Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-171-77-კს-03 9 ოქტომბერი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

კერძო საჩივრის თხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებად მიჩნევა

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 7 ივლისს ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ განიხილა აჭარის ა/რ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადება მოპასუხეების: ჟ. მ-ისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ხელვაჩაურის განყოფილების მიმართ, პ. ს-სა და ჟ. მ-ს შორის არსებული ქორწინების რეგისტრაციის აქტის ბათილად ცნობის შესახებ და არ დააკმაყოფილა სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ა/რ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში.

2000წ. 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა აჭარის ა/რ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2000წ. 7 ივლისის გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების მიერ 1998წ. 5 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება პ. ს-ა და ჟ. მ-ს შორის.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2000წ. 1 სექტემბრის გადაწყვეტილება მოპასუხე ჟ. მ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2001წ. 24 იანვრის განჩინებით არ დააკმაყოფილა მოპასუხე ჟ. მ-ის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001წ. 1 სექტემბრის გადაწყვეტილება.

2003წ. 9 მაისს ჟ. მ-მა განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

განმცხადებელმა ჟ. მ-მა, სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტების შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების საფუძვლად აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში წარადგინა მის მიერ მოპოვებული შემდეგი მტკიცებულებები: აჭარის ა/რ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროდან, ხელვაჩაურის რაიონის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებიდან, ქ. ბათუმის განათლების განყოფილებიდან და აჭარის ა/რ ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოდან მიღებული წერილობითი პასუხები, აგრეთვე, ცნობები მ. შ-ის შესახებ.

2003წ. 12 ივნისის განჩინებით აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ დაუშვებლად მიიჩნია და განუხილველად დატოვა ჟ. მ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ განმცხადებელმა დაარღვია სსკ-ს 426-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები, კერძოდ, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში განმცხადებელმა შეიტანა მისთვის საქმის განახლების საფუძვლების არსებობის შესახებ ფაქტის ცნობიდან ოთხი თვის შემდეგ. აგრეთვე, განმცხადებელმა ჟ. მ-მა თავის განცხადებაში არ მიუთითა, თუ რატომ არ იქნა დაცული სასამართლოში განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა.

აღნიშნულ განჩინებაზე ჟ. მ-მა კერძო საჩივარი შეიტანა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში.

2003წ. 11 ივლისის განჩინებით აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა ჟ. მ-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო, რის შემდეგაც კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ჟ. მ-ის კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ კერძო საჩივრის ავტორმა გაუშვა სსკ-ს 426-ე მუხლით გათვალისწინებული ვადა, რომლის თანახმადაც “ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საქმის წარმოების განახლების საფუძვლები”. კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობა ჟ. მ-ისათვის ცნობილი გახდა 2003წ. მაისში, შესაბამისად, მას არ ჰქონდა გაშვებული სსკ-ს 426-ე მუხლით გათვალისწინებული ვადა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჟ. მ-ი ითხოვს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებასა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებად მიჩნევას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

კერძო საჩივარში ჟ. მ-ი აღნიშნავს, რომ მას არ გაუშვია სსკ-ს 426-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა, რადგანაც ახლად აღმოჩენილი გარემოებების თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა 2003წ. მაისში, ხოლო ზემოთ აღნიშნული ნორმის თანახმად, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისთვის ცნობილი გახდა საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ჟ. მ-მა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლებად მითითებული წერილობითი მტკიცებულებები აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში წარადგინა სსკ-ს 426-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, კერძოდ, აღნიშნული მტკიცებულებების შესახებ ჟ. მ-მა შეიტყო 2002წ. ოქტომბერსა და 2003წ. თებერვალში, ხოლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების თაობაზე განცხადებით აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს მიმართა 2003წ. ივნისში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა, რომ ჟ. მ-მა გაუშვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა, რის გამოც მისი განცხადება სწორად იქნა მიჩნეული დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორი განჩინება მიიღო და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჟ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 ივნისისა და 11 ივლისის განჩინებები;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.