საქმე №ას-699-2019 20 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ი.ჯ., გ.კ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "თ.ბ." (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სს "თ.ბ–ის" სარჩელი, ი.ჯ–ას და გ.კ–ძის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს 2017 წლის 16 ნოემბრის გაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩნების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა ი.ჯ–ას და გ.კ–ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
ამასთან, განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული სატელეფონო შეტყობინებით აქტით (ტ.2, ს/ფ 67) და საფოსტო შეტყობინებით (ტ.2, ს/ფ 66) დასტურდება რომ მოპასუხეებისთვის ცნობილი იყო სააპელაციო საჩივრის განხილვის თარიღი, 2019 წლის 27 თებერვალი. შესაბამისად გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ვალდებული იყო განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ი.ჯ–ამ გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩაიბარა 2019 წლის 16 აპრილს (იხ. ხელწერილი, ტ. 2, ს.ფ. 77). თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ გასაჩივრების უფლების მქონე პირებისთვის ცნობილი იყო განჩინების გამოცხადების თარიღი და არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა არ გამოცხადებულან სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის, მომდევნო დღიდან ანუ 2019 წლის 30 მარტიდან და ამოიწურა 2019 წლის 19 აპრილს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო 2019 წლის 19 აპრილის (პარასკევი) ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი კასატორებმა წარმოადგინეს 2019 წლის 22 აპრილს (ორშაბათი) (ტ. 2, ს.ფ. 78) ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადება დააგვიანა და იგი მხარეებს კანონით დადგენილი ვადის შემდეგ ჩააბარა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 2591-ე , 397-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.ჯ–ას და გ.კ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი