Facebook Twitter

საქმე №ას-590-2019 17 მაისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.ბ., ნ.გ. (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ს. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს.ს–ის (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე) საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ....... /ს/კ ......../ (ტ.1, ს.ფ.14-15);

2. უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია განკარგულება №....., დამოწმების თარიღი 11/05/2018, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო, თბილისის სააღსრულებო ბიურო (ტ.1, ს.ფ. 16);

3. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ სადავო უძრავ ქონებას ფლობენ ნ.გ. (შემდეგში: პირველი მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) და მ.ბ. (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი), რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

4. სარჩელის საფუძვლები

4.1 მესაკუთრემ, 2018 წლის 12 ივლისს, სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, მათი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა და მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა მოითხოვა.

4.2 მოსარჩელემ, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება მოითხოვა.

4.3 მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-3 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებზე დააფუძნა.

5. მოპასუხეების შესაგებელი

5.1 მოპასუხეებმა წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ბ.ა–ძესთან (შემდეგში: ყოფილი მესაკუთრე), რომელიც სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე იყო, სესხის ხელშეკრულება გააფორმეს, სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრების უფლებით.

5.2 ყოფილმა მესაკუთრემ მოპასუხეების წინაშე ვალდებულება არ შეასრულა, რის საფუძველზეც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით, მოპასუხეების სასარგებლოდ 11500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა.

5.3 მოპასუხეებმა განმარტეს, რომ უძრავ ქონებას გაათავისუფლებდნენ მას შემდეგ, როცა თავიანთ გასესხებულ თანხას დაიბრუნებენ.

5.4 მოპასუხეების განმარტებით, მათთვის უცნობია, მოსარჩელე არის თუ არა უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენი და ხომ არ არსებობდა მოსარჩელესა და ყოფილე მესაკუთრეს შორის ფარული გარიგება.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

6.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება. მოპასუხეებს დაევალათ უძრავი ქონების მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.

6.2 მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე არ დაკმაყოფილდა.

6.3 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით; ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ 1952 წლის 20 მარტის დამატებითი ოქმის პირველი მუხლით; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე, 172-ე მუხლებით.

6.4 საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეების მითითება, სადავო უძრავი ქონების ყოფილ მესაკუთრესთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისაღებ თანხასთან დაკავშირებით, სადავო უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელ არგუმენტად არ მიიჩნევა.

7. სააპელაციო საჩივარი

7.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

8.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

8.3 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტებს სადავოდ არ გაუხდიათ მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვის უფლების დამდგენი დოკუმენტის კანონიერება, შესაბამისად, არც საჯარო რეესტრის ამონაწერის სიზუსტე, რის გამოც მოსარჩელის საკუთრების უფლების კანონიერება სადავო უძრავ ქონებაზე დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული.

8.4 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეებმა სადავო ნივთზე მფლობელობის მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენა ვერ შეძლეს.

8.5 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტების მიერ მითითებული გარემოება, სადავო ქონების ყოფილ მესაკუთრესთან ბინით სარგებლობის სანაცვლოდ სესხის ხელშეკრულების დადებისა და სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ, სხვა დავის საგნის ფარგლებში სამტკიცებელია, ამასთან, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება, მეტიც - საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ამჟამად სადავო ქონების მესაკუთრე მხოლოდ ერთია და სწორედ ის ითხოვს აპელანტის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას.

8.6 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ისეთი უფლების ხელყოფის საფუძველი ვერ გახდება, როგორიცაა -საკუთრების უფლება.

9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

9.1 აპელანტებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა.

9.2 კასატორების მტკიცებით, სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები არასწორად შეაფასა. სამართლებრივი საფუძვლები კი, არასრული და დაუსაბუთებელია.

9.2 კასატორების განმარტებით, საჯარო რეესტრის ამონაწერის ვალდებულების გრაფაში მითითებული იყო, რომ ყოფილ მესაკუთრეს, კასატორის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება გააჩნდა და ეს ვალდებულება სადავო უძრავი ქონების რეალიზაციით უნდა შეესრულებინა, იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი მესაკუთრე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულად ვალდებულებას არ შეასრულებდა.

9.3 კასატორების განმარტებით, მხარეთა შორის რეალურად გაფორმებული იყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ცხოვრების უფლებით, ყოფილმა მესაკუთრემ კი, კასატორი მოატყუა და მათ შორის მხოლოდ სესხის ხელშეკრულება გაფორმდა.

9.4 კასატორების განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული ვალდებულება.

9.5 კასატორები თავიანთ მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზეც უთითებენ, ასევე - საკუთარი საკასაციო საჩივრის დასაბუთებისათვის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლზე.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

15.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას;

15.2 ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება;

15.3 განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება შესაბამისი ამონაწერით საჯარო რეეტრიდან, რომლის მიმართაც, სსსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს.

16. საკასაციო სასამართლო, სარჩელის, შესაგებლისა და მათზე დართული მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს სადავო ფართის მართლზომიერად ფლობის ფაქტი.

17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას - 2017 წლის 21 დეკემბრის თარიღით მომზადებულ საჯარო რეესტრის ამონაწერს.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად, მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში მიუთითა, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები:# ას-1033-2018, 30.10.2018წ; # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2016წ; 3ას-21-2019, 21.01.2019წ.).

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ბ–ის და ნ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე