საქმე №ას-251-2019 5 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ს. ს. ს. უ.“ უფლებამონაცვლე შპს „ს. ს. ს. უ.“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორები)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. და ა. ა-ები (მოსარჩელეები, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება (ძირითად სარჩელში), ხელწერილის ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. დ. (შემდგომ – მოსარჩელე) და ა. ა-ებმა (შემდგომ – მეორე მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ს. ს. ს. უ.“ (შემდგომ – მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მიმართ პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ 203 504,5 აშშ დოლარის, ხოლო მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ – 65 679,50 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელეთა განმარტებით, 2014 წლის 1 ივლისს გაიყიდა მოსარჩელეთა და სხვა მესაკუთრეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც შეიძინა ორგანიზაციამ, რომლის უფლებამონაცვლეა მოპასუხე. უძრავი ქონების კომპლექსი გაიყიდა 1 500 000 აშშ დოლარად.
3. აღნიშნული ნასყიდობის ფასიდან ყველა თანამესაკუთრეს უნდა მიეღო თავისი წილის შესაბამისი თანხა, კერძოდ, მოსარჩელეს უნდა მიეღო 309 320,50 აშშ დოლარი, ხოლო მეორე მოსარჩელეს – 65 679.50 აშშ დოლარი, სულ – 375 000 აშშ დოლარი. მოპასუხის მხრიდან დაირღვა ხელშეკრულების პირობა და თანხის მეორე ნაწილი ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე აღარ იქნა გადახდილი.
4. მეორე მოსარჩელეს კუთვნილი თანხა პერიოდულად ჩაერიცხა, კერძოდ, ხელზე გადაეცა 74 987 აშშ დოლარი, ხოლო რამდენიმე ეტაპად ჩაერიცხა 30 828 აშშ დოლარი. ამ ეტაპზე მეორე მოსარჩელისათვის გადასახდელია 203 504,5 აშშ დოლარი, ხოლო მოსარჩელისათვის – 65 679,50 აშშ დოლარი.
მოპასუხისა შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა მოცულობით. მან შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის მიერ გაცემული საბუთი 2016 წლის 5 აპრილის მდგომარეობით მეორე მოსარჩელის მიმართ ფულადი ვალდებულების არსებობის შესახებ.
6. მოპასუხის განმარტებით, 2014 წლის 1 ივლისს შეიძინა უძრავი ქონება, რომლის ერთ-ერთი მესაკუთრე იყო მეორე მოსარჩელე. ქონების გასაყიდი ღირებულება 1500000 აშშ დოლარით განისაზღვრა. 1 044 755,36 აშშ დოლარი გამყიდველებისათვის გადახდილ იქნა ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე, რაც დასტურდება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამყიდველს გადაეცა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხი. პერიოდულად მოპასუხეს აკითხავდა მეორე მოსარჩელე და მისი შვილი. ერთ-ერთი მისვლისას მათ მოპასუხეს შესთავაზეს, რომ შეადგენდნენ და მიაწვდიდნენ გარკვეულ კალკულაციას, უძრავი ქონების გამყიდველების – მოსარჩელეების მიმართ ვალის არსებობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც მათ სჭირდებოდათ პირადი მიზნებისათვის და ის გამოყენებული არ იქნებოდა მოპასუხის საწინააღმდეგოდ. მოპასუხე ენდობოდა მეორე მოსარჩელეს. ის არ გაცნობია დოკუმენტის შინაარს, არ გადაუმოწმებია მასში ასახული რიცხვები და ისე მოაწერა ხელი და დასვა ბეჭედი. საბოლოოდ გაირკვა, რომ დოკუმენტში განზრახ იყო შეტანილი მცდარი მონაცემები, იმ მიზნით, რომ მეორე მოსარჩელესა და მის შვილს – მოსარჩელეს სასამართლოს გზით მოეთხოვათ უფრო მეტი თანხა ვიდრე რეალურად ეკუთვნოდათ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ძირითად სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი თანხის ანაზღაურება, შეგებებულ სარჩელს კი ეთქვა უარი, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 1 ივლისს უძრავი ქონების მესაკუთრე ფიზიკურ პირებს, მათ შორის, მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.
10. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მხარეებმა დაადასტურეს, რომ უძრავი ქონების ღირებულებიდან 1 044 755,36 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი ავანსის სახით გადაეცათ გამყიდველებს, ხოლო დარჩენილ 455 244,64 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარს მყიდველი გადაიხდის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე.
11. მოსარჩელეებისათვის თავიანთი წილის პროპორციულად გადასაცემი თანხის ოდენობა, უძრავი ქონების ჯამური ღირებულების გათვალისწინებით, შეადგენდა: მეორე მოსარჩელისათვის – 309 320,5 აშშ დოლარს, ხოლო მოსარჩელისათვის – 65 679,50 აშშ დოლარს.
12. მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორის მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, უძრავი ქონების შესყიდვიდან წარმოქმნილი დავალიანების ნაშთი 2016 წლის 5 აპრილისათვის მეორე მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 269 184 აშშ დოლარს.
13. 2016 წლის 21 ივნისს მოსარჩელეებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს და 2014 წლის 1 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოითხოვეს მათ სასარგებლოდ მოპასუხისათვის ნასყიდობის თანხის, სულ – 269 183.5 (203504.5+65679.50) აშშ დოლარის დაკისრება. მოპასუხე არ უარყოფს მოსარჩელეთა მიმართ ვალდებულების არსებობას, სადავოდ არ ხდის გადასახდელი თანხის ოდენობას, თუმცა აცხადებს, რომ მას მითითებული თანხის გადახდის ვალდებულება გააჩნია არა მხოლოდ მოსარჩელეების მიმართ, არამედ, ნასყიდობის ხელშეკრულებაში მონაწილე სხვა მხარეებისთვისაც, რის გამოც სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
14. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 429-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.
15. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 201-ე მუხლის დანაწესის საწინააღმდეგოდ, არ მიუთითებს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საპირისპირო გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (არაკვალიფიციური შესაგებელი). ასეთი შესაგებელი კი განიხილება, როგორც უპასუხობა, ანუ დასტური (აღიარება) სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა (შტეფან შმიტი, ჰარალდ ჰარალდ რიჰტერი „მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში“), რაც სრულად აცლის საფუძველს მოპასუხე მხარის სააპელაციო პრეტენზიას.
16. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტმა აღიარა სადავო ვალდებულების არსებობა და განმარტა, რომ აღნიშნული ვალდებულების კრედიტორები არიან არა მხოლოდ მოსარჩელეები, არამედ გარიგების მონაწილე სხვა მხარეებიც, თუმცა სააპელაციო საჩივარი (ისევე როგორც შესაგებელი) არ შეიცავს განმარტებას, თუ აღიარებული სადავო ვალდებულებიდან მოპასუხეს ვის მიმართ და რა რაოდენობით თანხის გადახდის ვალდებულება გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მის მიერ მოსარჩელეთა მიმართ განხორციელებული შესრულება გამორიცხავდა მითითებული ოდენობით თანხის მოთხოვნის საფუძველს, თუმცა აპელანტმა ამ მიმართებით ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის საფუძველია.
17. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას, მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორის მიერ გაცემული ვალის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილობას, სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე და დაადგინა, რომ შეგებებული სარჩელის ავტორი დირექტორის მიერ გაცემული დოკუმენტის ბათილად ცნობას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ დოკუმენტზე ხელმომწერი პირი ენდობოდა მეორე მოსარჩელეს, რის გამოც ისე მოაწერა ხელი, რომ არ გაცნობია დოკუმენტის შინაარსს და არ გადაუმოწმებია მასში ასახული ინფორმაცია.
18. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოტყუებით დადებული გარიგებისას გადამწყვეტია ის, რომ მხარის ნების ფორმირება ხორციელდება განზრახი მოტყუების საფუძველზე. მოტყუება წინ უნდა უსწრებდეს გარიგების დადებას და აშკარა უნდა იყოს, რომ გარიგება მოტყუების გარეშე არ დაიდებოდა.
19. სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასკვნას და მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა მისი მტკიცების ფარგლებში ვერ მიუთითა, თუ რაში გამოიხატა მოსარჩელეთა მხრიდან მოპასუხის მოტყუების ფაქტი ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ნების გამოვლენის ნაკლის არსებობას, რაც შეგებებული სარჩელის მოთხოვნას არსებითად დაუსაბუთებლად აქცევს.
20. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საწინააღმდეგოს დადასტურების შემთხვევაშიც, სადავო დოკუმენტის ბათილად ცნობა გავლენას ვერ მოახდენდა განსახილველი დავის სამართლებრივ შედეგზე, ვინაიდან წარმოდგენილი სარჩელი ეფუძნება არა შეგებებული სარჩელით სადავოდ გამხდარ დოკუმენტს, არამედ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის 2.9 პუნქტის მეორე აბზაცის შესაბამისად, მხარეებმა განსაზღვრეს, რომ „ყველა ქონების ჯამური ღირებულებაა 150000 აშშ დოლარი, საიდანაც 1044755.36 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი ავანსის სახით გადახდილი აქვს მყიდველს გამყიდველებისათვის, რასაც აღიარებენ ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, ხოლო დარჩენილ თანხას 455 244.64 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარი მყიდველი გადაიხდის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე“. სწორედ, ხელშეკრულების აღნიშნული დათქმისა და სსკ-ის 429-ე მუხლის შესაბამისად, წარმოეშვა მოპასუხეს იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მას სადავო თანხა უკვე გადახდილი აქვს კრედიტორებისათვის, თუმცა ასეთი მტკიცება მოპასუხე მხარეს არ განუხორციელებია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელით სადავოდ გამხდარი დოკუმენტის ბათილობის მიმართ არ არსებობს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი (სსკ 180-ე მუხლი).
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
22. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასრულყოფილად განიხილა საქმე, როგორც ფაქტობრივი, ასევე, სამართლებრივი გარემოებების თვალსაზრისით. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ორგანიზაციის წარმომადგენელმა სადავო საინფორმაციო დოკუმენტი მოტყუების შედეგად შეადგინა და ის ბათილად უნდა იქნას ცნობილი, როგორც მოტყუებით დადებული გარიგება.
23. სსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აშკარაა, რომ კასატორი ორგანიზაციის წარმომადგენელი არ დადებდა გარიგებას მოსარჩელესთან გარიგების შენაარსში რომ არ მოტყუებულიყო.
24. კასატორის განმარტებით, 1044755.36 აშშ დოლარი გადახდილ იქნა გამყიდველებისათვის თანაბრად (მათ შორის მეორე მოსარჩელისთვისაც) ხელშეკრულების დადებისთანავე და, აქედან გამომდინარე, გადასახდელად ვერანაირად ვერ დარჩებოდა ის თანხა, რასაც ითხოვენ მოსარჩელეები.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
26. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
27. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 1 ივლისს უძრავი ქონების მესაკუთრე ფიზიკურ პირებს, მათ შორის, მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.
28. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მხარეებმა დაადასტურეს, რომ უძრავი ქონების ღირებულებიდან 1 044 755,36 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი ავანსის სახით გადაეცათ გამყიდველებს, ხოლო დარჩენილ 455 244,64 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარს მყიდველი გადაიხდის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე.
29. მოსარჩელეებისათვის თავიანთი წილის პროპორციულად გადასაცემი თანხის ოდენობა, უძრავი ქონების ჯამური ღირებულების გათვალისწინებით, შეადგენდა: მეორე მოსარჩელისათვის – 309 320,5 აშშ დოლარს, ხოლო მოსარჩელისათვის – 65 679,50 აშშ დოლარს.
30. მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორის მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, უძრავი ქონების შესყიდვიდან წარმოქმნილი დავალიანების ნაშთი 2016 წლის 5 აპრილისათვის მეორე მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 269 184 აშშ დოლარს.
31. 2016 წლის 21 ივნისს მოსარჩელეებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს და 2014 წლის 1 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოითხოვეს მათ სასარგებლოდ მოპასუხისათვის ნასყიდობის თანხის, სულ – 269 183.5 (203504.5+65679.50) აშშ დოლარის დაკისრება.
32. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ მოსარჩელეების მიმართ სადავო თანხის ოდენობით დავალიანება არ გააჩნდა. ამასთან, სადავო გარიგება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან დაიდო მოტყუების შედეგად.
33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
35. სადავო ხელწერილის ბათილად ცნობის საფუძვლად მხარემ მიუთითა გარიგების მოტყუებით დადებაზე.
36. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს არეგულირებს სსკ-ის 81-82-ე მუხლები, რომელთა თანახმად თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ – მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.
37. კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება.
38. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (სუსგ 16.06.2014 წელი, საქმე №ას-182-171-2014).
39. შეგებებული სარჩელის ავტორის მოსაზრებით, საზოგადოების დირექტორის მიერ გაცემული დოკუმენტის ბათილია, როდგან დოკუმენტზე ხელმომწერი პირი ენდობოდა მეორე მოსარჩელეს, რის გამოც ისე მოაწერა ხელი, რომ არ გაცნობია დოკუმენტის შინაარსს და არ გადაუმოწმებია მასში ასახული ინფორმაცია.
40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
41. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
42. განსახილველ შემთხვევაში შეგებებული სარჩელის ავტორმა ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელის ქმედების შედეგად იგი მოტყუვდა. ასეც რომ არ იყოს, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სადავო დოკუმენტის ბათილად ცნობა გავლენას ვერ მოახდენდა დავის სამართლებრივ შედეგზე, ვინაიდან სადავო ხელწერილი სარჩელის საფუძველს არ წარმოადგენს.
43. მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 2.9 პუნქტის მეორე აბზაცის შესაბამისად, მხარეებმა განსაზღვრეს, რომ „ყველა ქონების ჯამური ღირებულებაა 150000 აშშ დოლარი, საიდანაც 1044755.36 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი ავანსის სახით გადახდილი აქვს მყიდველს გამყიდველებისათვის, რასაც აღიარებენ ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, ხოლო დარჩენილ თანხას 455 244.64 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარი მყიდველი გადაიხდის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე“.
44. დარჩენილი თანხის გადახდა მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა.
45. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურების თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, კერძოდ: სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე.
46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს (სუსგ 15.09.2014წ., საქმე №ას-517-490-2014).
47. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა სადავო თანხის გადახდის დამადასტურებელი სათანადო, ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მტკიცებულება, რის გარეშეც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების პერსპექტივა არ გააჩნია.
48. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
49. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
50. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
51. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
52. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
53. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2019 წლის 4 მარტს №0 საგადახდო დავალებებით გადახდილი 3000 და 5000 ლარის, სულ – 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს. ს. ს. უ.“ უფლებამონაცვლე შპს „ს. ს. ს. უ.“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ს. ს. ს. უ.“ უფლებამონაცვლე შპს „ს. ს. ს. უ.“ (საიდენტიფიკაციო კოდი №204931985) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2019 წლის 4 მარტს №0 საგადახდო დავალებებით გადახდილი 3000 და 5000 ლარის, სულ – 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი