საქმე №ას-963-2018 25 აპრილი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ფ.ბ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.კ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ.კ–ი (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი) და ფ.ბ–ი (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) 2011 წლის 19 თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი, 2012 წლის 14 ოქტომბერს დაბადებული ბ.ბ–ი (შემდეგში: არასრულწლოვანი) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 13, 14).
2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია. მოსარჩელე არასრუწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.
3. მოსარჩელე არ არის დასაქმებული და არ აქვს შემოსავალი.
4. მოპასუხის კმაყოფაზე, გარდა არასრუწლოვანი შვილისა, სხვა პირი არ იმყოფება. მოპასუხე შვილის ჯანმრთელობის დაზღვევის უზრუნველყოფაში იღებს მონაწილეობას.
5. მოპასუხე შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს მე-3 განყოფილების უმცროსი ინსპექტორია და მისი დარიცხული ხელფასი 798 ლარია (იხ. ტ. 1, ს.ფ. 57).
6. ა.ბ–მა (შემდეგში: მოპასუხის მამა) 2014 წლის 13 თებერვალს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით ი.ბ–ს, ქ. თბილისი, ...... მდებარე უძრავი ქონება 22 000 აშშ დოლარად მიჰყიდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 73-74).
7. დ.ჯ–ამ 2014 წლის 19 თებერვალს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით მოპასუხეს, ქ. თბილისი, ..... (ს/კ ......) მდებარე უძრავი ქონება (შემდეგში: სადავო უძრავი ქონება) 15 500 აშშ დოლარად მიჰყიდა. სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ მოპასუხეა რეგისტრირებული (იხ. ტ. 1, ს.ფ. 76-77, 15).
8. მოპასუხის მფლობელობაში არსებულ ანგარიშზე 2014 წლის 1 თებერვლიდან 2017 წლის 24 აპრილამდე თანხის მიმოქცევა შემდეგი სახით დაფიქსირდა: 2014 წლის 13 თებერვალს ანაბრის გახსნა - კრედიტი 20 600 აშშ დოლარი; 2014 წლის 19 თებერვალს თანხის გატანა - 15 500 აშშ დოლარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 75).
9. მოპასუხეს 2014 წლის 19 თებერვალს სადავო უძრავი ნივთის შესაძენად განსაზღვრული ნასყიდობის თანხა - 15 500 აშშ დოლარი, საჩუქრის სახით, მამამ გადასცა.
10. სარჩელის საფუძვლები
10.1. მოსარჩელემ 2017 წლის 10 მარტს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, ქორწინების შეწყვეტის, ალიმენტის დაკისრებისა და ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფის მოთხოვნით.
10.2. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-9 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა და აღნიშნა, რომ მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობენ, ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, მამა კი ვალდებულია, არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდაში მონაწილეობა მიიღოს. ამასთან, ქორწინების განმავლობაში შეძენილი სადავო უძრავი ქონების ½ მოსარჩელეს ეკუთვნის, როგორც წილი მეუღლეთა თანასაკუთრებიდან.
11. მოპასუხის შესაგებელი
11.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების ნაწილში და მოსარჩელესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას დაეთანხმა.
11.2. მოპასუხე დაეთანხმა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 80 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნას, ხოლო ერთჯერადად 1 000 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნა არ ცნო.
11.3. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი ქორწინების პერიოდში შეძენილ სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის თანამესაკუთრედ აღიარების შესახებ და მიუთითა, რომ სადავო უძრავი ნივთი შეძენილ იქნა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, მაგრამ არა მეუღლეთა ერთობლივი სახსრებითა და ძალებით. მეუღლეთა ოჯახში არსებული მუდმივი კონფლიქტის აღმოფხვრის მიზნით, რაც გამოწვეული იყო მოსარჩელის პრეტენზიით დედასთან ახლოს საცხოვრებელი სახლი ჰქონოდა. მოპასუხის მამამ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გაასხვისა და მისივე სურვილის შესაბამისად, გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა საჩუქრად გადასცა მოპასუხეს. მოპასუხემ საჩუქრის სახით გადაცემული თანხით, შეიძინა სადავო უძრავი ნივთი და საკუთრების უფლებით აღრიცხა თავის სახელზე. მოპასუხის მამის მიერ შვილისათვის გადაცემული თანხა მისი ინდივიდუალური ქონებაა, შესაბამისად, ხსენებული თანხით შეძენილ ნივთზე არ უნდა გავრცელდეს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
12.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
12.1.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2011 წლის 19 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;
12.1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის, ალიმენტის სახით, 200 ლარის გადახდა, სარჩელის შეტანიდან, 2017 წლის 10 მარტიდან, ყოვეთვიურად, მის სრულწლოვანებამდე ან გარემოებების შეცვლამდე დაეკისრა;
12.1.3. სადავო უძრავი ქონების ½ წილის მოსარჩელისათვის მიკუთვნების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
12.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3, მე-18, 27-ე მუხლებით, „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1122-ე, 1106-ე, 1127-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1198-ე, 1234-ე, 1151-ე, 1152-ე, 1158-ე, 1159-ე, 1161-ე, 1164-ე, 1168-ე, 173-ე, 477-ე, 183-ე, 1163-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
13. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
13.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით, სადავო უძრავი ქონების გაყოფის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავო უძრავი ქონების გაყოფის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მოსარჩელე მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ იქნა ცნობილი.
14.2. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული შეფასება იმის შესახებ, რომ მოპასუხის მამის მიერ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხა მოპასუხეს საჩუქრის სახით გადაეცა და შესაბამისად, მისი ინდივიდუალური საკუთრებაა, არ გაიზიარა. სააპელაციო სასამართლომ ამ განჩინების 6-8 პუნქტებში დასახელებული გარემოებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ 2014 წლის 19 თებერვალს დაბა წყნეთში მდებარე სადავო უძრავი ქონება მამის მიერ გადაცემული თანხით შეიძინა.
14.3. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 524-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ ქორწინების პერიოდში (2014 წლის 19 თებერვალს) ერთ-ერთი მეუღლის სახელზე გახსნილ ანაბარზე თანხის განთავსება ამ თანხას აქცევს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა ერთ-ერთმა მეუღლემ მიიღო საჩუქრის სახით. ფულის, როგორც გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული ნივთის, ჩუქება ოჯახის ერთ-ერთი წევრისთვის და შემდგომ ოჯახის მიერ ამ თანხით უძრავი ქონების შეძენა ემსახურებოდა საერთო საოჯახო მიზნებს და დამსაჩუქრებლის მიერაც ფულის ჩუქება სწორედ მიმართული იყო ოჯახის კეთილდღეობისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამსაჩუქრებელი შეიძენდა უძრავ ქონებას, ინდივიდუალურად განსაზღვრულ ნივთს და მას აჩუქებდა დასაჩუქრებულს.
14.4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მათ თანასაკუთრებას წარმოადგენს. მეუღლეებს აქვთ ამ ქონებით სარგებლობის, მისი ფლობისა და განკარგვის თანაბარი უფლება. მეუღლეებს თანაბარი უფლებები აქვთ ქონებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო მეურნეობას, უვლიდა შვილებს ან, სხვა საპატიო მიზეზის გამო, არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავლი. თითოეული მეუღლის პირად საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ჩუქების ან მემკვიდრეობის წესით მიღებული ქონება. მეუღლეთა პირად საკუთრებად ითვლება აგრეთვე, პირადი მოხმარების ნივთები (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ა. შ), თუნდაც ისინი შეძენილი იყოს ქორწინებაში ყოფნის დროს მეუღლეთა საერთო სახსრებით, გარდა ძვირფასეულობისა. თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება, ცნობილი იქნეს მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებად, თუ დადგენილი იქნება, რომ ქორწინების განმავლობაში დახარჯული თანხების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშველოვნად გადიდდა (კაპიტალური რემონტი, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვ). მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება გულისხმობს ქორწინების პერიოდში შეძენილ ყოველგვარ ქონებას (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით. მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებას განეკუთვნება ხელფასი და სხვა ფულადი შემოსავლები, მიუხედავად იმისა, თუ ვის სახელზეა რიცხული. მეუღლეთა საერთო ქონება არის ქონება, რომელიც მეუღლეებმა ერთობლივად შეიძინეს. შეძენაში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება მხოლოდ ფულადი თანხის გადახდა, არამედ ორივე მეუღლის ნება მიმართულია ქონების მათ საკუთრებაში გადასვლაზე. ამდენად, უძრავი ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევის საკითხის დადგენისას განმსაზღვრელია უძრავი ქონების მეუღლეების მიერ ერთობლივად, რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში საერთო სახსრებით შეძენის ფაქტი.
14.5. სააპელაციო სასამართლომ მეუღლეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპიდან (სსკ-ის 1152-ე მუხლი), საოჯახო საკითხების ერთობლივად გადაწყვეტის უფლებიდან (სსკ-ის 1155-ე მუხლი), თანასაკუთრებაში არსებული ქონების ურთიერთშეთანხმებით მართვისა და განკარგვის უფლება-მოვალეობებიდან (სსკ-ის 1159-ე და 1160-ე მუხლები) გამომდინარე განმარტა, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ ძვირად ღირებული საჩუქარი, რომელიც, თავისი დანიშნულებით, არ წარმოადგენს ინდივიდუალური მოხმარების ნივთს, წარმოადგენს ოჯახისთვის გაკეთებულ საჩუქარს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლისთვის არის იგი გადაცემული. აღნიშნულის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც სადავოს ხდის ამ გარემოებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ფულადი თანხა წარმოადგენდა პირადად მოპასუხის საჩუქარს, ეკისრებოდა მოპასუხეს რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაადასტურა მითითებული ფაქტობრივი გარემოება. სსკ-ის 1164-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეულის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
15. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
15.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება, მისი გაუქმებისა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების მოთხოვნით.
15.2. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლება ნივთი ნაჩუქრად, თუ დამსაჩუქრებელი შეიძენს კონკრეტულ უძრავ ქონებას, ინდივიდუალურად განსაზღვრულ ნივთს და შემდგომში კი აჩუქებს დასაჩუქრებულს. განსახილველ შემთხვევაში საკითხი თანხის ჩუქებას ეხება, რომელიც თავისივე ნებითა და სურვილით გამოიყენა მოპასუხემ და სასამართლომ უსამართლოდ მიიჩნია იგი თანასაკუთრების ობიექტად.
15.3. კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებისას მხოლოდ პროცესუალური ნორმებითა და დოქტრინული ჩანაწერებით შემოიფარგლა, განსხვავებით მასზე იერარქიულად ქვემდგომი სასამართლოსგან, რომელსაც აბსოლუტურად ჯეროვნად აქვს დასაბუთებული მიღებული გადაწყვეტილება.
15.4. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის ძალით საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება, აღნიშნული მუხლის არსებობა დაავიწყდა სასამართლოს და შესაბამისად არც გამოუყენებია. კასატორის მითითებით, ყურადღების მიღმაა ასევე დარჩენილი სსკ-ის 1151-ე, 1152-ე, 1158-ე, 1159-ე, 1161-ე და 1164-ე მუხლების არსებობა.
16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
16.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
16.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და მათი ერთობლივად შეჯერების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
17. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
18. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხის მიერ 2014 წლის 19 თებერვალს შეძენილი სადავო უძრავი ქონების ½ წილზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების მართლზომიერება.
19. კასატორი თავის პრეტენზიას იმ გარემოებაზე აფუძნებს, რომ სადავო უძრავი ქონება პირადად მისთვის ნაჩუქარი ფულით იყიდა, რის გამოც ქონება მისი ინდივიდუალური საკუთრებაა და არა მეუღლეთა თანასაკუთრება, მიუხედავად იმისა, რომ ქონება ქორწინების პერიოდში იქნა შეძენილი (სსკ-ის 1161-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი).
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. აღნიშნული დანაწესი რეგულირდება სსკ-ის 1161-ე-1162-ე მუხლებით. თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი (შდრ. #ას-7-7-2016, 16.03.2016 წ., #ას-1169-1089-2017, 24.11.2017 წ.).
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაში მოსარჩელის მოთხოვნა - მეუღლეთა ქონების თანასაკუთრებად გადაქცევა - სსკ-ის 1158-ე /მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი/ და 1164-ე /მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება დაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ/ მუხლებს ემყარება.
22. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სადავო უძრავი ქონება მოპასუხემ მამის ნაჩუქარი ფულით შეიძინა, იგი მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებად ვერ იქნება მიჩნეული. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიერ საჩუქრად მიღებული ნივთის საკუთრების ფორმის (ინდივიდუალური თუ საერთო) განსაზღვრისათვის, არსებითი მნიშვნელობისაა, დადგინდეს მჩუქებლის ნება. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მამის ნება მოპასუხის ოჯახის კეთილდღეობისათვის ზრუნვისაკენ იყო მიმართული და ოჯახის საერთო მიზნებს ემსახურებოდა, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ სადავო უძრავ ქონებაში მოპასუხე თავის მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა. კასატორი თავად ადასტურებს, რომ სადავო სახლის ადგილმდებარეობა მოსარჩელის სურვილით შეირჩა, დედის სახლთან ახლოს (იხ. ამ განჩინების 11.3 ქვეპუნქტი). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საცხოვრებელი სახლი, რომელიც კასატორმა, ქორწინების განმავლობაში, მამის ნაჩუქარი ფულით შეიძინა, მთლიანი ოჯახისათვის იყო განკუთვნილი და როგორც საჩუქარი, მოკლებული იყო ინდივიდუალური მოხმარების ხასიათს (შდრ. ძლიერიშვილი ზ., ჩუქება და სამისდღეშიო რჩენა, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2018 წ., გვ: 306).
23. საკასაციო სასამართლო, ზემოთ მოხმობილი სამართლებრივი ნორმებისა და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ქორწინების პერიოდში მოპასუხის მიერ შეძენილ სადავო უძრავ ქონებაზე მისი, როგორც მეუღლის, თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე დასაბუთებულია და სააპელაციო სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა, რომ აპელანტის მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო. კასატორი, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ, მასზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს თავს ვერ ართმევს და ვერ ასაბუთებს, რომ სახლი, რომელიც ქორწინების პერიოდში შეიძინა და მასში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, მისი ინდივიდუალური საკუთრებაა (სსსკ-ის 102-ე მუხლი).
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
25. საკასაციო სასამართლო საქმის არსებითი განხილვის ეტაპზეც ვერ დარწმუნდა მოპასუხის საკასაციო პრეტენზიების დასაბუთებულობაში, რაც საკასაციო საჩივრის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
26. საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო არ არსებობს, სსსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული, სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების წინაპირობა. შესაბამისად, კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, გადახდა უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფ.ბ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;
3. ფ.ბ–ს (პ/ნ ......) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით (საქმე № ას-963-2018) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 949,35 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე