Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-172-78-კს-03 20 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა.

აღწერილობითი ნაწილი:

10.02.03წ. მა. ჯ-ის მეურვემ მ. ჯ-ემ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.12.01წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

მ. ჯ-ემ წარდგენილ განცხადებაში მიუთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 13.12.03წ. გადაწყვეტილებით უდავო წარმოების წესით ისე იქნა ცნობილი უმემკვიდრეოდ ნ. ჯ-ე-დ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ფართი და ისე ჩაირიცხა ბათუმის მერიის კომუნალურ ფონდში, რომ სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოძახებული და საქმეში არ იქნა ჩაბმული მა. ჯ-ე, რომელიც იყო სადავო ფართის მემკვიდრე და რომლის ინტერესებსაც უშუალოდ შეეხებოდა 13.12.01წ. გადაწყვეტილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 24.02.03წ. განჩინებით განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის ზეპირი მოსმენის შემდეგ 21.05.01წ. განჩინებით მ. ჯ-ის მეურვის მ. ჯ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.12.01წ. გადაწყვეტილება ქ. ბათუმში ... მდებარე სახლის 1/4 ნაწილის 27 კვმ ფართის უმემკვიდრეოდ ცნობისა და ქ. ბათუმის კომუნალურ ფონდში ჩარიცხვის შესახებ დაკმაყოფილებულ იქნა და საქმის წარმოება დაწყებულ იქნა თავიდან, ამასთან ქ. ბათუმის მერიას მიეცა წინადადება სადავო საკითხზე სასამართლოში წარედგინა სარჩელი. პირველი ინსტანციის სასამართლომ განჩინებაში მიუთინა, რომ განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა, მიუხედავად აღნიშნულისა ქ. ბათუმის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.05.03წ. გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება.

აპელანტი თვლის, რომ მას არასწორედ მიეთითა 13.12.03წ. განჩინების გასაჩივრებაზე, რადგან განჩინებაში არ იყო მითითებული თუ სსკ-ს რომელი ნორმა მიუთითა ამის საფუძვლად სასამართლომ. განმცხადებლის აზრით სასამართლომ ფაქტიურად საქმე არსებითად გადაწყვიტა სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით, ამდენად, იგი უნდა გასაჩივრებულიყო აპელაციის წესით.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 12.06.03წ. განჩინებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.05.03წ. განჩინებაზე დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის გამო. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსკ-ს 430-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლო გამოარკვევს, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო აუქმებს თავისი განჩინებით, რის შესახებ საქმე, რომელზეც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან უნდა იქნეს განხილული სსკ-ით დადგენილი წესით.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 12.06.03წ. განჩინებაზე ქ. ბათუმის მერიამ კერძო საჩივარი შეიტანა. კერძო საჩივრის ავტორმა ითხოვა 12.06.03წ. განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 03.07.03წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, საქმე განსახილველად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. ბათუმის მერიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სსკ-ს 430-ე მუხლის შესაბამისად 12.06.03წ. განიხილა მ. ჯ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, მიიჩნია იგი დასაშვებად, გააუქმა მოცემულ საქმეზე არსებული გადაწყვეტილება და განაახლა საქმის წარმოება. მოცემული განჩინება სსკ-ს თანახმად არ საჩივრდება არც კერძო და არც სააპელაციო საჩივრებით. სსკ-ს 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის საფუძვლიანობის შემთხვევაში სასამართლო განჩინებით გააუქმებს გადაწყვეტილებას. სსკ-ს 431-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან უნდა იქნეს განხილული საქმეთა განხილვის შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით. საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქმის წარმოების განახლების, გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განჩინების გასაჩივრებას, დაინტერესებულ მხარეს ასეთი უფლება უნარჩუნდება, მხარეს აქვს საქმის არსებითი განხილვის შედეგად გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა, სადაც შეუძლია სადავოდ გახადოს საქმის წარმოების განახლების კანონიერება. ამდენად, სასამართლოს განჩინება გადაწყვეტილების გაუქმების, საქმის წარმოების განახლების შესახებ გასაჩივრებას არ ექვემდებარება და დაუყოვნებლივ შედის ძალაში. სსკ-ს 430-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებული განჩინების გასაჩივრებას ზემდგომ სასამართლოში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ სწორად მიიჩნია ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად.

ზემოაღნიშნულთან ერთად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.05.03წ. განჩინებით სსკ-ს 430-ე მუხლის საფუძველზე გააუქმა რა ამავე სასამართლოს 13.12.01წ. გადაწყვეტილება, განუხილველად დატოვა ქ. ბათუმის მერიის საბინაო სამმართველოს განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის-ქონების უმემკვიდრეოდ ცნობის თაობაზე (სსკ-ს 311-ე მუხ.). სსკ-ს 276-ე მუხლის თანახმად, განცხადების განუხილველად დატოვების შემთხევვაში საქმის წარმოება მთავრდება სასამართლო განჩინებით, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.05.03წ. განჩინებაზე შესაძლებელია კერძო და არა სააპელაციო საჩივრის შეტანა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 385-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 412-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ბათუმის მერიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 12.06.03წ. განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.