Facebook Twitter

საქმე №ას-1490-2018 17 აპრილი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.შ–ძე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - რ.ჯ–ძე

მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.შ–ძე, ნ.შ–ძე, რ.შ–ძე, პ.შ–ძე, ნ.შ–ძე (მოპასუხეები)

წარმომადგენელი - ჯ.ქ.

მოპასუხე - ს.რ.ე.ს.

წარმომადგენელი - ი.ქ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ქმედების დავალდებულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ.შ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან კასატორი) და ნ., ნ., ნ., რ. და პ.შ–ძეები (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხეები, აპელანტები ან მოწინააღმდეგე მხარები) ქედის რაიონის სოფელ ..... ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ.

2. 5002 კვ.მ ფართის უძრავი ქონება, ს/კ-ით №.... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის საკუთრება, პირველი უძრავი ქონება, პირველი უძრავი ნივთი ან პირველი მიწის ნაკვეთი) მოსარჩელის, ხოლო, 2501 კვ.მ ფართის უძრავი ნივთი, ს/კ-ით №..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხეთა საკუთრება მეორე უძრავი ნივთი, მეორე უძრავი ქონება ან მეორე მიწის ნაკვეთი) მოპასუხეთა საკუთრებაა. მხარეებმა მიწის ნაკვეთის მონაცემები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, საჯარო რეესტრი ან სააგენტო) 2011 და 2015 წელს დააზუსტეს.

3. მეზობელი მიწის ნაკვეთები გამიჯნულია ღობით, რომელიც მოპასუხეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული.

4. ინდ. მეწარმე ლ.ჭ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ინდ. მეწარმე) მოსარჩელის დაკვეთით, 2016 წლის 30 აგვისტოს მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ახალი ნახაზი შეადგინა, რომლის მიხედვითაც, ნაკვეთებს შორის არსებული ღობე, ანუ, მოპასუხეთა კუთვნილი ნაკვეთის ნაწილი მოსარჩელის ნაკვეთის ფარგლებში მოექცა.

5. მოსარჩელემ საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართა და ახალი ნახაზის საფუძველზე მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის ცვლილება მოითხოვა, თუმცა აღნიშნულ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საჯარო რეესტრში ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. საჯარო რეესტრის 2017 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი უარყოფილ იქნა.

6. 2017 წლის 13 თებერვალს მოსარჩელემ ადმინისტრაციული სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა :

6.1. ს.რ.ე.ს–ოს 2017 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა;

6.2. მოპასუხეების დავალდებულება საჯარო რეესტრში მათ სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზის ელექტრონულ ვერსიაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რათა აღმოფხვრილიყო ზედდება მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე და განხორციელებულიყო მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია მოსარჩელის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით.

6.3. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ მას საკუთრებად რეგისტრირებული ჰქონდა 5002 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, თუმცა, 2016 წლის 30 აგვისტოს განხორციელებული ხელახალი აზომვის შედეგად, მიწის ნაკვეთის რეალური ფართი 4073 კვ.მ აღმოჩნდა, ფართი აზომილ იქნა რეალურად არსებულ საზღვრებში, მაგრამ საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ვერ განხორციელდა, გამომდინარე იქიდან, რომ წარდგენილ ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთსა და პირველი მოპასუხეების სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებობდა ზედდება. მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრს იმ ჩანაწერის გაუქმებაზე, რომლითაც არასწორად დაურეგისტრირდათ ნაკვეთი პირველ მოპასუხეებს, თუმცა რეესტრმა წარმოება შეწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ნახაზი შედგენილია ზუსტი მონაცემებითა და რეალურად არსებული ღობის გათვალისწინებით, ხოლო მოპასუხეთა მიერ წარდგენილი ნახაზი არასწორია, ეს უკანასკნელები რეესტრში არსებული მონაცემების ნებაყოფლობით შესწორებაზე უარს აცხადებენ.

7. პირველმა მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ რეესტრის ჩანაწერი კანონიერია, ნაკვეთის ფართი მოსარჩელემ პირველად მას შემდეგ დააზუსტა, რაც მხარეები მიწის გაყოფაზე შეთანხმდნენ, ამდენად, უძრავი ქონების რეგისტრირებული მონაცემები სწორია და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები არ იკვეთება.

მეორე მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით ასევე არ ცნო სარჩელი. ის ამტკიცებდა, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები გადაფარვაში იყო მოპასუხეების მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან, მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. რადგანაც მოსარჩელემ ვერ აღმოფხვრა წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზი, სარეგისტრაციო სამსახური, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტის დანაწესით, უფლებამოსილი იყო, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო. ამდენად, რეესტრის 2017 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება კანონიერია და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ ვლინდება.

8. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა ს.რ.ე.ს–ოს 2017 წლის 10 იანვრის №8598 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე. მოპასუხეებს დაევალათ შეეტანათ ცვლილება საჯარო რეესტრში მათ სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზის ელექტრონულ ვერსიაში, რითაც აღმოიფხვრებოდა ზედდება მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე და განხორციელდებოდა მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია მოსარჩელის მიერ რეესტრში წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.1 და 601-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, მე-2, მე-8, 115-ე და 311-ე მუხლები, ასევე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ და „თ“ ქვეპუნქტები, 3.6, 111 მუხლის პირველი ნაწილი, ასევე, 21-ე და 22-ე მუხლები გამოიყენა.

9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პირველმა მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განჩინებით, აპელანტთა სააპელაციო საჩივარი განსჯადობით გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის წარმოქმნილი დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით გადასაწყვეტი იყო, და ამ ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და სარჩელი უარყოფილ იქნა.

11.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც სამეზობლო ღობეა განთავსებული, პირველი მოპასუხეების საკუთრებაა. აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია, შესაბამისად, მოსარჩელე არსებითად, მოითხოვდა მოპასუხეთათვის მათი კუთვნილი ქონების ჩამორთმევას, იმ მოტივით, რომ ფაქტობრივად არსებული საზღვარი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს არ ემთხვევოდა;

11.2. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 311-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ სადავო საკადასტრო ნახაზის ელექტრონულ ვერსიაში ასახულია უძრავი ქონების ის მონაცემები, რომელიც პირველ მოპასუხეებს ეკუთვნით და რომელზეც მოსარჩელეს რაიმე უფლება არ გააჩნია. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, და ის პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა.

12. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :

12.1. პირველ მოპასუხეთა მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი საკადასტრო ნახაზი შუაზე ჰყოფს მოსარჩელის კუთვნილ დამხმარე შენობა ნაგებობასა და ეზოს. სწორედ ამ ნახაზის გასწორების თაობაზე მიმდინარეობს სასამართლოში დავა და არა სასაზღვრო მიჯნაზე, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა;

12.2. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში 5002 კვ.მ ფართი გააჩნია, ახალი საკადასტრო ნახაზით ცალსახად დასტურდება, რომ რეალურად მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი 4073 კვ.მ ფართს შეადგენს;

12.3. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთებს შორის ფაქტობრივად არსებული ღობე მოპასუხეთა კუთვნილ მიწაზეა განთავსებული. ხსენებული ღობე განთავსებულია, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე;

12.4. მოსარჩელის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ საჯარო რეესტრში არსებული ელექტრონული საკადასტრო ნახაზი გასწორდეს, რათა მხარეთა უძრავი ნივთები სწორი მონაცემებით დარეგისტრირდეს;

12.5. სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მოსარჩელე მოპასუხეთაგან მოითხოვს კუთვნილი ქონების ჩამორთმევას, იმ საფუძვლით, რომ ფაქტობრივად არსებული საზღვარი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს არ ემთხვევა, დაუსაბუთებელია. ამგვარი მსჯელობით, სასამართლომ მოპასუხეებს ფაქტობრივად მიაკუთვნა მოსარჩელის კუთვნილი დამხმარე შენობა-ნაგებობა, ე.წ „ნალია“. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შემთხვევაში, მოპასუხეებს უფლება აქვთ საჯარო რეესტრის მონაცემების საფუძველზე, ღობის გადატანა მოსარჩელის მხარეს მოითხოვონ, რის შედეგადაც, და ე.წ „ნალია“ და ეზოს უმეტესი ნაწილი მოპასუხეთა საკუთრებაში დარჩება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელეს რეალურად ჩამოართვა მამისგან დატოვებული ქონება;

12.6. ყურადღება მისაქცევია ის ფაქტი, რომ მოპასუხეებს საკუთრებაში გააჩნიათ 2501 კვ.მ ფართი. იმ შემთხვევაში, თუკი საკადასტრო აზომვითი ნახაზი შესწორდება, მოპასუხეები არ დაკარგავენ საკუთრების უფლებას, მათ კვლავ შეუნარჩუნდებათ 2501 კვ.მ მიწის ფართი;

12.7. ახალი საკადასტრო ნახაზის შესაბამისად, მოპასუხეების როგორც საცხოვრებელი სახლის, ისე დამხმარე ნაგებობების ფაქტობრივი ადგილმდებარეობა არ შეესაბამება რეალობას. სინამდვილეში, მიწის ნაკვეთზე განთავსებული სახლი და დამხმარე ნაგებობა არასწორად არის ნახაზში ასახული და სწორედ ამ უზუსტობამ გამოიწვია ნაკვეთებს შორის ზედდება;

12.8. ქვედა ინსტანციის სასამართლომ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, ის გასცდა დავის საგანს და მოპასუხეებს მიაკუთვნა ის, რაც მათ კანონით არ ეკუთვნით. დასკვნაში ცალსახად არის მითითებული, რომ მოპასუხეების სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე შენობა ნაგებობის რეალური ადგილმდებარეობა არ შეესაბამება საჯარო რეესტრით დარეგისტრირებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებულ ადგილმდებარეობას.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო :

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ. სუსგ №ს 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; სუსგ საქმე №ას-973-1208-04).

ამასთან, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა კანონისმიერი საფუძვლიდან.

16. წინამდებარე სარჩელით, მოსარჩელე მოპასუხეებისგან მოითხოვდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში ცვლილებების შეტანას.

16.1. სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დავას იწვევს არა მარტო საკადასტრო აზომვითი ნახაზი, არამედ, ასევე, სადავო მიწაზე საკუთრების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შეუძლებელია სწორი დასკვნების გამოტანა საქმეზე მხოლოდ საკადასტრო აზომვითი ნახაზის სისწორის დადგენის გზით.

16.2. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეებს არასწორი საკადასტრო ნახაზის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით უკანონოდ აქვთ რეგისტრირებული მისი მიწის ნაკვეთის ნაწილი (გადაფარვაში მოყოლილი ფართი).

16.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკადასტრო ნახაზში ცვლილების დავალდებულების მოთხოვნით არ მიიღწევა ის იურიდიული შედეგი, რომლის ინტერესიც მოსარჩელეს გააჩნია. მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მიმართულია სადავო მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში თავის საკუთრებად რეგისტრაციისაკენ. ამასთან მიმართებით მნიშვნელოვანია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრმა შეაჩერა და შემდგომში შეწყვიტა მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ახალი ნახაზის მიხედვით, რადგან მისი მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, კერძოდ, მოპასუხეთა საკუთრებაში. ამდენად, უდავოა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოპასუხეთა სახელზე.

16.4. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის სადავო ფართის მოპასუხეთა საკუთრებაში რეგისტრაციის ფაქტს, შესაბამისად, მარტოოდენ საკადასტრო აზომვით ნახაზში ცვლილებების განხორციელება ვერ გამოიწვევს იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს.

17. მოსარჩელე სადავოდ ხდის მხოლოდ საკადასტრო აზომვითი ნახაზს, რაც თავისი სამართლებრივი მნიშვნელობით წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების დაწყების ერთ-ერთ (და არა ერთადერთ) საფუძველს („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი). მითითებული ნორმის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

17.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის განხორციელების სამართლებრივი ნორმები წარმოადგენენ საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლების ერთ-ერთ მარეგულირებელ მექანიზმს, რითაც განისაზღვრება საჯარო რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული თავისებურებები. „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია. აღნიშნული დანაწესი უზრუნველყოფს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრის დადგენის რეალიზაციას („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 152 მუხლის პირველი პუნქტი). აქედან გამომდინარე, საკადასტრო აზომვითი ნახაზი უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ პირობებს, რომლის თანახმად, საკადასტრო აზომვითი ნახაზს თან უნდა ერთვოდეს წერილობითი ინფორმაცია საკადასტრო აღწერის უფლებამოსილი პირის, უძრავი ნივთის და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების აღწერილობისა და დაინტერესებული პირის შესახებ, აგრეთვე, დამსწრეთა და უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის არსებობის შესახებ („საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტი).

17.2. საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ წარმოადგენს უფლების დამდგენ დოკუმენტს. „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტს წარმოადგენს ნორმატიული ანდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ხსენებული ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკადასტრო მონაცემები წარმოადგენენ რეგისტრაციის ერთ-ერთ (და არა ერთადერთ) საფუძველს. ამავე ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის უფლებამოსილი პირის მიერ ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი და არა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

17.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზში უზუსტობის დადგენა არ არის საკმარისი მოსარჩელის მიერ თავისი უფლების რეალიზაციისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ უსწორობით უნდა ილახებოდეს მოსარჩელის უფლება, რომლის დაცვას ის უნდა ახორციელებდეს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

17.4. ამდენად, საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარმოადგენს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ერთ-ერთ აუცილებელ ინფორმაციას, ხოლო მასში სასამართლო გადაწყვეტილებით განხორციელებული ცვლილებები არ არის საკმარისი მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დასაკმაყოფილებლად, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია (საკასაციო პალატის ზემოხსენებული დასკვნები შესაბამისობაშია მსგავსი კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან (შდრ. სუსგ №ას-1648-1545-2012, 6.09.2013წ., №ას-365-347-2013, 11.11. 2013).

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

19. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

20. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264.3-ე, 404-ე, 408-ე, 410-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.შ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი