№ ას-401-374-2017 7 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს. კ. ა. ს. ჯ." (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ. პ. პ. კ." (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „თ. პ. პ. კ.“ (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „კლინიკა“) „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის #177 დადგენილების შესაბამისად, 2013 წლის მარტიდან 2014 წლის მარტის ჩათვლით სამედიცინო მომსახურება გაუწია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის #218 და 2012 წლის 7 მაისის #165 დადგენილებებით გათვალისწინებულ შპს ,,ს. კ. ა. ს. ჯ.“ (შემდგომში „მოპასუხე“, „მზღვეველი“, „პელანტი“, „კასატორი“, ან საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიერ დაზღვეულ ბენეფიციარებს/დაზღვეულებს, კერძოდ:
- 2013 წლის მარტის თვეში მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია 1 776 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება (#101 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 1380 ლარის ოდენობით, #126 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 256 ლარის ოდენობით, #125 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 140 ლარის ოდენობით);
- 2013 წლის აპრილის თვეში მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია 4 216 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება (#142 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 360 ლარის ოდენობით, #141 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 2 960 ლარის ოდენობით, #142 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 896 ლარის ოდენობით);
- 2013 წლის მაისის თვეში მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია 624 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება (#173 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 384 ლარის ოდენობით, #172 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 240 ლარის ოდენობით);
- 2013 წლის ივნისის თვეში მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია 2 982 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება (#193 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 180 ლარის ოდენობით, #191 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 1360 ლარის ოდენობით, #190 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 896 ლარის ოდენობით, #192 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 486 ლარის ოდენობით, #369 ანგარიშფაქტურის საფუძველზე 60 ლარის ოდენობით);
- 2013 წლის ივლისის თვეში მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია 368 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება (#229 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 128 ლარის ოდენობით, #228 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 120 ლარის ოდენობით, #227 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 120 ლარის ოდენობით);
- 2013 წლის აგვისტოს თვეში მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია 1 456 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება (#363 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 450 ლარის ოდენობით, #364 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 256 ლარის ოდენობით, #365 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 480 ლარის ოდენობით, #367 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 270 ლარის ოდენობით);
- 2013 წლის სექტემბრის თვეში მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია 2 620 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება (#408 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 540 ლარის ოდენობით, #40 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 80 ლარის ოდენობით, #410 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 768 ლარის ოდენობით, #411 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 512 ლარის ოდენობით, #40 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 720 ლარის ოდენობით);
- 2013 წლის ოქტომბრის თვეში მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია 2 084 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება (#447 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 384 ლარის ოდენობით, #446 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 540 ლარის ოდენობით, #445 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 260 ლარის ოდენობით, #244 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 900 ლარის ოდენობით);
- 2013 წლის ნოემბრის თვეში მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია 5 092 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება (#453 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 240 ლარის ოდენობით, #451 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 2 420 ლარის ოდენობით, #452 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 2 432 ლარის ოდენობით);
- 2013 წლის დეკემბრის თვეში მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია 17 914 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება (#474 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 510 ლარის ოდენობით, #473 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 2 600 ლარის ოდენობით, #472 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 12 944 ლარის ოდენობით, #475 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 1 860 ლარის ოდენობით);
- 2014 წლის იანვრის თვეში მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია 7 968 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება (#496 ანგარიშფაქტურის საფუძველზე -3 848 ლარის ოდენობით, #495 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 169 ლარის ოდენობით, #497 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 510 ლარის ოდენობით, #498 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 1 920 ლარის ოდენობით);
- 2014 წლის თებერვლის თვეში მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია 3 364 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება (#522 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 2 384 ლარის ოდენობით, #521 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 360 ლარის ოდენობით, #520 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 620 ლარის ოდენობით);
- 2014 წლის მარტის თვეში მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია 2 536 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება (#24 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 1 152 ლარის ოდენობით, #25 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 274 ლარის ოდენობით, #23 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 630 ლარის ოდენობით, #26 ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 480 ლარის ოდენობით).
2. მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადა 2013 წლის მარტიდან 2014 წლის მარტის ჩათვლით სამედიცინო მომსახურების საფასური, ჯამში, 49 650 ლარი.
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე კომპანიის მიმართ და მოითხოვა 2013 წლის მარტიდან 2014 წლის მარტის ჩათვლით მის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების 49 650 ლარისა და გადახდის ვადაგადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება.
4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე მის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას ითხოვს განმეორებით, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდზე (2013 წლის მარტიდან 2014 წლის მარტის ჩათვლით) ნამსჯელი აქვს როგორც სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურს, ისე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომლის 2014 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია. შესაბამისი პერიოდების თანხები კი ანგარიშსწორებულია შპს „მ. პ. ს.“ მიერ. ამასთან, 2013 წლის მარტის თვის საანგარიშსწორებო დოკუმენტაცია მოსარჩელესთან წარდგენილი არ ყოფილა - იგი წარდგენილი იყო სხვა სამედიცინო დაწესებულებასთან - სს „ჩ. ო. კ.“.
5. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე არაერთგზის იყო ინფორმირებული იმ ფაქტის შესახებ, რომ მოპასუხესა და სს „ჩ. ო. კ.“ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში 2013 წლის 1 მარტიდან მზღვეველის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულ პირთა ცალკეული კონტიგენტის/სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონსა და აფხაზეთში დადგენილების ფარგლებში დაზღვეული პირების სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას, ინფორმაციის დამუშავებას, მზღვეველისათვის მიწოდებას და რეგულირების შედეგად ასანაზღაურებელი თანხის ანგარიშსწორებას მოსარჩელის სასარგებლოდ უზრუნველყოფდა სს „ჩ. ო. კ.“/სამართალმემკვიდრე სს „ს. კ. ე.“, ხოლო შპს „მ. პ. ს.“ და მოპასუხეს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, 2013 წლის 1 მაისიდან მზღვეველის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულ პირთა ცალკეული კონტიგენტის/გარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონსა და აფხაზეთში დადგენილების ფარგლებში დაზღვეული პირების სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას, ინფორმაციის დამუშავებას, მზღვეველისათვის მიწოდებას და რეგულირების შედეგად ასანაზღაურებელი თანხის ანგარიშსწორებას მოსარჩელის სასარგებლოდ უზრუნველყოფდა შპს „მ. პ. ს.“.
6. ამასთან, 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის მარტის ჩათვლით შესაბამისი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები მოპასუხეს წარედგინა ფოსტით და არ მომხდარა მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება. მხოლოდ საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის გადაცემა კი, არ წარმოადგენს გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების საფუძველს.
7. პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით მოპასუხემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის #177 დადგენილებაში შესული ცვლილების შესაბამისად, 2014 წლის 8 აგვისტოდან პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ასანაზღაურებელი თანხის 0.02%-ით, მიუხედავად იმისა, თუ რა პერიოდში წარმოიშვა დავალიანება, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 0,1% წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს და იგი უნდა შემცირდეს 0,01 %-მდე.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის მარტის, აპრილისა და მაისის, აგრეთვე 2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის მარტის ჩათვლით მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა 49 650 ლარის ოდენობით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის მარტის, აპრილისა და მაისის, აგრეთვე 2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის მარტის ჩათვლით მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის 2015 წლის 30 აპრილამდე დარიცხული პირგასამტეხლოს, 24 196.27 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის ივნისსა და ივლისში მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს 431.10 ლარის გადახდა (რომელიც ნაანგარიშებია 2013 წლის 31 ივლისიდან და 2013 წლის 30 აგვისტოდან 2013 წლის 11 დეკემბრამდე); მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის მარტის, აპრილისა და მაისის, აგრეთვე 2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის მარტის ჩათვლით მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის 2015 წლის 30 აპრილიდან აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად 49.65 ლარის (დავალიანების-49 650.00 ლარის 0.1%) გადახდა.
9. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2013 წლის მარტის, აპრილის, მაისისა და 2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის მარტის თვის ჩათვლით გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის 2015 წლის 30 აპრილამდე დაეკისრა პირგასამტეხლო 13 679,13 ლარის ოდენობით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2015 წლის 30 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 49 650 ლარის 0,02 % - დღეში 9,93 ლარი; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან, საქმეში წარდგენილი სს ,,ჩ. ო. კ.”, შპს „მ. პ. ს.“ და მოსარჩელეს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებისა და საფოსტო გზავნილების შესაბამისად დადასტურებულად მიიჩნია გაწეული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტების უშუალოდ მოპასუხისათვის ჩაბარების ფაქტი.
12. სასამართლომ ურთიერთშედარების აქტის არარსებობის თაობაზე აპელანტის პრეტენზიასთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის N177-ე დადგენილების მე-6 მუხლზე, რომელიც ადგენს ანგარიშგების და ანგარიშსწორების პირობებს და განსაზღვრავს, რომ მიმწოდებლის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მზღვეველისათვის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მიწოდების დროს მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი წერილობითი ან ელექტრონული მიღება-ჩაბარების აქტი, რაც ადასტურებს იმას, რომ მიმწოდებელმა მზღვეველს დროულად წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო მზღვეველმა ჩაიბარა იგი. სასამართლოს განმარტებით, ცალსახაა, რომ საანგარიშგებო დოკუმენტების ინსპექტირება და ურთიერთშედარების აქტის გაფორმება მზღვეველის მოვალეობაა და ისეთ პირობებში, როცა კლინიკას მზღვეველისათვის მიწოდებული აქვს საანგარიშგებო დოკუმენტაცია და მზღვეველს თანხების კორექტირების თაობაზე პრეტენზიის გაცხადების შესახებ რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია, მზღვევლის მხრიდან ურთიერთშედარების აქტის არგაფორმება არ შეიძლებოდა გამხდარიყო კლინიკის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღურებაზე უარის თქმის საფუძველი.
13. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლებით, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით და დადგენილად მიიჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ აუნაზღაურებია 2013 წლის მარტის თვიდან 2014 წლის მარტის თვის ჩათვლით (ივნისისა და ივლისის თვის გარდა), გაწეული მომსახურების საფასური 49 650 ლარი, მას მართებულად დაეკისრა აღნიშნული რაოდენობის თანხის გადახდა, რის გამოც ამ ნაწილში არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
14. რაც შეეხება აპელანტის პრეტენზიას პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღნიშნული პრეტენზიის ნაწილობრივ გაზიარებისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
15. სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების 2014 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედ რედაქციაზე, რომლის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტით მზღვეველი ვალდებული იყო სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ამ წესით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებლის სასარგებლოდ გადაეხადა ასანაზღაურებელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებდა მზღვეველს მთლიანი თანხის გადახდის ვალდებულებისაგან. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამავე დადგენილებაში 2014 წლის 1 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ზემოაღნიშნული მუხლი (მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი) ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მზღვეველი ვალდებულია მიმწოდებლისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ამ წესით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებლის სასარგებლოდ გადაიხადოს 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე ასანაზღაურებელი თანხის 0,1%, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე - ასანაზღაურებელი თანხის 0.02%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს მზღვეველს მთლიანი თანხის გადახდის ვალდებულებისაგან.
16. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სახეზეა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების თავისებურებებით განპირობებული ვალდებულების დარღვევისათვის ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს ნორმატიულად რეგულირების შემთხვევა, რაც 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე შემცირებული პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივი საფუძველია.
17. ამრიგად, პირგასამტეხლოს ოდენობა სასამართლომ გამოიანგარიშა დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებისა და ვალდებულების დარვევის პერიოდის გათვალისწინებით და მოპასუხეს 2014 წლის 8 აგვისტომდე პირგასამტეხლოს სახით დააკისრა ასანაზღაურებელი თანხის 0,1% (რაც დაიანგარიშა თითოეული საანგარიოშო პერიოდისათვის გადასახდელი თანხის ვადაგადაცილებისათვის ცალ-ცალკე), ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან - სრული დავალიანების, 49 650 ლარის 0,02 %, კერძოდ:
- 2013 წლის მარტის თვის პირგასამტეხლო - 919,54 ლარი (დავალიანება - 1776 ლარი, ვადაგადაცილების პერიოდი - 02.05.2013 წ-დან - 30.04.2015 წ-მდე (728 დღე: 463 დღეზე - 1,78 ლარი (0,1%); 265 დღეზე - 0,36 ლარი (0,02%));
- 2013 წლის აპრილის თვის პირგასამტეხლო - 2062,5 ლარი (დავალიანება - 4 216 ლარი, ვადაგადაცილების პერიოდი - 29.05.2013 წ-დან - 30.04.2015 წ-მდე (701 დღე: 436 დღეზე - 4,22 ლარი (0,1%), 265 დღეზე - 0,84 ლარი (0,02%));
- 2013 წლის მაისის თვის პირგასამტეხლო - 281,66 ლარი ( დავალიანება - 624 ლარი, ვადაგადაცილების პერიოდი - 01.07.2013 წ-დან - 30.04.2015 წ-მდე (668 დღე : 403 დღეზე - 0,62 ლარი (0,1%), 265 დღეზე - 0,12 ლარი (0,02%));
- 2013 წლის აგვისტოს თვის პირგასამტეხლო - 529,77 ლარი (დავალიანება - 1456 ლარი, ვადაგადაცილების პერიოდი - 02.10.2013 წ-დან - 30.04.2015 წ-მდე (575 დღე: 310 დღეზე - 1,46 ლარი (0,1%), 265 დღეზე - 0,29 ლარი (0,02%));
- 2013 წლის სექტემბრის თვის პირგასამტეხლო - 871,90 ლარი (დავალიანება - 2620 ლარი, ვადაგადაცილების პერიოდი - 02.11.2013წ-დან - 30.04.2015წ-მდე (545 დღე: 280 დღეზე - 2,62 ლარი (0,1%), 265 დღეზე - 0,52 ლარი (0,02%));
- 2013 წლის ოქტომბრის თვის პირგასამტეხლო 626,57 ლარი (დავალიანება - 2084 ლარი, ვადაგადაცილების პერიოდი - 02.12.2013წ-დან - 30.04.2015წ-მდე (515 დღე: 249 დღეზე - 2,08 ლარი (0,1%), 265 დღეზე - 0,41 ლარი (0,02%));
- 2013 წლის ნოემბრის თვის პირგასამტეხლო - 1389,68 ლარი (დავალიანება - 5092 ლარი, ვადაგადაცილების პერიოდი - 31.12.2013წ-დან - 30.04.2015წ-მდე (486 დღე: 220 დღეზე - 5,09 ლარი (0,1%), 265 დღეზე - 1,01 ლარი (0,02%));
- 2013 წლის დეკემბრის თვის პირგასამტეხლო - 4 333,69 ლარი (დავალიანება - 17914 ლარი, ვადაგადაცილების პერიოდი - 31.01.2014წ-დან - 30.04.2015წ-მდე (454 დღე: 198 დღეზე - 17,91 ლარი (0,1%), 265 დღეზე - 3,58 ლარი (0,02%));
- 2014 წლის იანვრის თვს პირგასამტეხლო - 1 680,61 ლარი (დავალიანება - 7968,06 ლარი, ვადაგადაცილების პერიოდი - 03.03.2014წ-დან - 30.04.2015წ-მდე (423 დღე: 158 დღეზე 7,97 ლარი (0,1%), 265 დღეზე - 1,59 ლარი (0,02%));
- 2014 წლის თებერვლის პირგასამტეხლო - 610,55 ლარი (დავალიანება - 3364 ლარი, ვადაგადაცილების პერიოდი - 30.04.2015წ-მდე (394 დღე: 129 დღეზე 3,36 ლარი (0,1%), 265 დღეზე 0,65 ლარი (0,02%));
- 2014 წლის მარტის თვის პირგასამტეხლო - 373,16 ლარი (დავალიანება - 2536 ლარი, ვადაგადაცილების პერიოდი - 30.04.2015წ-მდე (359 დღე: 94 დღეზე - 238,76 ლარი (0,1%), 265 დღეზე - 0,5 ლარი (0,02%)).
18. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2013 წლის მარტის თვიდან 2014 წლის მარტის თვის ჩათვლით (2013 წლის ივნისის და ივლისის გარდა) პირგასამტეხლოს სახით მოპასუხის დავალიანება შეადგენდა 13 679,13 ლარს, ხოლო გასაჩივრებული გადაწვეტილებით 2013 წლის ივნისის და ივლისის პირგასამტეხლოს ოდენობა მართებულად იყო დაანგარიშებული და გადაანგარიშებას არ ექვემდებარებოდა, 2015 წლის 30 აპრილიდან აღსრულებამდე კი მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა გაწეული მომსახურების ღირებულების 49 650 ლარის 0,02 %, ანუ ყოველდღიურად 9,93 ლარის გადახდა.
19. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
20. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, მხარეთა შორის არ გაფორმებულა ურთიერთშედარების აქტი, რომლითაც, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების შესაბამისად, ზუსტად განისაზღვრება სამედიცინო მომსახურების მზღვეველის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა და მისი ანაზღაურების ვადები, ხოლო ამ წესების დარღვევის შემთხვევაში - პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი დაკისრების ვადები. ვინაიდან მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიწოდება ხდებოდა არასრულად (მხარეთა შორის ურთიერთშედარების აქტი არ გაფომებულა სადავო პერიოდზე), არ არსებობს მოპასუხისათვის თანხის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს სადავო პერიოდზე პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველიც, რის გამოც მიღებული გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა და უნდა გაუქმდეს.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
22. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
25. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის მზღვეველის ბენეფიციარებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მართლზომიერებას სადავო პერიოდზე და განმარტავს, რომ სამედიცინო მომსახურების გაწევისას მხარეთა შორის არ გაფორმებულა ურთიერთშედარების აქტი (რომელიც წარმოადგენს ანგარიშსწორების საფუძველს), შესაბამისად, არ არსებობდა გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების საფუძველი.
26. პირველ რიგში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ კატეგორიის დავებზე არასებობს დადგენილი მყარი სასამართლო პრაქტიკა, რომელითაც მხარეთა შორის სამედიცინო მომსახურების შესახებ სახელშეკრულებო ურთიერთობა შეფასებულია ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობად (სსკ-ის 629-ე მუხლი), რომელი ურთიერთობის მონაწილე მხარეებსაც ეკისრებათ ორმხრივი უფლებები და მოვალეობები, კერძოდ, ერთის მხრივ, მენარდე (სამედიცინო დაწესებულება) ვალდებულია გაუწიოს შეთანხმებული სამედიცინო მომსახურება „შემკვეთს“/„სადაზღვევო კომპანიებს“ (შემკვეთის მიერ დაზღვეულ პირებს/ბენეფიციარებს), ხოლო მეორეს მხრივ, „შემკვეთი“ ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ხოლო გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ლეგიტიმურობა მოთხოვნის ყველა წინაპირობების შემოწმების საფუძველზე უნდა გადაწყდეს (იხ. სუსგ საქმე № ას-830-796-2016, 3 აპრილი, 2017 წელი).
27. საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით, პალატა ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ დაკისრებული ოდენობით ძირითადი ვალის აღიარების ფაქტი კასატორს სადავოდ არ გაუხდია. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ კლინიკამ მოპასუხე კომპანიის ბენეფიციარებს გაუწია სამედიცინო მომსახურება და მზღვეველს (მოპასუხეს) მიაწოდა აღნიშნული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი საანგარიშგებო დოკუმენტაცია, თუმცა მზღვეველს თანხების კორექტირების თაობაზე მისთვის რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ ამ აღიარებას ემყარება, რომელიც იურიდიული თვალსაზრისით, წარმოადგენს კაუზალურ აღიარებას. ამგვარი აღიარება კი, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ადასტურებს ვალდებულების არსებობის ფაქტს და კრედიტორის მოთხოვნის მყარ გარანტიას ქმნის (იხ. სუსგ საქმე № ას-830-796-2016, 3 აპრილი, 2017 წელი). სწორედ მოხმობილი განმარტებიდან გამომდინარე, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ გარკვეული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოება (ურთიერთშედარების აქტის არგაფორმება) გამორიცხავდა კასატორის ვალდებულებას გაწეული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე (თავად ვალდებულების არსებობის არასადავოობის პირობებში).
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის #177 დადგენილების, როგორც ცვლილებამდელი, ისე შემდგომი რედაქცია, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
29. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-525-501-2016, 15 ივლისი, 2016 წელი, №ას-859-809-2016, 19 ნოემბერი, 2015 წ; №ას-231-220-2016, 27 აპრილი, 2016 წ; №ას-1205-1147-2014, 04 მარტი, 2015 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3213.12 ლარის 70% - 2249.184 ლარი
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს. კ. ა. ს. ჯ." საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს სს „ს. კ. ა. ს. ჯ." (ს/ნ: 20449...) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 22 მარტს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3213.12 ლარის 70% - 2249.184 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე