Facebook Twitter

25 აპრილი, 2019 წელი,

საქმე №ას-95-2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჩ.რ. 23–ე ბ.ჯ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - დ.ნ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მდებარე 408 კვ.მ ფართის უძრავი ნივთი (რომელზეც ორი შენობა-ნაგებობაა განთავსებული) ს/კ-ით ...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან მოსარჩელის საკუთრება) დ.ნ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) საკუთრებას წარმოადგენს (იხ. ს.ფ.15-17).

2. შპს „ჩ.რ. 23–ე ბ.ჯ.“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან კომპანია) სოფელ ..... სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას აწარმოებდა, რისთვისაც მიწისქვეშა აფეთქებებს იყენებდა.

3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) 2017 წლის 20 იანვრის დასკვნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპერტიზის დასკვნა) თანახმად, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ..... მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობაზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია სარკინიგზო მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებითა და ასევე ასაკობრივი ცვეთით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები II-III ხარისხისაა. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობების შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საცხოვრებლად დროებით უვარგისია. სახლზე შემდგომი ექსპლუატაციისთვის საჭიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება, შესაბამისად, დამუშავებული პროექტის მიხედვით, აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება ასევე, შენობის უკან მდებარე საყრდენ კედელზეც არის საჭირო.

ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობაზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებითა და ტექნიკური მოუვლელობით. ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტის მიერ ვრცლადაა აღწერილი წარმოქმნილი ბზარების ხასიათი და მიმართულებები, რამაც ექსპერტს მათი წარმოქმნის მიზეზებზე წარმოდგენა შეუქმნა.

4. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, დაზიანებული უძრავი ნივთის აღდგენას 38 232.14 ლარი ესაჭიროება (იხ. ს.ფ. 45-60).

5. 2018 წლის 16 მაისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, ზიანის - 38232.14 ლარის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში აღწერილ ფაქტებზე მითითებით განმარტა, რომ მოპასუხე აწარმოებდა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას სოფელ ....., რა დროსაც, მის მიერ განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების დაზიანება, რითაც მას ქონებრივი ზიანი მიადგა.

6. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, ვინაიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანებაში მას ბრალი არ მიუძღოდა. ამასთან, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული ხარჯები არ გამომდინარეობდა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნიდან.

7. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 20 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 992-ე, 316-ე, 317-ე და 361-ე მუხლები გამოიყენა.

8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე მიყენებული ზიანი ნაწილობრივ მოპასუხის ქმედებებითაც იყო გამოწვეული. ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებდა ზიანის გამომწვევ კუმულატიურ მიზეზებზე, სახელდობრ, დაზიანებები გამოწვეულია უძრავი ქონების ტექნიკური მოუვლელობითა და მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვების შედეგად. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა შერეულ ბრალს;

9.2. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, თითოეული მხარის მიერ მიყენებული ზიანის პროცენტულობის დათვლა ვერ ხერხდებოდა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოთხოვნილი ზიანის ოდენობა მოსარჩელესა და მოპასუხეზე თანაბრად გაანაწილა.

10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :

10.1. კასატორის მტკიცებით, მოპასუხის მიერ განხორციელებულ აფეთქებით სამუშაოებს ბრალი არ მიუძღვის მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელი სახლზე არსებული დაზიანების წარმოქმნაში;

10.2. მოსარჩელის სახლი მდებარეობს ფეთქებად საშიში ზონის გარეთ, აფეთქებები წარმოებდა ნორმის ფარგლებში და სადავო ქონების მიმართ დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი, არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, დაზიანებები არ წარმოშობილა აფეთქებების შედეგად;

10.3. ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც სასამართლო დაეყრდნო, დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდებზე და შესაბამისად, ის დაუსაბუთებელია.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

13.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

14.1. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მის მიერ განხორციელებულ აფეთქებით სამუშაოებს არ გამოუწვევია მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება, შესაბამისად, კასატორი სადავოდ ხდის მიზეზობრივ კავშირს მის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - მოსარჩელის უძრავი ქონების დაზიანებას შორის.

14.2. სსკ-ის 992-ე მუხლის მიხედვით, განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (შდრ. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018).

14.3. მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილ პირველ შენობაზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია სარკინიგზო მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებითა და ასევე ასაკობრივი ცვეთით, ხოლო მეორე შენობაზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებითა და ტექნიკური მოუვლელობით. აღნიშნულის საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულება, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

14.4. სსკ-ის 415-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ დამდგარი ზიანი, ნაწილობრივ, მოპასუხის ქმედებით იყო გამოწვეული, შესაბამისად, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც სახეზეა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არამართლზომიერ ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და თვლის, რომ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის სახით - 20 000 ლარის ანაზღაურება მართებულად დაეკისრა.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: №ას-280-280-2018, 18.07.2018; №ას-189-189-2018, 23.03.2018).

17. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 700 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ჩ.რ. 23–ე ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ჩ.რ. 23–ე ბ.ჯ–ს“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1000 ლარის (საგადახდო დავალება #382, გადახდის (წარდგენის) თარიღი 06.01.2019წ, მიღების თარიღი 08.01.2019წ.) 70% - 700 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. შპს „ჩ.რ. 23–ე ბ.ჯ–ს“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1000 ლარი (საგადახდო დავალება #384, გადახდის (წარდგენის) თარიღი 06.01.2019წ, მიღების თარიღი 08.01.2019წ.) სრულად შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი