საქმე №ას-1649-2018 17 აპრილი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „მ.ს.ც.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.თ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.თ–ა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, დასაქმებული ან ბიოქიმიკოსი) წლების განმავლობაში სს „მ.ს.ც-ში“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი, სამედიცინო ცენტრი ან კლინიკა) ექიმ ბიოქიმიკოსის თანამდებობაზე იყო დასაქმებული. მისი შრომითი ანაზღაურება განისაზღვრებოდა გამომუშავების მიხედვით და ყოველთვიურად მერყეობდა 1000-2000 ლარის ფარგლებში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლებიდან, მისი ყოველთვიური ხელფასის საშუალო მაჩვენებელი 1600 ლარს შეადგენდა.
2. დასაქმებულის ფუნქციას წარმოადგენდა კონკრეტული პაციენტების ანალიზების ლაბორატორიული კვლევის ჩატარება.
3. მოსარჩელის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის პასუხები, რამდენიმე პაციენტმა იმავე და სხვა კლინიკაში გადაამოწმა, სადაც კვლევის პასუხებს შორის არსებითი სხვაობა გამოვლინდა. ერთ-ერთმა პაციენტმა (გ.კ–ძე), მოსარჩელის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ორ სხვადასხვა ექიმ-ლაბორანტთან გადაამოწმა, რა დროსაც გამოვლინდა, რომ ამ უკანასკნელთა მიერ გაცემული დასკვნები თანხვედრაში იყო ერთმანეთთან და მკვეთრად განსხვავდებოდა მოსარჩელის მიერ გაცემული დასკვნისაგან.
4. სამედიცინო ცენტრში დასაქმებულმა ექიმებმა, კერძოდ: ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილების გამგე - თ. ბ–ემ და ექიმ-უროლოგმა - ვ. ზ–ძემ წერილობითი განცხადებებით მიმართეს კლინიკის დირექტორს და მოითხოვეს მოსარჩელის ჩამოცილება მათი პაციენტების ანალიზების ლაბორატორიული კვლევისგან, იმ საფუძვლით, რომ დასაქმებული არასწორად და არაკვალიფიციურად უწევდა პაციენტებს ლაბორატორიულ მომსახურებას.
5. 2017 წლის 28 აპრილის სამედიცინო ცენტრის ექიმთა კონფერენციაზე, სადაც მსჯელობა იყო დისციპლინის განმტკიცებისა და სამედიცინო მომსახურების დონის ამაღლებაზე, მოსარჩელე კონფერენციაზე მყოფ ერთ-ერთ თანამშრომელს - ექიმ ბიოქიმიკოს ნ. მ–ძეს ჯანმრთელობის დაზიანებით (დაბრმავებით) დაემუქრა (იხ. 2017 წლის 28 აპრილის # 4 ოქმი, სამედიცინო ცენტრის ექიმთა კონფერენცია, ს.ფ. 40-41 და 111).
6. სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის 2017 წლის 17 ივლისის N25/ა ბრძანებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გათავისუფლების შესახებ ბრძანება ან სადავო ბრძანება) მოსარჩელეს 2017 წლის 17 ივლისიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება. მის გათავისუფლებას სამედიცინო ცენტრმა საფუძვლად საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ-ის, 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი, ასევე, სამედიცინო ცენტრის დებულების მე-10 მუხლი და შინაგანაწესის 8.9 მუხლი დაუდო.
7. 2017 წლის 11 აგვისტოს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, უწინდელ თანამდებობაზე (ექიმ ბიოქიმიკოსის პოზიციაზე) აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, 2017 წლის 17 ივლისიდან სამსახურში აღდგენამდე, მისი ყოველთვიური ხელფასის - 1600 ლარის გათვალისწინებით. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ: შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანებაში მითითებული გარემოებები დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო. მართალია, რამდენიმე პაციენტის ანალიზის პასუხები იმავე კლინიკაში გადამოწმდა და კვლევის შედეგებს შორის დადგინდა სხვაობა, თუმცა ის გარემოება, რომ მის მიერ გაკეთებული ანალიზის კვლევა (პასუხი) უსწორო იყო, რაიმე სარწმუნო მტკიცებულებით არ დადასტურებულა. ბრძანებაში ასევე უსაფუძვლოდ მიეთითა, რომ მის (დასაქმებული) მიერ დაშვებული პროფესიული შეცდომის გამო სამედიცინო ცენტრი სასამართლოს წინაშე წარსდგა; სიმართლეს არ შეესაბამება ასევე სადავო ბრძანებაში მითითებული ის ფაქტი, რომ მის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, იმ საფუძვლით, რომ ის სალაროს გვერდის ავლით იღებდა სამედიცინო მომსახურების საფასურს. საყურადღებოა, რომ სამედიცინო ცენტრში ექიმ ბიო-ქიმიკოსის პოზიციაზე მოსარჩელესთან ერთად მუშაობდა მეორე ექიმი - ნ.მ–ძეც, რომელსაც სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაცია პაციენტებთან ხშირად უწევდა რეკომენდაციას, რათა სამედიცინო გამოკვლევები სწორედ მასთან ჩაეტარებინათ. აღნიშნული ფაქტი დასტურდება მიმართვებზე გაკეთებული მინაწერებით - „ნ.მ–ძე“, რაც ცხადყოფს იმას, რომ მოსარჩელეს დამსაქმებელი იმავე კაბინეტსა და იმავე თანამდებობაზე მომუშავე სხვა ექიმთან, არათანაბარ პირობებში აყენებდა. თუკი ის მართლაც არაკვალიფიციური იყო და პროფესიულ შეცდომებს უშვებდა, აღნიშნული უნდა დადასტურებულიყო სარწმუნო მტკიცებულებებით, რომლითაც გამოვლინდებოდა, რომ დასაქმებულის კვალიფიკაცია დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამებოდა.
8. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო როგორც სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება, ასევე, მოსარჩელის მიერ სამედიცინო ცენტრის შრომის შინაგანაწესის მე-3 მუხლის 3.2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა, რომლის თანახმად, დასაქმებული ვალდებული იყო დაეცვა შრომის დისციპლინა, ასევე, ხსენებული შინაგანაწესის 6.5 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება - დასაქმებულის მხრიდან სალაროს გვერდის ავლით პაციენტისაგან მომსახურების საფასურის აღების აკრძალვის თაობაზე. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაცია პაციენტებს არ მიუთითებდა თუ რომელ ბიო-ქიმიკოსთან უნდა ჩაეტარებინათ ლაბორატორიული კვლევები. პაციენტი კლინიკაში მიმართავს მკურნალ ექიმს, ვინაიდან ექიმები უნდობლობას უცხადებდნენ მოსარჩელის მიერ ჩატარებულ კვლევებს, მკურნალ ექიმებს ჰქონდათ უფლება მიეთითებინათ პაციენტისათვის თუ ვისთან ჩაეტარებინათ კვლევები.
9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გაასაჩივრებული ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა ბიო-ქიმიკოსის თანამდებობაზე; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2017 წლის 17 ივლისიდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება დაეკისრა, მისი ყოველთვიური ხელფასის - 1600 ლარის გათვალისწინებით. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და 42-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 115-ე, 54-ე, 408-ე და 411-ე მუხლები, სშკ-ის პირველი, მე-2, 44-ე, 32-ე, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 7.1, 57-ე, 66.1, 70-ე, 71-ე და 81-ე მუხლები, ასევე, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლი გამოიყენა.
10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით. მანვე მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განჩინების გაუქმებაც, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოებიდან მოსარჩელის საქმის მასალების გამოთხოვის შესახებ მოპასუხის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11.1. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის იმგვარად რეალიზება, რომ გაექარწყლებინა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებების უტყუარობა და დაედასტურებინა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მოპასუხის მხრიდან, სადავო ბრძანებაში, მხოლოდ გარემოებებზე მითითება, მაშინ, როდესაც, ეს ფაქტები სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებული არ ყოფილა, ვერ განიხილებოდა დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევად და სამუშაოდან მისი გათავისუფლების მართლზომიერ საფუძვლად;
11.2. სააპელაციო პალატის დასკვნით, დასაქმებული სამსახურიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გათავისუფლებულიყო, როდესაც, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი ექნებოდა დაკარგული. აღნიშნული დასკვნა იმ პრინციპს ეფუძნება, რომლის შესაბამისადაც, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას პრიორიტეტი აქვს მის რღვევასთან შედარებით. ნებისმიერი დარღვევა, პირის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი არ შეიძლება გახდეს, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპს. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმისა და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ მოპასუხემ, რაიმე ღონისძიება გამოიყენა დარღვევების აღმოსაფხვრელად უშუალოდ მოსარჩელესთან კომუნიკაციის გზით ან დისციპლინური სახდელის შეფარდებით;
11.3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავო იყო, რომ მოსარჩელე 2010 წლიდან უწყვეტად მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში ექიმ ბიოლოგის თანამდებობაზე, შესაბამისად, სშკ-ის მე-6.13 მუხლის თანახმად, დასაქმებულთან დადებული შრომითი ხელშეკრულება უვადო ხელშეკრულებად უნდა დაკვალიფიცირებულიყო, რაც ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და მართებულად დაკმაყოფილდა;
11.4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა თავისი მოსაზრების ჩამოყალიბებისას დააზუსტა წინმსწრები განჩინების გაუქმების თაობაზე მოთხოვნა და მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, 2017 წლის 27 ნოემბრის სასამართლოს სხდომაზე არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა პოლიციის განყოფილებიდან საქმის მასალების გამოთხოვის თაობაზე. პალატის დასკვნით, სასამართლო სხდომის ოქმით ირკვეოდა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე მოპასუხის (აპელანტი) მიერ ასეთი შუამდგომლობა დაყენებული არ ყოფილა და არც სასამართლოს მიერ მიღებულა განჩინება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თობაზე. შესაბამისად, აპელანტის აღნიშნული მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
12. აღნიშნული განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით. მანვე მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ შუალედური განჩინების გაუქმება, რომლითაც მოპასუხის შუამდგომლობა ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილებიდან მოსარჩელის საქმის მასალების გამოთხოვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. კასატორის მტკიცებით :
12.1. ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მიერ ჩატარებული ანალიზების პასუხებს გადამოწმება დასჭირდა, თავისთავად მიუთითებდა კვლევის პასუხების მცდარობაზე. საყურადღებოა, რომ კონკრეტული ანალიზის პასუხზე დამოკიდებულია განსახორციელებელი სამედიცინო დახმარება და მკურნალობის ტაქტიკა, რომელსაც ატარებს მკურნალი ექიმი. შესაბამისად, პაციენტის პირადი ექიმის მხრიდან მოსარჩელის მიერ გაკეთებული ანალიზების გადამოწმების აუცილებლობა სწორედ იმ გარემოებას ადასტურებს, რომ ჩატარებული კვლევები/პასუხები მცდარი იყო;
მოცემულ შემთხვევაში, კონკრეტულად გ.კ–ძის ანალიზის პასუხი ორი სხვადასხვა სპეციალისტის მიერ იქნა გადამოწმებული, პასუხი ერთი და იგივე აღმოჩნდა და მკვეთრად განსხვავდება მოსარჩელის მიერ გაკეთებული დასკვნისაგან, რის გამოც, პაციენტისა და მისი მკურნალი ექიმის ეჭვი გამართლდა ანალიზის მცდარობასთან დაკავშირებით;
12.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ დასაქმებულთან არსებული შრომითი ხელშეკრულება ვადიანი იყო, რომელიც გათავისუფლებიდან 4 თვეში - 2017 წლის 30 დეკემბერს, იწურებოდა;
12.3. სასამართლოებს დადგენილად უნდა მიეჩნიათ ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ მიიღო შესაბამისი კომპენსაცია - ორი თვის შრომის ანაზღაურება, რომლითაც ფაქტობრივად დაადასტურა მისი გათავისუფლების კანონიერება და შეცილების არ ქონა;
12.4. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს დადგენილად უნდა მიეჩნიათ, რომ მოსარჩელის ემოციური მდგომარეობა პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება მის მიერ დაკავებულ თანამდებობასა და შესასრულებელ სამუშაოს. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ პროფესიული გადაცდომების დამადასტურებელი მასალები, მათ შორის ცდომილებები ანალიზების პასუხებზე. ასევე წარმოდგენილია სამედიცინო ცენტრის სხვა თანამშრომლებთან კონფლიქტის დამადასტურებელი მასალები, ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა აღწერილია №4 ოქმში. გარდა აღნიშნულისა, დამსაქმებელმა სასამართლოს წარუდგინა ის მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის მიერ დაშვებულ პროფესიულ გადაცდომებზე, პასუხისგება სამედიცინო ცენტრს უწევდა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი უარყოფილ უნდა იქნეს.
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონიც, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, დასაბუთებულია.
15. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
16. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა არამართლზომიერად შეწყდა, სახელდობრ:
16.1. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი და შინაგანაწესის 8.9 მუხლი დაედო.
16.2. სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამსაქმებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობის შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს დასაქმებულს.
კასატორი მოსარჩელის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობის ფაქტობრივ საფუძვლად უთითებს, რომ მოსარჩელე არაკვალიფიციურად ატარებდა ლაბორატორიულ კვლევებს და არღვევდა შრომის შინაგანაწესს.
ამდენად, მთავარი საკითხია შეწყდა თუ არა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება აღნიშნული ნორმის (სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი) მოთხოვნათა დაცვით, რაც თავის მხრივ, სადავო გადაწყვეტილების ბათილობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გამომრიცხველი გარემოებაა.
16.3. დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, შრომით-სამართლებრივ დავებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ. სუსგ # ას-483-457-2015, 07.10.2015).
16.4. დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც პალატის მოსაზრებით გამოიხატა იმაში, რომ მან ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებების უტყუარობის გაქარწყლება და მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება. სასამართლოს ეს დასკვნა არა მარტო დამაჯერებლობასაა მოკლებული, არამედ წინააღმდეგობრივიცაა, რადგანაც პალატა აფასებს რა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, აღნიშნავს რომ დასაქმებული სამსახურიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გათავისუფლებულიყო, როდესაც, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი ექნებოდა დაკარგული, ანუ არ უარყოფს დამსაქმებლის მხრიდან გადაცდომის ჩადენის ფაქტს.
16.5. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა წარმატებით გაართვა თავი მის მიერ შესაგებელში მითითებული გარემოებების მტკიცების მოვალეობას და შესაბამისად, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება ცხადად და დამაჯერებლად დაასაბუთა. მოპასუხე, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის სფეროში საქმიანობს, ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის/პაციენტის უფლება და კეთილდღეობა, რომელსაც უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე არა თუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულიც იყო პაციენტების უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით სამედიცინო მომსახურებისგან ჩამოეცილებინა მოსარჩელე. ამ დასკვნის შესაძლებლობას იძლევა საქმეზე დადგენილი შემდეგი გარემოებები: მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა განაპირობა იმან, რომ ეს უკანასკნელი სამედიცინო ცენტრში მუშაობის უკანასკნელ თვეებში დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას უხეშ შეცდომებს უშვებდა, რაც გამოიხატებოდა პაციენტების ანალიზების არასწორ კვლევასა და შედეგებში; საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების პასუხები, რამდენიმე პაციენტმა იმავე და სხვა კლინიკაში გადაამოწმა, რამაც კვლევის პასუხებს შორის არსებითი სხვაობა გამოავლინა; ერთ-ერთი პაციენტის - გ.კ–ის ანალიზის პასუხი ორმა სხვადასხვა სპეციალისტმა გადაამოწმა, ამ უკანასკნელთა კვლევის შედეგები/პასუხები ერთმანეთს დაემთხვა, თუმცა ისინი მკვეთრად განსხვავდებოდა მოსარჩელის მიერ ჩატარებული კვლევის პასუხისაგან. სამედიცინო ცენტრში დასაქმებული ექიმების წერილობითი განცხადებებიდან ნათლად იკვეთება, რომ ისინი სრულ უნდობლობას უცხადებდნენ მოსარჩელეს და მიიჩნევდნენ, რომ ეს უკანასკნელი დაკისრებულ მოვალეობას არაპროფესიონალურად და არაკვალიფიციურად ასრულებდა, სწორედ ამიტომ, ექიმები თავს ვალდებულად მიიჩნევდნენ, პაციენტებისთვის ერჩიათ ანალიზების კვლევა სამედიცინო ცენტრის სხვა ბიოქიმიკოსთან ჩაეტარებინათ.
16.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა დაკავებული თანამდებობის/შესასრულებელი სამუშაოს შესატყვისი კვალიფიკაცია და პროფესიული უნარ-ჩვევები, შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ მისი სამუშაოდან გათავისუფლება განხორციელდა მართლზომიერად და მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
17. გარდა ზემოხსენებულისა, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმ ნაწილშიც, რომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საკმარის საფუძველს წარმოადგენდა ამ უკანასკნელის მხრიდან შრომის შინაგანაწესის დარღვევაც, რაც მოსარჩელის მიერ თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ მუქარაში გამოიხატა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი).
18. ვინაიდან მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა, არც თანმდევი სასარჩელო მოთხოვნების (სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება) დაკმაყოფილების საფუძველი აღარ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3 და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „მ.ს.ც–-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ.თ–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი