საქმე №ას-295-2019 31 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. კ-ე (მოპასუხე), რ. მ-ი (მოპასუხე ძირითად სარჩელში, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ს-ე (ძირითადი მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. გ. ს-ემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნანა კვინიკაძისა (შემდგომ – მოპასუხე) და რ. მ-ის (შემდგომ – მეორე მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მიმართ მოპასუხეთათვის სოლიდარულად 29 000 ლარისა და 14 000 აშშ დოლარის გადახდის შესახებ, რაც სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მთლიანობაში შეადგენს 61900 ლარს.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 15 ოქტომბერს მოპასუხეებს ასესხა 29 000 და 14000 აშშ დოლარი, რაც მათ დღემდე არ დაუბრუნებიათ.
3. 2016 წლის 11 თებერვალს მეორე მოპასუხემ ხელწერილით აღიარა აღნიშნული ვალი და მოსარჩელეს დაპირდა, რომ თანხას დაუბრუნებდა 2016 წლის 28 თებერვლამდე. ხელწერილით აღნიშნული ვალი მოპასუხემაც აღიარა, მაგრამ მათ დანაპირები არ შეასრულეს.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელისაგან ისესხეს 5000 აშშ დოლარი და 4900 ლარი, სესხი იყო სარგებლიანი. აღნიშნულზე არანაირი წერილობითი დოკუმენტი არ შემდგარა. ამით ისარგებლა მოსარჩელე მხარემ და სესხის პირობები რამდენჯერმე შეცვალა.
5. 2012 წლის შემოდგომაზე მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან ხელწერილით მისი ვალის აღიარება, რომელიც მისი დაანგარიშებით 2 წლის განმავლობაში შეადგენდა 29 000 ლარს და 14 000 აშშ დოლარს. მოპასუხემ დაუწერა ხელწერილი და იკისრა თანხის დაბრუნების ვალდებულება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახლს გაყიდდა. თუმცა იმ დროისათვის მის სახელზე არანაირი უძრავი ქონება არ ირიცხებოდა. 2012 წელს ვალის აღიარების ხელწერილი შედგა მეორე მოპასუხის მიმართაც, თუმცა მეორე მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა ძირითადი მოსარჩელის წინააღმდეგ და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელის მიერ წარდგენილი 2016 წლის 11 თებერვლის ხელწერილი, ვინაიდან მეორე მოპასუხე არ დაეთანხმა ხელწერილის შინაარსს, მასზე ხელი არ მოუწერია და არც თარიღი დაუსვამს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა,, ხოლო შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე, რომლის მიხედვით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 29 000 ლარის და 14 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
9. საქმეში წარმოდგენილია ხელწერილები, რომელთაგან ერთი შესრულებულია მოპასუხის, ხოლო ორი მათგანი მეორე მოპასუხის მიერ. სამივე ხელწერილის თანახმად, მოპასუხეები ადასტურებენ, რომ მოსარჩელის მიმართ აქვთ დავალიანება 29 000 ლარის და 14 000 აშშ დოლარის ოდენობით, აღნიშნულ ხელწერილზე ჩატარდა კალიგრაფიული ექსპერტიზა და 2016 წლის 18 ივლისის დასკვნით დაადასტურა, რომ ხელწერილის ტექსტი და მასზე მითითებული თარიღი – 11.02.2016 შესრულებულია მეორე მოპასუხის მიერ, ხელმოწერაც სავარაუდოდ შესრულებულია მეორე მოპასუხის მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა ხელმოწერის მოკლე და მარტივი აგებულებისა და ნიმუშის ვარიაციულობის გამო (იხ. ექსპერტიზის დასკვნა, ტომი 1, ს.ფ. 98-105).
10. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია მეორე მოპასუხის მიერ ხელმოწერილი ხელწერილი, თარიღის გარეშე, რომლითაც იგი აღიარებს, რომ გადაიხდის თავისი მეუღლის – მოპასუხის ვალს – 29000 ლარს და 14000 აშშ დოლარს, რომლის შინაარსსაც მეორე მოპასუხე სადავოდ არა ხდის, თუმცა განმარტავს, რომ ეს ხელწერილი დაწერილია 2012 წელს.
11. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2014 წლის 15 ოქტომბერს მოპასუხეებმა მოსარჩელისაგან ისესხეს 29 000 ლარი და 14 000 აშშ დოლარი და არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 54-ე და 59-ე მუხლებით გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები.
12. რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხს, სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა, რომ ხანდაზმულობის ინსტიტუტის შინაარსი და მისი გამოყენების წინაპირობები მოწესრიგებულია სსკ-ის 128-ე მუხლით, რაც არაერთხელ გამხდარა საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების საგანი, თუმცა მისი ზოგადი სამართლებრივი არსი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მნიშვნელობით შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმე №3/1/531 (ჯანაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულია „....სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას......".
13. ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია და მიმართულია ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად: „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს..." (იხ. CASE OF STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM 1996 წლის 22 ოქტომბერი).
14. მოსარჩელის მიერ სასამართლოში სარჩელი წარმოდგენილია 2016 წლის 30 მარტს. აპელანტების განმარტებით, მოპასუხემ მოსარჩელისაგან თანხა 5000 ამერიკული დოლარი და 4900 ლარი ისესხა 2010 წელს. შესაბამისად, თვლის რომ სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა გასულია და ამ საფუძვლითაც უარი უნდა ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
15. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, რადგან საქმეზე წარმოდგენილია ხელწერილი, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხემ აღიარა ვალი და მისი გადახდა იკისრა მისმა მეუღლემ – მეორე მოპასუხემ, რომელმაც ასევე 2016 წლის 11 თებერვლის თარიღით შედგენილი ხელწერილით დაადასტურა, რომ მის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელია 2014 წლის 15 ოქტომბერს აღებული სესხი – 29000 ლარი და 14000 ამერიკული დოლარი. შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა არ შეიძლება გაშვებულად ჩაითვალოს.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 102-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი სარჩლის ხანდაზმულად მიჩნევისა და გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში დაუსაბუთებელია, ვინაიდან არც სააპელაციო საჩივარში და არც თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 12 ივნისს გამართულ სხდომაზე არ იქნა მოყვანილი არანაირი არგუმენტი და მტკიცებულება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების დასასაბუთებლად, ამასთან, რაიმე მტკიცება იმისა, რომ ეს ხელწერილები იძულებით იყო დაწერილი საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა. აპელანტის პოზიცია შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი ხასიათის განცხადებით, რომ რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
19. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის მიმართ სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი, რითაც დაარღვია სსკ-ის 131-ე და 129-ე მუხლები. მეორე მოპასუხის ნაწილში ვალის აღიარების ხელწერილს არ ჰქონდა ხელმოწერა. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 69-ე მუხლის მესამე ნაწილი.
20. საქმეში წარმოდგენილია რამდენიმე ხელწერილი, თუმცა კასატორმა განმარტა, რომ არც ერთი მათგანი არ ადასტურებს მოპასუხეთა სოლიდარული ვალდებულების არსებობას. სააპელაციო პალატას საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სათანადოდ არ შეუფასებია.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის განჩინებით მოპასუხეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
22. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
25. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ 2014 წლის 15 ოქტომბერს მოპასუხეებმა მოსარჩელისაგან ისესხეს 29 000 ლარი და 14 000 აშშ დოლარი, თუმცა მისთვის თანხა არ დაუბრუნებიათ.
26. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოპასუხეებმა სადავოდ გახადეს მეორე მოპასუხის მიერ ვალის აღიარების ფაქტი და მიიჩნიეს, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. ამასთან, სარჩელი მოპასუხის მიმართ ხანდაზმულად ჩათვალეს.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
28. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
29. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
30. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
31. განსახილველ შემთხევაში სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი ხელწერილები და მათი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ მათგან ერთი შესრულებულია მოპასუხის, ხოლო ორი – მეორე მოპასუხის მიერ. სამივე ხელწერილით მოპასუხეებმა აღიარეს, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი ჰქონდათ 29 000 ლარი და 14 000 აშშ დოლარი, აღნიშნულ ხელწერილზე ჩატარდა კალიგრაფიული ექსპერტიზა, რომელმაც 2016 წლის 18 ივლისის დასკვნით დაადასტურა, რომ ხელწერილის ტექსტი და მასზე მითითებული თარიღი – „11.02.2016“ შესრულებულია მეორე მოპასუხის მიერ, ხელმოწერაც სავარაუდოდ შესრულებულია მეორე მოპასუხის მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა ხელმოწერის მოკლე და მარტივი აგებულებისა და ნიმუშის ვარიაციულობის გამო.
32. ამავდროულად, მეორე მოპასუხემ უთარიღო ხელწერილით აღიარა, რომ გადაიხდის თავისი მეუღლის – მოპასუხის ვალს – 29000 ლარს და 14000 აშშ დოლარს. მითითებული დოკუმენტის შინაარსი მეორე მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, თუმცა განმარტა, რომ ეს ხელწერილი დაწერილია 2012 წელს.
33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მსჯელობის გასაქარწყლებლად კასატორებს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.
34. ასევე, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მხარის მითითება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ნაწილშიც.
35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ინსტიტუტი კრედიტორის უფლების იძულებით განხორციელებაზე ან დაცვაზე ზემოქმედების ძლიერი მატერიალურ-სამართლებრივი საშუალებაა, რამდენადაც, ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კვლავ განაგრძობს არსებობას, თუმცა შეუძლებელია სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებით განხორციელება (შდრ: სუსგ №ას-369-350-2015, 30 ივლისი, 2015 წელი).
36. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ 11.06.2012 საქმე №ას-547-515-2012).
37. ნიშანდობლივია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში.
38. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20903 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგოგ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
39. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასევე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან.
40. ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51).
41. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კასატორებმა საწინააღმდეგოდ რაიმე სარწმუნო არგუმენტის წარდგენის გზით ვერ უარყვეს ის გარემოება, რომ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი აღძრა 2016 წლის 30 მარტს. საქმეზე წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ მოპასუხემ აღიარა ვალი და მისი გადახდა იკისრა მისმა მეუღლემ – მეორე მოპასუხემ, რომელმაც ასევე 2016 წლის 11 თებერვლის თარიღით შედგენილი ხელწერილით დაადასტურა, რომ მის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელია 2014 წლის 15 ოქტომბერს აღებული სესხი – 29000 ლარი და 14000 ამერიკული დოლარი. სადავო ურთიერთობის მიმართ მოქმედებს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, შესაბამისად, კასატორთა მიერ ვერ დადასტურა მოპასუხის განმარტება, რომ მან მოსარჩელისაგან თანხა 5000 ამერიკული დოლარი და 4900 ლარი ისესხა 2010 წელს.
42. ამდენად, აღნიშნული მსჯელობა გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად ცნობას.
43. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
44. კასატომა მხარემ ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
45. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
46. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. კ-ისა და რ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე