Facebook Twitter

საქმე №ას-307-2019 3 ივნისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე.ხ–ძე, ჯ.ა. (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ''თ.ბ.'' (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩნება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს ''თ.ბ–ის'' სარჩელი ე.ხ–ძის და ჯ.ა–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინებით კერძო საჩივრის ავტორს, ე.ხ–ძეს ეცნობა, 2019 წლის 15 მაისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე.ხ–ძის და ჯ.ა–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ 50 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2019 წლის 15 მაისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორს - ე.ხ–ძეს, მან განაცხადა, რომ შეტყობინებას გადასცემდა ჯ.ა–საც.

დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ე.ხ–ძემ სასამართლოს ვადის დარღვევით, 2019 წლის 21 მაისს, ფოსტის მეშვეობით, მომართა და წარმოადგინა 50 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის ავტორების ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 16 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 20 მაისს (ორშაბათი). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორები ვალდებულნი იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2019 წლის 20 მაისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ე.ხ–ძემ წარმოადგინა 2019 წლის 21 მაისს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. შესაბამისად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორებსს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ. ე.ხ–ძემ მაშინ მომართა სასამართლოს, როცა ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადა უკვე გასული იყო.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 2019 წლის 21 მაისს, და ფოსტაშიც ამავე დღეს არის ჩაბარებული. ხარვეზის შესახებ განჩინებაში მითითებულია, რომ მხარე ვალდებულია განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ეს ვადა 2019 წლის 20 მაისს ამოიწურა. შესაბამისად კერძო საჩივრის ავტორის მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე.ხ–ძის და ჯ.ა–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსეს, და მათ უნდა დაუბრუნდეთ ვ.მ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 420-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ხ–ძის და ჯ.ა–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. ე.ხ–ძეს(პ/ნ .....) და ჯ.ა–ს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ვ.მ–ის მიერ (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (საგადახდო დავალება №7964955351, გადახდის თარიღი 2019 წლის 21 მაისი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი