Facebook Twitter

საქმე №ას-86-2019 13 მაისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ.ზ., მ.ზ. (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "ლ.ბ." (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით სს "ლ.ბ–ის" სარჩელი მოპასუხეების ნ.ზ–ის და მ.ზ–ის წინააღმდეგ, თანხის დაკისრების და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე, დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილსის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით, კასატორებს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან კასატორების მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.

აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორების წარმომადგენელს, ზ.ბ–ძეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2019 წლის 15 მარტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. და მ.ზ–ბის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით, კასატორებს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან კასატორების მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.

საქმეში არსებული სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორების წარმომადგენელს, ზ. ბ–ძეს, სატელეფონო შეტყობინებით, ეცნობა 2019 წლის 15 მარტს. დადგენილია, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 16 მარტს და ამოიწურა 2019 წლის 22 მარტს (პარასკევი). ამდენად, კასატორები ვალდებულნი იყვნენ ხარვეზი შეევსოთ, 2019 წლის 22 მარტის ჩათვლით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.და მ.ზ–ების საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ზ–ის და მ.ზ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი