Facebook Twitter

№ ას-435-407-2017 7 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ჰ. ქ. ( მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ქ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2013 წლის 11 აპრილს ზ. ქა-ესა (შემდგომში „გამსესხებელი“, „კრედიტორი“ ან „მოპასუხე“) და ჰ. ქ-ს (შემდგომში „მსესხებელი“, „მოვალე“, „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კრედიტორმა მოვალეს ასესხა 21 000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, ყოველთვიურად სარგებლის - სესხის ძირითადი თანხის 5%-ის დარიცხვით. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 11 ივლისი.

2. ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულ შესრულებამდე ან დავის შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

3. ხელშეკრულების მე-4 პუნქტის შესაბამისად, მსესხებელმა ხელშეკრულების დადებისას გადაიხადა 1 თვის სარგებელი, ხოლო ამავე პუნქტით განისაზღვრა, რომ მოვალეს შემდგომი თვის სარგებელი უნდა გადაეხადა საანგარიშო თვის 11 რიცხვში.

4. სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაბრუნება უზრუნველყოფილი იქნა იპოთეკით, რომელიც დადგენილი წესით დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

5. მხარეთა შორის 2013 წლის 15 ივლისს სანოტარო წესით გაფორმებული შეთანხმებით სესხის დაბრუნების ვადა გაგრძელდა 2013 წლის 11 ოქტომბრამდე, 2013 წლის 5 ნოემბრის შეთანხმებით - 2014 წლის 11 მარტამდე, ხოლო 2014 წლის 5 მარტის შეთანხმებით - ამავე წლის 5 სექტემბრამდე.

6. 2014 წლის 5 მარტს მხარეთა შორის გაფორმებული სანოტარო წესით დამოწმებული შეთანხმებით იპოთეკა ნაწილობრივ გაუქმდა და იგი დარჩა უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით: 01.16.09.....

7. მოვალის მიერ კრედიტორისთვის გადახდილია სესხის ძირითადი თანხა 10 500 აშშ დოლარი (2014 წლის 5 მარტს), ხოლო სარგებლის სახით სულ 10 950 აშშ დოლარი, მათ შორის:

- 2013 წლის 11 აპრილს (ხელშეკრულების გაფორმებისას) ერთი თვის სარგებელი - 1 050 აშშ დოლარი;

- 2013 წლის 16 ივნისს - 1 000 აშშ დოლარი;

- 2013 წლის 15 ივლისს - 1 050 აშშ დოლარი;

- 2014 წლის თებერვალში - 1000 აშშ დოლარი;

- 2013 წლის 12 დეკემბერს 1 500 აშშ დოლარი;

- 2014 წლის 8 ივლისს - 2 000 აშშ დოლარი;

- 2014 წლის 27 ოქტომბერს - 800 აშშ დოლარი;

- 2014 წლის სექტემბერში 1500 აშშ დოლარი.

8. 2014 წლის 24 დეკემბერს ნოტარიუს ქ. ბ-ის მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი №1413..., რომელშიც მითითებულია: აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: სესხის ძირითადი თანხა - 10 500 აშშ დოლარი, 2013 წლის 11 აპრილიდან 2014 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით მოვალეს სარგებლის სახით სულ უნდა გადაეხადა 14 700 აშშ დოლარი, საიდანაც 2013 წლის 11 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, წინასწარ გადაიხადა ერთი თვის სარგებელი, ანუ 1 050 აშშ დოლარი და სარგებლის სახით გადასახდელი თანხა გახდა 13 650 აშშ დოლარი, აქედან 8 900 აშშ დოლარი გადაიხადა + სარგებლის სახით გადასახდელი თანხა 4 750 აშშ დოლარი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2014 წლის 5 სექტემბრიდან აღსრულებამდე + სააღსრულებო ფურცლის ამოწერისთვის გადახდილი საზღაური 100 ლარი, დღგ - 18 ლარი, აგრეთვე სანოტარო მოქმედების ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციის საფასური 2 ლარი.

9. 2014 წლის 24 დეკემბრის სააღსრულებო ფურცლით ვალდებულების შესრულების დროდ განისაზღვრა 2014 წლის 5 სექტემბერი, ასევე განისაზღვრა იპოთეკის საგნის - ქ. თბილისში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით: 01.16.09....) რეალიზაცია.

10. 2014 წლის 25 დეკემბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროში კრედიტორმა წარადგინა განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ. 2015 წლის 4 თებერვალს მოვალეს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

11. მოვალემ სარჩელი აღძრა სასამართლოში კრედიტორის მიმართ და მოითხოვა ნოტარიუს ქ. ბ-ის მიერ 2014 წლის 24 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება - მოსარჩელისათვის დავალიანების ძირითადი თანხის სახით 3000 აშშ დოლარისა და სარგებლის - 4 750 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.

12. მოსარჩელის განცხადებით, სააღსრულებო ფურცელში მითითებული სარგებლის თანხა - 4 750 აშშ დოლარი მას სრულად აქვს გადახდილი, რისი დადასტურებაც შეუძლიათ მოწმეებს. მოწმეთა თანდასწრებით ასევე გადახდილია სესხის ძირითადი თანხა - 3000 აშშ დოლარი, შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელში არასწორადაა მითითებული აღსასრულებელი ძირითადი თანხის მოცულობაც - 10 500 აშშ დოლარი. ამასთან, ნოტარიუსის მიერ ძირითად თანხაზე (10 500 აშშ დოლარზე) პირგასამტეხლოს სახით დარიცხული საპროცენტო განაკვეთი - 0,3% (რომელიც სააღსრულებო წარმოების დაწყების დროისთვის შეადგენს 3 496.5 აშშ დოლარს) არის შეუსაბამოდ მაღალი.

13. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხები დაანგარიშებულია სწორად. მოსარჩელე ყოველთვის ცდილობდა დაკისრებული თანხის გადახდისაგან თავის არიდებას, იგი მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე ახლაც ცდილობს დაადასტუროს თანხის გადახდის ფაქტობრივი გარემოება, რაც არადამაჯერებელია, ვინაიდან ყოველი გადახდისას, იგი კრედიტორს აწერინებდა ხელწერილს თანხის მიღების თაობაზე. შესაბამისად, თუ მას გადახდილი ჰქონდა სადავო თანხა, იარსებებდა კიდეც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუს ქ. ბ-ის მიერ 2014 წლის 24 დეკემბერს გაცემული #14139.... სააღსრულებო ფურცელი მოვალისათვის სარგებლის სახით 4 750 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და მოვალის ვალდებულება კრედიტორის მიმართ სარგებლის სახით განისაზღვრა 3 750 აშშ დოლარით; ასევე ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუს ქ. ბ-ის მიერ 2014 წლის 24 დეკემბერს გაცემული #14139... სააღსრულებო ფურცელი მოვალისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 0,3%-ის დაკისრების ნაწილში და მოვალის ვალდებულება კრედიტორის მიმართ 2014 წლის 5 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირითადი თანხის, 10 500 აშშ დოლარის 0,06%-ით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

15. საქალაქო სასამართლოს გაგაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

17. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით და აღნიშნა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის სრულად და სესხის ძირითადი ნაწილის 3000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის გადახდის შესახებ გარემოება უნდა ემტკიცებინა მოსარჩელეს შესაბამისი (წერილობითი) მტკიცებულების წარდგენის გზით, რაც მან ვერ განახორციელა, ხოლო მხოლოდ მოწმის ჩვენება ამ სადავო გარემოების დასადასტურებლად საკმარისი ვერ იქნებოდა (სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი). შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მართებულად ეთქვა უარი მოსარჩელეს მოწმის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

18. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 624-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლისა და სესხის ძირითადი ნაწილის კრედიტორისათვის დაბრუნების დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენა, მართებულად არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ მისთვის სარგებლის 3750 აშშ დოლარისა და სესხის ძირითადი თანხის - 3000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.

19. სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის პრეტენზია სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების მოთხოვნის თაობაზე, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-420-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების ხანგრძლივობისა და თავად დავალიანების მოცულობის - 10 500 აშშ დოლარის გათვალისწინებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობა - 6,3 აშშ დოლარი ყოველდღიურად (10 500 აშშ დოლარის 0,06%) წარმოადგენდა იმ მინიმუმი ოდენობის პირგასამტეხლოს, რაც მოცემულ შემთხვევაში ფულადი ვალდებულების დარღვევის სიმძიმისა და მოცულობის გათვალისწინებით შეიძლებოდა განსაზღვრულიყო. შესაბამისად, არ არსებობდა მისი კიდევ უფრო შემცირების სამართლებრივი საფუძველი.

20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

20.1. სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი, როდესაც უარი უთხრა მოსარჩელეს იმ პირის მოწმის სახით დაკითხვაზე, რომელიც უშულოდ დაადასტურებდა კრედიტორისათვის მოვალის მიერ სარგებლის სრულად გადახდის ფაქტს. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს არ გააჩნდა მის მიერ როგორც ძირითადი თანხის, ასევე სარგებლის გადახდის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი, სწორედ აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად ითხოვდა იგი საქმეზე მოწმის დაკითხვას.

20.2. სასამართლომ, მართალია, შეამცირა დაკისრებული პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი, თუმცა იგი მაინც შეუსაბამოდ მაღალია და გაკოტრებამდე მიიყვანს მხარეს. სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა შეემცირებინა 0,01%მდე.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

22. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

25. მოცემულ შემთხვევაში სადავოა მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი. კასატორი აცხადებს, რომ მის მიერ გადახდილი სესხის ძირითადი თანხა - 3000 აშშ დოლარი და სარგებელი 3 750 აშშ დოლარი სასამართლომ უსაფუძვლოდ არ მიიჩნია მოპასუხისათვის გადახდილად.

26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება, უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება, პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში (იხ. სუსგ საქმე №ას-528-501-2015, 4 ნოემბერი, 2015 წელი). აღნიშნული დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

27. ამდენად, მითითებული საპროცესო ნორმა განსაზღვრავს ამა თუ იმ ფაქტის დადასტურებისათვის განკუთვნილი მტკიცებულების სახეებს, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ.

28. ამავდროულად, არსებობს შემთხვევები, როდესაც კანონმდებელი თავად უთითებს მხარეს, კონკრეტული ფაქტის დასადასტურებლად წარადგინოს მატერიალური კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სახის მტკიცებულება. ასეთ შემთხვევას ვხვდებით სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსში, რომლის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

29. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომრეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში (იხ. სუსგ საქმე №1541-1547-2011, 19 აპრილი, 2012 წელი).

30. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი მის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის - 3 000 აშშ დოლარისა და საპროცენტო სარგებლის - 3 750 აშშ დოლარის გადახდის დადასტურებას უკავშირებს მოწმის ჩვენებას და განმარტავს, რომ ვინაიდან მას არ გააჩნია აღნიშნული თანხის კრედიტორისათვის გადახდის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი, სწორედ ამიტომ ითხოვდა საქმეზე მოწმის დაკითხვას (ამ გარემოების დადასტურების მიზნით), რაზეც სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი.

31. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოცემულ პრეტენზიას და მიუთითებს უზენაესი სასამართლოს მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, „იმ შემთხვევაშიც, თუ სესხის ხელშეკრულებაში მხარეები არ გაითვალისწინებენ ვალდებულების შესრულების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის შედგენას, სასესხო ურთიერთობების სამართლებრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ზეპირი ფორმით სასესხო ვალდებულების შესრულების ნამდვილობისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები. მოწმეთა ჩვენებებთან ერთად აუცილებელია ისეთი მტკიცებულების არსებობა, რაც ერთობლივად მაღალი ალბათობით დაადასტურებს სადავო ფაქტს (მაგალითად, უშუალოდ კრედიტორის წერილი, თუნდაც მესამე პირისადმი მიმართული, რომელშიც მითითებულია ინფორმაცია ვალდებულების შესრულების თაობაზე, ან/და კრედიტორის მოქმედებები, რომლებიც მიუთითებენ ვალდებულების მიღებაზე და სხვა). ამდენად, სასესხო ვალდებულებების შესრულების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი) მოწმეების ჩვენება დასაშვებია მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთად. ეს თავისებურება განპირობებულია მატერიალურ-სამართლებრივი წესით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება, გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება, დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით“. „... ამდენად, სასესხო ურთიერთობებში კანონი „არ ენდობა“ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს (ამ შემთხვევაში მოწმის ჩვენების, როგორც არაპირდაპირი (ინდიციური) მტკიცებულების შეფასება, ემპირიული წესების საფუძველზე ხორციელდება სხვა მტკიცებულებთან შეფასების გზით). აქედან გამომდინარე, კანონი მიუთითებს არა მხოლოდ გამსესხებლის უფლებაზე, არამედ „ხელშეკრულების ნამდვილობაზე“, რაც მოიცავს როგორც გამსესხებლის უფლებას, ასევე, მსესხებლის ვალდებულებას (ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების საგნის მსესხებელზე საკუთრებაში გადაცემის და შემდეგ მისი მიღების ფაქტის დადგენა ემორჩილება ერთსა და იმავე წესს.), შესაბამისად, მითითებული დანაწესის მიზნებიდან გამომდინარე, სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზეპირი ფორმით ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით“ (იხ. სუსგ საქმე №ას-872-830-2013, 17 ოქტომბერი, 2014 წელი).

32. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც სესხის სახით გაცემული ძირითადი თანხისა და სარგებლის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მსესხებელს, ხოლო მან, გარდა ზეპირი განმარტებისა, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე, ვერ წარმოადგინა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ დააკმაყოფილეს მისი მოთხოვნა სადავო თანხის კრედიტორის მიერ მიღების დადასტურების მიზნით საქმეზე მოწმის დაკითხვისა და სააღსრულებო ფურცლის ამ ნაწილში - სარგებლის 3750 აშშ დოლარისა და სესხის ძირითადი თანხის - 3000 აშშ დოლარის ნაწილში - გაუქმების თაობაზე.

33. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს (0,3 %-დან 0,06 %-მდე) კიდევ უფრო შემცირების შესახებ, საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. იხ. სუსგ საქმე № ას 848-814-2016, 28.12.2016; საქმე №ას-816-767-2015, 19.11.2015; საქმე №ას-953-918-2016, 22.11.2016).

34. ამასთან, სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. იხ. სუსგ საქმე Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; საქმე №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; საქმე №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).

35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის კონკრეტულ გარემოებების, ფულადი ვალდებულების შესრულების, ვალდებულების ვადაგადაცილების ხანგრძლივობისა და თავად დავალიანების მოცულობის გათვალისწინებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა მართებულად შეამცირა სასამართლომ გადაუხდელი სესხის ძირითადი თანხის, 10 500 აშშ დოლარის 0.3%-დან 0,06%-მდე. შესაბამისად, არ არსებობს მისი უფრო შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, ვერც კასატორი ასაბუთებს, თუ რატომ მიიჩნევა სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთი (ყოველდღიურად 6,3 აშშ დოლარი) პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით დადგენილი დანაწესი სახელშეკრულებო ურთიერთობისას ვალდებულების შესრულების მიღების წესის შესახებ, ასევე სამოქალაქო კოდექსის 417-420-ე მუხლები (ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობები) და სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

37. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ № ას-490-458-2017, 4 დეკემბერი, 2017 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 884.84 ლარის 70% - 619.388 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ჰ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ჰ. ქ-ს (პ/ნ: 5700...) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 1 მაისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 884.84 ლარის 70% - 619.388 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე