Facebook Twitter

№ას-464-432-2017 21 თებერვალი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ. ფ-ა, ლ. ფ-ა, ლ. კ-ია, ს. კ-ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ. ს. კ." (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და პროცესის ხარჯის ანაზღაურება

დავის საგანი – გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ლ. ფარულავა, ლ. ფ-ა, ლ. კ-ია და ს. კ-ი (შემდგომში „მოსარჩელეები“, „აპელანტები“, „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“) განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, დასაქმებულნი იყვნენ შპს „თ. ს. კ.“ (შემდგომში „მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია“ „კომპანია“) სხვადასხვა თანამდებობაზე. კერძოდ, ლ. ფ-ა დასაქმებული იყო კომპანიის მგზავრთა მომსახურების ხარისხის სამსახურის სუპერვაიზერის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 982,10 ლარს; ლ. ფ-ა დასაქმებული იყო კომპანიის მგზავრთა მომსახურების ხარისხის სამსახურის ცხელი ხაზის ოპერატორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 945,50 ლარს; ლ. კ-ია დასაქმებული იყო კომპანიის მგზავრთა მომსახურების ხარისხის სამსახურის ცხელი ხაზის ოპერატორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 945,50 ლარს; ს. კ-ი დასაქმებული იყო კომპანიის მგზავრთა მომსახურების ხარისხის სამსახურის სუპერვაიზერის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 982,10 ლარს.

2. მოპასუხე კომპანიის 2014 წლის 30 ივლისის №01/3-2/1922, №01/3-2/1918, №01/3-2/1913, №01/3-2/1914 ბრძანებებით საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო” ქვეპუნქტის შესაბამისად მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან, რის გამოც მათ 20... წლის 2... სექტემბერს სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე კომპანიის მიმართ და მოითხოვეს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ 2014 წლის 30 ივლისის №01/3-2/1922, №01/3-2/1918, №01/3-2/1913, №01/3-2/1914 ბრძანებების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობებზე აღდგენა და მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება ყოველთვიური ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით.

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე მათ მიერ გაწეული სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც წარდგენილი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე კომპანიის 2014 წლის 31 ივლისის N01/3-2/1922 ბრძანება ლ. ფ-სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და ლ. ფ-ა აღდგენილ იქნა მგზავრთა მომსახურების ხარისხის სამსახურის სუპერვაიზერის თანამდებობაზე; მოპასუხეს ლ. ფ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 4 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობის - 982,10 ლარის გათვალისწინებით; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე კომპანიის 2014 წლის 30 ივლისის N01/3-2/1918 ბრძანება ლ. ფ-სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და ლ. ფ-ა აღდგენილ იქნა მგზავრთა მომსახურების ხარისხის სამსახურის ცხელი ხაზის ოპრატორის თანამდებობაზე; მოპასუხე კომპანიას ლ. ფ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 4 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობის - 945,50 ლარის გათვალისწინებით; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე კომპანიის 2014 წლის 30 ივლისის N01/3-2/1913 ბრძანება ლ. კ-სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და ლ. კ-ია აღდგენილ იქნა მგზავრთა მომსახურების ხარისხის სამსახურის ცხელი ხაზის ოპერატორის თანამდებობაზე; მოპასუხე კომპანიას ლ. კ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 4 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობის -945,50 ლარის გათვალისწინებით; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე კომპანიის 2014 წლის 30 ივლისის N01/3-2/1914 ბრძანება ს. კ-თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და ს. კ-ი აღდგენილ იქნა მგზავრთა მომსახურების ხარისხის სამსახურის სუპერვაიზერის თანამდებობაზე; მოპასუხე კომპანიას ს. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 4 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსულებამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობის - 982,10 ლარის გათვალისწინებით. სასამართლომ ასევე იმსჯელა სასამართლო ხარჯის - მოსარჩელეთა მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრებაზე და თითოეული მოსარჩელის (აპელანტის) სასარგებლოდ მოპასუხე კომპანიას დააკისრა 250-250 ლარის გადახდა.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ. მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე მოითხოვეს სასამართლო სხდომების სხვა დროისათვის გადადების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 და 30 იანვრის საოქმო განჩინების გაუქმება და საკასაციო ინსტანციაში გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის გადახდის დაკისრება. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ვადის დარღვევით წარდგენის გამო დარჩა განუხილველად.

8. მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

8.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საერთოდ არ არის განხილული სააპელაციო საჩივარში დაყენებული შუამდგომლობა - სასამართლოსგარეშე ხარჯის, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შესახებ, აღნიშნულზე მსჯელობას არც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს მაშინ, როდესაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას პროცესის (სასამართლო და სასამართლოსგარეშე) ხარჯების განაწილების თაობაზე. ხარჯების განაწილება ხდება იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი სარჩელი დააკმაყოფილა, მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, უნდა შეეკრიბა მოსარჩელეთა მიერ პირველ და სააპელაციო ინსტანციებში გაწეული სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯი და დაეკისრებინა მოპასუხისათვის.

8.2. ადვოკატის ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მყარი სასამართლო პრაქტიკა, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ევროპული სტანდარტიდანაც, რაც გულისხმობს იმას, რომ ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია. ამდენად, სასამართლოს ამ ნაწილში წარდგენილი მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინა, ვინაიდან ფაქტობრივი გარემოებები ქმნიან სამართლის ნორმით გათვალისწინებულ შემადგენლობას;

8.3. გარდა ადვოკატის მომსახურების ხარჯისა, მოთხოვნილი იყო სასამართლოსგარეშე სხვა ხარჯის (სატრანსპორტო, ასლების, მტკიცებულებათა მოძიების, საფოსტო და სხვ.) მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება, რაც ასევე დაუსაბუთებლად უარყო სასამართლომ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლით განმარტებულია, თუ რას შეადგენს სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯი. იგი წარმოადგენს მხარეთა მიერ მატერიალური უფლებების დასაცავად გაწეულ ხარჯებს, რაც შესაძლებელია ანაზღაურდეს სარჩელზე დამდგარი იურიდიული შედეგის შესაბამისად და პროპორციულად, როგორც პროცესუალური მოთხოვნა. სასამართლოსგარეშე ხარჯი განეკუთვნება დამატებით დანახარჯებს, რომელსაც გაიღებს მხარე;

8.4. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა მოსარჩელეთა მოთხოვნაზე, რომლის შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი მოითხოვდნენ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას. აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ არ განიხილა, რითაც დაარღვია საპროცესო-სამართლებრივი ნორმები;

8.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადება კი საგამონაკლისო ნორმაა და არა მუდმივი წესი. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება, თუ რატომ მიიღო სასამართლომ სხდომის გადადების შესახებ საოქმო განჩინებები, სასამართლო არ ასაბუთებს რატომ იყო შეუძლებელი საქმეზე გადაწყვეტილების მიღება იმავე დღეს. ამდენად, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინებები.

8.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი პირველი ნაწილის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს კასატორების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯი - 2400-2400 ლარი თითოეული კასატორის სასარგებლოდ, ასევე, საკასაციო საჩივრის, საკასაციო შესაგებლის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე გაწეული ხარჯი, საფოსტო, წარმომადგენლის კვებისა და მგზავრობის ხარჯი, საერთო ჯამში - 5 555 555.55 ლარის ოდენობით.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

13. კასატორების ძირითადი პრეტენზია შეეხება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანისას არ იმსჯელა სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილი სასამართლოსგარეშე ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრებაზე.

14. აღნიშნული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავზე, რომელიც ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი. კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები (სსსკ 44-ე მუხლში ამომწურავადაა ჩამოთვლილი საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების ჩამონათვალი. კერძოდ, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია: მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები; თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები; ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები; სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები; მოპასუხის მოძებნის ხარჯები; სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები; სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები. ამდენად, მითითებული მუხლის ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს იმ პირებისათვის ასანაზღაურებელ ხარჯებს, რომლებიც დახმარებას უწევენ სასამართლოს (მოწმეები, სპეციალისტები, ექსპერტები, თარჯიმნები და ა.შ.).

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია - იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუმცა საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმს, როდესაც, მართალია, მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების დაბრუნება (ან მხარეთა შორის განაწილება) სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა. სსსკ 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამრიგად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ინიციატივა შეიძლება მომდინარეობდეს როგორც სასამართლოს, ასევე მხარისაგან. ამასთან, კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

16. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის 7 დღიანი ვადის დენის დაწყებას კი კანონი უკავშირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას და არა მხარისათვის მის ჩაბარებას (იხ. სუსგ #ას-225-217-2012, 25 ივნისი, 2012 წელი), რადგან სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მხარეებისათვის (სასამართლოსათვის) ცხადი ხდება, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია ერთ-ერთი იმ ხარვეზით, რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

17. შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული იმპერატიული დათქმა ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლომ დროულად გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი (იხ. სუსგ #ას-795-754-2013, 29 ნოემბერი, 2013 წელი).

18. ზემოთ მოყვანილ ნორმათა ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იმის თაობაზე, რომ მხარე საპროცესო კანონმდებლობით საკმარისად არის დაცული, რათა მან პროცესის მოგების შემთხვევაში დაიბრუნოს მის მიერ გაწეული ხარჯები და აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში (იხ. სუსგ #ას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014 წელი).

19. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტებმა (მოსარჩელეებმა) საადვოკატო მომსახურების ხარჯისა და სხვა არასასამართლო ხარჯის (სატრანსპორტო, ასლების, მტკიცებულებათა მოძიების, საფოსტო და სხვ.) მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვეს სააპელაციო საჩივრით (იხ. ტ. 3, ს.ფ 112-122), თუმცა სააპელაციო სასამართლოს თავის საბოლოო, 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებაში აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელია. მან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მხოლოდ სასამართლო ხარჯის (სახელმწიფო ბაჟის) მხარეთა შორის განაწილების საკითხი გადაწყვიტა (იხ. ტ. 4, ს.ფ 100-126).

20. ამრიგად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ (სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას), თუ მოსარჩელეებს (აპელანტებს) მიაჩნდათ, რომ მათ რომელიმე მოთხოვნაზე სასამართლომ არ იმსჯელა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, მათ შეეძლოთ მოეთხოვათ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, თუმცა ვინაიდან სადავო არაა, რომ მოსარჩელეებს (აპელანტებს) ამ უფლებით არ უსარგებლიათ (მათ მხოლოდ საკასაციო საჩივრით გახადეს სადავო არასასამართლო ხარჯის ანაზღაურების საკითხი), უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მათი მოთხოვნა საპროცესო ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის გამო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორების იმ პრეტენზიასაც, რომ არსებობს საქმის მოსმენის სხვა დროისათვის გადადების შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული საოქმო განჩინებების გაუქმების საფუძველი. სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ადასტურებენ მოცემული განჩინებების მიღებისას სააპელაციო პალატის მიერ ისეთი საპროცესო ნორმების დარღვევას, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. მათ მიერ მითითება, რომ სასამართლო ვერ ასაბუთებს, თუ რატომ იყო შეუძლებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება პროცესის სხვა დროისათვის გადადების გარეშე (იმავე დღეს), არ შეიძლება მიჩნეულ იქნას იმგვარ საკასაციო შედავებად, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

22. რაც შეეხება კასატორების შუამდგომლობას მათ მიერ საკასაციო სასამართლოში გაწეული ხარჯის (ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯისა და სხვა არასასამართლო ხარჯის) მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორების ძირითადი მოთხოვნა საპროცესო ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დაუშვებელია, აღარ არსებობს მოცემულ საკითხზე საკასაციო სასამართლოს მსჯელობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

23. ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ პროცესის ხარჯების მხარეთა შორის განაწილების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკაც (იხ. სუსგ № ას-920-870-2015 ,9 ივნისი, 2016 წელი), შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ. ფ-ას, ლ. ფ-ას, ლ. კ-ასა და ს. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. კასატორების ლ. ფ-ას, ლ. ფ-ას, ლ. კ-ასა და ს. კ-ის შუამდგომლობა საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მათ მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე