¹ბს-173-163(კს-06) 8 მაისი, 2006 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ზ. ე.-ის (მესამე პირი სარჩელში) რწმუნებული დ. ა.-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ გამომცემლობა «მ.-ი» (მოსარჩელე), დირექტორი ვ. ე.-ი
მესამე პირები: 1. ქ. თბილისის მერია; 2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს უფლებამონაცვლე)
მოპასუხე სარჩელში _ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო (ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის უფლებამონაცვლე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 იანვრის განჩინება
სარჩელის საგანი _ დარღვეული უფლებების აღდგენა; პრივატიზაციის ბათილად ცნობა; ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1980 წლიდან ჟურნალ «პ.-ის” რედაქციას იჯარით ჰქონდა აღებული ქალაქ თბილისში, ...-ს ქუჩის ¹36-ში არსებული 100 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი რედაქციის განსათავსებლად. საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის 1997 წლის 21 თებერვლის ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ჟურნალ «პ.-სა” და ¹85 საბინაო-საექსპლუატაციო უბანს შორის დადებული ხელშეკრულება. ჟურნალ «პ.-ს” სარგებლობისათვის 50 კვ.მ ფართი დაუტოვეს, მეორე 50 კვ.მ კი გამომცემლობა «მ.-ს” გადაეცა. 1997 წლის 13 მარტს გამომცემლობა «მ.-ზე” სარეგისტრაციო მოწმობა გაიცა.
1997 წლის 11 აგვისტოს ჟურნალ «პ.-ის” რედაქციამ საქართველოს უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი აღძრა და ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის 1997 წლის 21 თებერვლის ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. საქართველოს უზენაესმა საარბიტრაჟო სასამართლომ 1997 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა ისე, რომ გამომცემლობა «მ.-ი” სასამართლო პროცესში მხარედ არ ჩაურთავს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 1998 წლის 8 სექტემბრის განჩინებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პროტესტი დააკმაყოფილა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 320-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, არბიტრაჟის გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე საბურთალოს რაიონის სასამართლოს დაუქვემდებარა.
ჟურნალ «პ.-ის” რედაქციას ქალაქ თბილისის საბურთალოს რაიონულ სასამართლოში დავა აღარ გაუგრძელებია, რადგან იმ დროისათვის სადავო 50 კვ.მ ფართი ჟურნალ «პ.-ის” რედაქციისათვის დარჩენილ 50 კვ.მ ფართთან ერთად, იჯარა-გამოსყიდვის უფლებით ზ. ე.-ეს გადაეცა. იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულების დადებისას, კერძოდ, 1998 წლის 25 ივნისს, საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ კანონიერ ძალაში იყო, რადგან იგი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მხოლოდ 1998 წლის 8 სექტემბერს გაუქმდა.
ვ. ე.-მა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა და სადავო არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების ბათილობა, დარღვეული უფლებების აღდგენა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 21 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ. ე.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ შეისწავლა ქალაქ თბილისში, ...-ს ქუჩის ¹36-ში არსებული 132 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების საკითხი. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ შექმნილი არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების კანონიერების შემსწავლელიEკომისიის მოხსენებითი ბარათი ვ. ე.-მა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნია და აღნიშნულის გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
2000 წლის 5 აპრილს გამომცემლობა «მ.-ის” დირექტორმა ვ. ე.-მა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ამავე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და არსებითად განხილვის მოთხოვნით.
ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გამომცემლობა «მ.-ის” დირექტორ ვ. ე.-ის განცხადება ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 21 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადების განხილვა შეჩერებულ იქნა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით გამომცემლობა «მ.-ის” დირექტორ ვ. ე.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ ზ. ე.-ის სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც იგი ცნობილ იქნა ქალაქ თბილისში, ...-ს ქუჩის ¹36-ში განთავსებული 132 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ზ. ე.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
1. სასამართლომ Yთავისი გადაწყვეტილების კანონიერება იმით დაასაბუთა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 1996 წლის 29 ნოემბრის დადგენილებაში, საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში იყო გამომცემლობა «პ.-ის” რედაქციის კუთვნილი ფართი, მდებარე ქალაქ თბილისში, ...-ს ქუჩის ¹34-ში. სინამდვილეში აღნიშნული ფართი მდებარეობდა ...-ს ქუჩის ¹36-ში, რაც მან ჩათვალა იმ გარემოებად, თითქოს გამომცემლობა «პ.-ის” რედაქციის კუთვნილი ფართი, მდებარე ...-ს ქუჩის ¹36-ში არ იყო დამტკიცებული საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში. აღსანიშნავია, რომ შეცდომა დროულად გამოსწორდა და სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის ბრძანებით გამოცხადდა კონკურსი ...-ს ქუჩის ¹36-ში მდებარე 132 კვ.მ ფართზე, ხოლო მეორე დღეს გაზეთ «თ.-ში” გამოქვეყნდა აღნიშნული ინფორმაცია;
2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა არასაცხოვრებელი ფართის რეგისტრაციის მოწმობა, გაცემული 1997 წლის 13 მარტს. აღნიშნული მოწმობა გაცემული იყო სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის კოლეგიის 1997 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, ანუ იმ დღეს, როცა ხელშეკრულება დაიდო საბინაო-საექსპლოატაციო უბან «ი.-სა" და გამომცემლობა «მ.-ს” შორის ერთი წლის ვადით, 1998 წლის 14 თებერვლამდე. შესწორების შედეგად 1998 წელი 2001 წლად, ხოლო 14 თებერვალი 1 მაისად გადაკეთდა. ხელშეკრულებაში ერთი წლის მაგივრად ოთხი წელი ჩაიწერა და ასევე მოხდა სხვა გაყალბებები, რასაც ნებისმიერი ექსპერტი დაადასტურებს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ. ე.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გამომცემლობა «მ.-ს” სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება, რომ შპს «პ.-ე” არ იყო შეტანილი საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში და მიიჩნია, რომ მასში აღნიშნული შპს «პ.-ე” ნამდვილად სადავო ობიექტია, ხოლო მისამართი _ ...-ს ქუჩა ¹34, მხოლოდ მექანიკური შეცდომაა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამომცემლობა «მ.-ის” გენერალურმა დირექტორმა ვ. ე.-მა იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 2 ივლისის განჩინებით ვ. ე.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
მოპასუხე ზ. ე.-ის რწმუნებულმა დ. ა.-ემ მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობა-განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და აღნიშნა, რომ მის მიერ გამოთხოვილი მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, შეეძლო საფუძვლიანი ეჭვი შეეტანა საქმეში არსებული ზოგიერთი წერილობითი მტკიცებულების ნამდვილობაში. საქმეში წარმოდგენილი იყო ქ. თბილისის საქალაქო მეურნეობის საბურთალოს რაიონული სამსახურის უფროსის წერილი. აღნიშნული წერილობითი მტკიცებულება ორ ფურცლად, პირადად ჩააბარა განმცხადებელმა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლეს, ამასთან, თვით წერილი ერთ ფურცლად საქმეში იყო, ხოლო მეორე ფურცელი დანართის სახით, რომელიც წარმოადგენდა შპს ,,პ.-ეს" მიერ გადახდილი და დარიცხული თანხის ამონაწერს და რომლითაც მტკიცდებოდა, რომ ჟურნალი ,,პ.-ე" სისტემატურად იხდიდა საიჯარო ქირას მთლიან 100 კვ.მ ფართზე, საქმეში აღარ იყო.
განმცხადებლის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, გამომცემლობა ,,მ.-ის" დირექტორ ვ. ე.-ის (დ.-ა) განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის შესაგებლით ირკვევა, რომ მწერალ ვ. ე.-ის დარღვეული უფლებების აღდგენაში დახმარების მიზნით, აღნიშნულმა სამინისტრომ 2000 წლის 28 იანვრის ¹1-3/55 ბრძანებით შექმნილ კომისიას დაავალა ...-ს ქ. ¹36-ში მდებარე ფართის პრივატიზების კანონიერების შესწავლა. ხსენებულმა კომისიამ 2000 წლის 22 თებერვლის დასკვნით, პრივატიზება მიიჩნია კანონშეუსაბამოდ.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ, როგორც საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, ასევე მოსარჩელე მიუთითებდნენ, რომ სასამართლოს წარუდგინეს კომისიის დასკვნა, მაგრამ ასეთი დასკვნის მაგივრად საქმეში იყო მხოლოდ ხსენებული სამინისტროს შიდა სარგებლობისათვის გამიზნული, უნომრო, დაუმოწმებელი, 6-გვერდიანი, უამრავი სამართლებრივი შეცდომებით სავსე რაღაც საბუთების ქსეროასლები, დასათაურებული, როგორც ,,მოხსენებითი ბარათი". ე.წ. ,,კომისიის წევრებმა" დ. გ.-მ და დ. სალაძემ უარყვეს ამ ,,მტკიცებულებაზე" თავიანთი ხელმოწერების ნამდვილობა და განმარტეს, რომ მათ ხელი მოაწერეს ნამდვილად კომისიის დასკვნას, რომელშიც არაფერი ყოფილა ნახსენები სადავო ობიექტის პრივატიზების დროს რაიმე კანონდარღვევის შესახებ, რადგან საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის ¹487 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების მე-3 თავის მე-12 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვეულია საქართველოს კანონმდებლობა, აგრეთვე, ზიანი ადგება სახელმწიფო ინტერესებს სახელმწიფო ქონების მონაწილეობით დადებულ გარიგებებში, სამინისტრო ვალდებულია აღძრას სარჩელი სასამართლოში ამ გარიგებათა გადასინჯვის ან გაუქმების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილი ექნება დანაშაულს სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან, ხოლო, რადგან სამინისტროს ხელმძღვანელობას არ აღუძრავს სათანადო სარჩელი, ეს იმას ნიშნავს, რომ კომისიის დასკვნაში აღნიშნული არ ყოფილა რაიმე კანონდარღვევა, რის გამოც დაინტერესებულმა პირმა, კომისიის დასკვნის მაგივრად, სასამართლოს წარუდგინა მოხსენებითი ბარათი, რომლის ნამდვილობის დადგენაც საჭირო იყო. განმცხადებელმა მოითხოვა სასამართლოს უზრუნველეყო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 22 თებერვლის კომისიის დასკვნის დედნის, როგორც მტკიცებულების, აღნიშნული სამინისტროს სამართალმემკვიდრისგან გამოთხოვა, რომლის ერთ-ერთი ეგზემპლარიც უსათუოდ ექნებოდა მოსარჩელე ვ. დ.-ას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი _ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ზემოხსენებული მოხსენებითი ბარათის მტკიცებულებებიდან ამორიცხვა.
განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ეჭვს იწვევდა 1997 წლის 1 მაისით დათარიღებული საიჯარო ხელშეკრულება (აღნიშნული ხელშეკრულება იყო ყალბი, ხოლო ნამდვილი ხელშეკრულების დედანი მოსარჩელე ვ. დ.-ას ჰქონდა), რომლიდანაც განმცხადებელმა გადაიღო ქსეროასლი, რომელიც ჩაკერებული იყო საქმეში. აღნიშნული მტკიცდებოდა სს ცენტრ ,,ბ.-ის" დირექტორისა და ბუღალტრის სათანადო წესით დამოწმებული ახსნა-განმარტებით, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ საქმეში არსებული ხელშეკრულების (ს.ფ. 106) დედანი ხელთ ჰქონდა ვ. დ.-ას. განმცხადებელმა, აგრეთვე, მოითხოვა სასამართლოს დაევალებინა ვ. დ.-ასთვის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსთვის წარედგინა მის ხელთ არსებული აღნიშნული ხელშეკრულების დედანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვ. დ.-ას წინააღმდეგ გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 იანვრის განჩინებით ზ. ე.-ის რწმუნებულ დ. ა.-ის განცხადება-შუამდგომლობა მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული შუამდგომლობა იყო უსაფუძვლო და მიმართული საქმის განხილვის შემდგომი გაჭიანურებისაკენ, ხოლო მისი ავტორის მოთხოვნა, თავისი შინაარსით, არსებითად წარმოადგენდა არა მტკიცებულებათა უზრუნველყოფის, არამედ მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობას, რის გამოც ხსენებული შუამდგომლობა არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს _ სამართლებრივად დაუსაბუთებელი იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ზ. ე.-ის რწმუნებულმა დ. ა.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მტკიცებულებათა უზრუნველყოფა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო სხდომის ოქმში არასწორად იყო მითითებული, თითქოს მან მოითხოვა მტკიცებულებათა გამოთხოვა, რადგან სინამდვილეში მტკიცებულებათა უზრუნველყოფა მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე და 109-ე მუხლების თანახმად, კერძოდ, მოითხოვა რამდენიმე მტკიცებულების (რომლებიც მითითებული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 2 ივლისის განჩინებაში) და არა ორი საბუთის დედნის გამოთხოვა იმ გზებითა და ხერხებით, რაც კანონით იყო სასამართლოსათვის განსაზღვრული მტკიცებულებათა უზრუნველყოფისათვის. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ თუ სასამართლო არ უზრუნველყოფდა გამოთხოვილი მტკიცებულებების სასამართლო სხდომაზე წარდგენას საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად, მათი შემდგომი მოძიება შეუძლებელი გახდებოდა, რის გამოც შეიძლებოდა არასწორი გადაწყვეტილება გამოტანილიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მარტის განჩინებით ზ. ე.-ის რწმუნებულ დ. ა.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. ე.-ის რწმუნებულ დ. ა.-ის მითითება იმის თაობაზე, რომ მან სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მხოლოდ მტკიცებულებათა უზრუნველყოფის და არა მათი გამოთხოვის თაობაზე, არ დასტურდებოდა საქმეში არსებული მასალებით, ხოლო მისი შუამდგომლობით და შესაბამისი სხდომის ოქმითაც დადგენილი იყო, რომ მან მოითხოვა მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მიზნით, მათი გამოთხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 იანვრის განჩინებით ზ. ე.-ის რწმუნებულ დ. ა.-ის კერძო საჩივარი განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ზ. ე.-ის რწმუნებულ დ. ა.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც საფუძველი აქვს იფიქროს, რომ მისთვის საჭირო მტკიცებულებათა წარდგენა შემდგომში შეუძლებელი ან ძნელი გახდება, შეუძლია სთხოვოს სასამართლოს ამ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს იმაზე, რომ, თუ სასამართლო არ უზრუნველყოფს გამოთხოვილი მტკიცებულებების სასამართლო სხდომაზე წარდგენას საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად, მათი შემდგომი მოძიება შეუძლებელი გახდება, რის გამოც შეიძლება არასწორი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობა-განცხადება ყველა შემთხვევაში უნდა შეიცავდეს იმ კონკრეტულ საფუძველზე პირდაპირ მითითებას, რომლის გამოც ამა თუ იმ მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა შემდგომში შეუძლებელი ან ძნელი გახდება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზ. ე.-ის რწმუნებულ დ. ა.-ის შუამდგომლობა-განცხადებაში არ არის აღნიშნული ის კონკრეტული საფუძველი, რის გამოც იგი მოითხოვს მტკიცებულებათა უზრუნველყოფას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ზ. ე.-ის რწმუნებულ დ. ა.-ის შუამდგომლობა-განცხადება უსაფუძვლოა, ხოლო მისი ავტორის მოთხოვნა, თავისი შინაარსით, არსებითად წარმოადგენს არა მტკიცებულებათა უზრუნველყოფის, არამედ მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მიზნით, მათი გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა აქვს არა ზ. ე.-ის რწმუნებულ დ. ა.-ის მოთხოვნის შინაარსის დადგენას, ანუ იმის შეფასებას, მტკიცებულებათა უზრუნველყოფას მოითხოვს იგი თუ მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მიზნით, მათ გამოთხოვას, არამედ აღნიშნული შუამდგომლობა-განცხადებისა და შესაბამისად, კერძო საჩივრის საფუძვლიანობაზე მსჯელობას მოცემულ საქმეში ფაქტობრივად წარმოდგენილ მტკიცებულებებთან მიმართებაში.
საკასაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს დადასტურებულად ზ. ე.-ის რწმუნებულ დ. ა.-ის შუამდგომლობა-განცხადებაში მოყვანილ გარემოებას იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის საქალაქო მეურნეობის საბურთალოს რაიონული სამსახურის უფროსის წერილი, ხოლო აღნიშნული წერილობითი მტკიცებულება ორ ფურცლად, პირადად ჩააბარა განმცხადებელმა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, ამასთან, თვით წერილი ერთ ფურცლად საქმეშია, მეორე ფურცელი კი დანართის სახით, რომელიც წარმოადგენდა შპს ,,პ.-ის" მიერ გადახდილი და დარიცხული თანხის ამონაწერს და რომლითაც მტკიცდებოდა, რომ ჟურნალი ,,პ.-ე" სისტემატურად იხდიდა საიჯარო ქირას მთლიან 100 კვ.მ ფართზე, საქმეში აღარ არის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის საქალაქო მეურნეობის საბურთალოს რაიონული სამსახურის უფროსის წერილი შპს იურიდიული კომპანია «დ.-მი» გამომცემლობა «მ.-ის» მიერ თანხის (220 ლარი) გადახდის თაობაზე, რომელშიც მითითებულია, რომ ამ წერილს თან ერთვის შპს ჟურნალ «პ.-ის» მიერ გადახდილი და დარიცხული თანხის ამონაწერი აღნიშნული საზოგადოების მიერ 100 კვ.მ ფართზე საიჯარო თანხის სისტემატურად გადახდის შესახებ. ამასთან, ზ. ე.-ის რწმუნებულ დ. ა.-ის მითითება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული წერილობითი მტკიცებულება წარადგინა ორ ფურცლად, არ დასტურდება საქმის მასალებით, კერძოდ, ზემოაღნიშნულ წერილზე დასმული არ არის სასამართლოს შტამპი შესაბამისი ელემენტებით, რომლითაც დადგინდებოდა ხსენებული წერილის წარდგენის თარიღი და წარდგენილი წერილისა და დანართის ფურცლების რაოდენობა (ამის მიზეზია ის, რომ ზ. ე.-ის რწმუნებულ დ. ა.-ის მითითებით, მან პირადად ჩააბარა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლეს ხსენებული მტკიცებულება). საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, მართალია, ზემოხსენებულ წერილში მითითებულია, რომ ამ წერილს თან ერთვის შპს ჟურნალ «პ.-ის» მიერ გადახდილი და დარიცხული თანხის ამონაწერი, მაგრამ მხოლოდ აღნიშნული მითითება არ გამოდგება იმის დასტურად, რომ ხსენებულ წერილს ნამდვილად გააჩნდა დანართი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ზ. ე.-ის რწმუნებულ დ. ა.-ის მიერ საკუთარი შუამდგომლობა-განცხადების დასაბუთებას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დასკვნა საქმეში არ არის, ხოლო მის მაგივრად საქმეშია მხოლოდ ხსენებული სამინისტროს შიდა სარგებლობისათვის გამიზნული მოხსენებითი ბარათი, ანუ დაინტერესებულმა პირმა, კომისიის დასკვნის მაგივრად, სასამართლოს წარუდგინა მოხსენებითი ბარათი, რომლის ნამდვილობაც უნდა დადგინდეს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ. ე.-ის რწმუნებულ დ. ა.-ის აღნიშნული მოსაზრება არ დასტურდება მოცემული საქმის მასალებით, რის გამოც არ არსებობს ზემოხსენებული მოხსენებითი ბარათის მტკიცებულებებიდან ამორიცხვის საფუძველი. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია ხსენებული მოხსენებითი ბარათის მხოლოდ ასლი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით, ხოლო საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისში, ...-ს ქ. ¹36-ში მდებარე 132 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების კანონიერების შემსწავლელი კომისიის 2000 წლის 22 თებერვლის მოხსენებითი ბარათის, რომელიც შედგენილია საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის სახელზე, ასლისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებული იყო სასამართლოს შეხედულებაზე, ხოლო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის მიხედვით, ფაქტობრივად, მიანიჭა მას მტკიცებულებითი მნიშვნელობა, რადგან არ მოუთხოვია აღნიშნული დოკუმენტის დედნის სახით წარდგენა, აღნიშნული გარემოება კი ამ ეტაპზე გამორიცხავს ხსენებული დოკუმენტის დედნის სასამართლოსთვის წარდგენის საჭიროებასა და შესაბამისად, აღნიშნულის თაობაზე მოთხოვნის საფუძვლიანობას. ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმის მასალებით არ დასტურდება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის რაიმე დასკვნის წარდგენის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ზ. ე.-ის რწმუნებულ დ. ა.-ის მოსაზრებას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ეჭვს იწვევს 1997 წლის 1 მაისით დათარიღებული საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც ყალბია და მოსარჩელე ვ. დ.-ას ხელთ არის ნამდვილი ხელშეკრულების დედანი, რომელიც მან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უნდა წარუდგინოს.
საკასაციო სასამართლო ზ. ე.-ის რწმუნებულ დ. ა.-ის ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული საქმის მასალებში (ტომი I, ს.ფ. 74) მოიპოვება სს «უბან ი.-სა» და გამომცემლობა «მ.-ს» შორის 1997 წლის 1 მაისს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების დედანი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ხსენებული ხელშეკრულების დედნის საქმის მასალებში არსებობის გამო, ზ. ე.-ის რწმუნებულ დ. ა.-ის მოთხოვნა აღნიშნული ხელშეკრულების დედნის ვ. დ.-ას მიერ სასამართლოსთვის წარდგენის თაობაზე, უსაფუძვლოა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზ. ე.-ის რწმუნებულ დ. ა.-ის შუამდგომლობა-განცხადება უსაფუძვლოა და შესაბამისად, მისივე კერძო საჩივარი _ დაუსაბუთებელი, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ე.-ის რწმუნებულ დ. ა.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.