Facebook Twitter

საქმე №ას-286-2019 5 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

კასატორი – კ. შ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. შ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. კ. შ-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მარია შიუტცის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენციის შესაბამისად, არამართლზომიერად დაკავებული არასრულწლოვანი ბავშვის – დ. შ-ის დაბრუნების შესახებ.

2. საქმეში მესამე პირად ჩაერთო მეურვეობისა და მზურველობის ორგანო – სსიპ სოციალური სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი.

სარჩელის საფუძვლები:

3. მოსარჩელის განმარტებით, ვილჰელმსჰაფენის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 2 მარტს მიიღო გადაწყვეტილება მხარეთა ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამასთან, ვილჰელმსჰაფენის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 8 ივნისის დახურულ სხდომაზე, რომელიც შეეხებოდა ბავშვისა და მშობლის ურთიერთობის დადგენასა და დანიელ შიუტცისათვის მშობლის მზრუნველობის უფლებას, სასამართლომ შეწყვიტა პროცესი, რადგან არასრულწლოვნის მამა – მოსარჩელე არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, მაგრამ გამოხატა თანხმობა, 2017 წლის 13 ივლისიდან 2017 წლის 1 აგვისტომდე არასრულწლოვანი დედასთან ერთად სამკვირიანი ვადით გამგზავრებულიყო დასასვენებლად.

4. მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს ჰქონდათ საერთო მზრუნველობის უფლება ბავშვზე. 2017 წლის 4 აგვისტოს კი მან შეიტყო, რომ შვილი იმყოფებოდა საქართველოში და უკან არ ბრუნდება. ამჟამად არასრულწლოვანი დედასთან ერთად ცხოვრობს ქ. ბათუმში, დ. თ-ის ქ. №...-ში.

5. ჰააგის კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალურ ორგანოს დავის მოგვარების უზრუნველყოფის მიზნით, კომუნიკაცია ჰქონდა არასრულწლოვნის მშობელთან – მოპასუხესთან, რომელმაც 2018 წლის 2 მარტს უარი განაცხადა არასრულწლოვნის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ნებაყოფლობით დაბრუნებასთან დაკავშირებით.

6. ცენტრალური ორგანო – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მიმართავს რა შუამდგომლობით განსჯად სასამართლოს, ითხოვს ჰააგის კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებებისა და მიზნების შესასრულებლად, სასამართლომ განიხილოს, რამდენად მიზანშეწონილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობა დაკმაყოფილება და არასრულწლოვანი დ. შ-ის დაბრუნება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საცხოვრებლად.

მოპასუხის პოზიცია:

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მისი გერმანიაში ცხოვრება განპირობებული იყო ოჯახური მდგომარეობით, რაც დასრულდა მეუღლეთა განქორწინებით. მოპასუხე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე არ არის, მას არ გააჩნია იმის მყარი განცდა და გარანტია, რომ მისი მოქალაქეობრივი უფლებები იქნებოდა სრულად დაცული და ისარგებლებდა ამ სტატუსის მქონე პირის ყველა უფლებებითა და სიკეთით. ის არ იყო დასაქმებული გერმანიაში და იმყოფებოდა სახელმწიფო დოტაციაზე, ხოლო ყოფილი მეუღლე განქორწინების შემდეგ, მიუხედავად კანონიერი ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა, არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, არ უხდიდა მოპასუხეს და მის შვილს რჩენა/აღზრდისათვის მასზე დაკისრებულ სარჩო/ალიმენტს, რაც უქმნიდა არასტაბილური გარემოს განცდას. მოსარჩელე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მოპასუხეს და ბავშვსაც მკაცრად ექცეოდა. მუდმივ სტრესულ გარემოში ყოფნის გამო არასრულწლოვანს ჰქონდა გულყრები, რაც საქართველოში მისი ჩამოყვანის შემდეგ არ განმეორებულა.

8. მან გადაწყვიტა თავის მშობლიურ ქალაქში დაბრუნება, სადაც ჰყავდა მშობლები, ნათესავები და აქვს ყველა შესაძლებლობა დაიმკვიდროს თავი, როგორც საზოგადოების ღირსეულმა პიროვნებამ, დასაქმდეს და საკუთარი შრომით შეძლოს საკუთარი თავისა და მისი შვილის რჩენა და მისი, როგორც საზოგადოების ღირსეულ წევრად აღზრდა.

9. 2017 წლის 13 ივლისს მოპასუხე შვილთან ერთად დაბრუნდა ქ. ბათუმში, შექმნა ახალი ოჯახი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 10 ოქტომბრის №287 ბრძანებულებით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

მესამე პირის პოზიცია:

10. საქმეში მესამე პირად ჩაერთო მეურვეობისა და მზურველობის ორგანო – სსიპ სოციალური სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი, რომლის წარმომადგენლის განმარტებით, არასრულწლოვანი ბავშვი დაახლოებით ერთი წელია ცხოვრობს დედასთან ერთად მშვიდ და მზრუნველ გარემოში და სწავლობს გიმნაზიაში. მოპასუხე არის მზრუნველი დედა, არ არის კონფლიქტური, შეკითხვებს თავს არ არიდებს, ადეკვატურად და ზუსტად პასუხობს. შვილთან თანდასწრებით არ საუბრობს ყოფით პრობლემებზე. ბავშვთან მამას მოიხსენიებს მხოლოდ კარგი მოგონებებით. ბინა, სადაც ამ ეტაპისათვის მოპასუხე შვილთან და ახალ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, რეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე. ბავშვს აქვს შექმნილი იდიალური საცხოვრებელი პირობები. იგი ადაპტირებულია გარემოსთან, თავს გრძნობს კომფორტულად, შესაბამისად მისი გერმანიაში დაბრუნება არამიზანშეწონილია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ჰააგის 1980 წლის კონვენცია, პირველ რიგში, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს „სტატუს ქვოს“ აღდგენას, როდესაც ითხოვს უკანონოდ გადაადგილებული, ან დაკავებული ბავშვების დაბრუნებას ხელშემკვრელ ქვეყანაში (იხ. კონვენციის თაობაზე ელეზა პერეზ-ველეს განმარტებითი მოხსენება-ბ, კონვენციის მიზნები პ. 16.). ამასთან, ერთი მხრივ, ნათელია, რომ კონვენცია არ ეხება მეურვეობის უფლების არსს (მუხლი 19), მაგრამ, მეორე მხრივ, ასევე აშკარაა, რომ ბავშვის გადაადგილებისა და დაუბრუნებლობის კვალიფიცირება უკანონო ქმედებად განპირობებულია მეურვეობის უფლებით, რაც იურიდიულ შინაარს ანიჭებს იმ ქმედების გამო შეცვლილ სიტუაციას, რომელთა თავიდან აცილებაც წარმოადგენს სასამართლო განხილვის საგანს. ამავე განმარტების თანახმად, კონვენციის ორივე მიზანი, ერთი პრევენციული, ხოლო მეორე მიმართული ბავშვის ჩვეულ გარემოში რეინტეგრაციისაკენ, მთლიანობაში პასუხობს ბავშვის ინტრესების უზენაესობის კონცეფციას. შესაბამისად, კონვენცია უშვებს ზოგიერთ გამონაკლისს უკანონოდ გადაადგილებული, ან დაკავებული ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებასთან დაკავშირებით სახელმწიფოების მიერ აღებული ზოგადი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით.

14. სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არასრულწლოვანი ბავშვი – დ. შ-ი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულია მართლზომიერი საფუძვლით, იგი მამის თანხმობით ჩამოიყვანა დედამ. შესაბამისად, ჰააგის კონვენციით დადგენილი საერთაშორისო გატაცების საკითხი ბავშვის მიმართ არ იხილება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის სააპელაციო საჩივარში გადმოცემული თვალსაზრისი იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად არ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში თითქოსდა ადგილი ჰქონდა ბავშვის გატაცებას.

15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კვლევის საგანია არასრულწლოვანის საქართველოში ყოფნის მართლზომიერება, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობისა და დასკვენების მართლზომიერება, რათა ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, სამართლებრივად შეფასდეს აპელანტის პრეტენზია იმ კონტექსტში, რომ ბავშვი არამართლზომიერად არის დაკავებული საქართველოში.

16. ზემოაღნიშნული შეფასებისას ანალოგიური კატეგორიის საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოსთვის ამოსავალი პრინციპია ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერსთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germnay, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK ანდ KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72).

17. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ევროპული სასამართლოს მსჯელობაზე, რომლის თანახმადაც, „ჰააგის კონვენციის მიხედვით, დაბრუნების მოთხოვნის კონტექსტში, რომელიც გამიჯნულია მეურვეობასთან დაკავშირებული სამართალწარმოებისაგან, ბავშვის საუკეთესო ინტერსების კონცეფცია უნდა შეფასდეს ჰააგის კონვენციით დაშვებული გამონაკლისების მიხედვით,რომელიც გულისხმობს დროის გასვლას (მუხლი 12), კონვენციის გამოყენების პირობებს (მუხლი 13.პ.ა) და სერიოზული რისკების არსებობას (მუხლი 13.პარ.ბ), ასევე მხედველობაში უნდა იყოს მიღებული მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებთან შესაბამისობა, რაც გულისმობს ფუნდამენტური თავისუფლების და ადამიანის უფლებების დაცვას (მუხლი 20). ეს დავალება, პირველ რიგში, ეკისრება მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს, რომელსაც სხვა დანარჩენთან ერთად აქვს მხარეებთან პირდაპირ ურთიერთობის უპირატესობა.

18. მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი არასრულწლოვანი შვილის დაბრუნების თაობაზე წარადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენციის შესაბამისად. დადგენილია, რომ ბავშვის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს საქართველოში გადმოადგილებამდე წარმოადგენდა გერმანია, სადაც ის მშობლების განქორწინების შემდეგ ცხოვრობდა დედასთან ერთად, რომელიც მასზე ფაქტობრივად ახორციელებდა მეურვეობას, თუმცა მამას არ ჰქონდა მეურვეობის უფლება დაკარგული და სწორედ მისი თანხმობით მოხდა მოპასუხის მიერ ბავშვის გერმანიიდან საქართველოში გადმოადგილება, ხოლო შემდგომ ამ უკანასკნელის მიერ ბავშვის არამართლზომიერად დაკავება.

19. შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ბავშვი წარმოადგენს ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის ჰააგის კონვენციის (მე-3 მუხლი) საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვს, ვინაიდან იგი დღემდე იმყოფება საქართველოში და დედამ არ უზრუნველყო ბავშვის უკან დაბრუნება მხარეთა შეთანხმებისამებრ.

20. „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, როდესაც ბავშვი არამართლზომიერად არის გადაადგილებული ან დაკავებული მე-3 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში და იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოს, სადაც ბავშვი იმყოფება, სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარჩევის დაწყების თარიღისათვის გასულია ერთ წელზე ნაკლები ვადა არამართლზომიერად გადაადგილების ან დაკავების თარიღიდან, აღნიშნული ორგანო დაუყონებლივ იძლევა განკარგულებას ბავშვის დაბრუნების თაობაზე, ხოლო იმ შემთხვევაში კი, თუ კონვენციით დადგენილი ერთწლიანი ვადა გავიდა, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის დაბრუნების თაობაზე, თუ ბავშვის ინტეგრაცია ახალ გარემოში თვალნათლივ არ იქნება ნაჩვენები. ამდენად, კონვენციის მე-12 მუხლი იცავს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს: თუ არასრულწლოვანი ინტეგრირებულია ახალ გარემოში, სასამართლოს აქვს დისკრეციული უფლებამოსილება არ დააბრუნოს იგი უკან.

21. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მიუხედავად მამის მხრიდან განაცხადის დროულად წარდგენისა (მართლზომიერად გადაადგილების ვადა ამოიწურა 2017 წლის 1 აგვისტოს, არამართლზომიერი დაკავების ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 2 აგვიტოს, მოსარჩელემ განაცხადი წარადგინა 8 აგვისტოს) მოცემული დავის განხილვაზე უფლებამოსილ საქალაქო სასამართლოს საქმე განსახილველად გადაეცა 1 წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ – 2018 წლის 31 აგვისტოს, რაც, როგორც მოცემულ სამოქალაქო საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასება ცხადჰყოფს, საკმარისი დრო აღმოჩნდა ბავშვის ახალ გარემოში ინტეგრაციისათვის და, მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის მიხედვით, არასრულწლოვანის დაბრუნება მის საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არსებობს გარემოება, როდესაც ბავშვის უკან დაბრუნებამ შეიძლება უფრო მეტი ზიანი გამოიწვიოს და გახდეს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო.

22. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენციის მიზანია, უზრუნველყოს ბავშვის საერთაშორისო დაცვა მისი არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების მავნე შედეგებისაგან, რომელიც ემსახურება ბავშვის საერთაშორისო გატაცების ფაქტების აღკვეთას, მისი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში უსაფრთხო, დროული და სწორად დაბრუნების თავალსაზრისით, თუმცა აღნიშნული პროცედურების განხორციელება, უპირველესად, ეფუძნება ბავშვის ინტერესების უზენაესობას – სადავო საკითხი გადაწყვეტილი იქნეს ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც გულისხმობს მის უფლებას, არ აღმოჩნდეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური საფრთხის წინაშე, ან აუტანელ მდგომარეობაში. ამდენად, აღნიშნული კონვენციის განხორციელებისას პრიორიტეტს წარმოადგენს კონვენციის მიზნის (ბავშვის უკანონო გატაცებისა და უკანონო დაკავების აღკვეთა) მიღწევა, უფრო მაღალი ღირებულებების - ბავშვის უფლებების დაცვით, მისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის გათვალისწინებით. სწორედ ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით აღნიშნული კონვენცია ადგენს გამონაკლისებს ბავშვის დაბრუნებასთან მიმართებით. კერძოდ, კონვენციის მე-13 მუხლით, მიუხედავად წინამავალი მუხლის დებულებებისა, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის, გასცეს განკარგულება ბავშვის თაობაზე, თუკი პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დაადგენს, ამავე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს - კერძოდ: ბ) არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში.

23. სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ორგანოს, აგრეთვე, შეუძლია უარი განაცხადოს ბავშვის დაბრუნების შესახებ განკარგულების გაცემაზე, თუკი იგი აღმოაჩენს, რომ ბავშვი მისი დაბრუნების წინააღმდეგია და მან უკვე მიაღწია ისეთ წლოვანებასა და მოწიფულობის ასაკს, როდესაც მიზანშეწონილია მისი აზრის გათვალისწინება. სწორედ ზემოაღნიშნულ მიზანს ემსახურება საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში, სახელდობრ სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (შემდგომ – სსსკ) (21.06.2011 №4869) შეტანილი ცვლილებები, რომლითაც კანონმდებელმა სპეციალური თავი XLII2 მიუძღვნა არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებულ საქმეთა განხილვის თავისებურებებს. სახელდობრ მოცემულ საკითხს აწესრიგებს სსსკ-ის 35116 მუხლი.

24. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა განმარტებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილი დასკვნის, ამავე ორგანოს წარმომადგენლის განმარტების, ფსიქოლოგის დასკვნის, ფსიქოლოგთა განმარტებების, ბავშვთან უშუალო გასაუბრებებისა და საქმეში არსებული მასალების ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი ბავშვის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნება არ გამომდინარეობს ამ უკანასკნელის ჭეშმარიტი ინტერესებიდან, რადგან ჩვეული გარემოდან გადადგილების დროიდან – 2017 წლის 13 ივლისიდან გასულია რა ერთი წელი და ხუთ თვეზე მეტი, ბავშვი კარგად ინტეგრირებულია ახალ გარემოში, ის ჩართულია წინასასკოლო, დამატებით საგანმანათლებლო ღონისძიებებში, ასევე საზოგადოებრივ, კულტურულ აქტივობებში, სახელდობრ, საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია გაიარა რა დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სწავლობს საგანმანათლებლო ბაღში. 2017 წლის 8 სექტემბრიდან, სწავლობს რუსულ ანბანს, აქტიურ მონაწილეობს საზეიმო ღონისძიებებში, სადაც მღერის, ცეკვავს, თამაშობს ჭადრაკს. ბავშვის განმარტებით, ბათუმი დიდი და ლამაზი ქალაქია, სადაც მას ჰყავს არაერთი თანატოლი მეგობარი, რომლებთან ერთადაც ის სიხარულითა და სიამოვნებით ხშირად დადის სასეირნოდ პარკში, ზღვაზე, თამაშობს სათამაშო მოედანზე, საქანელებზე, მას უყვარს ისინი, მათი გახსენებისას ღიმილი ეფინება სახეზე, ზღვის ბულვარში სეირნობისას კი ჭადრაკს თამაშობს, მოთამაშეებს უგებს და იმარჯვებს, რომლებიც მას აქებენ, რაც მას ახარებს. სახლში, სამზარეულოს გვერდით აქვს თავისი ოთახი, სადაც ბევრი სათამაშოა, ის ახალ გარემოში თავს გრძნობს ძალზე კომფორტულად, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ცხოვრების პერიოდი მის მეხსიერებაში ფაქტიურად არ არის შემონახული, განმარტავს, რომ არ ახსოვს გერმანია, არ ახსოვს სად ცხოვრობდა, ის არ დადიოდა საბავშვო ბაღში, არ დადიოდა სასეირნოდ, რადგან იქ არ იყო პარკი, მას იქ არ ჰყავს მეგობრები, ვისთანაც ის ითამაშებდა, ხოლო გერმანიაში დაბრუნებით კი შეიძლება დედა-შვილური ურთიერთობა გაუცხოვდეს და ამ ურთიერთობის დანაკლისმა უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის ფსიქო-ემოციურ განწყობაზე, მით უფრო ისეთ ვითარებაში, როდესაც ფსიქოლოგის დასკვნის თანახმად, ბავშვს აქვს ემოციური მიჯაჭვულობა დედასთან, შესაბამისად, მასთან განშორება იქნება უარყოფითი ეფექტის მომცემი, მისთვის მატრამვირებელი და ფსიქოლოგიური საფრთხის შემცველი.

25. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არასრულწლოვანი ინტეგრირებულია ახალ გარემოში, ამასთან, იკვეთება დედასთან ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა, ინტეგრირებული გარემოდან ბავშვის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნება დედის გარეშე გაამწვავებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას რადგან დედასთან დაშორებით და ინტეგრირებული გარემოდან გასვლის შემთხვევაში, წარმოიქმნება ბავშვისათვის ფსიქოლოგიური საფრთხის შემცველი გარემოებები, რაც ერთმნიშვნელოვნად ნათელია, რომ უარყოფითად იმოქმედებს არასრულწლოვანის განვითარებაზე და დაუშვებელია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს კონვენციით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევა და ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, არ არსებობს მისი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

26. ზემოხსენებულთან ერთად სააპელაციო პალატის შეფასებით, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, რომ ბავშვის დაკავებამდე არსებულ გარემოში დაბრუნება შესაძლებელია ბავშვის ინტერესების დარღვევის გარეშე.

27. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებზე აპელირებით მართებულად დაასაბუთა ის არსებითი რისკფაქტორები, რომლებიც კონვენციის მიზნებს უპირისპირდება, ხოლო მოსარჩელე ითხოვს რა ბავშვის დაბრუნებას, მისი მოთხოვნა ემყარება ზემოაღნიშნული კონვენციის ვიწრო გაგებას, ვინაიდან, იგი ვერ ადასტურებს მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთით უფრო მაღალი მიზნის მიღწევას და ვერ გამორიცხავს, რომ მცირეწლოვანის დედასთან დაშორებით და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნებით უფრო მეტად არ დაირღვევა ამ კონვენციით დაცული სუბიექტის – ბავშვის ინტერესები და უფლებები. ამდენად, იმ მთავარი საკითხის გათვალისწინებით, რომ „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენციის უმთავრესი მიზანი ბავშვის ინტერესების დაცვაა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარემ შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნას დაუპირისპირა სამართლებრივი შესაგებელი (კონვენციის მე-12 მუხლი, მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), რომლის ფაქტობრივი შემადგენლობაც დადასტურებულ იქნა სააპელაციო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, ამდენად, არ არსებობს საპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები.

28. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლად მითითებული გარემოებები და განმარტება იმის თაობაზე, რომ რომ საქმე პირველი ინტანციის სასამართლომ განიხლა საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით, სახელდობრ, საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, მხარის დაუსწრებლად, კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოდგენილ ყოფილიყო კვალიფიციური ადვოკატით, სასამართლომ კანონის ანალოგიის გამოყენებით არ უზრუნველყო მისთვის ადვოკატის სავალდებულო წესით დანიშვნა, თარჯიმნის მომსახურება იყო არაკვალიფიციური და, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ დანიშნულ ვადაში მოპასუხეს არ ჰქონდა წარდგენილი შესაგებელი, არ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქართველოს სსკ-ის 2321 მუხლის შესაბამისად, რადგან საქმის მასალების შესწავლით, დავის განხილვის თავისებურებებიდან გამომდინარე, არც ზემოხსენებული და არც იმ სახის საპროცესო დარღვევები, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად შეიძლება მიჩნეულიყო, დადგენილ ვერ იქნა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

29. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

30. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა უხეში საპროცესო დარღვევებით. მოსარჩელეს, როგორც უცხოენოვან პირს, არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოდგენილიყო ადვოკატის მეშვეობით, თარჯიმნის მომსახურება იყო არაკვალიფიციური. მან ვერ გაიგო და სრულფასოვანი მონაწილება ვერ მიიღოს საქმის წარმოების რიგ სტადიებში. საქმე განიხილა არაკანონიერმა შემადგენლობამ, კერძოდ, მოცემული სამოქალაქო დავა განიხილა სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით გამწესდა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით არ ეცნობა სასამართლო სხდომების ჩატარების შესახებ.

31. სააპელაციო სასამართლოს სსსკ-ის 105-ე მუხლის დაცვით არ გამოუკვლევია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებანი დაადგინა შესაბამისი მტკიცებულებებით მათი დადასტურების გარეშე.

32. კასატორმა არ გაიზიარა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმ ნაწილში, რომლის თანახმად ბავშვი 2017 წლიდან იმყოფება ახალ გარემოში, სადაც ადაპტირდა და თავს კომფორტულად გრძობს. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სსსკ-ის 35116 მუხლი და დაეყრდნო მხოლოდ ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მონათხრობს. სასამართლომ ასევე არასწორად მიუთითა არასრულწლოვანის უარზე, რომელიც მან განაცხადა გერმანიაში მამასთან დაბრუნაზე. მითითებულ საკითხზე მსჯელობისას არარელევანტურია პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში ბავშვის გამოკითხვაზე აპელირება. არასრულწლოვანის გამოკითხვაზე არ არსებობს შესაბამისი განჩინება, ასეც რომ არ იყოს, მის ჩვენებას იურიდიული ძალა არ გააჩნია.

33. მართალია, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის კონვენცით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, თუმცა არასწორად განმარტა ისინი. არამართლზომიერად დაკავებული და გადაადგილებული ბავშვის დაბრუნების საქმის განხილვამდე სააპელაციო პალატას უნდა განიხლა საქმე სსსკ-ის XLII2 თავისა და ჰააგის კონვენციის დებულებების შესაბამისად, რაც არ განხორციელებულა. ასევე, დაირღვა სსსკ-ის 3518 და 244-ე მუხლები.

34. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობერივი გარემოებანი.

35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

36. საკასაციო სასამართლომ მოცემული საქმე განიხილა ზეპირი მოსმენით 2019 წლის 7 მაისს, რის შემდეგაც პროცესი გადაიდო მხარეთა მორიგების მიზნით,

37. 2019 წლის 5 ივნისს მხარეებმა წარადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს საკასაციო სასამართლოს წინაშე მისი დამტკიცების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

38. საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

39. სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებულია სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის მნიშვნელოვანი დისპოზიციურობის პრინციპი, რაც უმთავრესად ნიშნავს მხარეთა მიერ საკუთარი ნების საფუძველზე კანონით მათთვის მინიჭებული უფლებების განკარგვას. მათ შორისაა ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლება, მხარეებმა დავის შეწყვეტის მიზნით, მიაღწიონ შეთანხმებას გარკვეულ პირობებზე (მორიგდნენ), რომელიც ორმხრივ მავალდებულებელია და სასამართლოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში ექვემდებარება აღსრულებას.

40. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მორიგების აქტით განსაზღვრული პირობები გამოხატავს მხარეთა ნებას, რაც მათ სხდომაზეც დაადასტურეს, ამავდროულად, მორიგების აქტის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კანონს.

41. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეებისათვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმის წარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება, განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

42. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ. იმავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე მუხლით, 373-ე მუხლის მეორე ნაწილით, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით, მე-3 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დამტკიცდეს მორიგება ერთი მხრივ, მოსარჩელე კ. შ-სა (C2HF... დაბადებული ....11.19...წ) და, მეორე მხრივ, მოპასუხე მ. შ-ს (პ/ნ 610010...09) შორის არასრულწლოვან შვილთან – დ. შ-თან (დაბადებული ....09.20..., საზღვარგარეთის პასპორტი G 063...1) ურთიერთობის დღეების განსაზღვრაზე შემდეგი პირობებით:

1) კ. შ-ს მიეცეს შვილთან დ. შ-თან შეუზღუდავი კომუნიკაციის უფლება, კერძოდ, კ. შ-ს, დ. შ-ის სურვილისა და ინტერესების გათვალისწინებით, ჰქონდეს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს და ადგილას დაუკავშირდეს ტელეფონის (მობილური ტელეფონის), ინტერნეტის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის, ფაქსის, თუ სხვა კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით;

2) კ. შ-ს მიეცეს უფლება, ყოველი თვის ერთ რომელიმე კვირაში 7 დღე, დედასთან (5 დღით ადრე) წინასწარი შეთანხმებით, სატელეფონო შეტყობინებით ან კომუნიკაციის სხვა ნებისმიერი ტექნიკური საშუალების გამოყენებით, საქართველოში მოინახულოს შვილი დ. შ-ი და წაიყვანოს თავისთან, მათ შორის ღამისთევით, ამ უკანასკნელის სურვილის შესაბამისად, ბავშის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით, დედისგან დამოუკიდებლად, დედასთან შვილის დაბრუნების პირობით;

3) საქართველოში საზაფხულო არდადეგების პირველ ნახევარში და ზამთრის არდადეგების მეორე ნახევარში კ. შ-ს მიეცეს უფლება, მოინახულოს შვილი – დ. შ-ი, მის ადგილსამყოფელზე და წაიყვანოს იგი თავისთან, მათ შორის ღამისთევით, ამ უკანასკნელის სურვილის შესაბამისად, საქართველოში მის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე დედისგან დამოუკიდებლად, დედასთან შვილის დაბრუნების პირობით.

4) მშობლების წინასწარი შეთანხმებით, დანიელ შიუტცს, ამ უკანასკნელის სურვილის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე (დასვენების) დღეების ნახევარი შეუძლია, დარჩეს მამასთან – კ. შ-თან, მთელი დღე, მათ შორის ღამისთევით, საქართველოში, ბავშვის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით.

5) დანიელ შიუტცის 10 წლის ასაკის მიღწევამდე მამასა და შვილს შორის ურთიერთობის დღეები განისაზღვროს შემდეგნაირად: 10 წლის ასაკის მიღწევამდე, დედისა და ბავშვის – დ. შ-ის თანხმობით, ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ბავშვის ინტერესების (სკოლა, სპორტული აქტივობები და სხვა) გათვალისწინებით, შესაძლებელია, წაიყვანოს კ. შ-მა მის საცხოვრებელ ადგილზე საქართველოს ფარგლებს გარეთ (საზღვარგარეთ) დედის თანხლებით, ბავშვის მგზავრობის, საზღვარგარეთ ცხოვრებისა და მასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს აანაზღაურებს მამა – კ. შ-ი;

6) დ. შ-ის 10 წლის ასაკის მიღწევისას მამასა და შვილს შორის ურთიერთობის დღეები განისაზღვროს შემდეგნაირად: 10 წლის ასაკის მიღწევისას, ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, რომლითაც დადგინდება, რომ არასრულწლოვანი დ. შ-ი თანახმაა და მისი ასაკიდან და, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, წაყვეს მამას – კ. შ-ს დამოუკიდებლად საქართველოს ფარგლებს გარეთ (საზღვარგარეთ), კ. შ-ს მიეცეს უფლება, შვილის თანხმობისა და სურვილის შემთხვევაში, საქართველოში საზაფხულო არდადეგების პირველ ნახევარში და ზამთრის არდადეგების მეორე ნახევარში, დ. შ-ი წაიყვანოს საქართველოს ფარგლებს გარეთ (საზღვარგარეთ) და დააბრუნოს შვილი დედასთან (ჩამოიყვანოს იგი საქართველოში).

შენიშვნა: მორიგების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის გადასაწყვეტად ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის დასკვნა შესაძლებელია, შედგენილი იქნეს და გასცეს ერთ-ერთი მშობლის ან მშობლების ერთობლივი განცხადების/მიმართვის საფუძველზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

7) მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ ხელს არ შეუშლიან მორიგების აქტში მითითებული პირობის დაუბრკოლებლად შესრულებას და იმოქმედებენ შვილის – დ. შ-ის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. ასევე, ხელს არ შეუშლიან საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს;

8) ბავშვის დ. შ-ის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს დედის – მ. შ-ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – ქ. ბათუმი, თ. ქ. №..., ბინა №....

9) მორიგების აქტის დამტკიცებიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, დაევალოს ბავშვის მამასთან ურთიერთობის მონიტორინგის სამი თვის ვადაში განხორციელება, ხოლო მისი ვადამდე შეწყვეტის ან გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკი დასკვნის სახით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით;

10) მხარეები აცხადებენ, რომ მორიგებაში მითითებული შვილის ნახვის, წაყვანის წესი და პირობა შესაძლებელია, შეიცვალოს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით;

11) მამა – კირილ შიუტცი თანახმაა, არასრულწოვანმა შვილმა – დ. შ-მა მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო-სპორტულ ღონისძიებებში, როგორც საქართველოში, აგრევე საქართველოს ფარგლებს გარეთ და ამ მიზნით დ. შ-მა მიიღოს პასპორტი, ბინადრობის მოწმობა;

12) თუ დედა – მ. შ-ი ან პირიქით, მამა – კ. შ-ი იმ დროს, როდესაც არასრულწლოვანი დ. შ-ი მათთან (რომელიმე მათგანთან) იმყოფება და მშობელი გადაწყვეტს, ბავშვი გაიყვანოს საქართველოდან (დედა) ან შესაბამისად შვეიცარიიდან (მამა) რომელიმე მესამე ქვეყანაში, ამის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მეორე მშობელს, რაც გულისხმობს გამგზავრების მიზნის, ადგილისა და ხანგძლივობის შესახებ შეტყობინების ვალდებულებებს, რაზეც ორივე მშობელი აცხადებს თანხმობას.

2. მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს და გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება;

3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი