Facebook Twitter

საქმე №ას-1799-2018 12 აპრილი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ზ.ყ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს ,,ს.ბ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე) საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე ქ. ახალციხე, ..... /ს/კ ....../ (ტ.1, ს.ფ.16-17);

2. უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია განკარგულება №....., დამოწმების თარიღი 31/10/2016, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო, თბილისის სააღსრულებო ბიურო (ტ.1, ს.ფ. 16);

3. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ სადავო უძრავ ქონებას ფლობს ზ.ყ. (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი), რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

4. სარჩელის საფუძვლები

4.1 მესაკუთრემ, 2018 წლის 27 თებერვალს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, მისი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა და მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა მოითხოვა.

4.2 მოსარჩელემ, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება მოითხოვა.

4.3 მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-3 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებზე დააფუძნა.

5. მოპასუხის შესაგებელი

5.1 მოპასუხემ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებული შეთანხმების თანახმად, მოსარჩელეს მისი კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაცია არ უნდა მოეხდინა. მის გამოსყიდვამდე კი, მოპასუხეს უფლება ექნებოდა, სადავო უძრავი ქონებით ესარგებლა.

6. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

6.1 ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება. მოპასუხეს დაევალა უძრავი ქონების მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.

6.2 მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე არ დაკმაყოფილდა.

6.3 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით; ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ 1952 წლის 20 მარტის დამატებითი ოქმის პირველი მუხლით; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 115-ე, 156-ე, 158-ე, 170-ე, 172-ე, 3065, 312-ე მუხლებით.

7. სააპელაციო საჩივარი

7.1 ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

8.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

8.3 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს, მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების უკანონოდ მოპოვების ფაქტი შესაბამისი მტკიცებულებებით არ დაუდასტურებია, ასევე, უდავოა, მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების მფლობელობა, თუმცა სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, სადავო ნივთზე მფლობელობის მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენა ვერ შეძლო.

8.4 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონების გამოსყიდვის ან/და დროებით მოპასუხის სარგებლობაში გადაცემის შესახებ მხარეთა შეთანხმება, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. ამ ფაქტობრივი გარემოების მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე დადასტურება კი, დაუშვებელია, თუ მას მოწინააღმდეგე მხარე თავისი ახსნა-განმარტებით უარყოფს, მით უფრო, როცა აპელანტს სხვა სახის მტკიცებულება, ამ გარემოების დასადასტურებლად, არ წარუდგენია სასამართლოსათვის.

9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

9.1 აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა.

9.2 კასატორის განმარტებით, სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე არ იმსჯელა. სამართლებრივად არ შეაფასა ის ფაქტი, რომ სადავო უძრავი ქონება კასატორის ერთადერთი საცხოვრებელია, სასამართლომ ამით შეჯიბრებითობის პრინციპი დაარღვია და მოწინააღმდეგე მხარეს გაუმართლებელი უპირატესობა მიანიჭა.

9.3 კასატორი დავობს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომლის თანახმად, მოპასუხე სადავო ფართს უკანონოდ ფლობს.

9.4 კასატორის განმარტებით, სადავო უძრავი ქონება აუქციონზე გაიყიდა იმ საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე დავალიანების გამო, რომელიც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოიშვა. მხარეთა შორის არსებული შეთანხმების თანახმად კი, მოსარჩელეს უძრავი ქონების რეალიზაცია არ უნდა მოეხდინა. მოპასუხეს, უძრავი ქონება უნდა გამოესყიდა, მანამდე კი, შეეძლო სადავო უძრავი ქონებით ესარგებლა.

9.5 კასატორის განმარტებით, ამჟამინდელი მძიმე ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იმ თანხის გადახდას ვერ ახერხებს, რასაც მოწინააღმდეგე მხარე მისგან ითხოვს და რომელიც სცდება თავდაპირველ სადავო თანხებს, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) საკუთარ უფლებას ბოროტად იყენებს და რაიმე აუცილებლობა მოვალეთა საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლების შესახებ არ არსებობს.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

15.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას;

15.2 ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება;

15.3 განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება შესაბამისი ამონაწერით საჯარო რეეტრიდან, რომლის მიმართაც, სსსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. მან სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას, მხარეთა შორის არსებული შეთანხმების შესახებ.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ფაქტის დასადასტურებლად კვალიფიციურ შედავებას მხოლოდ კასატორის ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს, როდესაც თავად მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) ამ ფაქტს უარყოფს.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ისეთი უფლების ხელყოფის საფუძველი ვერ გახდება, როგორიცაა - საკუთრების უფლება.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორებს დაუბრუნდებათ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ყ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ზ.ყ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ც.მ–ძის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადასახადო დავალება N7268393429, გადახდის თარიღი 2018 წლის 16 ნოემბერი; საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2019 წლის 28 იანვარი), 70% – 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე