Facebook Twitter

საქმე №ას-159-2019 29 მაისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.ხ., მ.ხ. (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ა. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება, ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ა.ა–ის სარჩელი, მოპასუხეების მ.ხ–სა და მ.ხ–ის წინააღმდეგ, საზიარო უფლების გაუქმებისა და ქონების რეალიზაციის თაობაზე, დაკმაყოფილდა.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ.ხ–მა და მ.ხ–მა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველი დარჩა.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მ.ხ–მა და მ.ხ–მა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 50 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის შესახებ განჩინების თაობაზე სატელეფონო შეტყობინების გზით, 2019 წლის 27 მარტს, ეცნობა კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელს ნორა მურღულიას.

2019 წლის 2 აპრილს, ფოსტის მეშვეობით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ც.კ–მა და წარმოადგინა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ხ–ის და მ.ხ–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის განჩინებით მ.ხ–ს და მ.ხ–ს დაუდგინდათ ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 50 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინების შესახებ აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2019 წლის 27 მარტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელ ნ.მ–ას, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ითვლება სასამართლო შეტყობინების კერძო საჩივრის ავტორისათვის ჩაბარებად.

დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლმა სასამართლოს ვადის დარღვევით, 2019 წლის 2 აპრილს (სამშაბათი), ფოსტის მეშვეობით, მომართა და წარმოადგინა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, მ. და მ.ხ–თვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 28 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 1 აპრილს (ორშაბათი). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორები ვალდებული იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2019 წლის 1 აპრილის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია. მან მაშინ მომართა სასამართლოს, როცა ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადა უკვე გასული იყო.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 2019 წლის 1 აპრილს, ხოლო ფოსტაში კი იმავე წლის 2 აპრილს არის ჩაბარებული. ხარვეზის შესახებ განჩინებაში მითითებულია, რომ მხარეები ვალდებულნი არიან, განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოადგინონ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ეს ვადა 2019 წლის 1 აპრილს ამოიწურა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბაჟი ამ ვადაშია გადახდილი, ხარვეზი აღმოფხვრილად ვერ ჩაითვლება, რადგან ის ერთი დღის დაგვიანებით იქნა ფოსტაში ჩაბარებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. და მ. ხ–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსეს, და მას უნდა დაუბრუნდეთ ნ.მ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე და 420-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ხ–ის და მ.ხ–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. მ.ხ–ს (პ/ნ .....) და მ.ხ–ს (პ/ნ ......) ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.მ–ას (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 2019 წლის 1 აპრილი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი