საქმე №ა-4275-შ-109-2018 27 მაისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ნ. მ-დ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის პირველი მაისის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება, ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის პირველი მაისის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით 2013 წლის 27 ივნისს ქ.ამმანას შარიატსკის სასამართლოს მიერ ა. კ-სა და ა. ნ. მ-დს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, ამავე გადაწყვეტილებით ა. ნ. მ-დს (დაბ: 1....11.19.., იორდანიის ხაშიმიტსკის სამეფოს მოქალაქე) ა. კ-ის (დაბ: 2...06.19...წ.) სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის 2017 წლის 3 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე (დაბ: 1....05.20...წ.) დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა ყოველგვარი შემოსავლის 25%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ერთ სულ საშუალო მოსახლეზე საარსებო მინიმუმის 50%-ისა.
საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა. კ-მა და მოითხოვა ხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. საქართველოს უზენაესი სასამართოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს ა. კ-ის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის პირველი მაისის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით შუამდგომლობებს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, გათვალისწინებულს 51-ე მუხლში, განიხილავენ იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოები, რომელთა ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ა. კ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად და აღნიშნული განჩინება მის ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანთან, შუამდგომლობასა მასზე თანდართულ მასალებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს - ა. ნ. მ-დს გაეგზავნა საქმეში არსებულ საცხოვრებელ მისამართზე, ქ.თბილისი, დიღმის მასივი, მე-... კვარტ. კორპ..., ბ.15 ორჯერ, თუმცა ვერ ჩაბარდა იმ საფუძვლით, რომ ადრესატი არ დახვდა/არ იმყოფებოდა ადგილზე. მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლო გზავნილი დამატებით გაეგზავნა ალტერნატიულ მისამართზეც - ქ.თბილისი, აღმაშენებლის მე-... კმ. „...“, თუმცა ჩაბარება კვლავ ვერ მოხერხდა; სასამართლო კურიერის მიერ შედგენილი აქტის თანახმად ადრესატს ამ მისამართზე არ იცნობდნენ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, ადრესატისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველოს.
საკასაციო სასამართლოს მომართა შსს, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის ...-ლი განყოფილების უფროსმა მ. ქ-ძემ და წარმოადგინა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის ...-ლი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ. მ-ას მიერ შედგენილი ოქმი, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ადრესატისათვის კორესპონდენციის ჩაბარება კვლავ ვერ მოხერხდა იმ საფუძვლით, რომ ა. ნ. მ-დი აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობს, ხოლო შსს, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების უფროსის, პოლიციის მაიორ ჯ. კ-ძის მიერ წარმოდგენილი ოქმის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარე არც ალტერნატიულ მისამართზე იძებნება. მომართვებში ასახული ინფორმაცია დადასტურებულია პოლიციის უფლებამოსილი პირების მიერ შედგენილი აქტებით.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს შუამდგომლობის განუხილველად დატოვების წინაპირობები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარის ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სუბიექტის დავაში ჩაბმის, არამედ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებადობის თვალსაზრისითაც, რამდენადაც მოწინააღმდეგე მხარის საქმის განხილვაში რეალურად ჩაბმა უკავშირდება მის წინააღმდეგ სააღსრულებო პროცესის დაწყების შესაძლებლობასაც, მეტიც სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს გააჩნია კონკრეტულ დავაზე საერთაშორისო კომპეტენციის არსებობის შემოწმების ვალდებულება, რომელიც მშობლებისა და შვილების ურთიერთობიდან გამომდინარე საქმეზე „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, უკავშირდება პროცესის ერთ-ერთი მხარის საქართველოს მოქალაქეობას ან მის ჩვეულებრივ ადგილსამყოფელს საქართველოში.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ სრულად განკარგა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული რესურსი, თუმცა მოწინააღმდეგე მხარის მოძიება ვერ მოხერხდა, ამასთანავე, ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილში აღწერილი სამართლებრივი შედეგებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით იხელმძღვანელა სსსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით, არამედ, ამ გზით დაიცვა მოდავე მხარეების ინტერესთა ბალანსი, რადგანაც ამავე კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. კ-ის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის პირველი მაისის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.
3. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის გამოსწორების შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას იმავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი