საქმე #ას-830-2019 10 ივნისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე „რ. მ. მ. ს. ლ.-ს“ წარმომადგენლის ლ. ზ-ის მიერ საჩივარზე უარის თქმის კანონიერების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით „რ. მ. მ. ს. ლ.-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტლება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინებით „რ. მ. მ. ს. ლ.-ის“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაზეც საჩივარი შეიტანა მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის განჩინებით „რ. მ. მ. ს. ლ.-ის“ საჩივარი ამავე პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
2019 წლის 2 მაისის განჩინებით კი, „რ. მ. მ. ს. ლ.-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება და „რ. მ. მ. ს. ლ.-ის“ სარჩელი დარჩა განუხილველად.
განსახილველი სამოქალაქო საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2019 წლის 31 მაისს. საქმეში წარმოდგენილია „რ. მ. მ. ს. ლ.-ის“ წარმომადგენელ ლ. ზ-ის 2019 წლის 29 მაისის განცხადება, რომლითაც ის უარს ამბობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩნების გასაჩივრებაზე, მის მიერ ამ განჩინებასთან დაკავშირებით უკვე წარდგენილ საჩივარზე და შუამდგომლობს საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლომ განიხილა მხარის განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს „რ. მ. მ. ს. ლ.-ის“ წარმომადგენელ ლ. ზ-ის განცხადება საჩივარზე უარის თქმის თაობაზე და უნდა შეწყდეს წარმოება „რ. მ. მ. ს. ლ.-ის“ საჩივარზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-7, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. „რ. მ. მ. ს. ლ.-ის“ წარმომადგენელ ლ. ზ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება „რ. მ. მ. ს. ლ.-ის“ საჩივარზე გ. შ-ის, შპს „გ. შ-ისა“ და ო. ე-ის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინებაზე.
3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ზ. ძლიერიშვილი