Facebook Twitter

¹ ბს-17-1(ა-06) 17 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, ამავე კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსკ-ის 424-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. ყ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა გ. ყ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 აპრილის განჩინებაზე, სააღსრულებო წარმოების უკანონოდ ცნობის თაობაზე. საკასაციო სასამართლოს 2005წ. 16 ნოემბრის განჩინებით გ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 აპრილის განჩინება.

2006წ. 5 იანვარს გ. ყ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებელი განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2003წ. 17 ივლისს შეიტანა სასარჩელო განცხადებები ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში სააღსრულებო წარმოების ¹01/02-01. 3/79 და ¹01/03-04 5119-ის უკანონოდ ცნობის თაობაზე, რომლებიც გაერთიანდა ერთ წარმოებად.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 მაისის ¹... სააღსრულებო ფურცელი და უკანონოდ იქნა აღიარებული ¹01/03-04-5119 სააღსრულებო წარმოება, სარჩელი ნაგებობის საჯარო გაყიდვის 2002წ. 12 დეკემბრის აქტის ბათილად ცნობისა და მიყენებული ზიანის _ 51140 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო და საკასაციო წესით გაასაჩივრა განმცხადებელმა, რის შედეგადაც ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილება.

განმცხადებლის მითითებით, 2005წ. 28 დეკემბერს მისთვის ცნობილი გახდა, რომ სასამართლო აღმასრულებლი დ. დ-ი, რომელსაც დაევალა სააღსრულებო წარმოება ¹01/02. 01-3179, მას საერთოდ არ იცნობდა, მაშინ როცა კანონის “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ მე-18 მუხლის შესაბამისად, აღმასრულებელს პირადად უნდა განემარტა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებების და მოვალეობების შესახებ. განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნულს ადასტურებს თავად აღმასრულებელიც, რომელიც თანახმაა მისცეს ჩვენება სასამართლოს, რა დროსაც გამოვლინდება ისეთი გარემოებები, რომლებიც მანამდე არ იყო ცნობილი.

დ. დ-ის განცხადების საფუძველზე მისთვის ასევე გახდა ცნობილი, რომ ¹68 ბინის, მდებარე ... ¹8-სი შესაფასებლად აუდიტი არ მისულა. აღნიშნული შეტყობინებების შემდეგ მან გადაწყვიტა მოეძებნა დამოუკიდებელი აუდიტი, რომლებმაც 2002წ. 16 ოქტომბერს გასცა დასკვნა ბინის შეფასების შესახებ.

განმცხადებლის განმარტებით, მან მიმართა საგადასახადო ინსპექციას, საიდანაც მიაწოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერი, რისი მეშვეობითაც ცნობილი გახდა, რომ აუდიტი _ დ. ჭ-ი, არ ყოფილა ქ. თბილისში, ... ¹8 მდებარე ბ. ¹68-ში, ხოლო ბინის შეფასება მოახდინა ბინაში შეუსვლელად. რაც მიუთითებს იმაზე, რომ სააღსრულებო წარმოება ნამდვილად დაიწყო “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ კანონის უხეში დარღვევით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვდა სსკ-ის 423-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტისა და 425-427-ე მუხლების შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ყ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუU ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.

სსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები.

ამავე კოდექსის 424-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შეიტანება გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში იმ შემთხვევაშიც კი, თუ არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცლველად დატოვების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ იმ სასამართლოს განსჯადია, რომელმაც საქმის არსებითად განხილვისა და გადაწყვეტის შედეგად საქმეზე მიიღო გადაწყვეტლება. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული საქმე – გ. ყ-ის სარჩელი – არსებითად გადაწყვიტა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ, რომლის 2005წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 აპრილისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 16 ნოემბრის განჩინებებით. შესაბამისად, სსკ-ის 424-ე მუხლის შესაბამისად, გ. ყ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განხილულ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და სსკ-ის 425-ე მუხლსა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ყ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 26-ე მუხლების მე-2 ნაწილით, სსკ-ის 424-ე, 425-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ყ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების თაობაზე გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;