№ას-1336-2018 24 აპრილი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – მ.ო–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „მ.ო.რ.ე.“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2015 წლის 2 ოქტომბერს მ.ო–ძესა (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი, მსესხებელი ან მოვალე) და შპს ”მ.ო.რ.ე–ს” (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, გამსესხებელი ან კრედიტორი) შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მოსარჩელემ 10 წლით ისესხა 9000 აშშ დოლარი წლიური 60% სარგებლის დარიცხვით. პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, კრედიტორის სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე ქალაქ რუსთავში, ......, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №..... (შემდეგში - იპოთეკის საგანი), (იხ. ხელშეკრულება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ.66-76, ტ.1).
2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 10.3 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, გამსესხებელი უფლებამოსილია, მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის მისაღებად.
3. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ამოღების მიზნით, სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.
4. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი (იხ. ტ.1, ს.ფ. 87-89), რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ძირითადი თანხა - 8 109.46 აშშ დოლარით, სარგებელი - 167.41 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო -1 297.51 აშშ დოლარით.
5. მოსარჩელემ აღსრულების ეტაპზე გადაიხადა - 6160 აშშ დოლარი (იხ. სალაროს შემოსავლის ორდერები და სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული რეესტრი, ს.ფ. 35-38, ტ.1).
6. 2017 წლის 6 მარტს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა კრედიტორის წინააღმდეგ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით, კერძოდ, ითხოვა - სააღსრულებო ფურცლით გადასახდელი თანხა განისაზღვროს მის მიერ აღსრულების ეტაპზე გადახდილი 6160 აშშ დოლარის გათვალისწინებით, ასევე, შემცირდეს პირგასამტეხლო და მთლიანად 2194,73 აშშ დოლარის გადახდა დაეკისროს. ის ამტკიცებდა, რომ იძულებითი აღსრულების დაწყების შემდეგ აღმასრულებლის მიერ მითითებულ ანგარიშზე 2016 წლის დეკემბერში - 5760 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის იანვარში - 400 აშშ დოლარი ჩარიცხა.
7. მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელემ სესხის დაბრუნების ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა. სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულია ძირითადი თანხის დავალიანება, ასევე ვალდებულების დარღვევიდან - 2016 წლის 3 სექტემბრიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე არსებული სარგებლის ოდენობა და პირგასამტეხლოც ამ პერიოდზეა დარიცხული.
8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა სააღსრულებო ფურცელი და მოსარჩელის აღსასრულებელი ვალდებულება სესხის ძირითადი თანხის - 1919,46 აშშ დოლარით, სარგებელი -167,41 აშშ დოლარითა და პირგასამტეხლო - 77,86 აშშ დოლარით განისაზღვრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 317-ე, 623-ე, 361.2, მე-400 მუხლის „ა“ პუნქტი, 401-ე, 399-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე და 420-ე მუხლები გამოიყენა.
9. გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა სააღსრულებო ფურცელი და მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა 2 425.99 აშშ დოლარით (სესხის ირითადი თანხა - 2180.72 აშშ დოლარი, სარგებელი - 167.41 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 77.86 აშშ დოლარი).
10.1. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის პოზიცია, რომ სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და მოსარჩელეს გადასახდელი თანხის ოდენობა განუსაზღვრა იმაზე ნაკლებით, ვიდრე ითხოვდა, გაიზიარა, ამასთან, აპელანტის პრეტენზია, რომლის თანახმად სასარჩელო მოთხოვნას მხოლოდ პირგასამტეხლოს შემცირება წარმოადგენდა, უარყო და მიუთითა მოსარჩელის მოთხოვნაზე სასესხო დავალიანების საფუძველზე გადასახდელი თანხის შემცირებასა და მისი - 2 194,73 აშშ დოლარით განსაზღვრის შესახებ, რაშიც შედის როგორც ძირითადი თანხა, ასევე - პირგასამტეხლო, ხოლო სარგებელი მხარეთა შორის სადავო არ იყო.
10.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს დასკვნა პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ კანონიერი იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.
10.3. სააპელაციო პალატის დასკვნით, სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა - 8109.6 აშშ დოლარია, მხარეთა შორის სადავო არ არის დარიცხული სარგებლის ოდენობა - 167.41 აშშ დოლარი, რაც შეეხება პირგასამტეხლოს, იგი სასამართლომ შეამცირა 77,86 აშშ დოლარამდე. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელემ აღსრულების ეტაპზე გადაიხადა - 6160 აშშ დოლარი, შესაბამისად, სააღსრულებო ხარჯების გათვალისწინებით, აღსრულების ეტაპზე, კრედიტორის სასარგებლოდ გადახდილად უნდა იქნეს მიჩნეული - 5 928.74 აშშ დოლარი, რომელიც უნდა გამოაკლდეს ძირითად თანხას.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგ გარემოებებზე მითითებით: კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაუსაბუთებელია, თუ რით გამოიხატებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა და რა არსებითი გავლენა მოახდინა შედეგზე.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
15. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია მოთხოვნის უფლების არარსებობის შესახებ (სსსკ-ის 180-ე მუხლი). კასატორის იურიდიული ინტერესია ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 5 ოქტომბერს გაცემული N 161153605 სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, სასესხო დავალიანების საფუძველზე გადასახდელი თანხის შემცირება და მისი - 2 194,73 აშშ დოლარით განსაზღვრაა, რაშიც შედის, როგორც ძირითადი თანხა, ისე - პირგასამტეხლო. ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა შესაძლებელია, თუ მოსარჩელე პროცესუალური თვალსაზრისით დაამტკიცებს კრედიტორის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.
18. იმისათვის, რომ ვალდებულება კრედიტორის სასარგებლოდ შეწყდეს სსკ-ის 427-ე მუხლის საფუძველზე, უნდა გამოიკვეთოს შესრულების მიზნით ქმედება, რომელიც განხორციელებულია : ა) ჯეროვნად, ბ) დათქმულ დროსა და ადგილას, გ) უფლებამოსილი პირის მიმართ, დ) ვალდებული და უფლებამოსილი პირის მიერ, ე) ვალდებულების შესრულების საგნითა და ვ) კეთილსინდისიერად. ჩამოთვლილი წინაპირობები კუმულაციურად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ვალდებულების შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში, კრედიტორს უფლება არ აქვს, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება (შდრ. სუსგ N ას-1541-1547-2011, 19.04.2012).
19. განსახილველ შემთხვევაში, რაკი უდავოა, რომ მოსარჩელემ აღსრულების ეტაპზე - 6160 ლარი გადაიხადა, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ, სააღსრულებო ხარჯების გათვალისწინებით, აღსრულების ეტაპზე, კრედიტორის სასარგებლოდ გადახდილად უნდა იქნეს მიჩნეული - 5 928.74 აშშ დოლარი, რომელიც უნდა გამოაკლდეს ძირითად თანხას. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად გამოიყენეს სსსკ-ის 420-ე მუხლი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებზე და მათ სამართლებრივ შეფასებაზე კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407.2) და მხოლოდ ზოგადი საკასაციო საჩივრით შემოიფარგლა, რაც არ არის საკმარისი საკასაციო შედავების დასაბუთებულად მიჩნევისათვის.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ #ას-1152-1072-2017, 29.12.2017).
21. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ო–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ მ.ო–ძეს (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ა.ც–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება #111, გადახდის თარიღი 12.10.2018) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი