Facebook Twitter

საქმე №ა-2353-ა-5-2019 5 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – ნ. წ-ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. წ-ია (მოსარჩელე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით - ლარისა სემელიდუ

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ს. წ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. წ-იას მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ნ. წ-იას მიმართ სარჩელი აღძრა ასევე მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ლ. ს-უმ და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.

4. ნ. წ-იამ ლარისა სემელიდუს სარჩელი არ ცნო.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ს. წ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირის, ლ. ს-უს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. წ-იამ და ლ. ს-უმ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. წ-იამ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ს. წ-იას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინებით ნ. წ-იას საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, საკასაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

10. 2019 წლის 17 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ნ. წ-იამ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინების ბათილად ცნობა და საქმისწარმოების განახლება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

10.1. საკასაციო სასამართლომ არ დაიცვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილით განსაზღვრული 10-დღიანი ვადა, რადგან საკასაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილია 2019 წლის 19 მარტს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია არა 10 დღის ვადაში, არამედ 30-ე დღეს, რაც საპროცესო ნორმის უხეში დარღვევაა;

10.2. ამასთან, სსსკ-ის 445-ე მუხლის მე-3 პუნქტის კანონის ანალოგიით გამოყენების შემთხვევაში, სარჩელი (განსახილველ შემთხვევაში - საკასაციო საჩივარი) მიღებულად ითვლება მისი მიღების შესახებ განჩინების გამოტანის დღიდან, ხოლო თუ აღნიშნულ ვადაში განჩინება გამოტანილი არ იქნება – ამ ვადის გასვლის შემდეგ;

10.3. კანონის ანალოგიის პრინციპის გამოყენების სამართლებრივი საფუძველია სსსკ-ის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია);

10.4. ვინაიდან სასამართლომ არ დაიცვა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისათვის კანონმდებლობით დადგენილი 10-დღიანი ვადა, ამ ვადის გასვლის დღიდან საჩივარი მიღებულად უნდა ჩაითვალოს, რაც გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის აბსოლუტური საფუძველია;

10.5. გასაჩივრებული განჩინების თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის მატერიალური საფუძველია ის გარემოება, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს განჩინების მისაღებად საპროცესო ნორმებით დადგენილ ვადაში განცხადებით არ მიმართა, მაშინ როდესაც ამ პროცედურისათვის, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმით ანუ სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულია გასაჩივრების უფლების მქონე პირის მხოლოდ სასამართლოში გამოცხადება და არა - სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვა;

10.6. განმცხადებელი სწორედ ამ მოთხოვნის დაცვით, დადგენილ ვადაში არაერთხელ გამოცხადდა სასამართლოში, მიმართავდა მოსამართლის თანაშემწეს და ითხოვდა განჩინების გადაცემას, რაზედაც ყოველთვის იღებდა პასუხს, რომ განჩინება მზად არ იყო და გამზადებისთანავე შეატყობინებდა, რაც არ გაუკეთებია;

10.7. დადგენილ ვადაში განმცხადებლის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადების დამადასტურებელია ის გარემოება, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სასამართლოს სხდომის ოქმების გამოთხოვის თაობაზე და ჩაიბარა ისინი 2019 წლის 15 იანვარს ანუ სადავო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 28-ე დღეს;

10.8. ამდენად, განმცხადებელი იძულებული გახდა რამდენჯერმე გამოცხადებულიყო სააპელაციო სასამართლოში. ამასთან, განმცხადებელი სხდომის ოქმებთან ერთად სადავო განჩინებასაც ითხოვდა, რაც 15 იანვრამდე გაგრძელდა ანუ სადავო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 28-ე დღემდე და სასამართლოში გამოცხადებისათვის საპროცესო ნორმით დადგენილ 20-დან 30 დღემდე ვადაში. აღნიშნულის მიუხედავად, მოსამართლის თანაშემწემ მას მხოლოდ სხდომის ოქმების ელექტრონული ვერსია გადასცა, ხოლო სადავო განჩინების გადაცემისათვის შეტყობინების გაგზავნას დაპირდა, რასაც განმცხადებელი ნდობიდან გამომდინარე დაელოდა;

10.9. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიღების შესახებ კასატორის 2019 წლის 18 თებერვლის განცხადებას, აღნიშნული განცხადების დაწერა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ს. წ-იასთან მიმდინარე სხვა დავასთან დაკავშირებით 2019 წლის 18 თებერვალს იმყოფებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო სხდომაზე, სადაც ს. წ-იამ წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება, რომელსაც ამავე სხდომაზე პირველად გაეცნო. სწორედ ამიტომ დაწერა მან 2019 წლის 18 თებერვალს ანუ იმავე დღეს განცხადება სააპელაციო სასამართლოში, რადგან მისი სიტყვიერი საყვედურის მიუხედავად განცხადების დაწერის გარეშე, მოსამართლის თანაშემწემ განჩინება აღარ გადასცა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო მოცემული განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ საკითხს მომხსენებელი მოსამართლე წყვეტს ერთპიროვნულად.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

14. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინების ბათილად ცნობას, თუმცა, განმცხადებელს არ მიუთითებია აღნიშნული განჩინების ბათილად ცნობის რომელიმე საფუძველზე [სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილი: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე], ამასთან, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 10.1.-10.9. ქვეპუნქტები) ვერც ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლებას დაედება საფუძვლად.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.

16. აღნიშნული ნორმა ამომწურავად ადგენს, თუ რომელი გარემოება მიიჩნევა ახლადაღმოჩენილად და შესაძლებელია, რომ საქმის წარმოების განახლებას დაედოს საფუძვლად. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი განცხადება ამგვარ საფუძვლებს არ ემყარება. განმცხადებელი ვერ უთითებს სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„ე“ და „ზ“-„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ რომელიმე საფუძველზე.

17. რაც შეეხება სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტს [მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას], განმცხადებელი ვერც ისეთ ახალ გარემოებაზე ან მტკიცებულებაზე უთითებს, რომლის შეფასების შესაძლებლობაც საკასაციო სასამართლოს არ ჰქონდა გასაჩივრებული განჩინების მიღებამდე.

18. განმცხადებლის პრეტენზია საკასაციო პალატის მიერ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ვადის დარღვევის თაობაზე არ წარმოადგენს ახალ გარემოებას ან მტკიცებულებას, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. განმცხადებლის მითითება სსსკ-ის მე-7 [თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია)] და 445.3. მუხლებზე [მოსამართლე ვალდებულია სარჩელის (განცხადების) ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გამოიტანოს განჩინება ამ სარჩელის (განცხადების) მიღების შესახებ. სარჩელი (განცხადება) მიღებულად ითვლება მისი მიღების შესახებ განჩინების გამოტანის დღიდან, ხოლო თუ აღნიშნულ ვადაში განჩინება გამოტანილი არ იქნება – ამ ვადის გასვლის შემდეგ] არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ახალ გარემოებად, რადგან ამ შემთხვევაში მოქმედებს პრინციპი „jura novit curia" („სასამართლომ იცის კანონი”). განმცხადებლის მიერ სამართლებრივ ნორმაზე მითითება არ შეიძლება იქნეს მიჩნეული გარემოებად და არ შეიძლება წარმოადგენდეს საქმისწარმოების განახლების სსსკ-ის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე წინაპირობას.

19. ამასთან, განმცხადებლის მითითება საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ვადის დარღვევის თაობაზე ემყარება კანონის არასწორ ინტერპრეტაციას.

20. საკასაციო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც შესაბამისი გადაწყვეტილება გამოიტანა [სსსკ-ის 391-ე მუხლის 11 ნაწილი]. საკასაციო საჩივრის შემოსვლის შემდეგ სააპელაციო სასამართლო დაუყოვნებლივ გადაუგზავნის საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივარს და მთლიანად საქმეს [სსსკ-ის 398-ე მუხლი]. საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს [სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილი].

21. ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა სისტემური განმარტება იძლევა იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების 10-დღიანი ვადა იწყება საკასაციო საჩივრის საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსვლისა და საქმის განაწილების დღიდან, რაც განსახილველ შემთხვევაში დაცული იყო (საქმის განაწილების დამადასტურებელი დოკუმენტის თანახმად, საქმის განაწილების თარიღია 2019 წლის 8 აპრილი (იხ. ტ.3. ს.ფ. 129)).

22. რაც შეეხება განმცხადებლის მითითებას, რომ მას სხდომის ოქმების გამოთხოვის თაობაზე განცხადება ჰქონდა დაწერილი და ჩაიბარა ისინი სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 28-ე დღეს, რითიც დასტურდება სააპელაციო სასამართლოში მისი გამოცხადება სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილ ვადაში, არ წარმოადგენს ახალ გარემოებას. განმცხადებლის მიერ ამ ვადის დაცვით სასამართლოში გამოცხადების ფაქტი დასტურდება მისი 2018 წლის 28 დეკემბრის განცხადებით სასამართლოს სხდომის ოქმების ასლების გამოთხოვის თაობაზე და 2019 წლის 15 იანვრის ხელწერილით სხდომის ოქმების ელექტრონული ჩანაწერების ჩაბარების თაობაზე. საკასაციო პალატამ 2019 წლის 18 აპრილის განჩინების მიღებისას აღნიშნული მტკიცებულებები საქმის მასალებში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეაფასა და მართებულად დაასკვნა, რომ არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (2019 წლის 7 იანვარი) და არაუგვიანეს 30 დღისა (2019 წლის 17 იანვარი) განცხადებით არ მიუმართავთ სააპელაციო სასამართლოსათვის და არ მოუთხოვიათ 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინების ასლის ჩაბარება. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე [თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია], მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი. აღნიშნული დოკუმენტებით კი არ დასტურდება კასატორის მიერ გასაჩივრებული დასაბუთებული განჩინების მოთხოვნის გარემოება. განმცხადებლის ზეპირი ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი დასაბუთებულ განჩინებას ითხოვდა, არ შეიძლება იქნეს მიჩნეული სადავო ფაქტის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განცხადებაში გადმოცემული არგუმენტების გაზიარების შემთხვევაშიც კი, თავად განცხადების შინაარსიდან ირკვევა, რომ საქმის წარმოების დასრულებამდე განმცხადებლისათვის ცნობილი იყო იმ გარემოებების თაობაზე, რასაც ის საქმის წარმოების განახლებას უდებს საფუძვლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილი კი, საქმის წარმოების განახლებას დასაშვებად მიიჩნევს, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული განცხადება არ შეიცავს საქმის წარმოების განახლებისათვის აუცილებელ წინაპირობებზე მითითებას, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. წ-იას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური