. მ-ვა

მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს ნარიმანოვსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის დადგენილება

დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის გაზრდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს ნარიმანოვსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის დადგენილებით 2013 წლის 29 ნოემბერს ქ.ბაქოს ნარიმანოსკის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობა გაიზარდა და გახდა 117 მანათი. მ. გ-ს ა. (ა.) ნ. კ. მ-ვას სასარგებლოდ 2008 წლის 17 ნოემბერს დაბადებული ა. მ. გ-ისა და 2010 წლის 1 თებერვალს დაბადებული მ. მ. ო. გ-ის სარჩენად დაეკისრა ყოველთვიურად თითოეული ბავშვისათვის 117 მანათის, სულ 234 მანათის გადახდა 2016 წლის 28 აპრილიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

ა. (ა.) ნ. კ. მ-ვამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს ნარიმანოვსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის ა. (ა.) ნ. კ. მ-ვას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს ნარიმანოვსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

აღნიშნული განჩინება და ა. (ა.) ნ. კ. მ-ვას შუამდომლობა თანდართული მასალებით რამდენიმეჯერ გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე მ. გ-ს შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე და სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართებზე. ფოსტიდან დაბრუნებული შეტყობინებებიდან ირკვევა, რომ მ. გ-ი არ ცხოვრობს აღნიშნულ მიმსამართებზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ა. (ა.) ნ. კ. მ-ვას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს ნარიმანოვსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მირებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის ა. (ა.) ნ. კ. მ-ვას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს ნარიმანოვსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. აღნიშნული განჩინება და ა. (ა.) ნ. კ. მ-ვას შუამდომლობა თანდართული მასალებით რამდენიმეჯერ გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე მასკან გასანოვს შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე და სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართებზე. ფოსტიდან დაბრუნებული შეტყობინებებიდან ირკვევა, რომ მ. გ-ი არ ცხოვრობს აღნიშნულ მიმსამართებზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა მოწინააღმდეგე მხარის არასწორი მისამართი, მოცემული შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად, ხოლო იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით (სსკ-ის 278-ე მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 187-ე, 275-ე, 278-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. (ა.) ნ. კ. მ-ვას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს ნარიმანოვსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, შუამდგომლობის ავტორს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე