№ ას-175-164-2017 12 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. ფ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – მ. მ-ე, ზ. მ-ე, ბ. ვ-ე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ზ. მ-ემ, მ. მ-ემ და ბ. ვ-ემ (შემდგომში „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. ნ-ისა და თ. ფ-ის (შემდგომში „მოპასუხეები“ ან „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვეს მოპასუხეებისათვის 13 347,65 აშშ დოლარის დაკისრება.
2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
2.1. მ. მ-ე, თ. ფ-ე და თ. დ-ე შეთანხმდნენ, ერთობლივი საქმიანობის დაწყების მიზნით შეეძინათ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ქ. ..., კ. დასახლებაში მდებარე 5 292 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 768,48 კვ.მ შენობა-ნაგებობა, რის გამოც, სს „ს. ბ.“ დამტკიცდა სესხი 100 000 აშშ დოლარი. სესხი გაფორმდა მ. მ-ის მამის - ზ. მ-ის (შემდგომში „მსესხებელი“) სახელზე და მის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი, ქ. ..., ფ. ქ. #...-ში მდებარე სახლი, ასევე, მ. მ-ის სიძის - მ. კ-ის კუთვნილი ქონება, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული მესაკუთრის ვალდებულების გამო. აღებული სესხიდან 8 045 აშშ დოლარით გასტუმრებულ იქნა ამ უკანასკნელის ვალდებულება ბანკის წინაშე და ადრე რეგისტრირებული იპოთეკისაგან გათავისუფლდა ქონება. დამტკიცებული სესხიდან ჯამში ათვისებულ იქნა 80 063,8 აშშ დოლარი, რომლითაც მსესხებელმა 2007 წლის 23 ოქტომბერს აუქციონზე შეიძინა უძრავი ქონება (ქ. ..., კ. დასახლებაში მდებარე 5 292 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 768,48 კვ.მ შენობა-ნაგებობა) და საკუთრების უფლებით აღირიცხა მის სახელზე;
2.2. 2008 წლის 29 მარტს გარდაიცვალა მსესხებელი და მისი სამკვიდრო იმავე წლის 6 ოქტომბერს მიიღო მისმა შვილმა, მ. მ-ემ (შემდგომში „მემკვიდრე“). 2008 წლის ნოემბრიდან იგი, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, გავიდა ერთობლივი საქმიანობიდან. შეთანხმების მიხედვით, მამკვიდრებლის მიერ ნასესხები თანხა უნდა დაეფარა თ. ფ-ეს, რომლის მოთხოვნითაც მემკვიდრემ აუქციონზე შეძენილი ქონება, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2009 წლის 25 სექტემბერს გადაუფორმა მოპასუხის, თ. ფ-ის ახლობელს, ნ. ბ-ეს, ხოლო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება 2008 წლის 25 დეკემბერს ჩუქების გზით მემკვიდრემ გადასცა შვილს, ზ. მ-ეს;
2.3. აუქციონზე შეძენილი ქონება ნინო ბუქიძემ 2011 წლის 23 თებერვალს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მოპასუხე თ. ფ-ის სიმამრს, ნოდარ ნაკაშიძეს, ხოლო ამ უკანასკნელმა კი, 2011 წლის 31 მაისს ჩუქების ხელშეკრულებით აღნიშნული ქონება გადასცა შვილს, მ. ნ-ეს (თ. ფ-ის მეუღლე). აუქციონზე ნაყიდი ქონების სხვადასხვა პირისათვის გადაცემა ხორციელდებოდა სასყიდლის გარეშე;
2.4. 2010 წლის დეკემბრამდე აწ გარდაცვლილი მსესხებლის მიერ აღებული ვალი იფარებოდა მისი სახელით, ხოლო 2010 წლის დეკემბრიდან ეს ვალდებულება სრულდებოდა ზ. მ-ის (მ. მ-ის შვილი) სახელით, რომელმაც მიიღო იპოთეკით დატვირთული ქონება და ბანკის მოთხოვნით, მის წინაშე არსებული ვალდებულების შესასრულებლად გააფორმა ახალი სესხის ხელშეკრულება;
2.5. მხარეთა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აღებული სესხი იფარებოდა, როგორც მოსარჩელეების, ისე მოპასუხეების მიერ. საბოლოოდ, მოპასუხე მხარემ აღარ შეასრულა ფულადი ვალდებულება და დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა 13 347,65 აშშ დოლარი;
2.6. მოსარჩელეებმა გადაიხადეს ბანკის წინაშე დარჩენილი დავალიანება, რითაც უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ მოპასუხეები.
3. მოპასუხეებმა სარჩელზე წარადგინეს შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ, მართალია, მ. მ-ე ერთობლივი საქმიანობიდან გავიდა და მისი დავალიანების გადახდა დაეკისრა თ. ფ-ეს, ასევე, მხარეთა შეთანხმებით განხორციელდა აუქციონზე შეძენილი ქონების სხვა პირების საკუთრებაში გადასვლა, თუმცა მოსარჩელე ყურადღებას არ ამახვილებს იმაზე, რომ მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა. თ. ფ-ეს ეკუთვნოდა ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სახლი, რომელიც სხვა პირის სახელზე იყო აღრიცხული საკუთრების უფლებით, მან ეს ქონება გაასხვისა მესამე პირზე 30 000 ლარად, რაც, იმ დროს არსებული ვალუტის კურსის შესაბამისად, შეადგენდა 18 181 აშშ დოლარს, აღნიშნულით კი სრულად გაისტუმრა დავალიანება.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თ. ფ-ეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 13 347 აშშ დოლარის გადახდა; მ. ნ-ის მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე თ. ფ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით მურად მსახურაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ზ. მ-ისა და ბ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მურად მსახურაძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ. ფ-ეს მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7 667 აშშ დოლარის გადახდა.
9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე საქმეზე წარდგენილ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1-2.3 პუნქტები). ამავე დროს, სასამართლოს სხდომებზე თავად მოპასუხე თ. ფ-ის არაერთი განმარტების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ვინაიდან მ. მ-ეს, თ. ფ-ესა და თ. დ-ეს შორის ერთობლივი საქმიანობა შეწყდა, მხარეთა ზეპირი შეთანხმების მიხედვით, ერთობლივი საქმიანობის საწარმოებლად ბანკიდან აღებული სესხის დაფარვის ვალდებულება 2008 წლის ნოემბრიდან მთლიანად მოპასუხე თ. ფ-ემ იკისრა, რის სანაცვლოდაც მან მიიღო აუქციონზე შეძენილი ქონება (ქ. ..., კ. დასახლებაში მდებარე 5 292 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 768,48 კვ.მ შენობა-ნაგებობა), და მისივე სურვილით აღრიცხა მეუღლის, მ. ნ-ის საკუთრებაში (აღნიშნული ქონება დღემდე მ. ნ-ის საკუთრებადაა რეგისტრირებული). ფულადი ვალდებულების შესრულება თ. ფ-ემ იკისრა არა უშუალოდ ბანკის, არამედ მ. მ-ის მიმართ, ვინაიდან მ. მ-ე წარმოადგენდა მსესხებლის, აწ გარდაცვლილი ზ. მ-ის მემკვიდრეს. სასამართლომ დაადგინა, რომ სესხის თანხის დაფარვა ხდებოდა სხვადასხვა პირთა მიერ (თავად მსესხებლის, მისი შვილის ან ახლობლების სახელით), ხოლო თანხის გამომგზავნი იყო თ. ფ-ე.
10. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე წარდგენილი ი/მ ც-ის აუდიტორული დასკვნით და საბანკო ამონაწერებით დაადგინა, რომ სესხის დაფარვის მიზნით ჯამში გადახდილი იქნა 139 442 აშშ დოლარი. ხოლო 2011 წლის დეკემბრისათვის ბანკის წინაშე დარჩენილი დავალიანება შეადგენდა 30 000 აშშ დოლარს. სასამართლომ ასევე უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ვინაიდან 2011 წლის ბოლოდან თ. ფ-ე ვერ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას (ვეღარ იხდიდა თანხებს), მან ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, საცხოვრებელი სახლი 30 000 ლარად გაყიდა, რაც ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას შეადგენდა 18 182 აშშ დოლარს (1 აშშ დოლარი = 1.65 ლარი). აღნიშნული თანხა გადაეცა მოსარჩელე მ. მ-ეს.
11. სასამართლომ შეაფასა მხარეთა პრეტენზიები - ერთის მხრივ, მოპასუხე თ. ფ-ის მითითება, რომ სოფ. ... არსებული უძრავი ქონების გასხვისებით და აღნიშნული თანხის მ. მ-ისათვის გადაცემით, მან სრულად შეასრულა მსახურაძის წინაშე არსებული ვალდებულება და, მეორეს მხრივ, მოსარჩელეთა განცხადება, რომ მოპასუხის მიერ შესასრულებელ ვალდებულებას, 30 000 აშშ დოლარს გამოაკლდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ნასყიდობის თანხა 12 500 აშშ დოლარი და დამატებით, თ. ფ-ის მიერ გადახდილი 4 747 აშშ დოლარი.
12. აღნიშნული გარემოებების შესწავლის მიზნით, სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მოცემულ საქმეზე პირველ ინსტანციაში მოწმის სახით დაკითხულ პირთა, ა. ბ-ისა (რომელმაც თ. ფ-ის დისშვილის, ლ. ჯ-საგან შეიძინა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... არსებული უძრავი ქონება) და ფ. ტ-ის (ა. ბ-ის მეუღლე) ჩვენებები. ა. ბ-ის განმარტებით, თანხის სესხებაზე იყო საუბარი, ბანკში შესატანი თანხის სესხებაზე მას თ. ფ-ესთან შეთანხმებით დაუკავშირდა მ. მ-ე, რომელმაც უთხრა, რომ გადასახდელი იყო თანხა ბანკში, მან ასესხა 12 500 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველყოფის მიზნითაც გადაუფორმეს სოფ. ... არსებული სახლი გარანტიის სახით. რადგან ეს თანხა ვეღარ დაუბრუნეს, ... სახლი დღემდე მის სახელზე რჩება. მურად მსახურაძე მისი თანდასწრებით სკაიპით ესაუბა თ. ფ-ეს, რომელმაც ითხოვა დახმარება. ამბობდა, რომ აქამდე პირი არ შეურცხვენია, თანხები პირნათლად შეჰქონდა ბანკში და ამ ვალსაც უპრობლემოდ გაისტუმრებდა, ჰქონდა გასაყიდი მიწის ნაკვეთი და შეჰპირდა, რომ ამ მიწის ნაკვეთის გაყიდვის შემდეგ გადაუხდიდა თანხას, თუ არადა სახლს (რომელიც სოფ. ... ჰქონდა) გადაუფორმებდა და ასეც მოხდა, სახლი გადაუფორმეს და მეორე დღესვე მ. მ-ეს მან მისცა ბანკში შესატანი თანხა, საერთო ჯამში 12 500 აშშ დოლარი. სახლი აღირიცხა მეუღლის, ფ. ტ-ის სახელზე.
13. მოწმის სახით დაკითხული ფ. ტ-ის განმარტებით, მის ქმარს მ. მ-ის სესხი შეჰქონდა ბანკში, სულ შეიტანა 12500 აშშ დოლარი, ნდობის სახით გადმოუფორმეს ... სახლი. ვინაიდან გადახდილი თანხა უკან ვერ დაუბრუნეს, სახლი დღემდე მის სახელზე ირიცხება.
14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, მოსარჩელეები მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სოფ. ... მდებარე უძრავი ქონება გაიყიდა 12 500 აშშ დოლარად, რომელიც უნდა გამოკლებოდა მ. მ-ის მიერ დასაფარი სესხის თანხას, თუმცა სასამართლომ საქმეში არსებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ვინაიდან ხელშეკრულებაში ქონების ნასყიდობის თანხად მითითებულია 30 000 ლარი, რაც იმ დროისათვის შეადგენდა 18 182 აშშ დოლარს, სწორედ აღნიშნული თანხით შემცირდა მ. მ-ის მიმართ თ. ფ-ის დავალიანება და შესაბამისად, მ. მ-ის დარჩენილმა ვალდებულებამ ბანკის წინაშე შეადგინა 11 818 აშშ დოლარი (30 000 აშშ დოლარს - 18 182 აშშ დოლარი = 11 818 აშშ დოლარს). ამასთან, სასამართლომ თავად მოსარჩელე მ. მ-ის განმარტების საფუძველზე დაადგინა, რომ სოფ. ... მდებარე სახლის გაყიდვის შემდგომ თ. ფ-ემ მ. მ-ეს გაუგზავნა 4 747 აშშ დოლარი, შესაბამისად, საერთო ჯამში მოპასუხის მიერ დასაფარი დავალიანება შესადგენდა 7 767 აშშ დოლარს (11818 აშშ დოლარს - 474 აშშ დოლარი = 7 667 აშშ დოლარს).
15. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 940-ე მუხლით და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ერთობლივი საქმიანობისათვის შეძენილი ქონების მესაკუთრე გახდა თ. ფ-ე, რომელსაც უნდა დაეფარა ამ ქონების მთლიანი ღირებულება (რა ოდენობის ვალიც მ. მ-ეს ბანკის მიმართ ჰქონდა), ხოლო თ. ფ-ემ ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სოფ. ... მდებარე უძრავი ქონების გასხვისებით მიღებული თანხით (მიუხედავად იმისა, თუ რა ფასად გასხვისდებოდა ქონება) იგი სრულად ფარავდა მურად მსახურაძის წინაშე არსებულ დავალიანებას (რაც მას რჩებოდა ბანკის მიმართ), მოპასუხეს მოსარჩელე მ. მ-ის მიმართ უნდა დაკისრებოდა 7 667 აშშ დოლარის გადახდა (30 000 აშშ დოლარს - 18 182 აშშ დოლარი - 4 747 აშშ დოლარი = 7 667 აშშ დოლარი).
16. რაც შეეხება მოსარჩელეებს, ბ. ვ-ეს და ზ. მ-ეს (მ. მ-ის შვილს), სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ისინი არ წარმოადგენდნენ ერთობლივი საქმიანობის მონაწილეებს, მათ წინაშე თ. ფ-ეს არანაირი ვალდებულება არ გააჩნდა, შესაბამისად, არ არსებობდა წარდგენილი სარჩელის მათ სასარგებლოდ დაკმაყოფილების საფუძველი.
17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე თ. ფ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
18. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მისი განმარტება იმის თაობაზე, რომ მასსა და მოსარჩელე მ. მ-ეს შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თ. ფ-ე ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე უძრავ ქონების გასხვისებიდან მიღებული თანხით სრულად ფარავდა მ. მ-ის მიმართ არსებულ დავალიანებას, 30 000 აშშ დოლარს. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად მიიჩნია იგი თანხის გადახდაზე ვალდებულ პირად.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
24. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეხება იმას, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის მასალები და არასწორად მიიჩნია იგი თანხის გადახდაზე ვალდებულ პირად. კერძოდ, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... არსებული უძრავი ქონების გასხვისებიდან მიღებული თანხის გადახდით თ. ფ-ე სრულად ფარავდა მ. მ-ის მიმართ არსებულ დავალიანებას.
25. საკასაციო პალატა აღნიშნული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსსკ მე-4 მუხლი). საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებულია მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომელიც გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
26. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება შესაბამისი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის გზით, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-531-497-2017, 11 ოქტომბერი, 2017 წელი).
27. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თ. ფ-ეს, მ. მ-ესა და თ. დ-ეს შორის არსებული ერთობლივი საქმიანობა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შეწყდა, რის შემდგომაც, ერთობლივი საქმიანობის საწარმოებლად მ. მ-ის მიერ ბანკიდან აღებული სესხის დაფარვის ვალდებულება მოპასუხე თ. ფ-ემ იკისრა, რომელიც ეტაპობრივად იხდიდა აღნიშნულ თანხებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში სწორედ მოპასუხეს ეკისრებოდა მოსარჩელის მიმართ ვალდებულების მთლიანად შესრულების მტკიცების ტვირთი, რაც მან სათანადოდ ვერ გასწია.
28. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის შესაბამისად, ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისებიდან მიღებული თანხის (30 000 ლარის) გადახდით თ. ფ-ე სრულად ფარავდა მ. მ-ის მიმართ არსებულ დავალიანებას (30 000 აშშ დოლარს). მოპასუხის აღნიშნული განმარტება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის. მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებაზე მხოლოდ ზეპირი მითითება კი, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას იმგვარ საკასაციო შედავებად, რაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გაბათილების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე უძრავი ქონება გაიყიდა 30 000 ლარად, რაც ხელშეკრულების დადების დროისათვის 18 182 აშშ დოლარს შეადგენდა და სწორედ აღნიშნული თანხით შემცირდა მოპასუხის დავალიანება (30 000 აშშ დოლარი) მოსარჩელის მიმართ.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-1003-964-2014, 17 დეკემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-200-193-2013, 27 სექტემბერი, 2013 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1002 ლარის 70% - 701,4 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს თ. ფ-ეს (პ/ნ: 61006...) დაუბრუნდეს ჯ. ქ-ის (პ/ნ: 610060...) მიერ 2017 წლის 22 თებერვალს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1002 ლარის 70% - 701,4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე