გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-175-79-კს-03 19 სექტემბერი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართვეოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: ქ. ქუთაისის მერიისათვის თანხის გადახდის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 16 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოსარჩელე ნ. ლ-ემ მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიის მიმართ და მოითხოვა ამ უკანასკნელისთვის მის სასარგებლოდ 10000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ ქუთაისის ლენინის რაიონის სახალხო სასამართლომ 1988წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით ქუთაისის სახალხო დეპუტატთა ავტოქარხნის რაიაღმასკომს დაავალა მისთვის გამოეყო საცხოვრებელი ბინა ნორმის ფარგლებში. შემდგომში შეიცვალა ქუთაისის რაიონული დაყოფა და ავტოქარხნის რაიაღმასკომის უფლებამონაცვლე გახდა ქ. ქუთაისის მერია, რომელიც ვერ ახერხებდა უზრუნველყო მოსარჩელის ოჯახი ბინით. შესაბამისად მოსარჩელე თხოვდა ქუთაისის მერიას გამოეყო მისთვის თანხა 10000 აშშ დოლარის ოდენობით, რათა თვითონ ეყიდა საცხოვრებელი ბინა.
შემდგომში მოსარჩელე ნ. ლ-ემ სასამართლოს მიმართა განცხადებით სარჩელის დაზუსტების შესახებ, სადაც მიუთითა, რომ ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 1 აგვისტოს განჩინების საფუძველზე ქუთაისის მერიის მუნიციპალური მართვის სამსახურმა შეამოწმა მათ მიერ მითითებული ქ. ქუთაისში ... მდებარე სამოთახიანი ბინა და იგი შეაფასა 26000 ლარად, შესაბამისად მოსარჩელემ მოითხოვა ქუთაისის მერიისათვის 26000 ლარის გადახდის დაკისრება ბინის შესაძენად.
ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. ქუთაისის მერიას დაევალა საცხოვრებელი ბინის შესაძენად ნ. ლ-ისათვის 26000 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მთავრობამ და მოითხოვა ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება. აპელანტი მიუთითებდა, რომ ქუთაისის მერია, როგორც ქუთაისის სახალხო დეპუტატთა ავტოქარხნის რაიაღმასკომის სამართალმემკვიდრე, პირველი შეძლებისთანავე დააკმაყოფილებდა მოსარჩელე ნ. ლ-ის მოთხოვნას ბინის გამოყოფის შესახებ 1988წ. 29 აპრილის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. ამავე დროს, თუ მოსარჩელე ნ. ლ-ე თვლიდა, რომ მერია ნებაყოფლობით არ ახდენდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, მას უნდა მოეთხოვა გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება, რაც არ გაუკეთებია და სასარჩელო წარმოების წესით, პროცესუალურ ნორმათა დარღვევით მიმართა სასამართლოს 1988წ. 29 აპრილის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით, რაც არ არის კანონიერი რადგან მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი თანხის მოთხოვნისა.
ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 10 ივნისის განჩინებით დააკმაყოფილა ქუთაისის მერიის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება ნ. ლ-ის სარჩელის გამო ქ. ქუთაისის მთავრობის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე შეწყვიტა სსკ-ს 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან არსებობდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილი იყო იმავე მხარეებს მიმართ იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით.
2003წ. 7 სექტემბერს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას კერძო საჩივრით მიმართა ნ. ლ-ემ და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 10 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.
კერძო საჩივარში ნ. ლ-ე მიუთითებდა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 203წ. 10. ივლისის განჩინება კანონის დარღვევითაა მიღებული და გაუქმებული უნდა იქნეს. კერძოდ, სასამართლომ საქმის განხილვისას არასწორად განმარტა სსკ-ს 272-ე მუხლის “ბ” პუნქტი, რომლის საფუძველზეც საქმის წარმოება შეწყდება, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმავე საფუძვლით, იმავე საგანზე, იმავე მხარეებს შორის.
ქუთაისის ლენინის რაიონის სახალხო სასამართლოს 1988წ. 28 აპრილის გადაწყვეტილებით ქუთაისის ავტოქარხნის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომს დაეკისრა მისი ოჯახისათვის ბინის გამოყოფა. ქუთაისის მთავრობას, მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგი არაა ნ. ლ-ისათვის ბინის გამოყოფის, არ შეუძლია ბინის გაცემა, რადგან აღარ აწარმოებს მშენებლობას.
ნ. ლ-ე მიუთითებს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 1988წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით მინიჭებული ბინის შესაბამისი თანხის გადახდევინება, ანუ დავის საგანს წინამდებარე სარჩელით წარმოადგენს თანხის დაკისრება და არა ბინის გამოყოფა. სასამართლომ გვერდი აუარა დავის საგნის განსაზღვრას და გამოიტანა განჩინება საქმის შეწყვეტის შესახებ.
ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 14 ივლისის განჩინებით ნ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის მოტივით და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 ივნისის და 14 ივლისის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ნ. ლ-ის ახალი სარჩელი ფაქტიურად წარმოადგენს ქუთაისის ლენინის რაიონის სასამართლოს 1988წ. 29 აპრილს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების, რომლითაც ქუთაისის სახალხო დეპუტატთა ავტოქარხნის აღმასკომს დაევალა ნ. ლ-ის ოჯახისათვის 4 სულზე საცხოვრებელი ბინის გამოყოფა სანიტარული ნორმის ფარგლებში, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის მოთხოვნას. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს სასამართლოს აძლევს ის გარემოება, რომ კერძო საჩივრის ავტორი იმავე საფუძვლით, იმავე მხრისაგან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით მისთვის და მისი ოჯახისთვის გაოყოფილი 4 ოთახიანი ბინის სანაცვლოდ ითხოვს საცხოვრებელი ბინის შეძენისათვის თანხას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული საკითხი მოწესრიგებულია სკ-ს 263-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით გადადოს ან გააწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. მითითებული მუხლის მეორე ნაწილით კი დადგენილია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში შეტანილი განცხადების განხილვის წესი, რომელიც განსხვავდება სარჩელის განხილვის წესისაგან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით თვლის, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები და შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 ივნისის განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 408-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 ივნისისა და 2003წ. 14 ივლისის განჩინებები;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.