საქმე №ას-845-2019 13 ივნისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ. ი-ის წარმომადგენელ ლ. ს-ას განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ საქმეზე – მ. ი-ის სარჩელის გამო, ბ. ი-ის მიმართ სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების 1/2 ნაწილში ბათილად ცნობის, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადასტურებისა და უძრავი ქონების 1/2 ნაწილში მესაკუთრედ ცნობის თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 25 ივლისის სამკვიდრო მოწმობა 1/4 ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 8 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულება 1/4 ნაწილში; მ. ი-ი ცნობილ იქნა 1996 წლის 21 იანვარს გარდაცვლილი მამის, ბ. ი-ის დანაშთი ქონების 1/4 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტლება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მოცემული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩვარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა 2019 წლის 3 ივნისს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვისას სასამართლოს მომართა კასატორის წარმომადგენელმა და უარი განაცხადა დავის გაგრძელებასა და საკასაციო საჩივრის განხილვაზე. სასამართლო დამატებით დაუკავშირდა კასატორის წარმომადგენელ ლ. ს-ას (იხ.რწმუნებულება ტ.3, ს.ფ.52), რომელმაც დააზუსტა რომ უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე და სურს საქმის წარმოების შეწყვეტა (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი).
საკასაციო სასამართლომ განიხილა განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ი-ის წარმომადგენელ ლ. ს-ას შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილა, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ კასატორ მ. ი-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2019 წლის 12 ივნისის №0 საგადახდო დავალებით ლ. ი-ის მიერ გადახდილი 812.50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ი-ის წარმომადგენელ ლ. ს-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება მ. ი-ის საკასაციო საჩივარზე ბ. ი-ის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებაზე.
3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) კასატორ მ. ი-ს (პირადი №1200...) დაუბრუნდეს 2019 წლის 12 ივნისის №0 საგადახდო დავალებით ლ. ი-ის მიერ გადახდილი 812.50 ლარი.
4. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე