საქმე №ას-41-2019 7 ივნისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – კ.მ., ი.მ., გ.მ. (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ჯ.ე.ჯ." (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით, შპს "ჯ.ე.ჯ–ის" სარჩელი, კ.მ–ის, ი.მ–ის და გ.მ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, 300 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია.
ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორს, ი.მ–ს ჩაბარდა 2019 წლის 1 მარტს.
2019 წლის 11 მარტს, ფოსტის მეშვეობით, უზენაეს სასამართლოს მომართა კასატორმა და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის განჩინებით კასატორს საკასაციო საჩივარზე გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების ვადა და დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია.
2019 წლის 27 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართეს კ.მ–მა, ი.მ–მა, გ.მ–მა და შპს "ჯ.ე.ჯ–ის" დირექტორმა ზ.ნ–ძემ, განაცხადეს, რომ მორიგდნენ, შეთანხმებული თანხა გადაიხადეს და დავის საგანი აღარ არსებობს, ამიტომ მოითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის ავტორების განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ კ.მ–ის, ი.მ–ის და გ.მ–ის საკასაციო საჩივარზე, შპს "ჯ.ე.ჯ–ის" მიმართ მიმართ, წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ სამოქალაქო საქმე კობა, ი. და გ.მ–ების საკასაციო საჩივართან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა 2019 წლის 16 იანვარს.
2019 წლის 27 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართეს კ.მ–მა, ი.მ–მა, გ.მ–მა და შპს "ჯ.ე.ჯ–ის" დირექტორმა ზ.ნ–ძემ, განაცხადეს, რომ მორიგდნენ, შეთანხმებული თანხა გადაიხადეს და დავის საგანი აღარ არსებობს, ამიტომ მოითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს - დისპოზიციურობას განამტკიცებს და დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისთვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკაცაიო საჩივრის ავტორები და მოწინააღმდეგე მხარე მორიგდნენ, პალატა მიიჩნევს, რომ ვკ.მ–ის, ი.მ–ის და გ.მ–ის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ.მ–ის, ი.მ–ის, გ.მ–ის და შპს "ჯ.ე.ჯ–ის" დირექტორის ზ.ნ–ძის შუამდგომლობას მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს წარმოება კ.მ–ის, ი.მ–ის და გ.მ–ის საკასაციო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე ვშპს "ჯ.ე.ჯ–ის" სარჩელის გამო, კ.მ–ის, ი.მ–ის და გ.მ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე;
3. კ.მ–ს (პ/ნ .....), ი.მ–ს (პ/ნ ......) და გ.მ–ს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე თ.ო–ძის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2019 წლის 11 მარტი);
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი