Facebook Twitter

საქმე №ას-47-2019 6 მაისი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.ო. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.ო. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მეუღლეთათვის შესარიგებელი ვადის მიცემა

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ.ო. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და ს.ო. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) 2011 წლის 31 მაისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1106-ე მუხლი; იხ. ტ.1, ს.ფ. 15).

2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ურთიერთობა გამწვავებულია. ისინი 2015 წლიდან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

3. 2017 წლის 16 მაისს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა მოითხოვა. მოსარჩელე ამ განჩინების 1-2 პუნქტებში აღწერილ ფაქტებზე მითითებით ამტკიცებდა, რომ მეუღლესთან არაერთხელ სცადა ურთიერთობის მოგვარება, თუმცა მიუხედავად ამისა, მოპასუხე განაგრძობდა მის მიმართ უხეშ და დამამცირებელ მოპყრობას. აღნიშნული გამო, მოსარჩელე იძულებული გახდა 2015 წლიდან საცხოვრებლად მშობლებთან გადასულიყო. მეუღლეებს შორის ურთიერთობის აღდგენა გამორიცხულია, შესაბამისად, ქორწინება შერიგების ვადის გარეშე უნდა შეწყვეტილიყო.

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას არ სურდა ოჯახის დანგრევა და ურთიერთობის გაგრძელების მომხრე იყო. მისი მოსაზრებით, მეუღლესთან ფაქტობრივი დაშორება განაპირობა, სიმამრთან არსებულმა გამწვავებულმა ურთიერთობამ.

5. სიღნაღის სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შეწყდა 2011 წლის 31 მაისს რეგისტრირებული ქორწინება. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად, სსკ-ის 1122-ე, 1123-ე და 1127-ე მუხლები გამოიყენა.

6. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მეუღლეებისათვის შესარიგებლად გონივრული ვადის განსაზღვრის მოთხოვნით.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7.1. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ კატეგორიულად გამორიცხა მოპასუხესთან ოჯახის აღდგენის შესაძლებლობა და საქორწინო ურთიერთობის გაგრძელება. ამდენად, მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიმართ გამოვლენილი მძაფრი უარყოფითი დამოკიდებულება ცხადყოფდა იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელი იყო და შესარიგებელი ვადის მიცემა არავითარ შედეგს არ გამოიღებდა;

7.2. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან, მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელი იყო, სსკ-ის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და იმავე კოდექსის 1127-ე მუხლის საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნა რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ, მართებულად დაკმაყოფილდა.

8. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მეუღლეებისათვის შესარიგებლად გონივრული ვადის განსაზღვრის მოთხოვნით. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელესთან დაშორება განპირობებული იყო იმ მიზეზით, რომ ეს უკანასკნელი იმყოფება ნათესავების ზეგავლენის ქვეშ, რომლებიც მუდმივად ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მოპასუხეს. სწორედ ამიტომ, მეუღლესთან შესარიგებლად მას გარკვეული დრო უნდა მისცემოდა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

11.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნა სსკ-ის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან (ქორწინება წყდება განქორწინებით) და 1123-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში) გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და, ძირითადად, სამართლებრივად სწორად შეაფასა, სახელდობრ:

12.1. კასატორის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს მეუღლესთან შესარიგებლად გონივრული ვადა უნდა მიეცათ. გარდა ამისა, სასამართლოებმა არ გამოიკვლიეს და სათანადოდ არ შეაფასეს მოსარჩელესთან ფაქტობრივი დაშორების მიზეზი, რაც ამ უკანასკნელის ნათესავების მხრიდან ზეგავლენამ განაპირობა.

12.2. დადგენილია, რომ მხარეები 2015 წლიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არც საერთო მეურნეობას ეწევიან. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ურთიერთობა გამწვავებულია და მათი ოჯახის აღდგენა და შენარჩუნება შეუძლებელია. საქმის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში განხილვის დროს არაერთხელ იყო მცდელობა მეუღლეთა შერიგების, თუმცა აღნიშნული უშედეგოდ დასრულდა. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელის პოზიცია სარჩელის აღძვრის (2017 წლის 16 მაისი) შემდეგაც უცვლელია და მას მოპასუხესთან განქორწინება კვლავ სურს, სახელდობრ: სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს, მოსარჩელემ მკაფიოდ გამოხატა მოპასუხის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, ამ უკანასკნელთან შერიგება გამორიცხა და განქორწინება მოითხოვა (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის სხდომის ოქმი). აღნიშნული გარემოებების უარსაყოფად კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

12.3. ამდენად, რადგანაც მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულება, რომელიც მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობას დაადასტურებდა, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, მართებულად დაკმაყოფილდა.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ №ას-70-70-2018, 21.12.2018).

14. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

16. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ო–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ს.ო–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს ნ. კ–ის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადასახადო დავალება #2457723726, გადახდის თარიღი 31.01.2019წ.) 70% - 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი