Facebook Twitter

საქმე №ას-371-2019 12 აპრილი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შ.ჯ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მისო შპს „ნ.კ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო წარმოების განახლება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს ,,ნ.კ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე) საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ....., მიწისქვეშა სართული, /ს/კ ....../ (ტ.1, ს.ფ. 24-25);

2. უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია განკარგულება №......, დამოწმების თარიღი 15/01/2018, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო, თბილისის სააღსრულებო ბიურო (ტ.1, ს.ფ. 24);

3. მოსარჩელის საკუთრებად საჯარო რეესტრში ასევე რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ...... მიწისქვეშა სართული /ს/კ ......./ (ტ.1, ს.ფ. 18-19);

4. უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია განკარგულება №....., დამოწმების თარიღი 09/10/2017, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო, თბილისის სააღსრულებო ბიურო (ტ.1, ს.ფ. 18);

5. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ სადავო უძრავ ქონებებს ფლობს შ.ჯ–ი (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი), რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

6. სარჩელის საფუძვლები

6.1 მესაკუთრემ, 2018 წლის 31 იანვარს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, მისი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონებების გამოთხოვა და მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა მოითხოვა.

6.2 მოსარჩელემ, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება მოითხოვა.

6.3 მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-5 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებზე დააფუძნა.

6.4 მოსარჩელემ განმარტა, რომ მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხე უძრავ ქონებებს უკანონო მფლობელობიდან არ ათავისუფლებს.

7. მოპასუხის შესაგებელი

7.1 მოპასუხემ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ მისი კუთვნილი უძრავი ქონებები უკანონოდ მიისაკუთრა.

7.2 მოპასუხის განმარტებით, მას აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით არ მიუღია. აუქციონი ნაჩქარევად და მალულად ჩატარდა, მაშინ, როდესაც მოსარჩელესთან მოლაპარაკებებს მართავდა დავალიანების ეტაპობრივად დაფარვასთან დაკავშირებით.

7.3 მოპასუხის განმარტებით, ფართის გამოთავისუფლების შესახებ, გაფრთხილება არ მიუღია.

7.4 მოპასუხის განმარტებით, სადავო უძრავი ქონებების მფლობელი არ არის. მასთან არსებული გარიგების საფუძველზე, სადავო ქონებებს სხვა პირები ფლობენ.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონებები. მოპასუხეს დაევალა უძრავი ქონებების მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.

8.2 მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე არ დაკმაყოფილდა.

8.3 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით; ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ 1952 წლის 20 მარტის დამატებითი ოქმის პირველი მუხლით; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე, 172-ე მუხლებით და განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მითითებულ პირობათაგან რომელიმეს არარსებობა (დაუდასტურებლობა) სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს.

8.4 საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე უძრავი ქონებების მესაკუთრეა, ხოლო მოპასუხეს არ წარუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებებს კანონიერად ფლობს.

8.5 საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით, მოსარჩელის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, არ დააკმაყოფილა.

9. სააპელაციო საჩივარი

9.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

10.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

10.3 სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებზე მითითებით არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომლის თანახმად, იგი სადავო უძრავი ქონებების მფლობელს არ წარმოადგენს.

10.4 სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც სააპელაციო სასამართლოში საქმისწარმოებისას ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე და ვერ წარადგინა მტკიცებულებები, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა ჰქონდა ყოფილ მესაკუთრეს ე.წ. ,,სხვა მფლობელებთან’’. ამასთან, მოპასუხემ მათი (ე.წ. მფლობელების) ვინაობა ვერ/არ დაასახელა. სააპელაციო სასამართლომ, აპელანტის მიერ სადავო ქონებების ფლობის ფაქტი დაადგინა საწინააღმდეგოს დაუდასტურებლობისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო უძრავი ქონებების მესაკუთრეს, მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებამდე, აპელანტი (მოპასუხე) წარმოადგენდა.

10.5 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების უკანონოდ მოპოვების ფაქტი, შესაბამისი მტკიცებულების წარდგენით არ დაუდასტურებია (სადავოდ არ გაუხდია სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი - აუქციონის შედეგები, სარჩელის ან/და შეგებებული სარჩელის შეტანის გზით).

10.6 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე სადავო უძრავი ქონებების მფლობელია, თუმცა, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მან ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც სადავო ნივთებზე მისი მფლობელობის მართლზომიერება დადასტურდებოდა.

11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1 აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა აპელანტის მოთხოვნა და საქმის ხელახლა სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

11.2 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მის მიერ სადავო უძრავი ქონებების ფლობის ფაქტი დაადგინა, თუმცა შესაბამის მტკიცებულებებზე არ მიუთითა.

11.3 კასატორის მტკიცებით, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელის ვალდებულება იყო.

11.4 კასატორი განმარტავს, რომ სადავო ქონებებს მასთან შეთანხმებით წლებია სხვა პირები ფლობენ, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ უნდა დაეკმაყოფილებინა.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

18. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას;

19. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება;

20. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონებების მესაკუთრეს, რაც დასტურდება შესაბამისი ამონაწერით საჯარო რეეტრიდან, რომლის მიმართაც, სსსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

21. კასატორის საკასაციო შედავება დაფუძნებულია მსჯელობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი არასწორად გადაანაწილა.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ვალდებულებაა, სწორი მიმართულება მისცეს მტკიცებით საქმიანობას, რაც გულისხმობს იმას, რომ მან საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების განსაზღვრის შემდეგ სადავო და უდავო ფაქტები უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან. სადავო ფაქტები მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს და მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესიც სწორედ აქ ვლინდება. სასამართლომ, როგორც საპროცესო საქმიანობის წარმმართველმა სუბიექტმა, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა გაანაწილოს, რომ საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული ნორმა საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან კავშირში იმ დასკვნის საფუძველს ქმნის, რომ მხარეს, რომელიც სასამართლოს მიმართავს კონკრეტული მოთხოვნით, აწევს - როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. როგორც წესი, ფაქტის მითითებისა და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს - საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი (შდრ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 11.11.2013).

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის აღძვრისას, უპირველესად, მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტის დადასტურების ვალდებულება, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეა და მოპასუხე მისი ნებართვის გარეშე ფლობს ქონებას. აღნიშნული გარემოებების დადგენის შემდეგ მტკიცების ტვირთი მოპასუხის მხარეს გადაინაცვლებს, რომელმაც საპასუხოდ უნდა ამტკიცოს, რომ სადავო ნივთის მართლზომიერად ფლობის უფლება აქვს. ამგვარი მტკიცების ტვირთის რეალიზებისათვის, მხოლოდ მოპასუხის მოსაზრებაზე მითითება საკმარისი ვერ გახდება.

24. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სადავო უძრავ ქონებებს არ ფლობს, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და აღნიშნავს, რომ კასატორი სადავო უძრავი ქონებების მესაკუთრეს მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებამდე წარმოადგენდა. მისი განმარტება, რომ სადავო უძრავი ქონებები ნებაყოფლობით გადასცა სხვა პირებს, რომელიც დღემდე სადავო უძრავი ქონებებით სარგებლობენ, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, უსაფუძვლოა, ვინაიდან, კასატორს არ მიუთითებია, თუ რა სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფება სადავო უძრავი ქონებებით ე.წ. სხვა მოსარგებლე პირებთან და არც მათი ვინაობა არ დაუსახელებია.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონებების მფლობელს, რომელმაც სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთებზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობის არსებობა, რაც მოპასუხის მიერ სათანადოდ უარყოფილი არ ყოფილა.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორებს დაუბრუნდებათ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შ.ჯ–ს (პ/ნ .....) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის განჩინებით (საქმე № ას-371-2019) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 30 %-ის - 45 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე