Facebook Twitter

25 აპრილი, 2019 წელი,

საქმე №ას-84-2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.თ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ი.ბ.ა. „ს.“ (თავმჯდომარე ს.ფ.); გ.კ–ძე (მოპასუხეები)

II საკასაციო საჩივრის ავტორი - ი.ბ.ა. „ს.“ (თავმჯდომარე ს.ფ.)

მოწინააღმდეგე მხარე - ა.თ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება

I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაცია

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა.თ–ასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან პირველი კასატორი) და ინდივიდუალურ ბინათმშენებლობა ამხანაგობა „ს–ოს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მეორე კასატორი ან ამხანაგობა) შორის 2013 წლის 25 ოქტომბერს უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ბათუმი, ...... ს/კ-ით ...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება, უძრავი ნივთი, საცხოვრებელი ბინა ან იპოთეკის საგანი), დაიდო წერილობითი შეთანხმება, რომელიც დასათაურებული იყო, როგორც „ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით“, რომლის საფუძველზეც, აღნიშნული ქონება მოსარჩელემ, ამხანაგობას 27 000 აშშ დოლარად მიჰყიდა, ხოლო ამ ქონების გამოსყიდვის უფლება 3 თვით - 2014 წლის 25 იანვრის ჩათვლით განისაზღვრა.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), გ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან უძრავი ქონების ამჟამინდელი მესაკუთრე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება; საცხოვრებელი ბინა მეორე მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა და მოსარჩელის სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა, ამხანაგობის მიერ აღებული სესხის - 27 000 აშშ დოლარის უზრუნველყოფის მიზნით.

3. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სინამდვილეში, მოსარჩელესა და ამხანაგობას შორის დაიდო არა ნასყიდობის, არამედ სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს სესხის სახით გადასცა 25000 აშშ დოლარი, რომელიც ამ უკანასკნელს სამი თვის შემდეგ 4%-იანი სარგებლით (28 000 აშშ დოლარი) უკან უნდა დაებრუნებინა. სესხის უზრუნველსაყოფად უძრავი ქონება მოსარჩელის სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა.

4. ამხანაგობამ ერთი თვის სარგებელი - 1000 აშშ დოლარი, მოსარჩელეს წინასწარ გადაუხადა.

5. ამხანაგობას მოსარჩელის მიმართ გააჩნია სესხის ძირითადი თანხის დავალიანება - 25 000 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტი - 2000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული თანხები, ამხანაგობას მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებია.

6. სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ პროცენტის გადახდაზე მხარეები არ შეთანხმებულან.

7. 2017 წლის 24 იანვარს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა:

7.1. სესხის ძირითადი თანხის - 25 000 აშშ დოლარისა და 2014 წლის 25 ოქტომბრიდან 2017 წლის 25 იანვრამდე განვლილი პერიოდისათვის სარგებლის თანხის - 39 000 აშშ დოლარის, ხოლო 2017 წლის 25 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად, ძირითადი თანხის - 25 000 აშშ დოლარის 4%-ის, ანუ 1000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება;

7.2. თანხის ამოღების მიზნით იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

7.3. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მას არ გადაუხდია სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი, შესაბამისად, ის ვალდებული იყო, აღნიშნული თანხები მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა.

8. ამხანაგობამ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ - 27 000 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში ცნო, ხოლო დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სესხის ხელშეკრულება დადებული იყო 3 თვით, შესაბამისად, მოპასუხისათვის 39 თვის პროცენტის დაკისრება არასამართლიანი იყო.

9. მეორე მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე და პირველი მოპასუხე 2014 წლის 25 იანვრის შემდეგ პროცენტის გადახდაზე არ შეთანხმებულან.

10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ამხანაგობას, მოსარჩელის სასარგებლოდ, 27 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, საიდანაც 25 000 აშშ დოლარი სესხის ძირითადი თანხაა, ხოლო 2 000 აშშ დოლარი - ორი თვის სარგებელი. მოსარჩელეს, 2014 წლის 25 ოქტომბრიდან 2017 წლის 25 იანვრამდე განვლილი პერიოდისათვის სარგებლის - 39 000 აშშ დოლარის დაკისრებაზე, ასევე, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის - 25 000 აშშ დოლარის 4%-ის - 1 000 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარი ეთქვა. ამხანაგობისათვის დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, დადგინდა მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონზე იძულებითი რეალიზაცია. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 42.1, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 50-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 623-ე, 625-ე, 361.2, 427-ე, მე-400, 411-ე, 412-ე მუხლები გამოიყენა.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ამხანაგობისათვის 2015 წლის 25 ოქტომბრიდან, 2017 წლის 25 იანვრამდე 19 500 აშშ დოლარის, ხოლო 2017 წლის 25 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 500 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ამხანაგობისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ამხანაგობას, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 25 000 აშშ დოლარის ყოველწლიური 8%, 2016 წლის 21 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მასვე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, იურიდიული მომსახურების ხარჯი 600 ლარი და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 1029 ლარი.

12.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სესხის ხელშეკრულების დადებისა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მოპასუხის მხრიდან დარღვევის ფაქტი. პალატის განმარტებით, მსყიდველუნარიანობის მაღალი ხარისხი ფულს ყველა შემთხვევაში ანიჭებს სარგებლის მოტანის უნარს, იგი ყოველთვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს, მას შეუძლია მესაკუთრეს გარკვეული ოდენობის შემოსავალი შესძინოს პროცენტის სახით. ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება ფულის დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანის მიყენების ფაქტისა და არც ოდენობის დადგენას. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიუღებელი შემოსავალი განსაზღვრა ძირითადი თანხის ყოველწლიური 8 პროცენტით, რაც პირველ მოპასუხეს დააკისრა სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიღებიდან (2016 წლის 21 სექტემბერი) მის აღსრულებამდე.

13. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და ამხანაგობამ. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, პირველი მოპასუხისათვის სესხის - 25 000 აშშ დოლარის ყოველწლიური 8 %-ის გადახდა არა 2016 წლის 21 სექტემბრიდან, არამედ 2014 წლის 25 იანვრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოითხოვა, ხოლო ამხანაგობამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და მიუღებელი შემოსავლის ნაწილში, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

13.1. მოსარჩელის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს შემდეგში: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ამხანაგობამ ვალდებულების შესრულების ვადას გადააცილა 2014 წლის 25 იანვრიდან, შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდიდან უნდა დაჰკისრებოდა პირველ მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

13.2. ამხანაგობის მტკიცებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ პროცენტის გადახდაზე მხარეთა შორის შეთანხმება არ არსებობდა. ამასთან, მოსარჩელე სარჩელით მოითხოვდა მხოლოდ პროცენტს და არა მიუღებელ შემოსავალს, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და მოსარჩელეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრისა და 21 თებერვლის განჩინებებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

16.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16.2. განსახილველ შემთხვევაში, სესხის, სარგებლის, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი), 286.1 (უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა), 404-ე (კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლები.

16.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ამხანაგობამ ბრალეულად გადააცილა სესხის დაბრუნების ვადას. შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია შესრულებასთან ერთად ვადაგადაცილების ზიანიც მოითხოვოს.

16.4. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ფულის განსაკუთრებულ თვისებასთან დაკავშირებით, მის მფლობელს მოუტანოს შემოსავალი და განმარტავს, რომ სყიდვითი უნარიანობის მაღალი ხარისხით, ფულს ყველა შემთხვევაში, ანიჭებს სარგებლის მოტანის უნარს. ფული ყოველთვის შემოსავლის წყაროა, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამგვარად, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტისა და არც მისი ოდენობის დადგენას (შდრ. სუსგ №ას-992-950-2013, 04.03. 2014).

17. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სესხის ძირითადი თანხის წლიური 8% წარმოადგენს იმ მიუღებელ შემოსავალს, რომელსაც მოსარჩელე ამ თანხის საბანკო ანაბარზე განთავსებით უპრობლემოდ მიიღებდა, შესაბამისად, პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის ნაწილშიც.

18. პალატა არ იზიარებს პირველი კასატორის პრეტენზიას, რომ ყოველწლიური სარგებლის გადახდა (მიუღებელი შემოსავალი) მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა 2014 წლის 25 იანვრიდან, გამომდინარე იქიდან, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგების ნამდვილი სამართლებრივი ბუნება (რომ გარიგება იყო სესხი და არა ნასყიდობა), საბოლოოდ დადგინდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. შესაბამისად, სესხის დროულად დაუბრუნებლობით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანის შესახებ სწორედ ამ პერიოდიდან გახდა ცნობილი მხარისათვის (შდრ. სუსგ №160-150-2017, 26.10.2018).

ამდენად, მართალია, თავად გარიგება გამოსყიდვის უფლებით მხარეთა შორის 2014 წელს დაიდო, თუმცა აღნიშნული გარიგება სინამდვილეში სესხს რომ წარმოადგენდა, მხოლოდ 2016 წლის სექტემბერში დადგინდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მიუღებელი შემოსავლის მიღების უფლება, მოსარჩელეს სწორედ 2016 წლის სექტემბრიდან და არა 2014 წლიდან წარმოეშვა.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

20. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში რჩება საკასაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის 30%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან პირველი კასატორის (მოსარჩელის) საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 490 ლარი.

საკასაციო პალატის 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით მეორე კასატორს (პირველ მოპასუხეს) გადაუვადდა რა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო, წინამდებარე განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული მისი საკასაციო საჩივარი, პალატა თვლის, რომ მას ბიუჯეტის სასარგებლოდ გადავადებული ბაჟის 30%-ის გადახდა უნდა დაეკისროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.თ–ასა და ი.ბ.ა. „ს–ოს“ (თავმჯდომარე ს.ფ.) საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა.თ–ას (პ/ნ ....) დაუბრუნდეს დ.მ–ძის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 700 ლარის (საგადასახადო დავალება #1, გადახდის თარიღი 08.02.2019წ.) 70% - 490 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. ი.ბ.ა. „ს–ოს“ (ს/კ .....) (თავმჯდომარე ს.ფ.) (პ/ნ ......) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 233.33 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 30 ლარის 30%-ის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, "სახელმწიფო ხაზინა" ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი