№ ას-287-271-2017 15 თებერვალი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ბ..." (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – პ. ც-ე, ი. გ-ე, გ. მ-ი, ა. ქ-ა (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2012 წლის 13 ნოემბერს, ერთის მხრივ, სს „ბ...“ (შემდგომში „მოსარჩელე“, „ბანკი“ ან „კრედიტორი“), ხოლო, მეორეს მხრივ, პ. ც-ეს, ი. გ-ესა და გ. მ-ს (შემდგომში „მსესხებლები“ ან „მოპასუხეები“) შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში, 2012 წლის 15 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება - № ც-ე/13-11-12-01. ხელშეკრულების თანახმად, ბანკმა მოპასუხეებზე ერთი წლის ვადით გასცა კრედიტი, 153 000 აშშ დოლარი, წლიური 12 პროცენტის დარიცხვით, შეთანხმდა სესხის დაფარვის გრაფიკიც, ასევე მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო მსესხებლების მიერ სესხის დაფარვის ვალდებულების დარღვევის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე წლიური 36 პროცენტი, რაც დღეში შეადგენდა 0.098 პროცენტს.
2. მსესხებლებმა სრულად მიიღეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, მოპასუხეებს პირველი გადახდა უნდა განეხორციელებინათ 2013 წლის 10 იანვარს, რაც მათ არ შეასრულეს. ერთადერთი გადახდა განახორციელეს 2013 წლის 18 იანვარს 18.65 აშშ დოლარის ოდენობით.
3. 2012 წლის 21 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება - №ც-ე/13-11-12-02, რომლის თანახმად, დადგინდა, რომ ბანკი გასცემდა კრედიტს 237 000 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 12 პროცენტის დარიცხვით 2022 წლის 21 ნოემბრამდე ვადით. შეთანხმდა სესხის დაფარვის გრაფიკიც, ასევე მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო მსესხებლების მიერ სესხის დაფარვის ვალდებულების დარღვევის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე წლიური 36 პროცენტი, რაც დღეში შეადგენდა 0.098 პროცენტს.
4. მსესხებლებმა სრულად მიიღეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. 2013 წლის 18 იანვრამდე მათ განახორციელეს ორი გადახდა - 2013 წლის 3 იანვარს და 2013 წლის 18 იანვარს, სულ 2 485,16 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულის შემდეგ კი შეწყვიტეს ვალდებულების შესრულება.
5. №ც-ე/13-11-12-01 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ გააჩნიათ დავალიანება სესხის ძირითადი თანხის, 153 000 აშშ დოლარის, ხოლო დარიცხული გადაუხდელი სარგებლის - 9 104,55 აშშ დოლარის ოდენობით.
6. №ც-ე/13-11-12-02 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ გააჩნიათ დავალიანება სესხის ძირითადი თანხის, 237 000 აშშ დოლარის, ხოლო დარიცხული გადაუხდელი სარგებლის - 42 523,74 აშშ დოლარის ოდენობით.
7. ბანკმა სარჩელი აღძრა მსესხებლების მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთათვის საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის გადახდის დაკისრება. კერძოდ, №ც-ე/13-11-12-01 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 231 958.22 აშშ დოლარის (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 153 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 9 104.55 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 68 853.67 აშშ დოლარი), ასევე სარჩელის წარდგენიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე ყოველდღიურად 159.88 აშშ დოლარის დაკისრება; №ც-ე/13-11-12-02 საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 298 569.62 აშშ დოლარის (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 237 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 42 523.74 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 19 045.88 აშშ დოლარი), ასევე სარჩელის წარდგენიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე ყოველდღიურად 275.70 აშშ დოლარის დაკისრება.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, საკრედიტო ხელშეკრულება №ც-ე/13-11-12-01-დან გამომდინარე, სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის სახით 153 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის სახით 9 104.55 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს სახით 6 885,37 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ასევე პირგასამტეხლო გადაუხდელი ძირითადი თანხის და სარგებლის (162 104,55 აშშ დოლარი) 0,0098% - 2014 წლის 23 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიურად 15,9 აშშ დოლარი; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, საკრედიტო ხელშეკრულება №ც-ე/13-11-12-02-დან გამომდინარე, სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის სახით 237 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის სახით 42 523.74 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს სახით 1 904,59 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ასევე პირგასამტეხლო გადაუხდელი ძირითადი თანხისა და სარგებლის (279 523,74 აშშ დოლარი) 0,0098% - 2014 წლის 23 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიურად 27,4 აშშ დოლარი.
9. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოპასუხე პ. ც-ემ.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელის 6 ივნისის N3096 გაფრთხილება დავალიანების ორი კვირის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულებების შეწყვეტის თაობაზე, საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების დაბრუნებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ პირადად ჩაბარდა მოპასუხე პ. ც-ეს 2014 წლის 30 ივნისს, მოპასუხე ირმა გიორგაძეს - 2014 წლის 30 ივნისს, ხოლო მოპასუხე გ. მ-ს - 2014 წლის 12 ივნისს (იხ. ტ. 1 ს.ფ. 59-69). სასამართლომ ასევე უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში დავალიანება არ დაფარულა. ამდენად, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა პ. ც-ის პრეტენზია, რომ გაფრთხილების მიუღებლობის გამო მას არ მისცემია დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად.
12. დამატებით, სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ პ. ც-ეს ბანკის მიერ წარდგენილ სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია, ამდენად, იგი შედავებას ვერ განახორციელებდა დავის ფაქტობრივ გარემოებებზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, მას მხოლოდ სამართლებრივი პრეტენზიის წარდგენის უფლება ჰქონდა.
13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 405-ე, 873-ე მუხლებით, ასევე ამავე კოდექსის 50-ე მუხლით და აღნიშნა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობები კერძო სამართლის განმსაზღვრელ, თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტს - ნების ავტონომიის პრინციპს ეფუძნება, რაც თავის თავში გულისხმობს პირთა მიერ ურთიერთშეთანხმების გამოვლინებით საკუთარი ნების თავისუფალ რეალიზაციას და ამავე დროს ლეგიტიმური და სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში ცალმხრივი მოქმედების ნების თავისუფლებასაც. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი უშვებს ცალმხრივად ხელშეკრულების შეწყვეტას, ხელშეკრულებიდან გასვლას, ხელშეკრულების მოშლას, უარს ხელშეკრულებაზე. ისინი შეიძლება შინაარსობრივად სინონიმებად მოგვევლინონ.
14. სასამართლოს მითითებით, იმისათვის რომ ხელშეკრულების შეწყვეტა, ხელშეკრულებაზე უარი მოცემულ საქმეში არსებული გარემოებების და ზემოთ მითითებული ნორმების ფარგლებში მიჩნეულ იქნას მართებულად, უნდა შემოწმდეს შემდეგი წინაპირობების არსებობის ფაქტი, კერძოდ, ა) ნამდვილი ორმხრივი ხელშეკრულების არსებობა; ბ) ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი; გ) დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება; დ) ამ ვადის უშედეგოდ ამოწურვა. ყველა ამ ელემენტის კუმულატიური არსებობა ლეგიტიმურს ხდის ხელშეკრულების შეწყვეტას, ხელშეკრულებიდან გასვლას.
15. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმის მასალებით დადგინდა ვალის გადაუხდელობის შესაძლო შედეგების თაობაზე მოსარჩელის მიერ მოპასუხეთა ინფორმირების ფაქტი, ამასთან, მსესხებლებს საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებიათ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბანკის მიერ ცალმხრივი ნების გამოვლენა სახელშეკრულებო ურთიერთობების შეწყვეტის და ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე, ანუ უფლებრივი მდგომარეობის შეცვლის უფლების გამოყენება ვალდებულ პირებთან ემყარებოდა ლეგიტიმურ წინაპირობას. ხელშეკრულების შეწყვეტას კი უკავშირდება ვალის (სესხის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული პროცენტის და პირგასამტეხლოს) სრულად დაბრუნების მოთხოვნა.
16. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის პრეტენზია მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს არასწორად დარიცხვისა და მისი უსაფუძვლოდ შემცირების თაობაზეც, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 418-ე, 420-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დავალიანების, ძირითადი თანხისა და სარგებლის ჯამის საპროცენტო განაკვეთი ნაცვლად 0,098%-ისა მართებულად განსაზღვრა 0,0098%-ით და მოპასუხეებს შესაბამისად დააკისრა შემცირებული პირგასამტეხლო სარჩელის აღძვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე. სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური პირგასამტეხლოს ოდენობის - 36%-ის არაგონივრულობისა და მისი 10-ჯერ შემცირების თაობაზეც.
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მოპასუხე პაატა ცნობილაძემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
18. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
18.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი და უსაფუძვლოდ შეამცირა საკრედიტო ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლო 10-ჯერ (36 %-ის ნაცვლად დააკისრა 3.6%). რითაც სასამართლომ დაარღვია კანონის ძირითადი მოთხოვნა - კონტრაჰენტის დაცვა უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან. სასამართლომ ხელშეკრულების დამრღვევი მხარე ჩააყენა პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რითაც ერთგვარად წაახალისა მსესხებელი და შექმნა მანკიერი პრაქტიკის დანერგვის საშიშროება;
18.2. მსესხებელს ვალდებულება სრულად და ჯეროვნად რომ შეესრულებინა, საბანკო კრედიტის სარგებლობისათვის ბანკისთვის უნდა გადაეხადა წლიური 12%, ხოლო სასამართლომ მას ვალდებულების დარღვევისათვის დააკისრა წლიური 3.6%, ამდენად, სასამართლომ 12%-იანი სარგებლით გაცემული კრედიტი 3.6%-იანი სარგებლით გაცემულ საბანკო პროდუქტად აქცია;
18.3. სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად და ყურადღებას აქცევს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებითი ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს. მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლომ ისე შეამცირა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს მოცულობა, არ მიუთითებია, თუ რის საფუძველზე მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება.
19. საქართველოს უზენაესის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
20. საქართველოს უზენაესის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
24. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს უსაფუძვლოდ შემცირებასთან დაკავშირებით და თვლის, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვთ გამოკვლეული.
25. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
26. ამასთან, პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმებისას გასათვალისწინებელია ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ და სხვ. ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან პირგასამტეხლოს მოთხოვნით შედავების პერიოდამდე, რაც დაეხმარება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში.
27. მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
28. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.
29. საგულისხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ.“ (იხ.,სუსგ საქმე Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; საქმე №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; საქმე №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).
30. ერთ-ერთ საქმეზე (სუსგ საქმე №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი), სადაც კასატორები (მსესხებლები) სადავოდ ხდიდნენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შემცირებული პირგასამტეხლოს საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვულ ოდენობამდე გაზრდის ნაწილში (ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ საბანკო დაწესებულების სარჩელი დააკმაყოფილა სრულად), საკასაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო პალატის მსჯელობა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის წინააღმდეგ, სააპელაციო სასამართლომ ბანკის სარჩელის საფუძვლიანობა დაუკავშირა იმგვარ გარემოებებს, როგორიცაა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებით კეთილსინდისიერი გადამხდელების წახალისება, რათა პირგასამტეხლოს შემცირების იმედით მათ აღარ შეასრულონ ვალდებულება, რაც, პალატის მოსაზრებით, ხელს შეუშლიდა სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას და არ წაადგებოდა სახელმწიფოში არსებული სამოქალაქო ბრუნვის პროგნოზირებადი ხასიათით განხორციელებას. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამართალწარმოების გახანგრძლივების შემთხვევაში, საბანკო კრედიტის თანხის, საპროცენტო სარგებელისა და პირგასამტეხლოს გადახდის აღსრულების ვადების გაჭიანურებაზე და, ზოგადად, სხვა არაკეთილსინდისიერ მოვალეთა პასუხისმგებლობისაგან უსაფუძვლო გათავისუფლების, აგრეთვე, კეთილსინდისიერ მოვალეთა წაქეზების საშუალებებზე დეკლარირებული სახის მსჯელობამ, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სასამართლოს, როგორც მიუკერძოებელი და ობიექტური არბიტრის როლს, ისე, სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური ფუნქციის სრულფასოვან განხორციელებას, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული „სამართლიანი სასამართლოს უფლება“, მოითხოვს ყოველ კონკრეტულ საქმეზე უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას და არა ზოგადი ხასიათის პრევენციების გატარებას. საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება წარმოადგენს სარგებლიან სესხს, რომლის ფარგლებშიც, კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს, როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს. შესაბამისად, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მსესხებლებისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს სრულად დაკისრების ნაწილში არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი და ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს სახით 1 534 აშშ დოლარის დაკისრება ნაცვლად 4 808.67 აშშ დოლარისა სავსებით უზრუნველყოფდა მინიმალური ზიანის ანგარიშში კრედიტორის ინტერესების დაკმაყოფილებას (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).
31. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 418-420-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
32. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სადაც განმარტებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 (რვა ათასი) ლარის 70% – 5600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ბ...“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს სს „ბ...“ (ს/კ: 2048...) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 23 თებერვალს №501 საგადახდო დავალებით გადახდილი 8000 (რვა ათასი) ლარის 70% – 5600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე