Facebook Twitter

საქმე №ა-4550-ა-12-2016 31 მაისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

განმცხადებელი - ლ.ს.

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ლ.

წარმომადგენელი - ნ.ა–ძე

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ.ლ–ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ლ.ს–ის (შემდეგში: მოპასუხე ან განმცხადებელი) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით, მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით გაასაჩივრა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით წარადგინა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

6. მოპასუხემ, 2016 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმება და საქმის წარმოების განახლება ითხოვა.

7. განმცხადებლის განმარტებით, 2016 წლის 22 დეკემბერს მისთვის ცნობილი გახდა (საქმის მასალების გაცნობისას), რომ მოსარჩელის წარმომადგენელი ადვოკატი ნ.ა–ძე (შემდეგში: მოსარჩელის წარმომადგენელი ან ადვოკატი) 2015 წლის პირველი აპრილიდან 2015 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით, მოცემულ საქმეზე მოქმედებდა, როგორც არაუფლებამოსილი პირი (წარმომადგენელი). კერძოდ, განმცხადებლის განმარტებით, 2015 წლის 15 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შესულ საკასაციო საჩივარს ხელს მოსარჩელის წარმომადგენელი აწერდა. იმ დროისათვის მოსარჩელის მიერ ადვოკატისათვის მინიჭებულ მინდობილობას მოქმედების ვადა უკვე ამოწურული ჰქონდა, შესაბამისად, საკასაციო საჩივარს ხელს არაუფლებამოსილი პირი აწერს. მიუხედავად ამისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 მაისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ არა საკასაციო სასამართლოს მიერ კანონის დარღვევით საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება, სასამართლო მოპასუხისათვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებას მიიღებდა. შესაბამისად, მოპასუხე მოითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი).

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 იანვრის განჩინებით მოპასუხის განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინებით მოპასუხის განცხადების არსებითი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის სხდომაზე გამოცხადებულმა განმცხადებელმა ამ განჩინების მე-7 პუნქტში ასახული ფაქტობრივ-სამართლებრივი მსჯელობა გაიმეორა, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მიერ გაცემულ მინდობილობას ვადა ჰქონდა გასული, მოსარჩელემ მისი წარმომადგენლის მოქმედება (სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლის ჩაბარება და საკასაციო საჩივრის წარდგენა) მოიწონა და ადვოკატს დაეთანხმა, რაც მოპასუხის განცხადების უსაფუძვლობას ადასტურებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული მტკიცებულების შესწავლის, მათი იურიდიული დასაბუთებულობის, ზეპირი მოსმენით განხილვისას, შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის განცხადება საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

12. ზემოხსენებული ნორმის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. სსსკ-ის 423-ე მუხლში მოცემულია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების საფუძვლები. მოხმობილი ნორმის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი საქმის განხილვისას სასამართლოში, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

13. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2015 წლის 15 აპრილს წარდგენილ საკასაციო საჩივარს მოსარჩელის წარმომადგენელი აწერდა ხელს (იხ. ტ. 2, ს/ფ 134-141). ადვოკატისათვის მოსარჩელის სახელით სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების მიმნიჭებელ მინდობილობას კი მოქმედების ვადა 2015 წლის 1 აპრილს ამოეწურა (იხ. ტ. 1, ს/ფ 76-77). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 მაისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის თანახმად დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად (იხ. ტ. 2, ს/ფ 145-146). ამავე სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი (იხ. ტ. 2, ს/ფ 169-182), ხოლო 2015 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (იხ. ტ. 2, ს/ფ 197-222).

14. მოპასუხემ 2016 წლის 28 დეკემბერს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, რომლის საფუძველიც წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტშია წარმოდგენილი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის არგუმენტი (იხ. განჩინების მე-7 პუნქტი) დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით, კერძოდ მინდობილობით, რომლის მოქმედების ვადა 2013 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 1 აპრილამდე იყო განსაზღვრული, ხოლო საკასაციო საჩივარი 2015 წლის 15 აპრილსაა წარდგენილი (იხ. ამ განჩინების მე-13 პუნქტი).

15. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტს ფართოდ განმარტავს და მიიჩნევს, რომ მხარეს არ ეკისრება ვალდებულება ფლობდეს ინფორმაციას მისი მოწინააღდეგე მხარის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების ვადის თაობაზე. ამგვარი ვალდებულება სასამართლოს აკისრია. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მხარეთა წარმომადგენლების უფლებამოსილების საკითხი. საკასაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ადვოკატის მიერ მოგვიანებით მინდობილობის წარდგენის ფაქტი და არ გაიზიარა მოსარჩელის, ამ განჩინების მე-10 პუნქტში ასახული პრეტენზია.

16. საკასაციო სასამართლო ერთმანეთისაგან გამიჯნავს წარმომადგენლის მიერ განხორციელებული მოქმედების (გარიგების) მატერიალურ- (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლი) და საპროცესოსამართლებრივ (სსსკ-ის 93-ე მუხლი) მნიშვნელობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით დასაშვებია, მარწმუნებელმა წარმომადგენლის მოქმედება (გარიგების მიღმა განხორციელებული) მოიწონოს, ხოლო საპროცესო სამართალში სპეციალური ნორმები მოქმედებს, რომელთა დაცვაც სავალდებულოა როგორც მხარეთათვის, ასევე -სასამართლოსათვის. სსსკ-ის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. ამ შემთხვევაში საპროცესოსამართლებრივი ნორმები მატერიალურსამართლებრივ ნორმებთან მიმართებით უპირატესია. ვინაიდან, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ხარვეზიანი იყო (სსსკ-ის 396-ე მუხლი) და ის წარმოებაში იქნა მიღებული, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის წარმოება მოსარჩელის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან უნდა განახლდეს და ამ ფორმით აღმოიფხვრას 2015 წლის 28 მაისის, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ, განჩინებით დაშვებული შეცდომა. მოსარჩელეს 2015 წლის 15 აპრილს წარდგენილ საკასაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდება და განესაზღვრება ვადა მის გამოსასწორებლად.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა დასაბუთებულია, რის გამოც ის უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინება მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის თაობაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 მაისის განჩინება მოსარჩელის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე უნდა გაუქმდეს და მოსარჩელის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდეს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 421-ე, 423-ე, 430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ს–ის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინება ლ.ლ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის თაობაზე;

4. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 მაისის განჩინება ლ.ლ–ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე;

5. ლ.ლ–ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდეს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან;

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე