საქმე №ას-712-2019 6 ივნისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ვ.ა. და ნ.რ–ძე (მოსარჩლეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ჩ. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა განცხადების მიხედვით - კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო კერძო საჩივრის საჩივრის განუხილველობა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების, ვ.ა–მა და ნ.რ–ძემ სარჩელი ვ.ჩ–ას მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩლის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნულ განჩნებაზე მოსარჩელეების წარმომადგენელმა გ.ც–ამ, 2018 წლის 12 დეკემბერს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და განაცხადა, რომ მან ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრულ ვადაში ფოსტის საშუალებით, განცხადებით მიმართა სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის ვადის გაგრძელება.
მოსარჩელეების წარმომადგენელმა, გ.ც–ამ 2019 წლის 11 იანვარს წარადგინა, 2018 წლის 26 ნოემბერს მომზადებული განცხადება, რომლითაც ითხოვდა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელებას, ასევე წარადგინა განცხადების ფოსტისთვის ჩაბარების დამადასტურებელი ქვითარი.
2019 წლის 7 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიას მიმართა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწემ, ე.გ–მა და გამოითხოვა ინფორმაცია, 2018 წლის 15 ნოემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით, ნ.რ–ძის, ვ.ა–ის ან გ.ც–ას მიერ, მოსამართლე დ.ბ–ის სახელზე წარდგენილი, რაიმე სახის განცხადების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სექტორის სპეციალისტის 2019 წლის 8 თებერვლის პასუხით დასტრუდება, რომ მოსარჩელეების ან მათი წარმომადგენლის მიერ არ წარდგენილა რაიმე სახის განცხადება მოსამართლე დ.ბ–ის სახელზე.
2019 წლის 11 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელეების წარმომადგენლის გ.ც–ას განცხადება 2018 წლის 12 დეკემბრის და 2019 წლის 11 იანვრის განცხადებები დარჩა განუხილველი.
2019 წლის 3 მაისს სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის და 2019 წლის 11 თებერვლის განჩინებებზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელეების წარმომადგენელმა გ.ც–ამ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება.
2019 წლის 21 მაისს და 23 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართეს ნ.რ–ძემ და ვ.ა–მა და განაცხადეს, რომ საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე უარს ამბობენ კერძო საჩივარზე, ითხოვენ, მათი საჩივარი არ იქნეს განხილული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის ავტორების განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ვ.ა–ის და ნ.რ–ძის კერძო საჩივარზე ვ.ჩ–ას მიმართ, წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ სამოქალაქო საქმე ვ.ა–ის და ნ.რ–ძის კერძო საჩივართან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა 2019 წლის 8 მაისს.
საქართველოს უზენაესი სასამრთლოს 2019 წლის 20 მაისის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ, ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის -50 ლარის გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტის დედანი.
2019 წლის 21 მაისს და 23 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართეს ნ.რ–ძემ და ვ.ა–მა და განაცხადეს, რომ საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე უარს ამბობენ კერძო საჩივარზე, ითხოვენ, მათი საჩივარი არ იქნეს განხილული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს - დისპოზიციურობას განამტკიცებს და დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისთვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორებმა უარი განაცხადა კერძო საჩივარზე, პალატა მიიჩნევს, რომ ვ.ა–ის და ნ.რ–ძის კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ.ა–ის და ნ.რ–ძის შუამდგომლობა კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს წარმოება ვ.ა–ის და ნ.რ–ძის კერძო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე ვ.ა–ის და ნ.რ–ძის სარჩელის გამო, ვ.ჩ–ას მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი