Facebook Twitter

საქმე №ა-3811-ბ-9-2018 30 მაისი, 2019 წელი

№ა-3811-ბ-9-2018 უსწორობა 2 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. გ-ისა და გ. ბ-ის საჩივარი, ამავე სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე და

პალატამ გამოარკვია:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით მ. გ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს მ. გ-ემ და გ. ბ-ემ და მოითხოვეს ხსენებულ განჩინებაში დაშვებული უსწორობების გასწორება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით მ. გ-ისა და გ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებაში დაშვებული უსწორობების გასწორების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.1. პუნქტში მითითებული შპს „კ.“ და ტ. ე-ეს შორის 1996 წლის 15 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ტიპი - „ნასყიდობა“ გასწორდა - „ნარდობით“; დანარჩენ ნაწილში განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

2019 წლის 20 მაისს საკასაციო პალატას კვლავ მომართეს განცხადებით მ. გ-ემ და გ. ბ-ემ და მოითხოვეს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებაში დაშვებული უზუსტობის გასწორება, კერძოდ, მხარე უთითებს, რომ განჩინების აღწერილობით ნაწილში არასწორადაა მითითებული ის გარემოება, რომ თითქოს გ-ე და ბ-ე დავობდნენ ერთსა და იმავე - #20 და #21 ბინაზე, მ.გ-ეს მოთხოვნა ამგვარად არასოდეს დაუყენებია.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ მ. გ-ესა და გ. ბ-ეს უარი უნდა ეთქვათ უსწორობის გასწორებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამავე პალატის არც 2019 წლის 31 იანვრისა და არც 2019 წლის 13 მაისის განჩინებაში არ არის დაშვებული უსწორობა. როგორც 13.05.2019წ. განჩინებით განემარტა მხარეს, აღწერილობით ნაწილში გადმოცემული ფაქტი, რომ მ.გ-ე დავობდა როგორც #20, ისე - #21 ბინაზე მითითებულია მის განცხადებაში. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო სასამართლომ ერთელ უკვე იმსჯელა ხსენებულ საკითხზე და კანონიერ ძალაში შესული განჩინებით უარყო იგი, შესაბამისად, მხარე არ არის უფლებამოსილი, ამ განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სსსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად დაუსრულებლად გახადოს სადავოდ. პალატა აქვე განმარტავს, რომ საპროცესო აქტის აღწერილობით ნაწილში (განჩინება/გადაწყვეტილება) უსწორობის არსებობის შემთხვევაშიც კი, მით უფრო, თუ ამ აქტის შედეგად პირს რაიმე უფლება არ დაუდგინდა, არ შეიძლება არღვევდეს მხარის უფლებებს და მისი გასწორების მიმართ მას არ შეიძლება ნამდვილი ინტერესი ჰქონდეს, ვინაიდან კანონიერი ძალა გააჩნია გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილს და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად იგი მიექცევა აღსასრულებლად. ამდენად, განმცხადებელთა ზემოხსენებული პრეტენზია გაზიარებული ვერ იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.გ-ისა და გ.ბ-ის განცხადება საქართველოს უზნაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ-ისა და გ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობების გასწორების თოაბაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე