Facebook Twitter

6 მაისი, 2019 წელი,

საქმე №ას-158-2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა.ა–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, პირველი აპელანტი, კასატორი ან მერია) მიერ 2009 წლის 26 ივნისს ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა ა.ა–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მეორე აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე), რომელსაც ქ. ქობულეთში ......მდებარე 3024 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ -ით ..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც მიწის ნაკვეთი, უძრავი ქონება ან უძრავი ნივთი) საკუთრებაში გადაეცა.

2. მოპასუხეს, საკუთრების უფლების გადაცემიდან 3-5 წლის განმავლობაში (არაუგვიანეს 2014 წლის 26 ივნისისა), მიწის ნაკვეთზე არანაკლებ 100000 აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

3. მერიის ქონების პრივატიზებისათვის შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული სატრანსფორმატორო ქვესადგურის გადატანა უნდა განხორციელებულიყო შპს “ე.პ.–თან“ შეთანხმებით, მოსარჩელის მიერ მითითებულ ადგილზე, გამარჯვებული პირის ხარჯებით (იხ. ს.ფ. 18).

4. მოპასუხე, ტრანსფორმატორის გადატანისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის მოთხოვნით მოსარჩელეს 2011 წლიდან წერილობითი განცხადებებით მიმართავდა (იხ. ს.ფ. 82-99). საბოლოოდ, მან 2014 წლის 27 მარტს აცნობა მერიას, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაწყებული ჰქონდა, რისთვისაც მთლიანობაში 78 331 ლარი გაიღო, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ მერიის მიერ განკარგულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობდა სატრანსფორმატორო ქვესადგური, ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკის შეყვანა და მშენებლობის გაგრძელება, ვეღარ ხერხდებოდა.

5. მოსარჩელემ ტრანსფორმატორის გადატანისთვის მოპასუხეს მიწის ნაკვეთი, აუქციონის ჩატარებიდან 4 წელში - 2015 წლის 9 მარტს გამოუყო.

6. მოპასუხემ მოსარჩელეს ინვესტიციის განხორციელების ვადის 2016 წლის 26 ივნისამდე გაგრძელება მოსთხოვა, იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადა იწურებოდა, ის კი, მოსარჩელის მიერ ვალდებულების (მიწის ნაკვეთის გამოყოფა ტრანსფორმატორის გადატანის მიზნით) დროულად შეუსრულებლობის გამო, მშენებლობის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდა.

7. 2014 წლის 2 ივნისს მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ინვესტიციის განხორციელების ვადამ 2015 წლის 26 ივნისამდე გადაიწია.

8. 2015 წლის 26 ივნისის მდგომარეობით, მოპასუხემ ვალდებულების მხოლოდ ნაწილი შეასრულა. მას განსახორციელებელი დარჩა 49 577.44 აშშ დოლარის ინვესტიცია.

9. მოსარჩელემ ვალდებულების დარღვევისა და არაჯეროვანი შესრულებისათვის მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით 2015 წლის 26 ივნისიდან 2016 წლის 16 თებერვლის ჩათვლით, 235 დღის ვადაგადაცილებისათვის, შეუსრულებელი საინვესტივიო თანხის ყოველდღიური 0,1 %- გადახდა მოსთხოვა. (იხ. ხელშეკრულება ს.ფ. 43-დან 48-ის ჩათვლით).

10. მოგვიანებით, 2016 წლის 16 თებერვალს, მხარეებმა წერილობითი შეთანხმებით ინვესტიციის შესრულების ვადა 2017 წლის 1 ივლისამდე გააგრძელეს (იხ. ს.ფ. 42).

11. მოპასუხემ 100 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება სრულად 2017 წლის 1 ივნისს შეასრულა.

12. 2017 წლის 8 თებერვალს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, პირგასამტეხლოს - 11 886.31 აშშ დოლარისა და 33.93 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, კერძოდ, მან 2015 წლის 26 ივნისამდე, მთლიანობაში, ნაცვლად 100 000 აშშ დოლარისა, 49 422.56 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. აღნიშნულის გამო, 2009 წლის 26 ივნისის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მე-11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა დარჩენილი ინვესტიციის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (235 დღე). პირგასამტეხლოს დარიცხვის ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 26 ივნისიდან და მისმა ოდენობამ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50.58 აშშ დოლარი, სულ 11 886.31 აშშ დოლარი შეადგინა.

13. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ინვესტიციის განხორციელებაში მას ხელი შეუშალა მიწის ნაკვეთზე განთავსებულმა სატრანსფორმატორო ქვესადგურმა. აღნიშნული ქვესადგური მოპასუხეს უნდა გადაეტანა მოსარჩელის მიერ მითითებულ ადგილას. მიუხედავად მოპასუხის არაერთგზის მოთხოვნისა, მერიამ ტრანსფორმატორის განთავსებისთვის ადგილი 2015 წლის 9 მარტამდე არ გამოყო. შესაბამისად, ცხადი იყო, რომ ინვესტიციის განხორციელება სწორედ ამ უკანასკნელის ბრალით შეფერხდა. გარდა აღნიშნულისა, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო, ის არ შეესაბამებოდა გონივრულ გაანგარიშებას და უნდა შემცირებულიყო.

14. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2377.26 აშშ დოლარისა და 33.93 ლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე და 417-418-ე მუხლები გამოიყენა.

15. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა.

16.1. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ საინვესტიციო ვალდებულების შესრულება დამოკიდებული იყო, კრედიტორის მიერ ვალდებულების შესრულებაზე, რომელსაც უნდა მიეთითებინა შესაბამისი ტერიტორია, რომელზეც ტრანსფორმატორის გადატანა მოხდებოდა. აღნიშნული, კრედიტორმა განახორციელა, პირველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 4 წლის, ხოლო ბოლო შეთანხმებიდან - 10 თვის დაგვიანებით. ამდენად, პალატამ სამართლიანად და გონივრულად არ მიიჩნია მოპასუხისთვის 2015 წლის მარტიდან ივნისამდე ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, იმ პირობებში, როდესაც, მოპასუხე 2009 წლიდან, 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, უშედეგოდ მოითხოვდა მოსარჩელისგან ვალდებულების შესრულებას.

17. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო ინვესტიციის განხორციელება ზოგადად და არა კონკრეტული შენობა-ნაგებობის აღმართვა, რაც შესაბამის ვადებს მოითხოვს. შესაბამისად, ტრანსფორმატორის დემონტაჟის შემდეგ, მოპასუხეს საკმარისი დრო ჰქონდა ინვესტიციების სრულად განსახორციელებლად, ხელშეკრულების ვადის სრულად ამოწურვამდე.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

20.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

21. საკასაციო სასამართლო, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა სსკ-ის 477.1 (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი), 188.1 (თუ გამსხვისებელმა პირობად დათქვა საკუთრების გადასვლა შემძენზე მხოლოდ ნივთის საფასურის გადახდის შემდეგ, ივარაუდება, რომ საკუთრება გადავა შემძენზე საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. თუ შემძენი გააჭიანურებს საფასურის გადახდას, ხოლო გამსხვისებელი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, უკვე ორმხრივად განხორციელებული შესრულება მხარეებმა უნდა დააბრუნონ) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან, ასევე, სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბრის N 1–1/1487 ბრძანება) მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა (პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენი ვალდებულია, შეძენილი სახელმწიფო ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (საჯარო აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია) და მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე, კერძოდ: ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) დანაწესიდან გამომდინარეობს.

21.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სკ-ის 417-ე მუხლი). თავის მხრივ, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, პირგასამტეხლოზე შეთანხმება ხშირად შეფარდებითი (რელატიური) ურთიერთობისას გვხვდება, თუმცა, მისი გამოყენება დასაშვებია სანივთო გარიგებით ნაკისრი ვალდებულების მიმართაც. სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დანიშნულება ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში ამ თანხის ჩათვლაა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად მიღებული ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით (შდრ. სუსგ-ები: №ას-951-2018, 25.09.2018; №ას-144-140-2016, 2016 წლის 19 აპრილის განჩინება).

22. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მოპასუხემ ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულება ვადაგადაცილებით შეასრულა, რის გამოც, ამ უკანასკნელს პირგასამტეხლო მართებულად დაეკისრა, სახელდობრ:

22.1. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხეს საინვესტიციო ვალდებულება თავდაპირველად 2014 წლის 26 ივნისამდე უნდა შეესრულებინა; ასევე, უდავოა, რომ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულებისათვის, აუცილებელი იყო მიწის ნაკვეთზე განთავსებული სატრანსფორმატორო ქვესადგურის მოსარჩელის (მერიის) მიერ გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე გადატანა, რაც მოპასუხეს საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველეყო; 2011 წლიდან მოპასუხე მოსარჩელეს ტრანსფორმატორის გადატანის მიზნით, მიწის ნაკვეთის გამოყოფას სისტემატურად თხოვდა, თუმცა აღნიშნული მიზნისთვის მერიამ მიწის ნაკვეთი მხოლოდ აუქციონის ჩატარებიდან 4 წელში - 2015 წლის 9 მარტს გამოყო. მერიის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო, 2016 წლის 16 თებერვალს მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, ინვესტიციის შესრულების ვადა 2017 წლის 1 ივლისამდე გაგრძელდა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტი). საბოლოოდ, მოპასუხემ ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება სრულად, ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე - 2017 წლის 1 ივნისს შეასრულა.

22.2. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხის მხრიდან საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, ამ უკანასკნელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, არ არსებობდა.

23. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვადაგადაცილების შესახებ კასატორის პრეტენზიის გაზიარების შემთხვევაშიც კი, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი მაინც არ იარსებებდა.

23.1. შესრულებასთან ერთად ვადის გადაცილებით წარმოშობილი ზიანის (პირგასამტეხლოს) მოთხოვნა მხოლოდ მაშინ წარმოიშობა, როდესაც, მოვალე თავის ვალდებულებას არ ასრულებს ვადამოსულობისას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარე, მოპასუხეს თავისი ვალდებულება უნდა შეესრულებინა მას შემდეგ, რაც მოსარჩელე ტრანსფორმატორის გადასატანად მიწის ნაკვეთს გამოყოფდა, ანუ შესრულების ვადის დადგომა უკავშირდებოდა კრედიტორის მოქმედებას. სსკ-ის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა. ამავე კოდექსის, 401-ე მუხლის მიხედვით კი, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

23.2. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ვინაიდან, მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების განხორციელება - ინვესტირება დაკავშირებული იყო, კრედიტორის მხრიდან საპასუხო მოქმედების შესრულებაზე - ტრანსფორმატორის გადატანისთვის სხვა ნაკვეთის გამოყოფაზე, შესაბამისად, ვადაგადაცილებაში (ასეთის არსებობის პირობებშიც) მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვის და მოსარჩელის მიზეზით გამოწვეულ ვადაგადაცილებაზე მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს მოთხოვნა სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

24. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება არ დაურღვევია და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სარჩელი მართებულად იქნა უარყოფილი.

25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

26. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

28. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი