Facebook Twitter

საქმე № ას-342-2019 25 აპრილი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ.კ–ძე (განმცხადებელი)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ნ–ა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მაისის განჩინებით, ნ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც განმცხადებელი ან კერძო საჩივრის ავტორი) განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების, ამავე სასამართლოს 2015 წლის 6 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.

4. 2018 წლის 22 ნოემბერს, განმცხადებელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობა მოითხოვა, შემდეგი საფუძვლებით :

4.1. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის ერთ-ერთ მოსამართლეს, რომელმაც 2018 წლის 11 სექტემბერს კოლეგიური შემადგენლობით განიხილა მისი კერძო საჩივარი, ჯერ კიდევ, 2018 წლის აპრილში გაცემული ჰქონდა განმცხადებლის მოწინააღმდეგე მხარის - მ.ნ–ას სასარგებლოდ, კანონიერ ძალაში შესულ განჩინებაზე სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მოიხსნა უძრავ ქონებაზე არსებული ყადაღა;

4.2. სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, მოსამართლემ არ აცნობა არც განმცხადებელსა და არც უზენაეს სასამართლოს, სადაც ასევე იხილებოდა განმცხადებლის კერძო საჩივარი;

4.3. მოსამართლის ამ მოქმედებით დაირღვა განმცხადებლის უფლება, ჰქონოდა ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით. არაინფორმირებულობის გამო, განმცხადებელმა და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ფუჭი შრომა გასწიეს;

4.4. განჩინება გამოიტანა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის განჩინებით, განცხადება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმისწარმოების განახლების თაობაზე, უარყოფილ იქნა.

5.1. სააპელაციო პალატის დასკვნით, განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელს არ მიუთითებია და არც საქმის მასალებით დადასტურებულა რომელიმე საფუძვლის არსებობა, რაც კონკრეტული მოსამართლის (მოსამართლეთა) მიერ გადაწყვეტილების მიღებაში უკანონო მონაწილეობას დაადასტურებდა;

5.2. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ მხარის ინფორმირებულობის მოსამართლის მიერ კანონით დადგენილი საპროცესო მოქმედების განხორციელება - კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა, ვერ იქნებოდა სასამართლოს მოსამართლის (მოსამართლეთა) არაკანონიერ შემადგენლობად მიჩნევის საფუძველი, მით უფრო, როდესაც, სამოქალაქო პროცესი არ ითვალისწინებს ნორმას, რომელიც დაავალდებულებდა მოსამართლეს ან სასამართლოს შესაბამის მოხელეს სააღრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე მოვალისთვის ან სხვა რომელიმე პირისათვის ინფორმაციის მიწოდებას. ამდენად, პალატის მოსაზრებით, განცხადებაში მითითებული არგუმენტები არ ამართლებდა სსსკ-ის 422-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებს, რის გამოც, განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე, განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი განცხადების ხელახლა განხილვის მოთხოვნით. კერძო საჩივარში მითითებული გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ძირითადი საფუძვლები, წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში ასახული პრეტენზიების იდენტურია.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რადგანაც განმცხადებლის მოთხოვნას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.

8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი 2018 წლის 11 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობასა და საქმისწარმოების განახლებას ძირითადად იმ საფუძვლით მოითხოვდა, რომ ის, სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა, ამასთან, ხსენებული განჩინება სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ მიიღო, რაც მისი მოსაზრებით, წარმოადგენს სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს.

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილობის კანონისმიერი საფუძვლების კვლევისათვის უნდა შემოწმდეს გააჩნდა თუ არა საკასაციო სასამართლოს საქმის განმხილველ შემადგენლობას საქმის განხილვის კომპეტენცია განცხადებაში მითითებული საფუძვლებთან მიმართებით (შდრ. სუსგ №ა-2778-ბ-11-2015, 28.09.2015).

11. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

12. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.

13. სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში. აღნიშნული ნორმის დანაწესში მოიაზრება მოსამართლე (მოსამართლეები), რომელსაც გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, მაგალითად, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით: ა) მონაწილეობდა ამ საქმის განხილვაში (ამ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში); ბ) რომელსაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განუცხადეს აცილება და ეს აცილება მიიღო სასამართლომ; გ) რომელიც დროებით ჩამოცილებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან; დ) რომელიც არ არის იმ კოლეგიური სასამართლოს შემადგენლობაში და იგი არ შეუყვანიათ ამ შემადგენლობაში კანონით დადგენილი წესით.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს უკანონო შემადგენლობის მიერ სადავო განჩინების მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება, საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

რაც შეეხება განმცხადებლის პრეტენზიას, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებით მხარის ინფორმირებულობის თაობაზე, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სსსკ არ ავალდებულებს მოსამართლეს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მოვალეს ან ნებისმიერ სხვა პირს. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განცხადებაში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის საფუძველს.

15. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტში, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX).

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. "ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ", # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი კერძო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია.

17. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნებს და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი