საქმე №ას-123-2019 10 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ინდივიდუალური მეწარმე გ. გ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალური მეწარმე გ. გ-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 29 ივლისის №407, 2016 წლის 29 ივლისს დადებული №408 და 2016 წლის 27 ივნისს დადებული №333 ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, დარიცხული პირგასამტეხლოს – 4742.66 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის 2016 წლის 27 ივნისსა და 2016 წლის 29 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმად, მიმწოდებელი იღებდა ვალდებულებას სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროსა და ადგილას. ხელშეკრულებების მე-9 მუხლის მიხედვით, საქონელი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მიწოდების ადგილის მიხედვით.
3. მოპასუხემ დაარღვია შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, კერძოდ, 2016 წლის 29 ივლისს დადებული №407 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტი, 2016 წლის 20 დეკემბრის ნაცვლად, მიწოდებულ იქნა 2016 წლის 21 დეკემბერს, რის გამოც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მას ერიცხებოდა პირგასამტეხლო მთლიანი თანხის – 9777 ლარის 1%, – 195.54 ლარი.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის 2017 წლის 4 იანვრის №30831 წერილით მოპასუხეს ეცნობა დაკისრებული პირგასამტეხლოს შესახებ და განემარტა, რომ 30 კალენდარული დღის განმავლობაში დაეფარა აღნიშნული დავალიანება, რაც არ შესრულდა.
5. მხარეებს შორის გაფორმებული №408 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, 2017 წლის 21 თებერვალს მისაწოდებელი პროდუქტი დანიშნულების ადგილას ჩაბარდა 2017 წლის 22 თებერვალს. აღნიშნული დარღვევების გამო, მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო, რამაც სულ შეადგინა 2879.74 ლარი.
6. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 27 ივნისს დადებული №333 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტი, 2016 წლის 6, 13 და 20 დეკემბრის ნაცვლად, მოპასუხემ მიაწოდა 2016 წლის 8, 14 და 21 დეკემბერს, ოთხი კალენდარული დღის დაგვიანებით. 2017 წლის 10 იანვარს მისაწოდებელი პროდუქცია მიტანილ იქნა 2017 წლის 11 იანვარს, ერთი კალენდარული დღის დაგვიანებით. ასევე, რძის პროდუქტები, ნაცვლად 2017 წლის 21 თებერვლისა, მიწოდებულ იქნა 2017 წლის 22 თებერვალს, ერთი კალენდარული დღის დაგვიანებით.
7. შესაბამისად, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები, რის გამოც, მას ერიცხება პირგასამტეხლო 1667.38 ლარის ოდენობით.
მოპასუხის პოზიცია:
8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის მიწოდების ვადის დარღვევა გამოწვეულ იქნა დაუძლეველი ძალით, უამინდობით, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
9. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს 474.27 ლარის ანაზღაურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს – 1653.83 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სააპელაციო პალატას უდავოდ დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
12. 2016 წლის 29 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა №407 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ ვალდებულება იკისრა, მოსარჩელისათვის მიეწოდებინა სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი. წინამდებარე ხელშეკრულების №1 დანართით განისაზღვრა მიწოდების ადგილი და დრო. საქონლის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში კი, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო თანხის 1%-ის ოდენობით.
13. მოპასუხემ №407 ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა დაარღვია და მარგარინი ორ ბაზებზე, ნაცვლად 2016 წლის 20 დეკემბრისა, მიაწოდა 2016 წლის 21 დეკემბერს.
14. 2016 წლის 29 ივლისის №408 ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, შემსყიდველისათვის მიეწოდებინა სხვადასხვა სახის კვების პროდუქტი. 2016 წლის 28 ოქტომბრის №1 შეთანხმებით დამტკიცებული №1 დანართის თანახმად, განისაზღვრა მიწოდების გრაფიკი და ადგილი, პირგასამტეხლო დადგინდა ხელშეკრულების საერთო თანხის 0.15%-ის ოდენობით.
15. 2016 წლის 29 ივლისს დადებული №408 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, რუსთავის ბაზაზე ხორცის პროდუქტები, ნაცვლად 2016 წლის 6 და 13 დეკემბრისა, მიწოდებულ იქნა 2016 წლის 8 და 14 დეკემბერს, სამი კალენდარული დღის დაგვიანებით.
16. 2016 წლის 29 ივლისს დადებული №408 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, ხორცის პროდუქტები ორ ბაზებზე, 2016 წლის 6, 13 და 20 დეკემბრის ნაცვლად, მიწოდებულ იქნა 2016 წლის 8, 14 და 21 დეკემბერს, ოთხი კალენდარული დღის დაგვიანებით.
17. 2016 წლის 29 ივლისს დადებული №408 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, ხორცის პროდუქტები ციხისჯვრის ბაზაზე, 2017 წლის 10 იანვრის მაგივრად, მიწოდებულ იქნა 2017 წლის 11 იანვარს, ერთი კალენდარული დღის დაგვიანებით.
18. 2016 წლის 29 ივლისს დადებული №408 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, ხორცის პროდუქტები სამ ბაზებზე, 2017 წლის 21 თებერვლის ნაცვლად, მიწოდებულ იქნა 2017 წლის 22 თებერვალს, ერთი კალენდარული დღის დაგვიანებით.
19. 2016 წლის 27 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №333 ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელისათვის მიეწოდებინა სხვადასხვა სახის რძის პროდუქტი, აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მხარეებს შორის გაფორმებული №1 დანართის მიხედვით, ასევე, განისაზღვრა პროდუქციის მიწოდების გრაფიკი და ადგილი. ხელშეკრულების თანახმად, საქონლის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო თანხის 0.1%-ის ოდენობით.
20. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ მოპასუხემ №333 ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა დაარღვია და რძის პროდუქტი, 2016 წლის 8 და 14 დეკემბრის ნაცვლად, მიწოდებულ იქნა სამი კალენდარული დღის დაგვიანებით.
21. 2016 წლის 27 ივნისს დადებული №333 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, რძის პროდუქტი ახალციხის ბაზაზე, 2016 წლის 6,13 და 20 დეკემბრის ნაცვლად, მიწოდებულ იქნა 2016 წლის 8, 14 და 21 დეკემბერს, ოთხი კალენდარული დღის დაგვიანებით, ასევე, რძის პროდუქტი, 2016 წლის 6, 13 და 20 დეკემბერის ნაცვლად, მიწოდებულ იქნა 2016 წლის 8, 14 და 21 დეკემბერს, ოთხი კალენდარული დღის დაგვიანებით.
22. 2016 წლის 27 ივნისს დადებული №333 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, რძის პროდუქტები სამ ბაზებზე, ნაცვლად 2017 წლის 21 თებერვლისა, მიწოდებულ იქნა 2017 წლის 22 თებერვალს, ერთი კალენდარული დღის დაგვიანებით. სხვა ბაზაზე რძის პროდუქტი, 2017 წლის 10 იანვრის ნაცვლად, მიწოდებულ იქნა 2017 წლის 11 იანვარს, ერთი კალენდარული დღის დაგვიანებით.
23. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, თუმცა მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზედმეტად და არაპროპორციულად შეამცირა სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა.
24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს.
25. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
26. მოქმედი სამოქალაქო კოდექსით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ უნდა იქნას გაგებული იმდაგვარად, რომ სასამართლოს სუბიექტური შეხედულებით ნებისმიერ დროს შეუძლია შეამციროს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. პალატა განმარტავს, რომ შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. აქვე აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.
27. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
28. ვალდებულების დროული შეუსრულებლობით გამოწვეული შესაძლო ზიანის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან განხორციელდა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის გადამეტებული და არაპროპორციული შემცირება, კონკრეტულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ ვალდებულების დარღვევის ხარისხისა და ვადაგადაცილების ხანგრძლივობის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა იყო შეუსაბამოდ მაღალი და 4742.66 ლარიდან შეამცირა 474.27 ლარამდე ისე, რომ არ გაითვალისწინა მხარეთა შორის არსებული სხვადასხვა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განსხვავებული პროცენტული ოდენობები.
29. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში, მართალია, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, თუმცა სასამართლოს მხრიდან მისი შემცირება უნდა განხორციელდეს გონივრულ ფარგლებში, მხარეთა ინტერესებს სამართლიანი ბალანსის საფუძველზე და ხელშეკრულებებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის პროპორციულად.
30. სააპელაციო პალატამ მოცემულ შემთხვევაში გონივრულად და სამართლიანად მიიჩნია სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება თითოეული ხელშეკრულებისათვის ცალ-ცალკე, კერძოდ, პალატის მოსაზრებით, №407 ხელშეკრულების ფარგლებში მოთხოვნილი პირგასამტეხლო 195.54 ლარიდან უნდა შემცირდეს 9.77 ლარამდე, №408 ხელშეკრულების ფარგლებში მოთხოვნილი პირგასამტეხლო 2879.74 ლარიდან უნდა შემცირდეს 879.89 ლარამდე, ხოლო №333 ხელშეკრულების ფარგლებში მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1667.38 ლარიდან უნდა შემცირდეს 764.17 ლარამდე და მთლიანობაში მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 1653.83 ლარის გადახდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
31. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
32. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ ზედმეტად და არაპროპორციულად შეამცირა სადავო პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ურთიერთობებში მხარეთა თავისუფალი ნების გამოხატულებაა და მისი ოდენობის განსაზღვრა ეფუძნება მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპს. არ შეიძლება, სასამართლო უხეშად ჩაერიოს მხარეთა ურთიერთობებში და თავად განსაზღვროს პირგასამტეხლოს ოდენობა. თუკი სასამართლო თავად განსაზღვრავს პირგასამტეხლოს მოცულობას, ამ შემთხვევაში სახელშეკრულებო სამართალში პირგასამტეხლოს ინსტიტუტის არსებობა აზრს კარგავს.
33. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მოპასუხე მეწარმე სუბიექტია, მას გააჩნდა შესაბამისი ცოდნა და თავისუფალი ნება, რათა უარი ეთქვა არახელსაყრელ პირობებზე. კრედიტორი კი სახელმწიფო დაწესებულებაა, რომლისთვისაც დადებული ხელშეკრულებები იძლევა საშუალებას, პირნათლად შესრულდეს ძირითადი ფუქნცია.
34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 მაისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
35. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
36. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
37. 2016 წლის 29 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა №407 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ ვალდებულება იკისრა, მოსარჩელისათვის მიეწოდებინა სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი. წინამდებარე ხელშეკრულების №1 დანართით განისაზღვრა მიწოდების ადგილი და დრო. საქონლის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში კი, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო თანხის 1%-ის ოდენობით.
38. მოპასუხემ №407 ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა დაარღვია და მარგარინი ორ ბაზებზე, ნაცვლად 2016 წლის 20 დეკემბრისა, მიაწოდა 2016 წლის 21 დეკემბერს.
39. 2016 წლის 29 ივლისის №408 ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, შემსყიდველისათვის მიეწოდებინა სხვადასხვა სახის კვების პროდუქტი. 2016 წლის 28 ოქტომბრის №1 შეთანხმებით დამტკიცებული №1 დანართის თანახმად, განისაზღვრა მიწოდების გრაფიკი და ადგილი, პირგასამტეხლო დადგინდა ხელშეკრულების საერთო თანხის 0.15%-ის ოდენობით.
40. 2016 წლის 29 ივლისს დადებული №408 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, რუსთავის ბაზაზე ხორცის პროდუქტები, ნაცვლად 2016 წლის 6 და 13 დეკემბრისა, მიწოდებულ იქნა 2016 წლის 8 და 14 დეკემბერს, სამი კალენდარული დღის დაგვიანებით.
41. 2016 წლის 29 ივლისს დადებული №408 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, ხორცის პროდუქტები ორ ბაზებზე, 2016 წლის 6, 13 და 20 დეკემბრის ნაცვლად, მიწოდებულ იქნა 2016 წლის 8, 14 და 21 დეკემბერს, ოთხი კალენდარული დღის დაგვიანებით.
42. 2016 წლის 29 ივლისს დადებული №408 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, ხორცის პროდუქტები ციხისჯვრის ბაზაზე, 2017 წლის 10 იანვრის მაგივრად, მიწოდებულ იქნა 2017 წლის 11 იანვარს, ერთი კალენდარული დღის დაგვიანებით.
43. 2016 წლის 29 ივლისს დადებული №408 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, ხორცის პროდუქტები სამ ბაზებზე, 2017 წლის 21 თებერვლის ნაცვლად, მიწოდებულ იქნა 2017 წლის 22 თებერვალს, ერთი კალენდარული დღის დაგვიანებით.
44. 2016 წლის 27 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №333 ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელისათვის მიეწოდებინა სხვადასხვა სახის რძის პროდუქტი, აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მხარეებს შორის გაფორმებული №1 დანართის მიხედვით, ასევე, განისაზღვრა პროდუქციის მიწოდების გრაფიკი და ადგილი. ხელშეკრულების თანახმად, საქონლის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო თანხის 0.1%-ის ოდენობით.
45. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ მოპასუხემ №333 ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა დაარღვია და რძის პროდუქტი, 2016 წლის 8 და 14 დეკემბრის ნაცვლად, მიწოდებულ იქნა სამი კალენდარული დღის დაგვიანებით.
46. 2016 წლის 27 ივნისს დადებული №333 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, რძის პროდუქტი ახალციხის ბაზაზე, 2016 წლის 6,13 და 20 დეკემბრის ნაცვლად, მიწოდებულ იქნა 2016 წლის 8, 14 და 21 დეკემბერს, ოთხი კალენდარული დღის დაგვიანებით, ასევე, რძის პროდუქტი, 2016 წლის 6, 13 და 20 დეკემბერის ნაცვლად, მიწოდებულ იქნა 2016 წლის 8, 14 და 21 დეკემბერს, ოთხი კალენდარული დღის დაგვიანებით.
47. 2016 წლის 27 ივნისს დადებული №333 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, რძის პროდუქტები სამ ბაზებზე, ნაცვლად 2017 წლის 21 თებერვლისა, მიწოდებულ იქნა 2017 წლის 22 თებერვალს, ერთი კალენდარული დღის დაგვიანებით. სხვა ბაზაზე რძის პროდუქტი, 2017 წლის 10 იანვრის ნაცვლად, მიწოდებულ იქნა 2017 წლის 11 იანვარს, ერთი კალენდარული დღის დაგვიანებით.
48. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ მოსარჩელისათვის ხელშეკრულების დადებამდე ცნობილი იყო ხელშეკრულების პირობების შესახებ.
49. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
50. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
51. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
52. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
53. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
54. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
55. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
56. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
57. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
58. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
59. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).
60. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
61. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
62. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
63. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
64. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მასასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).
65. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
66. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
67. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
68. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.
69. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის არგუმენტი, რომ მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა გამორიცხავს შემდგომ მოპასუხის მხრიდან აღნიშნულ საკითხზე პრეტენზიის წარდგენას.
70. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გამოიყენა ზემოაღნიშნული შესაძლებლობა და სადავო პირგასამტეხლო კანონიერად შეამცირა, რა დროსაც მხედველობაში მიიღო მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების, შეუსრულებელი ვალდებულების ნაწილისა და ვადის დარღვევის ხარისხი.
71. ამდენად, აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
72. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
73. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
74. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
75. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
76. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური