საქმე №ას-449-2019 5 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ „ფ. მ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ა(ა)იპ „ფ. მ.“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ 24 500 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, საკრებულოს 2014 წლის 18 დეკემბრის №46 დადგენილებით 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა მისთვის 24500 ლარის სუბსიდიის გამოყოფა, თუმცა მოპასუხემ აღნიშნული თანხა მას არ ჩაურიცხა, რის გამოც მოსარჩელე მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიმართ რაიმე ფულადი ვალდებულება არ გააჩნდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 19500 ლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით წინამდებარე სარჩელთან დაკავშირებით წარმოებული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
7. მოსარჩელე ორგანიზაცია შეიქმნა საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე და რეგისტრაციაში გატარდა 2013 წლის 2 აპრილს.
8. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 სექტემბრის №403 ბრძანებით დამტკიცდა წესდება და, შესაბამისად, რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში. მისი საქმიანობის მიზანს წარმოადგენდა: საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის ხელშესაწყობა. ნაგებობისა და სხვა ეკლესია-მონასტრების აღდგენის ხელშეწყობა; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა; ქრისტიანული განათლების ხელშეწყობა, სამრევლო სკოლების ქსელის განვითარება; ახალი ეკლესია-მონასტრების ქსელის განვითარება და სხვა (წესდების მე-3 მუხლი).
9. საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №3 დადგენილების საფუძველზე, 2014 წლის 18 დეკემბრის №46 დადგენილებაში შევიდა ცვლილება და 2015 წლის ბიუჯეტში მოსარჩელეს სუბსიდიის სახით განესაზღვრა 24500 ლარი.
10. მოსარჩელისათვის გადასაცემი ხარჯები დაყოფილია ეკონომიკური კლასიფიკაციისა და თვეების მიხედვით, რომლის თანახმად: მომუშავეთა რიცხოვნობაა 4; შრომის ანაზღაურება – 17400 ლარი. საქონელი და მომსახურება – 7000 ლარი, მათ შორის, 800 ლარი შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება, 300 ლარი – სამივლინებო ხარჯო, 1200 ლარი – ოფისის ხარჯი, 4700 ლარი – სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება, 100 ლარი – სოციალური უზრუნველყოფა. მითითებული თანხა მოსარჩელეს მოპასუხისაგან არ გადასცემია. მოსარჩელე ორგანიზაციის ლიკვიდაცია არ განხორციელებულა.
11. საკრებულოს 2015 წლის 22 დეკემბრის №45 დადგენილებით ცვლილება იქნა შეტანილი 2014 წლის 18 დეკემბრის №46 დადგენილებაში, რომლითაც 2015 წლის ბიუჯეტიდან ამოღებულ იქნა მოსარჩელის ხარჯი და გადანაწილდა სხვა პროგრამებზე.
12. 2015 წლის 8 მაისის №53/1677 მიმართვის საფუძველზე აუდიტისა და შიდა კონტროლის სამსახურის მიერ ფონდში ჩატარდა აუდიტი, რომელიც მოიცავდა 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს. ანგარიშის თანახმად, 2014 წელს მუნიციპალიტეტიდან მოსარჩელეს სუბსიდიის სახით მიღებული აქვს 44700 ლარი, ხოლო სხვა შემოსავლების სახით მობილიზებულია 6 ლარი და 75 თეთრი. არსებობის მანძილზე უშუალოდ მოსარჩელის მიერ მობილიზებულია 5197 ლარი.
13. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, თავისი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და გახდეს მისი წევრი.
14. მოსარჩელე რეგისტრაციაში გატარდა 2013 წლის 2 აპრილს. მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 სექტემბრის №403 ბრძანებით დამტკიცდა მისი წესდება და რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში, რომლის ლიკვიდაციაც არ განხორციელებულა.
15. წესდების მე-4 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი. დირექტორი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის საშტატო განრიგს და სტრუქტურას, ხოლო თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო გამგებლის წარდგინებით. დირექტორი მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს გაწეული სამუშაოს შესახებ. სამსახურის კონტროლს ახორციელებს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი აუდიტორის მეშვეობით.
16. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, საქართველოს საბიუჯეტო სისტემა არის საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ფუნქციების შესასრულებლად ფულადი სახსრების მობილიზებისა და გამოყენების მიზნით სამართლებრივი აქტებით რეგულირებულ საბიუჯეტო ურთიერთობათა ერთობლიობა. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი არის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) მიერ დამტკიცებული, ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა.
17. საბიუჯეტო ორგანიზაცია არის საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებული ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია, აგრეთვე სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ იგი არის შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია.
18. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტო №672 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მეოთხე თავის შესაბამისად, სუბსიდიები წარმოადგენს საწარმოებსა და ორგანიზაციებზე სახელმწიფო ერთეულის მიერ მიმდინარე მიზნებისათვის უსასყიდლოდ, დაუბრუნებლად გაცემულ ტრანსფერს.
19. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №3 დადგენილებით საჩხერის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, 2015 წლის ბიუჯეტში ფონდს სუბსიდიის სახით განესაზღვრა 24500 ლარი, თუმცა გამგეობას მითითებული თანხა ფონდისთვის არ გადაურიცხავს.
20. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სადავო პერიოდისთვის მუნიციპალიტეტის ვალდებულება მოსარჩელის შრომის ანაზღაურების, ოფისის ხარჯისა და სოციალური უზრუნველყოფის ხარჯების ნაწილში შეადგენდა 19500 ლარს, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ კანონშესაბამისად განხორციელდა მითითებული თანხის საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დაკისრება და არ არსებობს ამ გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
22. კასატორის მითითებით, სსკ-ის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 2015 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის აუდიტისა და შიდა კონტროლის სამსახურმა განახორციელა მოსარჩელის შემოწმება, რომლის შექმნის მიზანსაც წარმოადგენს ფულადი სახსრების მოძიება. მუნიციპალიტეტმა 2014 წელს სუბსიდიის სახით მისცა 44700 ლარი, ხოლო საკუთარი შემოსავლები განისაზღვრა 6.75 ლარით. ვინაიდან ფონდი ვერ ასრულებდა დასახულ მიზნებს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, 2015 წელს არ განეხორციელებინა ფონდის სუბსიდირება და ფონდს საქმიანობა გაეგრძელებინა საკუთარი შემოსავლებით.
23. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 106-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად კი, უნიციპალიტეტი უფლებამოსილია (და არა ვალდებული) მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ფინანსური სახსრების სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
24. კასატორმა მიიჩნია, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახული თანხა არ წარმოადგენდა მოსარჩელისათვის უპირობოდ გადაცემის საფუძველს.
25. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის ფაქტი, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №3 დადგენილების საფუძველზე საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილება იქნა შეტანილი, რომლითაც 2015 წლის ბიუჯეტში ფონდს სუბსიდიის სახით განესაზღვრა 24500 ლარი, თუმცა არ გაითვალისწინა, რომ იმავე საკრებულოს გადაწყვეტილებით აღნიშნული თანხა ამოღებულ იქნა აღნიშნული მუხლიდან და მიემართა სხვა პროგრამებზე (განათლება, კულტურა, ქალაქის გამწვანება და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა). მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახული თანხა არ წარმოადგენდა ფონდისთვის უპირობოდ გადაცემის საფუძველს.
26. კასატორმა ყურადღება გაამახვილა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტზე, რომ მოსარჩელისათვის გადასაცემი ხარჯი დაყოფილია ეკონომიკური კლასიფიკაციისა და თვეების მიხედვით. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ აღნიშნული ხარჯი წარმოადგენდა სუბსიდიის შესახებ ხელშეკრულების პროექტს. ამასთან, მუნიციპალიტეტი არ იყო ვალდებული, მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირისთვის ყოველწლიურად გადაეცა სუბსიდია.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
28. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
29. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №3 დადგენილებით საჩხერის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, 2015 წლის ბიუჯეტში ფონდს სუბსიდიის სახით განესაზღვრა 24500 ლარი, თუმცა გამგეობას მითითებული თანხა ფონდისთვის არ გადაურიცხავს.
30. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ მოსარჩელისათვის თანხის გადარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოპასუხის უფლებამოსილება და არა ვალდებულებაა, შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ ფინანსური ვალდებულება არ გააჩნია.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან ვალდებულების შესრულების მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს.
34. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამგებელი, (ხოლო შემდეგ მერი) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; ბიუჯეტში მოსარჩელის სუბსიდირება ასახულია, შესაბამისად, უნდა მომხდარიყო მითითებული თანხის მოსარჩელისათვის გადარიცხვა, მითუმეტეს, რომ ბიუჯეტის პარამეტრების პროექტის შეტანა აღმასრულებელი ორგანოს კომპეტენცია იყო როგორც 2015 წელს, ისე მოცემული პერიოდისათვის.
35. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ არსებობს მუნიციპალიტეტის ვალდებულება ფონდისათვის შრომის ანაზღაურების თანხის, ოფისის ხარჯისა და სოციალური უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე. უდავოა, რომ ერთობლივადაა განსაზღვრული მომუშავეთა რიცხოვნობა, ოფისის მისამართი და სოციალური უზრუნველყოფის ვალდებულება თანამშრომლების მიმართ. მათი შრომითი ანაზღაურებაა 17400 ლარი, შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება – 800 ლარი, ოფისის ხარჯი – 1200 ლარი, სოციალური უზრუნველყოფა – 100 ლარი, სულ – 19500 ლარი.
36. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
37. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
39. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი