საქმე №ას-1293-2018 1 მარტი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ნ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ო. ხ–ი (მოპასუხე)
მესამე პირი _ მ. ბ-ი (დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო მოთხოვნის უარყოფა
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ნ. ნ-ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ხ–ის (უფლებამონაცვლე _ ო. ხ–ი, შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, საჯარო რეესტრში მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე ქ.თბილისში, ც-ის ქ#1-ში, ს/კ #0-..., ლიტერ „ა-ს“ 64 კვ.მ ფართზე) 1983 წელს სანოტარო ფორმის დაუცველად შედგენილი წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1983 წელს, მოსარჩელემ ე.წ შინაურული ხელწერილის საფუძველზე, დ. გ-ასგან შეიძინა სადავო უძრავი ქონება, რომელიც მას გადაეცა სარგებლობაში და ფლობდა მას ოჯახთან ერთად, გაარემონტა და კეთილმოაწყო სადგომი. 1995 წელს სადგომი დაზიანდა ხანძრის შედეგად და მოსარჩელემ გამყიდველთან, ასევე, სხვა მოსარგებლეებთან ერთად აღადგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2012 წელს დააკმაყოფილა მ. შ-ს სარჩელი დ.გ-ას მიმართ საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ გამყიდველი სრულიად უსაფუძვლოდ არ ცნობდა მას. 2015 წლის 8 აპრილს დამოწმებული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა ფართი და #1 შენობა-ნაგებობიდან 60,53 კვ.მ ფართი შეიძინა მოპასუხემ, 2015 წლის 17 აპრილს საჯარო რეესტრმა გასცა შესაბამისი ამონაწერი. შემდგომში მოპასუხის მიერ შეძენილ იქნა ამავე უძრავი ქონების სხვა ნაწილებიც და საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მის საკუთრებად ირიცხება მოსარჩელის მფლობელობაში არსებული, 1983 წელს შეძენილი უძრავი ქონებაც.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ რაიმე ფაქტობრივ ან სამართლებრივ ურთიერთობაში მოსარჩელესთან არ იმყოფება, მოპასუხისათვის უცნობია და არც საქმის მასალებით დგინდება დ. გ-ასთან რაიმე ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს სადავო ფართის მოსარგებლეს, არამედ, ფართს დღესაც ფლობს მესამე პირი. შესაგებლის თანახმად, მოპასუხე წარმოადგენს კეთილსინდისერ შემძენს და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წის 5 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც მოსარჩელე მიჩნეულ იქნა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლედ, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფლობს სადავო 64,34 კვ.მ ფართს.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის სადავო პუნქტი.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო მოთხოვნის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების სისწორე. ამ მხრივ კასატორი პრეტენზიას აცხადებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ“ საქართველოს კანონის განმარტებაზე.
1.2. ვიდრე პალატა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას შეამოწმებდეს, ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე პროცესუალურ საკითხზე: საკასაციო წესით მართლმსაჯულების განხორციელებისას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება მოწმდება ორი მიმართულებით: სასამართლო უპირველესად ამოწმებს, ხომ არ ვლინდება გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რომლებიც მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლში, ხოლო, ამ საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შეფასებას ექვემდებარება კასატორის პრეტენზიების დასაბუთებულობა, ამ გარემოებათა ჩამონათვალი კი, რეგლამენტირებულია ამავე კოდექსის 393-ე მუხლში. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი (გასაჩივრებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია).
1.3. განსახილველ საკითხს თუ მივუბრუნდებით, უნდა ითქვას, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია არა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის, არამედ, დადგენილი ფაქტის მიმართ, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საფუძველი გადაწყვეტილების სამოტივაციო და არა სარეზოლუციო ნაწილია, რაც, როგორც პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ისე _ დამკვიდრებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, დაუშვებელია, ამ მხრივ სააპელაციო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები სრულ წინააღმდეგობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკით დადგენილ ნორმის განმარტებასთან, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მხოლოდ აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების გასაჩივრება დაუშვებელია, რადგან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარის მიერ სააპელაციო წესით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ან მისი რომელიმე პუნქტის გასაჩივრების შესაძლებლობას. სასამართლოს ეს დასკვნა ეფუძნება შემდეგს:
1.3.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (სსკ-ის 264-ე მუხლი) და მატერიალური (სსკ-ის 266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც, პირველ შემთხვევაში, გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო, მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ _ მის ფარგლებს გარეთაც. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. მითითებული ნორმის ანალიზი იძლევა შემდეგი დასკვნის საფუძველსაც: გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები), შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი.
1.4. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება და კანონმდებელი არ გამოყოფს გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილს, თუმცა კანონში რაიმე შეზღუდვის პირდაპირ მიუთითებლობა საწინააღმდეგო დასკვნის საფუძველს არ იძლევა. სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპებისა და კოდექსის ნორმათა ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობაში განმარტებით დგინდება, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სსკ-ის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილი). ამდენად, პირი, სარჩელის შეტანის გზით იცავს რა თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია.
1.5. ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლებრივი წესრიგის დადგენა შესაძლებელია რა მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულებით, აღსასრულებლად წარემართება მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი და არა სამოტივაციო ნაწილი, თუნდაც ეს უკანასკნელი ადგენდეს რაიმე უფლების ან ვალდებულების არსებობას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი). სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგები თვით კონსტიტუციითაა რეგლამენტირებული. სასამართლო აქტების სავალდებულობა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის დღის წესრიგში აყენებს მისი აღსრულებადობის უზრუნველყოფის საკითხს. თუ პირი, რომლის მიმართაცაა სასამართლო აქტი გამოცემული, თავისი ნებით არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, საქმეში ერთვება საამისოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო – სააღსრულებო ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამ კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული აქტების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე, რომელშიც ასახულია აღსასრულებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
1.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შეიცავდეს კანონით გათვალისწინებულ ყველა ნაწილს (სსკ-ის 249-ე მუხლები) და რომელიმე მათგანის სათანადოდ ან საერთოდ არარსებობა, ხშირ შემთხვევაში, იწვევს მის გაუქმებას (სსკ-ის 393-ე, 394-ე მუხლები). გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფუნდამენტს. მასში უნდა აისახოს სასამართლოს შემეცნებითი მსჯელობა ფაქტების არსებობა-არარსებობის შესახებ (ფაქტობრივი დასაბუთება) და შეფასებითი მსჯელობა ამ ფაქტების იურიდიული ძალისა და მნიშვნელობის შესახებ (სამართლებრივი დასაბუთება). კანონის იმპერატიული დათქმა გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობაზე, განპირობებულია მართლმსაჯულების ერთ-ერთი ძირითადი მიზნით, დაარწმუნოს მხარეები დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტაში და ამავდროულად გადაწყვეტილების დასაბუთებით რეალიზებულია საზოგადოების უფლება, იცოდეს, თუ რა გადაწყვეტილებები გამოაქვთ მათი სახელით და რა არის მათი საფუძველი.
1.7. აქვე უნდა აღინიშნოს, კანონითვე გათვალისწინებული გამონაკლისი, როდესაც გადაწყვეტილება შეიძლება გამოტანილ იქნეს მისი რომელიმე ნაწილის გარეშეც (სსკ-ის 234-ე, 250-ე, 2571), თუმცა, ამ შემთხვევებშიც სარეზოლუციო ნაწილის კანონით დადგენილი წესით არსებობა აუცილებელია. ამ თვალსაზრისით საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საპროცესო კანონმდებლობა უშვებს რა არასრულყოფილი გადაწყვეტილების ნაკლის გამოსწორების შესაძლებლობასაც გადაწყვეტილების განმარტების, უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის გზით (სსკ-ის 260-ე-262-ე მუხლები), ამავე დანაწესებით იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების ნაკლის გასწორებას სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი შედეგის შეუცვლელად (პრაქტიკის თვალსაზრისით მრავალთა შორის იხ. სუსგ-ებები: №ას-710-1011-09, 7 სექტემბერი, 2009 წელი; №ას-797-750-2012, 4 ივნისი, 2012 წელი; 1054-994-2015, 22 იანვარი, 2016 წელი).
1.8. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის წარმატებულობა დაუკავშირა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მოითხოვდა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად აღიარებას, ხოლო, საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ იგი „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსარგებლე იყო, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.1 და 248-ე მუხლების მოთხოვნები, რადგანაც მხარეს მიაკუთვნა ის, რასაც ის არ მოითხოვდა. საკასაციო პალატა ხაზგასმით უარყოფს ხსენებულ დასკვნას და აღნიშნავს, რომ კანონის ზემოხსენებული დანაწესები ვრცელდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილ უფლებაზე, ვინაიდან სამოტივაციო ნაწილით ამა თუ იმ გარემოების დადგენა არააღსრულებადია და პირის უფლების დარღვევას ვერ გამოიწვევს.
1.9. გადაწყვეტილების ფარგლებსა და მის იურიდიულ ძალაზე მსჯელობისას, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის დისპოზიციაზეც, ხსენებული ნორმის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც, თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. ერთი შეხედვით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გასაჩივრების აკრძალვამ შეიძლება მხარის უფლებების დარღვევა გამოიწვიოს სამომავლო დავაში, რადგანაც სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი შესაძლოა მის წინააღმდეგ მოქმედებდეს და ფაქტის პრეიუდიციულობიდან გამომდინარე, მას წაერთვას მტკიცების საშუალება, თუმცა, ეს ასე არ არის. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციული მნიშვნელობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურსამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე, ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოების შინაარსს.
1.10. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭებისას უნდა შეფასდეს თავად ამ გადაწყვეტილების ფარგლებში სასარჩელო მიოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა, რომლის აღწერილობით ნაწილში გადმოცემულია ნორმით განსაზღვრული შედეგის განმაპირობებელი აბსტრაქტული ელემენტები და ამ ელემენტების შესაბამისად, სარჩელის წარმატებას განაპირობებს ის, დადგინდა თუ არა ნორმის წინაპირობები. თუკი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სასამართლო გასცდება ნორმის შემადგენლობას და დაადგენს იმგვარ ფაქტობრო გარემოებას, რომელსაც სამართლებრივი შედეგისათვის მნიშვნელობა არ აქვს, ბუნებრივია, არც ამ და არც სხვა პროცესში ამგვარ ფაქტს სამართლებრივი ძალა არ მიენიჭება და სხვა, ახალი დავის წამოწყების შემთხვევაში, ის მტკიცების საგანში შემავალი გარემოება იქნება.
1.11. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელე მოითხოვდა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად აღიარებას. სარჩელში გადმოცემული ფაქტების გათვალისწინებით, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, მოსარგებლე, რომელმაც მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადო წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება და რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს, უფლებამოსილია, სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა (ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სარჩელი). მოცემული ნორმის მიზნებისათვის უნდა დგინდებოდეს ამავე კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარჩელის მიერ ნივთის მფლობელობა, სადგომის მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება და 30 წლის განმავლობაში დავის საგნის უწყვეტად ფლობა, ყველა სხვა ფაქტი, რომელსაც ამ მოთხოვნის ფარგლებში დაადგენს სასამართლო, სამართლებრივი ძალის არმქონეა და ამგვარ ფაქტებს არ შეიძლება, სამართლებრივი მნიშვნელობა მიენიჭოს. ამგვარად, პირველი ინსტანციის სასამართლომ უარყო რა სარჩელი, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დაადგინა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლიობისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოსარგებლეობის ფაქტი, რაც დამოუკიდებლად სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას არ აძლევს იმ მხარეს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
1.12. პალატა დამატებით შენიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, კონვენციის მე-6 მუხლი ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (იხ. მაგ: Hornsby v.Greece).
2. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები, ამასთან, რადგანაც არ იკვეთება საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები, საკასაციო სასამართლო, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად (საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები), უფლებამოსილია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება: ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის სუბიექტს არ წარმოადგენდა მოპასუხე (რომლის სასარგებლოდაც გამოიტანა პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება), ხოლო სააპელაციო საჩივრის საფუძველი არ შეიძლება იყოს გადაწყვეტილების აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილი, პალატა მიიჩნევს, რომ ო. ხ–ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.
3. პროცესის ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, ამასთანავე, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს პროცესის სხვა ხარჯების მხარეთა შორის განაწილების შესახებ შუამდგომლობას, რის გამოც, პალატა არ ხელმძღვანელობს ამავე კოდექსის 53-ე მუხლით, თუმცა საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რა საკასაციო საჩივარი და მოწინააღმდეგე მხარის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი იმ თანხის ანაზღაურება, რომლისგანაც გათავისუფლებულია მოსარჩელე, უნდა დაეკისროს მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად აღიარების შესახებ სარჩელის ღირებულება, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, 4 000 ლარით განისაზღვრება, რაც, ამავე კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავას მაგისტრატი მოსამართლის განსჯადად აქცევს და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-2 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარით განსაზღვრის წინაპირობაა).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ნ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინება და ო. ხ–ის სააპელაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
3. ო. ხ–ს (პ/#0-...) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს 150 ლარის გადახდა.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი